ჩემი ბაღი


მოჰქრის ბავშვობა სუმბულის ფრთებით...

...და გაბურული კახეთის მთები,
მათი შემყურე რკინაც გამტყდარა!
აქ ხომ გორგასალს დაუდგამს ტერფი,
დგას ნინოწმინდა ბაირახტარად.

მე აქ ვუყვარვარ ყველას, ყველაფერს,
როგორც ნამდვილი შვილი მამულის,
ხან მტევანს ვკოცნი წითლად შენაფერს,
ხან თავთავებში ვარ დამალული.

გავხარებულვარ, მზით დაპურებულ
სივრცეში, სადაც თვლემენ ვარდები,
მხოლოდ ბავშვობის არდაბრუნებულ
ქაღალდის ნავზე დავიდარდები.

მოხუც ფშატის ხეს ამ გულს ვაბარებ,
სამშობლომ მისცა ორთავეს წვენი,
ადგილის დედავ, გადაგვაფარე,
შენი კალთა და კურთხევა ძველი...

ჩემო გამზრდელო და მერძეულო,
მამათა კერავ, პატარძეულო, -
ამდევნებია შენი სახელი
ბედნიერების მოსაგონებლად;
მზის თაიგულად შეიკონება,
სამწყურვალოა და მოსალხენი.

შენ რომ გვირილის თვალებით მიმზერ,
ყრმობის ლაჟვარდო, ჩემო პირიმზევ,
მოდი, იებში კოცნით ჩაგძირო...
უშენოდ სუნთქვა გამიძნელდება,
შენი ღიმილი და სურნელება
მე გულის ძარღვებს გავუნაწილო...

ამ ნიავით ვთრთი,
ამ სიყვარულით,
შენს მთა-გორებზე რომ დარხეულა.
მან შენი სუნთქვა განასხეულა
ჩემი ლექსების ზამბახეულად.

ამ ნიავით ვთრთი, ამ სიყვარულით,
გული სიამით შეყუჩებულა;
მესმის ბავშვობის ეტლის ჟღარუნი,
ჰფანტავს ალმასებს, ვკრეფ ბღუჯეულად.

*
ხომ საუკუნეს გაეკამათა,
სოფლის ხეებს რომ მორცხვად ეფარვის, -
დაძველებული სახლი მამათა,
გახუნებული, დანაფერფლარი.

რამდენმა ქარმა დაუტლაშუნა,
რა ნაცრემლი და ნამეხარია,
როგორ მიიკრა გულმა ბავშვურმა,
თუმც თელა მტერმა ყიზილბაშურმა,
მაინც ზეზე დგას... და მიხარია!

ნაზვაურები,
ნაგზაურები,
მოეხეთქება ხეობის ქარი,
გაუძლებს ახალ გაზაფხულებით
დედის ლეჩაქის ფუძეზე მდგარი:
და ჩემს კერაზე სხივით ულევი
ისევ ენთება მამათა კვარი!

რამდენი ლხენით, რამდენ ტკივილით
ფიქრი და ლექსი აქ დარხეულა.
აქ სიო მღერის გედის ყივილით,
მტვერი სიწმინდედ გადაქცეულა!

შორეულ დღეებს ვეალერსები,
აბალახებულ ყრმობის ბილიკებს,
აქ დაწერილი ყრმობის ლექსები
დღეს ბოდიშებით შემოვირიგე.

მე ბავშვობის ფერფლს წმინდად ვინახავ,
ზედ მიხურია მთვარის სარქველი.
მგზავრი გამვლელი მკითხავს: ვინა ხარ?
და მე პასუხად რა მაქვს სათქმელი?

*
...რბენა სამგორის ღია მზვარეში,
მზე ოქრომდნარი გრილ ნიგვზნარებში...
ვსდევ ყრმობის ირმებს კვალის-კვალათა...
შენ ხარ პირველი იის კალათა!
ჩემი პირველი ლექსთა რვეული...
(რა მკაცრად მზრდიდნენ ეს ნანგრევები,
ძველი ნაშთები ქვადამსხვრეული).

*
...მე მახსოვს შენი ლეგა მერცხალი,
შენს ვენახებში ოქროს გვრიტები,
შენი იების ლურჯი ფერ-წყალი...
ჩემს ძველ ეზოში შევიჭვრიტები.

აქ ოცნებანი, გულის ვნებანი,
მოშრიალებენ აბრეშუმებად;
ჟღერენ პატარა მოგონებანი
და აღარ უნდათ წამს გაჩუმება.

გაიჭრიალებს გზაზე ურემი,
შემღუღუნებენ სალამურები...
მოფეთებული ციცინათლები
ჰკვნესენ ოცნების დაალმურებით.
და ბჟუტავს დედის ანთებულ სანთლით,
მისი ამაგდარ მანდილის მადლით,
ჩამოცრემლილი, ცივი სარკმელი,
პირველი სუნთქვის გადამსარკველი.

მე აქ ვხარობდი დებით და ძმებით,
იების მოსვლას თვალი ელოდა,
მე ხომ ვცხოვრობდი იმ ჩიტის ხმებით,
ჩემი ფშატიდან რომ მიმღეროდა.

აი, ჭაბუკი იისთვალება,
ხშირად თვის ტოლებს რომ ემალება,
მისდევს ოცნების იდუმალებას
და მიუწვდომელ ცის ბრწყინვალებას.

იამორეულს
ნიამორეულს,
შემოურგვალა რომელ გრიგალმა?
ვინ დაუძახა, რომელ მებრძოლის
და მეოცნების ნაბილიკარმა?

*
„ქართლის ცხოვრება“...
ქართულ მხედრობის
ყარაყორუმში თავის დადება...
წივის, იწვება მონღოლთ ტრამალი
უკვე მესამედ ყივის მამალი
და მთვარე წიგნზე შემომადნება.

ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი...
სისხლის მორევი... ჯვარცმა რომელი...
სადღაც, მღვიმეში ბერი ქადაგი, -
მესიანიზმის ვიზიონერი.

გახსოვს, ოცნებას, ცეცხლისფრთებიანს,
რომელ მწვერვალს არ გადააფრენდი.
და რა ქარიშხლით გაერთებიან
შენ სულს: ფაუსტი, ჰამლეტ, მანფრედი!

- რა აზრი არი უფრო ნათელი,
ვოლტერის, კანტის, პასკალის მერე? -
სოფლის ჩრდილებში ფიქრებნადევნი
ვეკითხებოდი პატარა ღელეს.

ისევ წნორები, ივრის ვერხვნარი.
ვაჟა-ფშაველა,
რემბო...
ვერჰარნი...

შევიმოსიე რუსთველის ელვით,
უბრწყინვალესი სულს რა ეხილვა?
შეყვარებული ტარიელივით,
მთვარის კლდეებზე გადავჩეხილვარ.

იმ ერთ კაშკაშა ღამეს ვიგონებ,
ვარდისფერ ღამეს ტკბილსახსოვარსა.
ცა ჰგავდა თამარ დედოფლის კაბას,
ალმასმოფრქვეულს, სხივნაქსოვარსა.

*
შევალ ჭიშკარში... მომესევიან
წიწილებივით ყრმობის დღეები:
ყველა ტოტებით მომეხვევიან,
ყველა ფოთლებით - ეზოს ხეები.

და თავს გაიქნევს ფშატი აუგად,
- რა უყავ, - მეტყვის თითქოს, - რა უყავ?
მკითხავს სიყვარულს თუ სიჭაბუკეს? -
იქნებ ორივე ერთად დავღუპე!

თუ ივრის ზვირთის ანაშხეფარმა
მე შემიკერა ლურჯი ხალათი,
დღეს მთვარის ნესტი შემომაპარა,
და ცისკრის ვერცხლით გავჭაღარავდი!

მეც მსურდა მეთქვა სიტყვა სარდლური,
მინდოდა მაღლა შემერტყა ხმალი!
სახლი ამეგო სართულ-სართული,
მშიერ-მწყურვალთა - პური და წყალი!

ქართულ ვარსკვლავთა სული დამეწვა,
მედიდებინა სამშობლოს ვარდი;
შვილთაშვილთათვის მეც გადამეცა
ჩემი ნათქვამი, ვით მცხეთის კვართი!

*
პატარძეულო, ღვთიურო ვარდო,
შენთან სიზმრებით გადაჭდობილი -
შენს წმინდა აჩრდილთ გულისთქმას ვანდობ,
მათ წინ მორჩილად ვარ დაჩოქილი.

სადღა არიან ძმები თუ ტოლი?
ყველა წავიდა, ვით ბუხრის ბოლი,
და შემრჩენია ვით სატკივარი -
მათი ალერსი და საჩივარი.

მთელი მსოფლიო აქ იყო ჩემი.
აქ მიმოქროდა ოცნების გემი!
აქ მიყვაოდა ტკბილი იმედი,
ახლა რად შემრჩა ასე მცირედი?

მე აქ ვინახავ დარჩენილ სიტკბოს
და ვერ ჩავუგდებ ხელში ვერავის;
მე ვუფრთხილდები იმ სხივის სითბოს,
მწუხრზე რომ არი ჩემი მზვერავი.

*
ვარხევ ფშატის ხეს თოვლით დაზვინულს,
ეგებ მეც ისე დამცვივდეს წლები?
შევივერცხლები? თუ გავტეხ ყინულს?
თუ ახალ ფოთლით ავიფურცლები?

მაგრამ ვაი თუ გადაილეწოს?! -
მითხრეს ფიქრებმა აღმაშფოთლებმა;
მაკურთხონ, ფშატო, შენმა ფოთლებმა,
შენმა შრიალმა გზა დამილოცოს...

*
თუ დღე მრავალი მენადიმება,
ხვალინდელი დღე რაღას მპირდება?
ბევრჯერ მზე ჩავა დაჭრილ ირემად
და ოქროს ხოხბად ამოფრინდება.
ერთხელ ივრის ცაც გადაირევა,
მოვლენ ღრუბელნი დასატირებლად;
ფშატის ხე სარკმელს ტოტებს მიახლის
ყინულს აისხმენ სალამურები,
ეზოს ატყდება ცრემლი, კრიახი,
მიყუჩდებიან ტაშფანდურები...
რა დააბნელებს
ცელქ ციცინათლებს? -
ჩაიწვებიან შავ ალმურებით!
გადაიხსნება შავი მაღაროც...
მაგრამ ის ცეცხლი, მე რომ ამანთო,
არ ჩაიწვება, ცაო მაღალო,
ნუმც მისი ფერფლი გადამაყარო!

*
მაგრამ შენთან ვარ,
მარად გვერდ ხლებით,
ვით მოსრიალე შენი მერცხლები,
ავედევნები შენს გაზაფხულებს,
შენს უმანკო ცას შევევერცხლები...

შენთან სიმღერას არ გავათავებ,
ყრმობავ, წნორებში გამოხვეულო,
მე რომ გეძახი - სულის გაზაფხულს,
ლექსის სათავევ, - პატარძეულო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი