ხელში აგიღებ ...
ხელში აგიღებ... გაკოცებ, კიდევ ჩაგკოცნი... ჩაგცქერი; წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ, ჩამოქაფული ჩანჩქერის. წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ, ოქროს ცვარჩამოწვეთილი; გაშლილი ბაირაღი ხარ, ლექსის ფრთა გაუცვეთელი! წიგნი კი არა, ― დილა ხარ ქართველი ხალხის ნათელი. გულის ფესვებში გინახავ, გულში ხარ გამონათალი. ქაღალდზე გწერენ... სიტყვების ნაცვლად ლალები სხდებიან; გბეჭდვენ ― ნიშნები სტამბური ვარდებად აყვავდებიან. გკითხულობენ და გმღერიან ლხენით გულ-დამარცხებული; შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს სიკვდილი დამარცხებული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი