შიო


ბალატონის ტბიდან (უნგრეთი) გამოდის
პატარა მდინარე შ ი ო
მოდის პატარა წყალი მწვანეში,
და არვის ახსოვს მისი ზარალი;
მოდის მდინარე ლერწმოვანებში,
ბალატონიდან გამომავალი.
ცისფერ, იისფერ კაბით ირთვება,
ზრუნავს, ბაღები არ მოამშიოს,
ტბის წიაღიდან მოეზვირთება
და თურმე ჰქვია სახელად შიო...
ვიდექ ნაპირზე ხეს მიყრდნობილი
და გახსენება ძველი ვინანე:
მე შიო მყავდა ერთი ძმობილი,
მშვიდი და წყნარი, ვით ეს მდინარე.
მე შიო მყავდა ჩუმი ძმობილი,
ეჰეი, მისებრ ძმა ვის ეყოლება?
მთლად სიყვარულზე გულდანდობილი,
ბავშვსაც კი ძმობით გაიტოლებდა!
ატმის ხეს მარტში აყვავილებულს
უგავდა გული... გული მგრძნობელი,
ყვავილებსა და ხეებს ჰკოცნიდა,
ყველა მცენარის გამომცნობელი.
სიყვარულისთვის იყო შობილი,
გულის ფიცარის ამომღარავი...
მე შიო მყავდა ერთი ძმობილი,
მყავდა... მიყვარდა... და აღარ არი!
ის ხალხისათვის ომში დაეცა,
ფაშისტის ტყვიით გულგანგმირული,
მშობლებს ჩაუქრო მზეც და მთვარეცა,
ჩვენ ამოგვიშრო ძმობის მირონი...
და შენ, პატარა, მშვიდო მდინარევ,
შიო ხომ არ ხარ, ჩემი ძმობილი?
ისიც შენსავით პირმოცინარე,
იყო შრომაში გამოწრთობილი...
მასაც უყვარდა ჯაფა ბაღჩაში,
როგორც შენ ჰკოცნი ხეებს მღიმარი,
ისიც ხომ იყო შენებრ ჩახჩახა
და სიყვარულით დანაწვიმარი!
მასაც ხომ შიო ერქვა სახელად,
ვინც თვისი ყრმობა გამინახევრა...
მჯერა და მჯერა! ― ფიქრი მეტია! ―
რომ შიოს გული მოსიყვარულე
საქართველოში ვერ დაეტია,
მდინარედ იქცა მოსიარულედ...
და თუ გაიჭრა სამშობლოს გარეთ ―
სიყვარულისთვის, ძმობისთვის მხოლოდ...
მუდმივ შრომაში ზვირთს აწანწკარებს
და მის სიცოცხლეს არ უჩანს ბოლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი