სიყვარული მაშ გაქვს ვისი?
- თუ კაცი ხარ და ვაჟკაცი, და თუ გინდა იქართველო, ქართლი გიყვარს? იმერეთი? კახეთი თუ სამეგრელო? - სიყვარული მაშ გაქვს ვისი? ვისთან მიხვალ სადღეგრძელოს? მესხეთს ეტყვი თუ გურიას, კახაბერის მიმბაძველო! აფხაზეთს თუ სვანეთს, ლეჩხუმს... უდარაჯებ, საზღვრის მცველო, რაჭის, ხევის თუ აჭარის ტრფობა გულში დაიძველო? - ამ სიყვარულს ვით გავუძლო? ათჯერ, ასჯერ აკი გითხარ მიყვარს, მიყვარს, იცი, მიყვარს, შე უღმერთო, რაღათ მკითხავ? ჭანეთს, კლარჯეთს, ცრემლი სცვივა, ვიცი, არ გსურს დაიცილო; შეუმღერებ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთსა და საინგილოს! - ერთ სუნთქვას და ერთ სიცოცხლეს ჩემი კოცნა, ყველას, ყველას! ერთგულს, ერთად მობრიალე საქართველოს ცისარტყელას! უიმისოდ მზეც წავიდეს, შეჩერდეს და შეწყდეს სუნთქვაც, ყველას, ყველას, - ერთ დიდ კერას მე სიყვარულს გამოვუთქვამ! სამშობლოს მზის ყოველ სხივმა გადამისხა ცეცხლი გულში; ერთად, ერთხმად დავიძახოთ: გამარჯვება ჩვენს მამულში! გაძლიერდეს დიდ ძმობაში, რომ ვერავინ გადათელოს, აღმდგარი და მხარგაშლილი, მზისთანდარი საქართველო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი