ყველა ხეები დღეს ამიყვავდნენ
მე რო მიყვარდნენ, მე რო მიყვარდნენ, - ყველა ხეები დღეს ამიყვავდნენ! ვეგურგურები ახალ გაზაფხულს, ელავს ალმასი, ცვივა ფანტელი, ვიცი, მომარჩენს ზამთრის დაზაფრულს აპრილის ჭექა-კორიანტელი! დღეს, შემომძახა ნუშმა ქართულად, მესმის ვაშლის ხმა, რა საამური! ჭრელ პერანგებში გამოკვართულან გადაუგდიათ სიასამური. ჩემს ფანჯარაში დილა იცინის, ატამი მარჯნით დაბუმბულია; ამბობს ნიავის ტკბილი წიწინი: - ეს ყოველივე გაზაფხულია. ყველა ხეები მე რო მიყვარდნენ, დღეს ამიყვავდნენ! დღეს ამიყვავდნენ! დილა ოქროს ჯამს შემომთავაზებს სევდის ნამიც კი შიგ არ ერიოს, - ჩვენს მზეს, ჩვენს მიწას, ყანებს თუ ვაზებს სითბო არასდროს გამოელიოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი