წიგნო, წინ ...
წიგნო, წინ მიუძღვებოდი ხალხს უკვდავების ნაღარით; შენ გწერდა დიდი რუსთველი, თავს ოქროგადანაყარი. შენ გწერდა ცისკრის კამკამი, ხევთა ხმა ზვავის ზრიალი; შენს კალამს ორბი ჰზიდავდა, ტყავს ― ვეფხი თანაზიარი. შენ გწერდა ქალის წამწამი, ვაჟკაცის მკერდი გმირული, შენ ხალხი გწერდა მხედარი, ბრძოლით გულამოკირული. შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ. გული არ დაგიძველდება, სიმღერა, დილას ნამღერი, შვიდასი წელი გრძელდება! აახმაურე სამშობლო კარისკარ ჩამოიარე; ზოგს პურმარილზე შეესწარ და ზოგს უხვევდი იარებს. მიჯნურს, გულადუღებულსა, სიცოცხლეს დაუელვარებ; ლაშქარს უსარდლებ სარდალი, ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს. სიყვარულს სიყვარულითა, ძმობით ძმას ეპასუხები, დიდ ჭირში დაგვაფოლადებ, დავდგებით, როგორც მუხები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი