არგრძნობის ქალაქში ..


არგრძნობის ქალაქში სიყვარულს არ ცნობენ,
არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,
სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ
და ნუში კვირტობას ზეიმობს.
წყვილები პაემანს ნიშნავენ მოწყენით,
საათის ისრებმა დროება გაცვითა,
ლურჯ ღამის ლარნაკში
ყვავილებს მოსწყდებით
ცრემლებად ღაწვიდან.
აღარ მაქვს ქალაქის განწყობის ატანა,
ატმებით ვეფერე,დახორკილ ატმებით,
ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა…
ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები…
მე მინდა გაჩუქო სამყაროს ნაწილი
მე რომ არ მეკუთვნის არცერთი მტკაველი.
არც მინდა,მეყოფა სამშობლოს მანძილი
ყანები,სიბრძნისგან დახრილი თავებით!
მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,
აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია,
ვენახის დალალებს თმალერწამგაზიანს,
ვენაცვლე!…რა ტკბილი მტევანი ჰქონია!
ო,ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,
რითი სვამთ-ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით?
ვინ არის ის გმირი,მიწა რომ გალახა
და მთები დასივდა,გინახავთ?ვინ არის?
უსმინეთ!… ქართველი ღიღინებს “გუთანოს”,
ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,
ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო_
ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი