ლოთი ქალაქში


თქვენთან გასაზრდელად დატოვებულ სურვილებს მოვაკითხე წასაყვანად! - ეუბნებოდა ვარსკვლავებს პოეტი და შვილებს ციდან არ ატანდნენ, - ლოთი ხარ და ვერ მიხედავო.

ბარები დაკეტს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება, ღრუბლებო, მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეტები, აღარსად მხატვრები...
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ,
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია.
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ,
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი