ქალაქი სადაც ..
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას _ ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა, სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა; სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან, სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან. ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი, ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს... იქ, სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს. ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს და მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის, ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია, სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი. სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას, მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით, ხმამაღლა, სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა. ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე, პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით, იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი