სამშობლოს, ვუმღერ სამშობლოს
სულ ჩემი გულის მონაწურია, რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები, ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია, და მის სიყვარულს დავემწყემსები. მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები, სიცოცხლეს ვერსად დავესესხები, თუ სამშობლოსგან გავიწირები! მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი, მისი ნათელი დამთოვებია, სიცოცხლე - მისი მშვენების იქით - ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია! აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა და ტკბილი სიტყვის გამართულობა. ვით ღონიერი ნიაღვრის დენა, ჩემი თქმულება, ლექსქართულობა! დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ეს ყვავილები მე დავაგროვე; მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი, ვარ ახალ ქართლის თანამედროვე! გულის ნათელი მე მიპოვია, ქართლის დიდების მე ვარ მნახველი, სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა, სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი