ქართლის ბაღი
ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი, შეფრქვეული მინანქარით, იაგუნდის წვიმა დასწვიმს, სურნელების დაჰქრის ქარი. ელავს ბაღი. - ხოხბის ყელი - შვიდ მაისის წვიმით მთვრალი, მთებს და ველებს დასთამაშებს გაზაფხულის მწვანე თვალი... რძე, კოკორში მოწოლილი, ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან; თითქოს ქალი სარკმელიდან... იყურება ვაშლი ხიდან. ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში საქორწილოდ მორთულ სიძეს, და ატამი - ტურფა ყმაწვილს, აკვანში რომ გაიღვიძებს. მარგალიტის ტყუპის ცალი, ტოკავს ბალი ნება-ნება, ცერის ტოლა თეთრი თუთა დათაფლული შტოზე დნება. ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი, ფირუზქარით დარხეული: ყურძნის მსხვილი იაგუნდი, ვაზი, ვარსკვლავჩახვეული. ოქროს წყალი, ატმის ლალი, შინდის ლალი, მარწყვის ლალი, ბროწეულის ყვავილები, - თითქოს თონის ნაკვერცხალი, - ათენებენ ქართლის დილას ტოროლების ტაშისკვრაში, - მარწყვისფერად, შინდისფერად იღებება გარიჟრაჟი... ვეფხვის ჭრელი პერანგივით გაიშალა ქართლის ველი, - გაჟღენთილი წვიმით ყანა, ფირუზთვალა ცვარით სველი... ბრწყინავს ქართლი - დიდი ბაღი, ყვავილების ფერად ზღვითა, მარჯანი და ზურმუხტ-ქარვა ნათელს სტყორცნის ყველა ხიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი