სიჩუმე ხმაურით


ერთხელ აღებულ აკორდებს
სული სხეულში აკორდებს,
როგორც შეჩვეულ ნარკოტიკს,
ისე ვექცევი ბწკარს.
მთვარეს ღამეში აბოდებს
და ვარსკვლავების ნაფოტებს
აყრის გაჩეხილ წალკოტის
გარდაცვალების წამს.
დგას მოწყენილი მეტივე,
ტბის სევდიანი მოტივით
და საუკუნო ლოდინით
უცდის შორეთის მგზავრს.
ვეღარ გაუძლო მეტი ვერ
და შეწყვეტილი ნოტივით,
მიწაზე გამხმარ ტოტივით
დამსგავსებია ბზარს.
დაანგელოზდნენ ვარდები,
მკვდარი პეპლების ვარდნებით
და მოწითალო ღვარი სდის
ბროწეულებში ქარს.
ცა ფიფქებშენავარდები,
შავბნელი ღრუბლის ლანდებით
ტკივილს ინახავს ხვალისთვის,
მზეს ახვევია გარს.
ფრთებჩამომტვრეულ იადონს
წალკოტი ფრენას მიანდობს,
დაიავადებს ბულბული
ნაიავარდებ ხმას.
ყვავილთხმაურში ია დუმს,
სიჩუმემ ხელი მიადო
და ჯოჯოხეთის გუგუნი
შეუბრალებლად ხნავს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი