ცივი ლოგინი


ზედმეტად ნაცნობ მელოდიასავით
ავიკვიატე შენი სახელი
და რახანია ვღიღინებ,
ისე სევდიანად!
ისე მოგონებით,
ისე ჩუმად,
რომ მეც აღარ მესმის.
სხვებსაც გადავადე,
სხვებიც ავიყოლია
და ახლა, თითქოს მთელი ქალაქი,
მთელი სამყარო,
შენს სახელს ღიღინებს_
აკვიატებულ მელოდიას.
გელოდები:
კიბეებზე ნაბიჯების ხმად
ერთ_ერთ საფეხურზე უხერხულ წაბორძიკებად
და ლოყებაწითლებულ გაღიმებად,
უბნის ბიჭებმა დაგინახეს.
ჩემი სახლის თავისებური სუნი,
შენს სუნამოს ელოდება
ყველაზე სასურველ სტუმრად....
და ჩემს ვნებიან სავარძელსაც
ერთი სული აქვს
როდის ჩაგისვამს კალთაში,
როდის მოგეხვევა
და დაგლოშნის გაშმაგებით.
სარკეს ისე მოენატრე,
რომ საკუთარ სიშიშვლეში
არავის ახედებს.
ერთ დროს
როსკიპივით რომ იდგა შემოსასვლელში
და უნდოდა თუ არა
ყველას ახედებდა თვალებში
ათასნაირ დამოკიდებულებად,
თუმცა არც ისე ლამაზი იყო.
ლოგინი გარდაიცვალა.
ბოლო წუტებში ისე ნატრობდა
შენს სიმძიმეს,
ძილში ტრიალს,
სიმხურვალეს,
ზეწარზე მელნისფრად გადაყვანილ
სიზმრის ლაქებს,
მაგრამ ამაოდ
და უშენობით გარდაიცვალა.....
და შენს მოლოდინში გაუცივდა
სხეული ლოგინს.
მე? მე იმდენ ხანს ვღიღინებდი
შენს სახელს, რომ სმენა დავკარგე....
და უკვე აღარც მახსოვს
მერამდენედ ამოიყორა მუცელი
ქვიშის საათმა
შენი მსუყე მოლოდინით....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი