ფანასკერტელს
... მშვიდობით ძველო ქართულო ენავ და მშვიდობით სრულიად საქართველოს მდგომარეობაო! ფანასკერტელი ― მაშ გაჰქრა ქართლი, მისი ენაცა, პირქვე დაემხო წმინდა ტაძარი? გული დიდ სევდას ამოენაცრა, ― მშვიდობით, გახდი მტრის ნატაცარი! სხვა რაღა იყოს მწარე ამაზე, რა შეედრება ასეთ ღაღადისს? ― შენს დედა ენას, მის სილამაზეს გამოეთხოვო, უთხრა: ნახვამდის! და მერე დადგე გაქვავებული, უიმედობის დიდი იმედით, რომ აღარ მოვა ქართლს გაზაფხული, რომ სამუდამოდ გავიყინებით! შენ დადიოდი შენს სამშობლოში როგორც მწირი და ოხერმოხეტე, ღამით მე შენი გმინვა მსმენია, ხმა ნამწარევი: ”ღმერთო, მოხედე!” შენი აჩრდილი მომჩვენებია ქარში, წვიმაში თმადაბურდული; შენ გამიმწარე ყრმობის ყველა დღე, შენ გულს მითხრიდი გესლით ქურდულით. და ახლა, როცა ჩემს ხალხს, ჩენს ენას, სიკვდილის ჭანგი ვეღარ ემტეროს, ― როგორც განვლილი გრძელი სიზმარი, შენ მაგონდები, ფანასკერტელო! და შენ, მიწაში გამტვერებულო, ჰა, სიტყვა გულის გასათაფლავი: არა, ქართლს, არა! ― შენ ფიქრს გასთხრია სამარადისო, მკვიდრი საფლავი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი