0 1845

ფორთოხალა


დედაჩემის - სოფიო ლეონიძის ხსოვნას

ვინ გიცნობდა, ვინ იცოდა,
რომ შენ გერქვა ფორთოხალა?
ყვითელთმიანს ვინ გიწოდა
ეგ სახელი ―
ფორთოხალა!
ერთი ბეწვა ზღვის ნიავი
იქეც ლექსის ქარიშხალად;
ეს რა ცეცხლი დამახალა
ცისფერთვალა
ფორთოხალამ?

განა დასასტამბავია,
თუ ბაღს ვარდი გაეშალა?
ათასი წლის ამბავია,
ჩემ ლექსს შერჩა კაეშანად...

შოთას უწინ, კოლხიდაში
იყო ერთი ყელმაღალა...
იზრდებოდა ბნელ ფაცხაში
გლეხის ქალი...
ფორთოხალა.

*
შენ დარდობდი ამ ზღვის პირად,
თითქოს ნუკრი გამოფრთხალა,
შენ დარდობდი ამ ზღვის პირად,
შავიზღველი ფორთოხალა.
თმაში ვარდებგაბანდული,
მხიარული, ყელყარყარა...
მამა გყავდა მებადური,
ბადე ბევრჯერ დააყარა.
ოქროს თევზი, ოქროს თევზი! —
ხელთ ვერ იგდო, ვერცა ნახა,
დადიოდა ფეხშიშველი,
მკლავი გადაეკარწახა.

დედას მუდამ აციებდა,
ფერი ედო ყვითელ-მწვანე;
ხაშმიანი ოშხივარით
აორთქლებდა ზღვის ლერწამებს.
ჭაობები ჩანთხეული...
ჭაობები იდგა დიდი...
შიგ ტყეები ტივტივებდა,
ათას წლობით გასაზიდი...
უბედური, ბერწი მიწა
თვითვე ჰკლავდა, რასაც შობდა;
დამპალ წყლებზე, დამდგარ ტბებზე
წვიმის ბუშტი თამაშობდა...
კოღო იჯდა შენს აკვანზე,
დაგბზუოდა იავნანას;
კოღო ჰქონდა ჩახვეული
შენს მარჩენალ ღომის ყანას...

*
წყალში იდგა, ოჩაფეხზე
შენი ფაცხა, ვით ურჩხული,
წინ ზღვა დუღდა უზარფუშო,
ფირუზ-ხვავით მოჩირჩხლული,
დიდნაშენი, დიდნაგები,
ტალღა ჰქუხდა რახარუხით;
შორს თოლია მოფრინავდა,
დიდი ქორი ― შაბარდუხი...
თამაშობდი ღვინჭილათი,
თმები შუბლზე დაგეფანჩა,
ორი გყავდა მეგობარი:
ყურშა ძაღლი, თეთრი ყანჩა...
თხა დაგყავდა საძოვარზე,
თან აშრობდი მამის ბადეს...
გვირგვინს სწნავდი...
ზღვას კამარას
ხან გაჰკრავდი ნაუცბადევს...

დაგიგძელდა მოკლე კაბა,
დაემუშტრე ხშირად მთვარეს,
შემოგხედეს მაშვალებმა,
შემოდგომას მიგათვალეს...

*
როგორც მთის წყალში ნაფოტი,
ჩანჩქერის ქაფში რწეული,
ფერხულში ისე დარბოდი
სიმღერით ყელმოქცეული...

ჰბორგავდი: ”რა სიზმარია?”
დილაადრიან დგებოდი;
იყვანდი ჭიამარიას,
თუ საით გათხოვდებოდი...
საქსოვარს ჰქსოვდი... ნაქსოვში
გიყვარდა ვეფხვის ზოლები,
თან ოცნებობდი შენს ვეფხვზე
ჟრუანტელით და ჟრჟოლებით...

*
ჯერ ბეჭედი მოგიტანა
ბიჭმა, მერე კოცნა მწველი,
მაყრიონიც კარგი გყავდა,
მექორწილე, მომლოცველი...

მალე დედაც შეიქენი,
ხუთი აკვნის მარწებელი.
ოჯახს ბევრი რამ სჭირდება, ―
შეჭამადი, საწებელი.

დატრიალდი, როგორც ჯარა,
როგორც კარგი პეიტარი;
გაიჩინე ლასტზე ჭია,
აბზრიალე თითისტარი.

ყველას სჯობდი შენს მეზობელს
ამ ცხოვრების კალაპოტში;
სხვაზე უწინ შენს ბაღჩაში
დაჩნდებოდა ხახვის ფოჩი...

*
არ იყავ მედღეხვალიე,
იყავ ხელგამომავალი;
კერაზე ცეცხლის შენახვას
შრომა სჭიროდა მრავალი.

დაფუსფუსებდი მთელი დღე,
როგორც მეთაფლე ფუტკარი;
ხან ღომი გქონდა საცეხვი,
ბოსტანი გასაფურტკნავი...

ლობიოს აჩუხჩუხებდი,
შემოგბღაოდა ბოსელი;
ასახვევია ვაზის რქა,
ბავშვები შესამოსელი...

ხან უნდა ტყესაც ესტუმრო,
ნაყოფით დაიბურება;
და ხან თავთავი მოჰკრიფო
ოჯახის დასაპურებლად...
თან ხელში საქმე გიჭირავს,
წინდა ძირგამოქსოვილი;
სახე გაქვს სიცხით შემშრალი,
თვალები ცრემლით სოველი...

ხელმარტოს უნდა გებრძოლა, ―
ვინ გყავდა ბედის თავდებად?
შენს გულზე კვნესას ვერ მოვთვლი,
სიტყვის ფხა გამითავდება!

*
ქმარი გყავდა ნაოსანი,
ტალღას სჭრიდა ფარა-ფარა;
ასნაკეცი სიღარიბე
რკინის მკლავმაც ვერ დაფარა;
მერე მისი ვაჟკაცობაც
ზღვის წიაღმა ჩაიბარა.

*
ღამე, როცა ზღვა დაჰკრავდა,
დააფენდა მიწას ფაფარს,
ცეცხლაპირა მსხდომარ ბავშვებს
უყვებოდი მოგრძო ზღაპარს;

შეარხევდი მერე ჩონგურს,
ზღვას სიმღერით აჩუმებდი.
წაგიღებდა მწარე ფიქრი,
რომ არ ჩანდა სარჩო მეტი;
რომ ჯაფას და ორომტრიალს
ბარაქა აქვს დაკარგული,
რომ სტუმარსაც უნდა უთხრა:
ხმელი პური ― კარგი გული!

*
... უცბათ, თითქოს ქარიშხალმა
ზღვა ძირიან ამოხაპა,
თითქოს ვინმე ჯადოქარმა
ზვირთს აწყვეტილს გამოგაბა.
ზღვა დაშრება, ― უთქვამთ ასე,
გინდ ქარიშხალს გაებრძოლოს,
ქარიშხალიც გაჩუმდება,
შენს ჯაფას კი არა აქვს ბოლო...

უმზეო და უვარსკვლავო,
ცხოვრება გაქვს ბნელზე ბნელი;
ჭაობი სჭამს შენს მოსავალს
და ბატონი ― ბელზებელი.

ასე იცის ბედშაობამ,
მწარე დღეებს მიაწყვილებს;
მწარ ტანჯვაში დაიხარჯა
შენი ტურფა სიყმაწვილე!

*
ხუთი წვრილი შვილის დედამ
ჯაფით ბევრი იფართხალა,
გადაჩალულ ბნელ ფაცხაში
გადიცვალა ფორთოხალა.

გულზე ხელმკლავდაკრეფილი,
საფლავს გახდა მისატანი...
როგორც ზამთარს ნაკადული,
გაიყინა მისი ტანი.

*
იყო...
გაჰქრა... აღარ არი
ფორთოხალა ქალი...
გაჰქრა, როგორც გადარეკილ
ვარსკვლავების კვალი.
ჩამოცვივდა, გაიფანტა,
ვით ყაყაჩოს ხალი,
ქარიშხალი მუჭა საფლავს
დასწვდა, ჰფანტავს ბრჭყალით...

― სად გამქრალა მისი ძვლები,
ხომ არავინ ამოთხარა?
ჰე, თოლიავ, ზღვის ნიავო,
არ გინახავთ ფორთოხალა?
ამ თხემლებქვეშ აბარია
თმათაფლა და ლერწამტანა;
მისი კუბო ამ ლაქაშმა,
ამ ჭაობმა დაიტანა.

ზედ აგდია ყელმოჭდობით
გრძელი ნისლი ― ფრთაფარფარა;
ფორთოხალას ლეჩაქია ―
ნისლად იქცა, არ დამპალა!

*
ფორთოხალავ, ჩემო დედავ,
დავეძებდი მე შენს საფლავს;
შენს ცხოვრებას უმთენაროს,
სულ მწარეს და გაუთაფლავს..

მეშინოდა, შენი ძვლები
დავიწყებამ არ გათელოს;
შენ ხომ ქოთანს ადუღებდი,
პურს უცხობდი საქართველოს!

მე საფლავი ვერ ვიპოვე
შენახული ამანათად,
შენ რომ იდექ ― იმ ჭაობზე
დიდ ბაღნარმა მამანათა!

*
ძველო, კოლხიდავ, სამშობლოვ,
ახალ მზითა ხარ ნათევი;
რომს ასუქებდი, ელადას,
მედეას ნაღალატევი.
დამპყრობელ იაზონებმა
გაგფცქვნეს და დაგაბორკილეს;
შენი შვილების ძვალსისხლით
შენივე გზები მოჰკირეს.
გაგთქერეს ცხენის ტერფებით,
დაგტოვეს ამტვერებული,
ურთვლო, უხვავო, უშენი,
ჭაობებჩატირებული.
მაგრამ რაც მტერმა გაგტაცა,
ვერ იხსენ გადასარჩენად;
ის დაგიბრუნა ასკეცად
შენი შვილების მარჯვენამ.

მათ აგაყვავეს გაშენეს,
განათეს, გალამპრიანეს;
სამშობლოს დროშა გახსნილი,
ყველა მწვერვალზე ფრიალებს!

*
დავდიოდი კოლხიდაში,
გზები ნარინჯს დაეჩრდილა,
თრთოდა ვარაყშეფრქვეული
ფორთოხალის შუქზე დილა.
ხილთა სხივში მე შევხედე
ახალ ქვეყნის მბრწყინავ სახეს,
ბზად ოდების მწკრივი სჩანდა,
”გამარჯვება” მივაძახე!

გოგოები ბაღს თოხნიდნენ
სიცილით და ტკარცალითა,
უმღეროდნენ ოქროს ვაშლებს,
დილის ცვარით დაცვარილთა.

უმღეროდნენ უხვ მოსავალს,
ტკბილ ცხოვრებას საამურსა,
უმღეროდნენ ახალ ფუძეს,
ძველი ― მაგრა ჩაილურსმა!

სიმღერის ხმა წკრიალებდა,
თოხს სცვიოდა ნაპერწკალი;
გზის გადაღმა ვინმე ქალი
ყურს უგდებდა გულფანცქალით...
ტალავერქვეშ ჩუმად მჯდარი
დავინახე ფორთოხალა,
გოგოების მუშაობას
გასცქეროდა თვალდათვალა...
გვერდით ეგდო ძველი თოხი,
ნაგუბარ წყლით სავსე პინა,
მკერდგაძონძილს, ფეხშიშველას
შუბლზე ნეშო წაეფინა...
― ჰეი, ჰეი, გოგოებო,
ნეტავ თქვენ დროს, თქვენ ცხოვრებას,
თქვენი მღერა მხიარული
მე საფლავში მეყურება!
მზე ჩემ დროსაც ჩახჩახებდა,
მაგრამ სახლში მედგა ღამე;
მხიარული გაზაფხული
შინ ვერასგზით შევიყვანე.

ჩემს კოჭობში ცრემლი დუღდა,
ვერ გავწყვიტე მისი ვალი,
მებატონის მათრახის ქვეშ
მე მომყავდა მოსავალი.

სხვას ვაჭმევდი ნასუქ ქათმებს
და ფური სხვამ მომიწველა;
სხვა იცვამდა ჩემს ნართავებს,
მე კი მეცვა ― კონკიძველა.

ჰეი, ჰეი, გოგოებო,
ეგრე მაგრა დაჰკათ თოხი!
თქვენ ოდა გაქვთ გაფეთქილი,
მე კი მედგა წნელის ქოხი.

მარტოდმარტო ვმუშაობდი,
არც კი მყავდა ხმის გამცემი...
ნეტავი თქვენ, ერთად შრომობთ,
ერთად მღერით მთელი თემი!

― ჰეი, ჰეი, გოგოებო,
წაუშინეთ მიწას თოხი!
თქვენ სავალზე ვარდი ჰყვავის,
ჩვენ ― ფეხს გვჭრიდა ქვა-კორტოხი!

― გოგოებო, დაინახეთ,
მოიგონეთ ფორთოხალა,
შეიბრალეთ გულდამწვარი
ის გულმკვდარი ფორთოხალა!
თქვენი დიდი წინაპარი,
თქვენი დედა ფორთოხალა!

დაჩაგრული მოჯალაბე
თუმცა ბედით მწუხარეა,
მაგრამ თქვენი მომავალი
და თქვენი დღე უხარია!

გოგოებო, გარჯილობით
ფორთოხალა გაახარეთ
და გულს ვარდი დააყარეთ...

*
― ათასი წლის შემდეგ ლექსი,
დედავ, თვალო, გაგიკვირდა?
შენ ისწორებ მორცხვად თავშალს,
― საამისო მე რა მჭირდა?
მე არ ვიყავ დედოფალი...
ვიყავ ერთი გლეხის ქალი
და ცხოვრება დამეჭიდა!
ბაღჩა მქონდა ორი კვალი,
მიწა მქონდა ერთი ციდა...

*
ათასი წლის მანძილიდან
შვილურ ალერსს გაგიბედავ,
საქართველოს დიდ ცხოვრებას
შენა ჰქმნიდი, ტკბილო დედავ!

დიდ ვაჟკაცებს, დიდ ოსტატებს,
შენი კაბის კალთა ზრდიდა,
ვინც ეტრატზე სწერდა ქართულს,
ვინც ჩუქურთმას ქვაზე სჭრიდა.
საქართველოს კერის ცეცხლი
შენ გებარა გაუმქრალი,
შენ იყავი გულვეფხური, ―
ხამის კაბით გლეხის ქალი...
შენი ოფლის ნაღვარალი
დღევანდლამდის არ ამშრალა,
ყველგან გნახე, დამივლია
მე სამშობლოს გზა და შარა,

მაგრამ ”ქართლის ცხოვრებაში”
ვერა ვნახე შენი სახე,
არაფერი არ სწერია
შენს ღვაწლზე და შენ შესახებ.
დედოფლებზე ბევრი სწერეს,
ბევრს კალამიც დაეღალა,
ვიცით ბევრი დედოფალი,
არ კი ვიცით ფორთოხალა!

მატიანე შენ სახელზე
ალბათ მიტომ გაინაბა,
მარგალიტით ჩაქსოვილი
რომ არ გეცვა ოქროს კაბა.
მაგრამ დღესაც შენ ახსოვხარ
საძირკველს და სახლის კერას;
მინდორს, ბოსტანს, ეზოს ყვავილს,
ჯარას, თოხს და ნემსიწვერას...

შენგან დარგულ, დამყნილ ხეებს,
შენის ოფლით დარწყულ მიწას;
შენს დაშაშრულ, დამსკდარ თითებს
და შენ ჩაკრულ პურსა ვფიცავ!

შენ შავ მანდილს მე გავკოცნი,
გახუნებულ შენ თავსაფარს;
მათ ნაკეცში ვკრებ სიმღერებს,
ტკბილქართულად ნათქვამ ზღაპარს...
შავად შეკრულ შენს სიცოცხლეს
დღეს დაენთო სხივი ზედა;
ცრემლდაუყრელს მე ცრემლს გაყრი,
უსახელო ქართლის დედას!..
კომენტარები (0)