ქართველი მევენახის სადღეგრძელო
აგერ, შეჰხარის მიწის სიუხვეს, ნაჭირნახულევს რაღა ეძნელოს, ხვალ შავყურძნის წვენს ქვევრზე მიუშვებს, და ჯამით ასწევს ამ სადღეგრძელოს: ― ძმებო, ნეტავი ძმათა მრავალთა, მზე მათთვის დღეში ცხრაჯერ ამოდის! უძმოდ, უმოყვროდ მე ვარ ავადა, და არც ცხოვრება მინდა სამოთხის! დღეს ხალხის აზრის აფრა მისცურავს, ტალღა წარღვნისა ვეღარ ეძგეროს; ამ ვენახიდან რაც დამიწურავს, სიყვარულისთვის მსურს სადღეგრძელოდ! მტკიცობდეს გულის სიანდამატე, წვენმა ვაზისამ ტკბილად იმაჭროს! სანამ მზის თვალი მიწას ანათებს, ჩემო მამულო, შენ გაგიმარჯოს! დე, ყველამ გულზე გული დავადოთ, დე, გულზე გვენთოს ძმობის სანთელი და ერთი დიდი ცეცხლი ავანთოთ, წინაპართაგან დასანატრელი! და არცა გნახო, ძმაო, ცალადა, დაე, ჩემი ხმაც ყოველთვის მოგწვდეს, გალომებული ცეცხლის ძალა და აღელვებული ზღვის ჯანი მოგცეს! განა რამეს გთხოვ? მობრძანდი ჭურზე, დატკბი, იხარე, ძმად შემიყვარე, გულზე მომები... და ლუკმა-პურზე ცოტა მარილი შემომიყარე. ძმებო, ნეტავი ძმათა მრავალთა, მზე მათთვის დღეში ცხრაჯერ ამოდის! უძმოდ, უმოყვროდ ვხდები ავადა, გახმეს, რათ მინდა, ბაღი სამოთხის, მაშინ გადმექცეს სახლი მიწურად, სიკვდილის ბჭყალიც მაშინ მეძგეროს... ამ ვენახიდან რაც დამიწურავს, სიყვარულს ერგოს, მის სადღეგრძელოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი