ყოფნა ყველაფერში


გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა _ აპრილის მოწმე.
გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები: შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები: შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი, საფულე, მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები: წვიმა, გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანაში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.
გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა, დამწვარი ტაფა.
გავხდები: დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული, რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში, თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,
თუ გინდა _ თეთრი, თუ გინდა _ ზანგი,
თუ გინდა _ ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები: შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე, ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები: თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა, გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი