ადამიანთა სევდა
(რომანი) შესავალი _ თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას. _ რატომ?! _ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ _ გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე. აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება _ ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი მოთხრობების ქვესათაური. _ მე? მე ვინღა ვარ? _ ალბათ მეც მოთხრობა ვარ. მერედა, რა ხელი მაქვს ჩემს გარშემო მყოფ მოთხრობებთან? იცი, რა მინდა? _ რა? _ რომ გითხარი, გუდამაყარზე რომანის დაწერა მინდა მეთქი, მოდი, მართლა დავწერ. ალბათ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები: რომ არ დავწერო, არ შემიძლია, არადა, რა დავწერო, როგორ დავწერო.. ერთი კია, როგორც არის, ისე ვწერ, არაფერს გამოვტოვებ, მაგრმ დაწყება მიჭირს. ალბათ შემოქმედსაც ძალიან უჭირდა დაწყება, როცა სამყაროს წიგნის წერა დაიწყო. როგორ მინდა, ზუსტად ისევე დავიწყო და არ დავამთავრო.. ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც განვიცდი. თანმიმდევრობა ხომ ჩემი საქმე არ არის, მოთხრობებზეა დამოკიდებული, იმათ კი ასეთი უცნაური ზნე ჭირთ, სულ არ მეკითხებიან არაფერს. თავი მოგაბეზრე, არა? რას იზამ, დასაწყისი ვერ ვიპოვე, არ ვიცი, რით დავიწყო, როგორ მოვუყარო ამდენ მოთხრობას ერთად თავი. აგერ ახლა ფანჯრიდან ვხედავ სამი მთვრალი მოთხრობა მოდის გზაზე სიმღერით. ერთმანეთისათვის ხელები გადაუხვევიათ და მობარბაცებენ. მოდი, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ, თორემ ეგენი არ მოგვასვენებენ, იმ სოფლიდან არიან სადაც სულ გიჟი მოთხრობები ცხოვრობენ. ამას წინათ მაგათ სოფელზე დავწერე და იმის მერე მოსვენება მაქვს დაკარგული.. აგე, ჩემი სახლისაკენ ჩამოუხვიეს. წინასწარ ვიცი, ჩემთან ჩხუბი სწადიათ. საეროდ, შეჩვეული ვარ მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. _ რაზე? _ ბოლოს რატო გვკლავო. იმიტომ ვკლავ, რომ მიყვარან. ეგენი კი არ მიჯერებენ, ვერ იტანენ სიკვდილს. _ სიკვდილს ვერავინ იტანს. _ მე ვიტან, მიყვარს, როცა მოთხრობებს სიკვდილით ვამთავრებ, სიკვდილი ისევე ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. _ მერედა, სიკვდილისთვის არ გენანებიან შენი მოთხრობები? _ მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი მოდიან და მეჩხუბებიან. _ რაო? _ ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და რად დაგვხოცეო? ვეუბნები ტყულია _ მეთქი.. _ რა არის ტყული? _ ის, რასაც ადამიანი ხედავს და განიცდის, ყველაფერი მოგონილია და სიკვდილიც იმიტოა საჭირო, რომ ამ მოჩვენებას მოუღოს ბოლო, თუმცა, რატომ ვატყუებ, არაფერი არ არის მოჩვენებითი, ყველაფერი მართალია და სიცოცხლე ძალიან ლამაზია, მე კი ნაადრევად ვკლავ გუდამაყრელებს, ეწყინებათ, მა რა იქნება ყველამ რომ ერთ დღეს მოიკლას თავი, რა გამოვა.. იმ დღეს ერთ ჩემ მოთხრობას მიასვენებდნენ დანარჩენები. ცხელოდა, ზემოთ მთაზეა საფლავები, იქ მიჰქონდათ. რატომღაც ყველანი მე მიყურებდნენ. ადრევე მოვკალი მე ეგ ქალი და მაშინ მეჩხუბა კიდეც: _ რატომაო? _ ახლა მართლა მოკვდა და დანარჩენები ისე მიყურებდნენ, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს, მე განსვენებულს ვუყურებდი და რატომღაც გავიფიქრე: _ რა მნიშვნელობა აქვს, ადრე მოკვდებოდა თუ გვიან, მე რომ მოვკალი, მაშინ იმდენი მეჩხუბა, განა რა არის, რა შეიცვალა მას მერე. _ ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ალბათ შეიცვალა. თუმცა ასე არ მინდოდა დამეწყო, სულ სამი მთვრალის ბრალია, ჩამოვიდნენ, მეჩხუბნენ და წავიდნენ. ისე საცოდავად მიბარბაცებდნენ, მე კი იმაზე მეჩხუბებოდნენ _ რატო წერ ჩვენზეო. ჩვენ არ დავიხოცებითო.. მაგრამ ეს რა საინტერესოა, მოდი, ვცდი და, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ: დასაწყისი მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ დაწყების წინ გადავწყვიტე, საწერ მაგიდაზე სანთელი ამენთო. ცეცხლი ავანთე და სანთელი მივუფიცხე. დანით თხლად ვათლიდი გვერდებს და ხელისგულზე ვზელდი, რომ უფრო კარგად დარბილებულიყო. მერე გამახსენდა, რომ ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო, ვეძებე და, რომ ვერ ვიპოვე, შალის ძაფზე ჩამოვახვიე. მივედი, საწერ მაგიდასთან დავდექი და სანთლის ანთება დავიწყე.. რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შალის ძაფს ცეცხლი არაფრით არ მოეკიდა. მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ დაიძახა. გავედი, თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემ სანახავად მოვიდა. დავსხედით. მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას არ აპირებდა, ბოლოს, ეტყობა, აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე, როდის წავიდა. ისევ შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივრში კარგა სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე, ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. ქაღალდებისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, იმ ძაფზე მაშინვე სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე, ისევ საწერ მაგიდასთან დავდექი და დავიწყე ლოცვა: _ ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო, სადაც ხარ და როგორცა ხარ, იდიდე და იძლიერე. ვიცი, რომ გაჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა, გაუჭირვებლად არაფერი მოდის. ოო, ალბათ რა დიდებულად დაიწყე. მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი. თითქოს აქაც არის, მაგრამ ამავე დროს იქაც არის, ჩემშიც არის და აგე, სამი მთვრალი მოთხრობა, რომ ჩამოდიოდა გზაზე ბარბაცით, იმათშიც არის. ძაღლშიც არის, ძროხაშიც, წყალშიც. ჰაერშიც, მიწაშიც. შენ ისე დიდებულად წერ, იმდენ რამეზე და ისე თავისუფლად წერ.. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერო, ერთი ამბიდან მეორეზე ისე გადავიდე, ვითომც არაფერი. შენ ახერხებ, ყოველნაირ გადახვევა გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიცვა. აი, სანთელი რომ შალის ძაფზე ჩამოვახვიე, არ აენთო, იმიტომ რომ შენ წიგნში სხვანაირად წერია _ სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო.. ამასობაში სანთელი ჩაიწვა და ხელმეორედ მივედი სკივრთან, რომ კიდევ ამეღო ბამბის ძაფი. ერთი წყება კიდევაც შემოვხსენი და რატომღაც იმ ქაღალდებით დავინტერესდი. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აქ სწორედ იმ საოცარ ლაშქრობაზე იყო მოთხრობილი, რომელიც სოფელ ჩოხის მცხოვრებლებმა მოაწყვეს გუდამაყარში. ამ საუცხოო ლაშქრობაში პირადად ბებიაჩემიც იღებდა მონაწილეობას და რადგან საიდუმლოს შენახვით განთქმული ქალი იყო, ეტყობა, ეს ქაღალდები იმიტომაც ჩაუბარებიათ. დედაჩემს ამ ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ ზამთარს ავად იყო, ხოლო მე და ჩემი და, რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, სხვაგან ვიყავით გაბარებულნი. ასე, რომ ყოველთვის გული მწყდება, როცა ჩემი ტოლები ამ ლაშქრობაზე მიყვებიან.. აი, ახლა სწორედ იქ მიმიყვანა ბედმა, საიდანაც უნდა დამეწყო და, რადგან ჩანაწერები არეულია, შევეცდები, ოდნავ მაინც დავალაგო და ისე წარმოვიდგინოთ. ჩანაწერებს გარედან სქელი ყდა ავქს შემოკრული და მსხვილი ასოებით აწერია: ლაშქრობა გუდამაყარში პირველ გვერდზე მოყვანილია ამ სახელოვან ლაშქრობაში მონაწილეთა სია: 1. ვაჟი გოგი _ მთავარსარდალი. 2. ბიბღაი _ დეკანოზი (ანუ მედროშე). 3. სებაი _ ზარის მრეკველი. 4. სამხარაული _ მოლაშქრეთა ისტორიკოსი გეოგრაფი (მემატიანე). 5. ქიმბარი _ ფილოსოფოსი. 6. ჩაღი _ მოლაშქრეთა მწერალი. 7 ზინაი _ ექიმი. 8. გამიხარდაი _ დარდების შემგროვებელი. 9. სალომე _ მესაიდუმლე (ევალება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების გადამალვა). 10. შეთე _ სასიძო. 11. ელენაი _ დიასახლისი (პურის გამოცხობა, კერძის დამზადება და სხვა). 12. ტატიაი - მზვერავი. 13. ტაშკენტაი _ მზვერავი. 14. გარახტინაი – მზვერავი. (ამათ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიხმარონ ელენაი და სალომე). 15. სოფიაი – მყვირალი. 16. კატუშაი – მყვირალი. 17. მართაი _ მყვირალი. (ამათ მტრის ჯარში პანიკა და არეულ-დარეულობა უნდა შეიტანონ ყვირილით, კარგი ყვირილი იციან). 18. ქეთუაი – უბრალო მოლაშქრე. 19. ნინუაი – უბრალო მოლაშქრე. 20. სიდუაი _ უბრალო მოლაშქრე. 21. ტასაი – უბრალო მოლაშქრე. 22. კოტორაანთ ქალი – საიდუმლო ნაწილი. 23. შარვანიანთ ქალი _ საიდუმლო ნაწილი. 24. შიჯანათ ქალი – საიდუმლო ნაწილი. 25. ქალთამზე _ საზღვაო ნაწილი (რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ამათ ევალებათ არაგვთან კავშირი, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება, მანამდე სულ არაგვ-არაგვ უნდა იარონ). 26. თებრუაი, 27. დარიკო, 28. ლელაი, 29. თამარაი, 30. გალილეი, (ესენი უნდა დარჩნენ ჩოხში და სოფელს მიხედონ, საქონელს აჭამონ, ფრინველებს და ლოგინად ჩავარდნილ ბებრებს მოუარონ). აი, დაახლოებით სრული სია იმ სახელოვან მოლაშქრეთა და მამაც მებრძოლთა, რომელთა უმრავლესობა ქალებია, იმიტომ რომ ზამთრობით კაცები ცხვარში მიდინ, ახალგაზრდები _ ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ. ავტორისაგან მანამ დანარჩენ ჩანაწერებს წარმოგიდგენდეთ, მინდა ზემოხსენებულ სიში მყოფი რამდენიმე მოლაშქრე გაგაცნოთ. 1. ვაჟი გოგი (მთავარსარდალი) ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის გალესილი. თბილა. აღმოსავლეთ მთის ფერდზე სოფელი ჩოხია შეფენილი. აქა იქ სახლებიდან ზლაზვნით ამოდის ბოლი. მზე ნება ნება ამოიწია და სხივები სოფელს მოეფინა. სოფელში ჯერ სიმყუდროვეა. ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმის. მერე თანდათან გამოვიდნენ სახლებიდან აქ შემორჩენილი მოხუცები. გამორეკეს საქონელი, წყაროზე დაარწყულეს და მზის გულზე დააყენეს. ძროხებმა სიამოვნებით მიუფიცხეს მზეს შემცივნებული ზურგები. გამოვიდა სახლიდან ვაჟი გოგი, კალობანზე დათვის ტყავი მიიფინა და მზეს მიეფიცხა. ნებ ნება, თითო-ოროლაობით მოიყარა ვაჟი გოგის ბანზე სოფელმა თავი. რამდენიც ახლად მოვიდა, იმდენმა ჩაახველა და ჩუმად დაჯდა. სიჩუმეა ირგვლივ. ჩუმად ზის ვაჟი გოგიც და გონებაში ახალ ტყუილს იგონებს. თითქმის ყოველდღე ასეა, მოვლენ ეს მოხუცები, რა ვიცი, ზოგს მოხუცობა არც ეთქმის, შუახნისები არიან, თუმცა უმეტესობა უკვე ხანშია შესული და იმიტომ ვამბობ, მოხუცები მეთქი. ისინი ცალკე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების უნახაობით არიან მოწყენლნი, ცალკე ზამთრის გრძელი ღამეებითა და სიწყნარით გულგამოკლულნი. ერთადერთი ვაჟი გოგიღა არის მაგათი გამამხიარულებელი. ვაჟი გოგი ორ ომშია ნამყოფი და ამით ძალიან მოაქვს თავი. მკერდზე განუშორებლად რამდენიმე მედალი ჰკიდია და, როცა მზე ადგათ, ისე ბრწყინავენ, მათი შემხედვარე ჩოხელები ძალაუნებურად იჯერებენ ვაჟი გოგის ტყუილებს. რა ვიცი, შეიძლება ტყუილებიც არ არის, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ჰყვება, რამდენჯერაც მოვუსმინე, მგონი ტყუილი უფროა, ვიდრე მართალი. _ ეეჰ, ხანდახან არ დაგიფასებენ კაცს შრომას.. _ დაიწყო გულნატკენი კილოთი ვაჟი გოგიმ. ხალხმა ყური მიუგდო და გაინაბა. _ მეტი რაღა დაფასება გინდა, მედლებით გაქვს აყვავებული მკერდი, _ წამოიძახა ბიბღამ. _ ეე, ეს რა არის, მე რო შრომა დამფასებიყო, ეხლა განა აქ, თქვენთან უნდა ვმჯდარიყავ?.. _ მაშ სად უნდა იჯდე? _ იქა, მაშ! _ რა ყო, სად იქა? _ რა და, თორმეტი წელი წყალქვეშა გემის კაპიტანი ვიყავ. თორმეტი წელი წყლიდან არ ამოვსულვარ. დღეს რომ ამ წყლის ძირ ვიყავ, ხვალ კიდევ იქ ვიყავი, ეე! რა ქალაქები და ქვეყნებია წყლის ქვეშ, რო იცოდეთ, ერთი არ გასჩერდებოდით აქა, დღესვე წყალში ჩასცვიოდით, მაგრამ, რა გამოგივათ? არაფერი, თქვენ იმათი ენა არ იცით და იმათ თქვენი.. ვერ შეეწყობით7 ისევ აქ გირჩევნიათ ყოფნა. _ გინდა ენაც ვიცოდეთ, ზღვა სადა ვნახოთ. _ აი, ზემოთ ნარიანაის მთაზე რო ტბა არის, იქ შეგიძლიათ ჩასცვივდეთ, ეგ ტბა ისეთი ძირის პატრონია, პირდაპირ ზღვასთანა აქვს კავშირი. _ მართლა იძახი?! -– დაეჭვდა ბიბღაი. _ მართლა, მაშა, განა ერთხელ შამამიცურნია მაგ ტბაშია და ორჯერა, მაგრამ თავის ამოყოფა არ შეიძლებოდა, საიდუმლოდ დავცურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირიდან, მაგრამ თავს ხო არ ამოვყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. _ ისენიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ? _ ისენიც, იქ არავინ ჩავარდეთ, თორო, სუ ერთია, იმათ ლაპარაკს ვერ გაიგებთ და შეიძლება ვეღარც ამოხვიდეთ. _ მაინც როგორი ენა აქვთ, როგორ ლაპარაკობენ? _ აისერიო მისერიო მისერ, _ თქვა ვაჟი გოგიმ. _ ეგ რას ნიშნავს? _ კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო, _ მართალიც არის. ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე?! მაგრამ რა გინდა, თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ამოვყავ წყლიდან თავი და მაშინაც სამშობლოს ღალატი დამწამეს. _ რატომ? _ არ უნდა ამოგეყო. _ რაღა უთხარი. _ ანდე თქვენა და ანდე თქვენი გემი მეთქი. _ მერე? _ ორი წელი ჩამსვეს ციხეში. იქიდან რომ გამომიშვეს, რეაქტიულ თვითმფრინავზე დავიწყე მუშაობა. ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი. _ არც იქიდან უნდა გამოგეყო თავი? _ არა. როგორი გაძლება გინდა.. გადავუვლიდი ამ ჩვენს სოფელს და გადმოხედვის უფლება კი არ მქონდა. მივდიოდი, რომელიმე ქვე-ყანას დავბომბავდი და მოვდიოდი ისევ უკან, გადმოვივლიდი ამ ჩვენი სოფლის თავზე, ჩემთვის კი გავიფიქრებდი, მოდი, გადავიხედავ, იქნებ ხატობა აქვთ მეთქი, მაგრამ ჯერ მაშინ შევცდი, წყლიდან რომ ამოვყავ თავი. _ შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავ, მე თვითმფრინავიდანაც გადმოვიხედავდი, _ თქვა ტატიამ. _ ჰოდა, რომ გადმოვიხედე, იმიტომაც ვზივარ თქვენთან, _ თქვა ამოოხვრით ვაჟი გოგიმ და გაჩუმდა. სხვებიც ჩუმად ისხდნენ. მერე ეს სიჩუმე ოზანოს მთიდან გამოქანებულმა ზვავის გრიალმა გააყრუა. კარგა ხანს აძლევდა გუდამაყრის ხეობა ზვავის ხმას ბანს, მერე ისევ დადუმდა ყველაფერი. ახლა ყველანი ჩუმად გაჰყურებდნენ გალილეის, რომელიც თოვლის კაცებს აკეთებდა თავისი სახლის ბანზე. გალილეიც ომშია ნამყოფი და, რაც იქიდან მობრუნდა, სულ ომობანას თამაშობს. ისე ჰყვანან ქათმები მიჩვეული, აღარ სცილდებიან, ახლაც გარს ახვევია მთელი სოფლის ქათმები. ის კი ჯერ მათ ყურს არ უგდებს, თოვლის კაცებს აკეთებს, იქვე ახლოს ქათმებისთვის არაყში აზელილი პური უდგას ქვაბით. კაკანებენ ქათმები. გალილეი არყიან პურს უყრის და ისინი ჯერ ჩიჩახვებს დაიბერავენ. მერე, საკმაოდ შემთვრალები, ერთმანეთს დაერევიან საჩხუბრად. გალილეი მთავარსარდალია. როგორც უნდა, ისე მიჰყავს ომის მსვლელობა, ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს. ხელში ყოველთვის ხმალი უჭირავს, ჰაერში იქნევს და ქათმებს დაჰკივის: _ ტატიაანთ ქათამო, მარცხენა მხრიდან შეუტევ მოწინააღმდეგეს და რაც შეიძლება ცოცხლად! ღალატია, ღალატი!!! აეგრე! ყვირის გალილეი და მთვრალი ქათმებიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ბრძოლა იმდენ ხანს მიმდინარეობს, ვიდრე ქათმების ჯარს ბრძოლის ველზე არ ჩაეძინება. _ რომლებმა გაიმარჯვეს გალილეი? _ ეძახის ვაჟი გოგი ხმალშემართულ გალილეის. _ ჭრელებმა! _ პასუხობს გალილეი და ბანის პირზე ბარბაცით მიმავალ ჭრელ მამალზე უჩვენებს ხმლით. მამალი ნება-ნება მიდის, გამარჯვებულის ნაბიჯებით. _ ეგენი ვინ არიან? _ თოვლის კაცებზე ანიშნებს ვაჟი გოგი. _ ეს ნაპოლეონია, _ აჩვენებს გალილეი, _ ეს ალექსანდრე მაკედონელი, ეს ჰიტლერი, ეს აქილევსი, ეს შაჰაბასი, ეს კიდევ თემურ ლენგი.. ყველანი ჩემს წინაამდეგ არიან ამხედრებულნი. მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. გალილეიმ მწყობრი ნაბიჯით ჩამოუარა თოვლის კაცებს. მერე განზე გადგა და შესძახა: _ წაგასლეკთ თავებს! _ ხმალი ჰაერში დაატრიალა და დაერია. ჯერ თავები დააჭრა, მერე მიადგა და სულ ერთმანეთში არივ დარია. ცოტა ხანს დაისვენა და ახლა მძინარე ქათმებს დასჭყივლა: _ პადიომ, ადექით! ადექით მე თქვენი! _ და რამდენიმე ქათამს წიხლი ამოარტყა, ქათმებმა გამოიფხიზლეს და წამოფარფატდნენ. _ სწორდით! _ შესძახა გალილეიმ და ერთი ბღუჯა საკენკი დაუყარა. ქათმებმა უცებ შეკენკეს და გალილეის მიაჩერდნენ. _ ეხლა გაღმა სოფელში მივდივართ სალაშქროდ, იქაურ ქათმებს მუსრი უნდა გავავლოთ. ვაი თქვენი ბრალი, თუ დამარცხდით! _ თქვა ბოლოს გალილეიმ და ქათმებს გაუძღვა. ისინიც უკან მიყვნენ. დედაკაცები წიოკით გამოედევნენ გალილეის. _ სად მიგიდის ქათმები, შე გიჟო, შენა! _ მამშორდით! _ იყვირა გალილეიმ და ქათმებს ანიშნა, მამყევითო. _ ნუ გადაგვირიე ე ქათმები, შე ცეტო, შენა! _ წაგასლეკთ თავებს! _ დაიძახა გალილეიმ და ხმლით გამოუდგა დედაკაცებს. ვაჟი გოგიმ გალილეი დაიჭირა, ხმალი წაართვა და საბლით ბოძზე მიაბა. _ წაგასლეკთ თავებს! _ ყვიროდა გალილეი. დედაკაცები ისევ ვაჟი გოგის მიუსხდნენ და ვაჟი გოგიც მორიგი ტყუილის სათქმელად მოემზადა. თანდათან დათბა და გაღმა მთაზე ისევ წამოვიდა ზვავი გრუხუნით. მერე კვლავ ჩაწყნარდა მიდამო. მარტო ბოძზე მიბმული გალილეი არღვევდა სიჩუმეს: _ წაგასლეკთ თავებს! _ ემუქრებოდა დედაკაცებს. ქათმები გარს ეხვეოდნენ და კრიახ კრიახით რაღაცას ელაპარაკებოდნენ თავიანთ მთავარსარდალს, თავიანთ ენაზე. _ სადა ხართ, ხალხო! _ დაიძახა ვიღაცამ გალილეის ბანიდან. _ მიშველეთ! _ იყვირა გალილეიმ, როგორც კი ამ ხმას ყური მოჰკრა. _ გამიხარდაი, _ თქვა ვაჟი გოგიმ. _ აქა ვარ, აქა! _ ყვიროდა გალილეი. გამიხარდაი მოვიდა და შორიდანვე დაიწყო: _ ვის რა გიჭირთ, მეზობლებო, ვის რა გადარდიათ, _ თან გუდას იხსნიდა ზურგიდან და იქიდან სქელტანიან რვეულს იღებდა. _ ჯერ მე, ჯერ მე! _ იყვირა გალილეიმ. გამიხარდაი მასთან მივიდა, რვეული გადაშალა და დაწერა: დარდი №1671 ჩოხელი გალილეი _ რა გადარდებს? _ ის, რომ ხელში ხმალი არა მაქვს და დატყვევებული ვარ. _ მეტი არაფერი? _ ამხსენი ეხლავე. _ ეგ ჩემი საქმე არ არის, _ თქვა გამიხარდაიმ. _ ამხსენ, თორემ წაგასლეკ თავს! _ ჩემი საქმე არ არის.. _ მაშ რა არის შენი საქმე? _ მე დარდებს ვაგროვებ, ხალხის დარდს ვაგროვებ, ვის რა უჭირს, ვის რა ადარდია, _ თქვა გამიხარდაიმ და გალილეის მოშორდა. _ უჰ შენი! _ ჩაილაპარაკა გალილეიმ. _ აბა, მეზობლებო, ახალი დარდები თუ გაქვთ, _ დედაკაცებთან მივიდა გამიხარდაი და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა: დარდი №167» ჩოხელი ვაჟი გოგი _ რა გადარდებს? _ ისევ ისა. _ ისა? _ ჰო, ისა. _ მაინც ჩავწეროთ.. _ წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს. _ მეტი არაფერი? _ თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? _ იკითხა ტატიამ. _ ჰო, ეგაც მადარდებს. _ მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, _ თქვა ტატიამ. _ მეტი რაფერი გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ. _ მეტი არაფერი, _ უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ. _ რა? ეგ რა არის? _ დარდია. _ ვისი დარდია? _ წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი. _ რა დარდია ეგეთი? _ ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. _ ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის. _ კი, ჩვენი დარდიც ეგ არის. _ მადლობთ, ძალიან საინტერესო დარდი ჩამაწერინეთ, _ თქვა გამიხარდაიმ და მორიგი დარდის ჩასაწერად ნომერი აღნიშნა. დარდი № 167» ბიბღაი(სოფლის დეკანოზი) _ რა გადარდებს? _ ხომ იცი, რაც მადარდებს. _ ადრე რაც გადარდებდა, ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს სხვა რამე გადარდებდეს? _ მე მაინც ავაშენებ იმ სახლს, მაგრამ ამისათვის საჭიროა.. ბიბღაი ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ვინ იცის, მერამდენედ დაიწყო უკვე გაზეპირებული ამბავი: _ ჩემო მეზობლებო, ხომ იცი, ტყუილი არ ვიცი, პროექტი უკვე დიდი ხანია შედგენილი მაქვს, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და გამიხარდაისაც. ამ სახლის ასაშენებლად სოფლის მოედანი უნდა დამითმოთ და აშენებაში თქვენც მომეხმაროთ. მარტო ჩემთვის კი არ მინდა იმხელა სახლი. _ რამდენი ოთახი იქნება? _ ჰკითხა სებამ. _ მე ხუთასი ოთახი მაქვს გადაწყვეტილი. _ ხუთასი? მერედა, რად გვინდა მაგდენი, ან მასალა საიდან მოვიტანოთ? _ მასალას ვიშოვით, რაც სახლები გვაქვს, სულ დავშალოთ და ერთი დიდი სახლი ავაშენოთ, შევიდეთ და ვიცხოვროთ ტკბილად, სულ ერთი არ არის? მაინც ერთად გვინდა ყოფნა. ყველაფერი შიგ იქნება იმ სახლში. ჯერ მარტო ოცოთახიანი სასადილო აიგება. _ რა საჭიროა მაგდენი ოთახი? _ თქვა ტატიამ. _ როგორ თუ რა საჭიროა, თუ ჭამა არის, ჭამა უნდა იყოს.. _ მაინც, მაგდენი ოთახი.. _ პირველ ოთხში ფეხებზე დაიხდი, მეორეში _ პალტოს, მესამეში ქუდს მოიხდი და ჩამოჰკიდებ, მეოთხეში სარტყელს მოიხსნი.. _ ქალებმაც უნდა გავიხადოთ? _ იკითხა სალომემ. _ არა, ქალებმა ისე რა, შიგადაშიგ. _ როგორ თუ შიგადაშიგ? _ ვისაც უნდა გაიხდის, ვისაც უნდა, არა. _ მეხუთეში რა იქნება? _ მეხუთე კოვზების ოთახია, აიღებ კოვზს და გახოლ მეექვსეში, იქ თეფშები აწყვია, ეგე გაჰყვები.. ყველა ოთახში სისუფთავეა, მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ ბორშიანი ქვაბი დაგხვდება, დაისხამ ბორშსა და გახოლ მეთერთმეტეში. _ მეთერთმეტეში რაღა არის? _ მეთერთმეტე ბლის ოთახია, მაგრამ.. _ რაღა მაგრამ, კარგია. _ კარგი კია, მაგრამ შეიძლება გავაუქმოთ. _ რატომ? _ ზამთარში სად ვიშოვოთ ბალი? _ როცა ბალი არ იქნება, სხვა რამე შევინახოთ მეთერთმეტეში. _ ხო, ეგაც შეიძლებ, თუმცა მაინც მადარდებს ეგ საკითხი. _ ძალიან გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ და საწერი მოიმარჯვა. _ ძალიან, _ თქვა ბიბღამ. _ მეტი არაფერი გადარდებს? _ მეთხუთმეტე ოთახი მადარდებს კიდე. _ მეთხუთმეტეში რაღა არის? _ მეთხუთმეტეში მარწყვია და ზამთარში.. _ კიდე რომელი ოთახი გადარდებს? _ დანარჩენებში კარგად არის საქმე, მეთექვსმეტეში ხინკალია, მეჩვიდმეტეში _ მწვანილი, მეთვრამეტეში _ ვაშლი, მეცხრამეტეში მაგიდები დგას, დასჯდები, საჭმელებს დააწყობ, ერთი ლამაზ გაიჯორები, გამოხვალ მეოცეში, აქ გაშლილი ლოგინებია, მისწვები და მიიძინებ. ბიბღამ სასადილოს აღწერა რომ მოათავა, ამაყად გადახედა მეზობლებს და ჰკითხა: _ ჰა, როგორია? _ კარგია, მაგრამ.. _ რაღა მაგრამ? _ აუცილებლად ძველი სახლები უნდა დავშალოთ, რომ ეგ სახლი ავაშენოთ? _ კი, კი, ძველები, ჯერ ერთი, აღარაფერში აღარ ვარგანან, მეორეც, რაღა ცალ-ცალკე ვიცხოვროთ, სუ ერთად ყოფნა არა სჯობია, ძველ სახლს რომელსა აქვს ეგეთი სასადილო? მესამეც ისა, რომ მასალა არის საჭირო. _ მასალის თაობაზე ხომ არაფერი გადარდებს? _ იკითხა გამიხარდაიმ. _ ჯერჯერობით არა. _ ზემოდან რა უნდა გადავახუროთ იმ სახლს? _ ჰკითხა ვაჟი გოგიმ. _ თუნუქით დავხუროთ, რომ ბრჭყვიალი დაიწყოს და ჩვენ მტრებს თვალები დააჭრას, დაუბრმაოს, _ თქვა ბიბღამ და მეზობლებს გადახედა. _ გამიშვით თორო, სუ ქვებით დაგიხვრეტთ იმ თუნუქის სახურავს! _ იყვირა გალილეიმ, რომელიც აქამდე ჩუმად ისმენდა სასადილოს ამბავს. _ ვინც ამ სახლს რამეს დაუშავებს, ვერც იმის სასადილოში შევა, _ თქვა ბიბღამ. _ წაგასლეკთ თავებს! მე მარტო ბლის ოთახში შევალ! _ ყვიროდა გალილეი. _ გირჩევნია, ჭკვიანად იყვე. _ ქათმების ოთახი ექნება თქვენ სახლსა? _ იკითხა წყნარად გალილეიმ. _ ქათმებისიც ექნება და ვირებისიც. _ იცი, რას გიზამთ? _ რას გვიზამ. _ ჭამას რო მორჩებით მეცხრამეტეში, მეოცეში ხო დაიძინებთ.. _ დავიძინებთ. _ ჰო, მაგრა დაიძინებთ.. _ მაგრა დავიძინებთ. _ ჰოდა, შემოვალ და მძინარეებს წაგასლეკთ თავებს! _ თქვა გალილეიმ და ნასიამოვნებმა გადაიხარხარა. დარდი № 1674 სებაი _ რა გადარდებს? _ არაფერიც არ მადარდებს! დარდი №1675 სამხარაული _ რა გადარდებს? _ ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა. _ როგორ თუ მივარდნილობა? _ ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით მოკვდება. _ რატომ? _ აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე, ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ ერთი ბრძოლის დროს.. გუდამაყარიიი..დროა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია.. _ ეე, შენ, როგორც გეტყობა, ბევრი რამ გადარდებს, აი! _ შეაწყვეტინა გამიხარდაიმ სამხარაულს, რომელიც ისე სწრაფად ჰყვებოდა თავის დარდებს, გამიხარდამ ორი სიტყვის ჩაწერაც ვერ მოასწრო. სამხარაული გაჩუმდა. დარდი № 167.6 ქიმბარი _ რა გადარდებს? _ დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი. _ რისი დასაწყისი? _ აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ. _ ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა! _ რა, არ მოგწონს? _ არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი.. _ მაშ თუ იცი, დასასრული სად არის? _ დასასრული სიკვდილია. _ სცდები, ტყუილია. _ რატოა ტყუილი. _ სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა. _ ღმერთი? _ შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის? _ ეგ გადარდებს? _ ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან? _ მეტი არაფერი გადარდებს? _ მეტი რაღა უნდა მადარდებდეს.. _ გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს? _ არა. _ რატომ? _ რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი? _ არც ჩემი საქმეა. _ ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი. დარდი № 1677 ჩაღი _ რა გადარდებს? ჩაღი ახალგაზრდა ბიჭია. აქამდე ჩუმად იჯდა და ყურს უგდებდა მოხუცებს. ათი დღე იქნება, რაც ქალაქიდან ამოვიდა. უკვე მიეჩვია ამ მოწყენილ და თითქმის ერთფეროვან დღეებს. აქამდე ერიდებოდა დარდების შემგროვებელი გამიხრდაი მასთან საუბარს, ახლა დარდის ნომერი ჩაიწერა და ხელმეორედ ჰკითხა: _ რა გადარდებს? _ მე, არაფერი.. _ სულ არაფერი?! _ არა. _ მაშ რატომა ხარ ეგე მოწყენილი? _ რა ვიცი, ისე, ქალაქი მომენატრა. _ შეყვარებული ხომ არა ხარ? _ არა, არა.. _ მაშ რა გადარდებს? _ სადიპლომო თემა მაქვს დასაწერი. _ რაზე უნდა დაწერო? _ რა ვიცი, გუდამაყარზე უნდა დავწერო ნარკვევი, მაგრამ რა უნდა დავწერო. _ ესე იგი, გადარდებს. _ ჰო, მადარდებს.. _ შეყვარებული მართლა არა ხარ? _ არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია. _ როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია. _ შენ შეყვარებული ხარ? _ ვიყავი. _ მერე? _ გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე. _ რა ერქვა? _ ჰკითხა ჩაღიმ. _ ნინო. _ რომელი სოფლიდნ იყო? _ დიდებათიდან. საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს. _ რატომ? _ რახან თავისი ნებით მოიკლა თავი. ეგეთი რა გაუჭირდაო, ბრაზობდა ხალხი, ჯერ არავინ იცოდა, რაში იყო საქმე. მერე ისევ იმ ყაჩაღებს დაეკვეხნათ.. _ გამიხარდაის წყვილი ცრემლი მოადგა თვალებზე და ჩაღის რომ არაფერი შეემჩნია, შებრუნდა, სალომესთან მივიდა და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა. დარდი №1678 სალომე _ რა გადარდებს? _ ხმა არ მინდა გავიდეს სხოგან. _ რა ხმა? _ ის, რომ საერთო სახლს ვაშენებთ. _ გაიგონ, მერე რა. _ ხელს შეგვიშლიან. _ სხვა რა გადარდებს? _ ისეთი პირი უჩანს ამინდს, შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს. _ მოვიდეს, მერე რა. _ დიდი ზვავები წამოვა. _ მეტი არაფერი გადარდებს? _ ჩემი რძალია ავად და ბალღების ამბავიც არა ვიცი რა. _ სხვა? _ ჯერჯერობით მეტი არაფერი.. დარდი № 1679 ის იყო დარდის ნომერი ჩაიწერა გამიხარდაიმ, რომ ბანზე წიოკით ამოვარდა გარახტინაი, უკან ტაშკენტაი მოსდევდა წყევლით. _ რა იყო, რა მოხდა? _ ფეხზე წამოდგა ვაჟი გოგი. _ ისა, რომ აღარაფრად გვაგდებენ ჩოხელებს. _ როგორ თუ აღარაფრად გვაგდებენ, ეგ საიდან მოიტანე? _ აი, ტაშკენტაი დამემოწმება, რომ მართალი ვარ, თქვა გარახტინამ და ტაშკენტას გადახედა. _ დაგემოწმები კი არა რო, მეტსაც ვიზამ, _ თქვა ტაშკენტამ. _ ბალღო, მოდი აქა! _ დაუძახა გარახტინამ თავის ბეჩავ ბალღს შეთეს, რომელიც საცოდავად მობუზულიყო ბანის კუთხეში. _ აი. ამ ბალღს ხომ ხედავთ. _ ვხედავთ, _ თქვა სებამ. _ ვხედავთ, _ კვერი დაუკრა ვაჟი გოგიმ. _ ჰო, სუყველანი ხედავთ, ხალხნო! _ ხმამაღლა დაიძახა გარახტინამ. _ წაგასლეკთ თავებს! _ ხმა მისცა გალილეიმ. _ გაჩუმდი, შენი! _ დაუტია ვაჟი გოგიმ. _ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ დაემუქრა გალილეი. _ ხომ ხედავთ? _ ყვიროდა გარახტინაი. _ ვხედავთ! _ ეუბნებოდა ხალხი. _ ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავსაც ხომ ხედავთ. _ ვხედავთ, შეგვეწიოს იმის მადლი! _ მერედა, ხომ ისე იყო გუდამაყარში დაკანონებული, რომ ჩოხის წმინდა გორგის ყმა, კოჭლი იქნება თუ ბრმა, ვის კარზედაც უნდა მივიდეს ქალის სათხოვნელად, უარი არ უნდა უთხრან. _ ეგეა! ეგე! _ ფეხზე წამოდგა დეკანოზი. _ მერე? _ რა მერე? _ მერე ისა, რომ ეგე აღარ არის. _ როგორ თუ აღარ არის?! _ აი, იმ ჩემ ბალღს ხომ ხედავთ, მოდი, შვილო, აქა, _ თავისკენ მიითრია გარახტინამ საცოდავად მობუზული შეთე და მერე ჰკითხა: _ ცოლი გინდა? _ მინდა, _ თქვა შეთემ. _ ხომ გესმით, უნდა.. _ მერე? _ მერე ისა, რომ არ მოგვცეს. _ ვინ არ მოგცათ ქალი! ვინ გითხრათ უარი?! _ ვინა და, დიდებათ მწარიამ. _ რაო? _ ვერ მოგცემთო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე, ბნელებოო. _ ბნელებოო? _ მართლა ეგრე თქვა? _ ჰო, და, თანაც არ მოგცემთო, დაკანონებული იყოო, ეხლა აღარ არიო. _ გულით გინდა, შვილო, ის ქალი? _ ჰკითხა დეკანოზმა შეთეს. _ ჰო, მინდა. _ წამო, შეეხვეწე სალოცავს, _ ხატისკენ წაიყვანა შეთე დეკანოზმა და დანარჩენებიც თან გაჰყვნენ, აღშფოთებულები, გამწარებულები. _ ამხსენით, მე თქვენი! _ ღრიალებდა გალილეი, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა. ყველანი ხატის ქვემოთ, სამანთან იყვნენ დაჩოქილები. გამიხარდაი გარახტინასთან მივიდა და დარდი ჩაიწერა. _ რა გადარდებს? _ მამწყდი თავიდან, ჩემო გამიხარდავ! _ მითხარი რა გადარდებს. _ ლამის არის, გულმა გამიტანოს დედაკაცი და ეს კიდევ.. _ შენ მაინც მითხარი, _ ახლა ტაშკენტას მიუბრუნდა გამიხარდაი. _ ის მადარდებს, რომ ჩოხლებს დღეის მერე უპირატესობა გვეკარგება გუდამაყრის ხეობაში. დღეს დიდებათ გვითხრეს უარი, ხვალ გამსივლები გვეტყვიან, ზეგ ჩობოლაურნი. _ სწორია ტაშკენტაი! _ წამოიძახეს აქეთ იქითიდან. _ სათემო ხატი უნდა გამოვაბრძანოთ და იმით შემოვიაროთ სოფლები, რომ მეორედ ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა, _ თქვა ვაჟი გოგიმ. ეს აზრი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ხალხს, დეკანოზს ასძახეს ზემოთ (თვითონ სამანს ქვემოთ იდგნენ, იქით არ შეეძლოთ წასვლა): _ სათემო ხატი გამააბრძანე, ბიბღაო! _ იმის გამობრძანება არ იქნება, ჩამოსძახა ბიბღამ. მაშინ ვაჟი გოგი, სებაი, და სამხარაული ზემოთ ავიდნენ და დეკანოზს მოეთათბირნენ, სწორედ ის დროა, სათემო ხატით დავაშინოთ გუდამაყრელები, რომ ძველი უფლებები აღვიდგინოთ სხვა სოფლებზეო. სათემო ხატი გუდამაყრის ხეობაში პირველად ჩოხლები დასახლდნენ და თავიანთ სოფელს ჩოხი დაარქვეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანობა და ჩოხელებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ხოლო როცა ქრისტიანობა მიიღეს, თავიანთ მთავარ სალოცავად მთვარის ღვთაება _ წმინდა გიორგი იწამეს. გუდამაყრის ხეობაში თანდათან ახალ ახალი სოფლები გაჩნდა. ხევსურეთიდან მოსისხლეებს გამოქცეულნი იმ მიუვალ ხეობას აფარებდნენ თავს და აქვე სახლდებოდნენ. იმათ თავ თავიანთი სალოცავები აიშენეს. წმინდა გიორგი სამას სამოცდასამ ნაწილად დაშლილა და ჩოხლების წმინდა გიორგი _ ენა არის. ამის გამო ადრიდანვე ერიდებოდნენ გუდამაყრელები ჩოხელების «ენა-ყბაში ჩავარდნას». ჩოხლებმა ოქრომჭედელს ხატი გამოაჭედვინეს და გუდამაყრის ხეობაში ახლად გაშენებულ სოფლებში ჩამოატარეს. რომელ სოფელშიც შევიდოდნენ, ჯერ ზარებს დარეკავდნენ, მერე იმ სოფლის ხალხს ხატზე დააფიცებდნენ, რომ ჩოხლებს უნდა დამორჩილებოდნენ. ამ მორჩილების შინაარსი ძირითადად ის იყო, რომ დანარჩენი გვარები ცნობდნენ ჩოხლების გვარის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიოდა ეს წესი, დღეს კი პირველად დაირღვა საუკუნეების მანძილზე და ამან ისე შეაშფოთა ჩოხელები, დედაკაცებიც კი აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ, სათემო ხატის გამობრძანებას მოითხოვდნენ. ხატს სხვა მისიაც ეკისრებოდა. თუ მტერი მოადგებოდა საქართველოს, მაშინ ამ ხატს ჩამოატარებდნენ გუდამაყარში და ვისაც კი შეეძლო, უკან უნდა გაჰყოლოდა ხატიონს, უკანასკნელად კრწანისისაკენ მიმავალი სამასი არაგველი ეამბორა მას. _ გამოაბრძანეთ, ჩვენც დავიფიცავთ, რომ ან აღვადგენთ ჩვენ უფლებებს, ან არც ერთი აღარ მოვალთ უკან! _ შეჰკიოდნენ დედაკაცები დეკანოზს. რომელმაც მართლა გამოაბრძანა ხატი და ზარ ბაურაყი შეაჟღრიალა. იმ ღამეს ვაჟი გოგის სასტუმრო დარბაზში თავყრილობა ჰქონდათ ჩოხელებს. უმრავლესობას დედაკაცები შეადგენდნენ და ისეთი ჟრიამული გაუდიოდათ, ყურთასმენა აღრ იყო. გადაწყვიტეს, მეორე დღიდანვე მოეწყოთ ლაშქრობა გუდამაყარში. ჩამოწერეს მოლაშქრეთა სია და წესისა და რიგის მიხედვით დაანაწილეს. შეკრებილთ ერხმად აირჩიეს ვაჟი გოგი მთავარსარდლად და მასვე მიანდეს ჯარის შედგენა. _ ყველაფერი იმთავითვე ისე უნდა მავაწყოთ, რომ მერე აღარაფერმა შეგვაფერხოს, _ თქვა ვაჟი გოგიმ და დედაკაცებს განუმარტა, რასაც გულისხმობდა: _ არც ერი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და უწესრიგოდ არ ჩატარებულა, _ ამბობდა ვაჟი გოგი, _ ყველა დიდ მთავარსარდალს როცა სხვა ქვეყნის დასალაშქრავად მიდიოდა, თან მიჰყავდა ხოლმე მწერლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და გეოგრაფები. ეს, პირველ რიგში, მათ კულტურულობას უსვმდა ხაზს და ჩვენც ხომ არა ვართ მთლად შეუგნებლები. ეს ხალხი კიდევ იმიტომაა საჭი-რო, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე დაინახავს, რა განათლებულ გვართან აქვს საქმე, მეორეც, ჩვენთვისვეა სასარგებლო. ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ ისტორიკოსები ბევრ რამეს ჩაიწერენ იმათგან, ვისაც სათემო ხატზე დავაფიცებთ. ეს ჩანაწერები შემდეგში ჩვენ შვილებსა და შვილთაშვილებს, ვინ იცის, რაში გამოადგებათ. თუ არ გამოადგებათ, ხომ არაფერს დაუშავებს? თანაც რაღაც რაღაცებს რომ ჩავიწერთ, ამით უფრო დავაბნევთ და დავიმორჩილებთ მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში საჭიროა, ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფი, ეს აუცილებელია. ისტორიკოსი ისევე აუცილებელია ამ ლაშქრობისათვის, როგორც მთავარსარდალი, თუ არა ვცდები, სამხარაული უნდა ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფ მემატიანედ. ადგეს ფეხზე სამხარაული. სამხარაული ფეხზე წამოდგა. _ ხართ მომხრე? _ ვართ, _ დაიძახეს აქეთ იქედან. _ მე მგონი, ლაშქრის მწერლად ჩაღი უნდა წავიყვანოთ, _ თქვა დარდების შემგროვებელმა. ჩაღი ჯერ უარზე იდგა და, საერთოდ, წინააღმდეგი იყო ამ ლაშქრობისა. როგორ არ ეცადა, დაერწმუნებინა დედაკაცები, რომ სისულელეს სჩადიოდნენ, რომ დიდებათ მწარიაი მართალი იყო. _ როგორ თუ მართალი?! _ ისე რომ, გოგო იმისია, ვიზეც უნდა იმაზე გაათხოვებს და რატომ ცდილობთ, ვიღაცა დაიმონოთ და დაიმორჩილოთ? _ როგორ თუ იმისია, რატო უნდა გვითხრას უარი? როდის ყოფილა, ჩოხლებისთვის უარი უთქვამთ.. _ მინდა ცოლი და რატო მეუბნებიან უარს? _ წამოიძახა კუთხეში მობუზულმა შეთემ. _ ამხსენით ხალხოო, შემცივდა, _ მოისმა გარედან გალილეის ყვირილი და ჩაღი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა. უკან გალილეი მოჰყვებოდა და გაიძახოდა: _ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში წაგასლეკთ თავებს! _ მაიცა, გალილეი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, _ დააწყნარა ჩაღიმ და გალილეიც დაწყნარდა. _ იქნები თუ არა ლაშქრის მწერალი? _ ჰკითხა მთავარსარდალმა ჩაღის. _ ჰო მაინც ნარკვევი უნდა დასწერო გუდამაყარზე, ჩაუჩურჩულა დარდების შემგროვებელმა. _ ვიქნები, _ დათანხმდა ჩაღი. _ შენ გევალება ჩაიწერო მომხდარი ამბები, ფილოსოფიურ ამბებს მე ჩავიწერ და თან გამოკითხვებსაც ვაწარმოებ, _ თქვა ქიმბარმა. გადაწყდა. იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით. გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი, საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს. _ რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! _ იწყინა გალილეიმ. _ შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა. _ რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? _ ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ? _ დავინახეთ. _ მერე? რატო მირიდებთ. _ ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ უნდა გაუმაგრდეს? _ აქა გყავართ! ვრჩები აქ! _ დაიძახა გალილეიმ. _ არის კიდევ ერთი რთული ამბავი, _ თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა. _ რაო? _ ექიმი ხომ გვინდა. _ გვინდა. _ ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ. იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო. _ ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! _ დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ ლაშქრობაზე. იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო. _ მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, _ თქვა ზინამ. _ მართლა ვერ ივლის ეს, _ დაემოწმა ტატია. _ კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, _ ნება დართო მთავარსარდალმა ექიმს. იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ. _ ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე გადავიდეთ, _ მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა. შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ. გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების რეკვა. ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა საბრძოლოდ იყო მზად. _ სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! _ ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს _ ხმალი. სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე გადმოდგა და დაიძახა: _ ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს! _ ამინ! _ დაიგუგუნეს დედაკაცებმა. _ დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ! _ ვფიცავთ! _ გწყალობდეთ! _ ამინ! ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა. ისევ ავტორისაგან ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც, რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელთაც გარეთა ყდაზე აწერია: «ლაშქრობა გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან შედგება. ¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია _ «მემატიანე». /. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია _ «გუდამაყრელთა ფილოსოფია». ". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია _ «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა». ". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის დარდები». :. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი». აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია, ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები ამოვარჩიო. კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი გზადაგზა რომ იწერდა. პირობა დაირღვა! (მემატიანის რვეულიდან) პირობა დაირღვა! ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და მოსახლეობამ ხელახლა დაიფიცოს, რომ კვლავაც შეასრულებენ ჩოხლების მოთხოვნებს. ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი _ ვაჟი გოგი. დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და მოლაშქრენი. ბრძოლის გეგმა (”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან) მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ სოფლებზე თავდასხმა: 1. ჩობოლაური, 1 კოტორიანი, 2.ლიდა, 11. ნისლაურნი, 3. ხოზა, 12. ლაგაზიანი, 4. ცუცქუნაურნი, 13.თორელაანი, 5.ფახვიჯი, 14. ბახანი, 6. საჩალის ჭალა, 15. წინამხარი, 7. ქიჭოხი, 16. მაქართა, 8. ლუთხუბი, 17. კიტოხი. 9. დიხჩო, კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ სოფლებს: 18. გამსი, 23. საქორე, 19. ჭალიველნი, 24. ქაქეენი, 2 . ათნოხი, 25. ბუსარჭილი, 21. ბოსელი, 26. სალაღო. 22. დუმაცხო, ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ. დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე. ჩობალაურნი (მემატიანის რვეულიდან) სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს. სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო გაძნელებულია, ჭირს მარხილებით გავლა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და ამისათვის ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ. პირველმა გამარჯვებამ უნდა აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». _ ეს მთავარსარდლის სიტყვებია. ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა. მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ. _ რა ამბავია? _ ჰკითხა მთავარსარდალმა. _ დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, _ თქვეს მზვერავებმა. ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი დედაკაცებიი!.. მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს. სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება, მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია! პირველი გამარჯვება (ისევ მემატიანის რვეულიდან) პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს. მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე ფილოსოფიით უნდა დააბნიო, რომ შემდეგში ადვილად ვეღარ გაგიწიოს წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია.. კითხვები (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ გვარი. _ წიკლაური სოლომონი. _ რამდენი წლისა ხარ? _ მეოთხმოცეში ვდგავარ. _ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა. _ ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი. _ კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო. _ რა აწერიაო? _ ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ _ არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ _ ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, _ კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა. _ მერე? _ გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ. _ მერე? _ ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა. _ შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი? _ ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი. _ სიკვდილი რა არის? _ ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი. _ ადამიანი რომ კვდება, სად მიდის? _ იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია. _ რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? _ სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. _ ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი? _ ოთხმოცდაათსა. _ რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო? _ ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი. _ რატო ვერ შასძლებდი? _ სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი. _ როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს? _ რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ? _ ომი რომ მოხდეს? _ ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის? _ დიდი ომი რომ მოხდეს? _ ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია _ ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა. _ რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა? _ თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?! _ აორთქლდება?! _ ჰო, აორთქლდება. _ ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა? _ ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა. _ როგორ გგონია, ღმერთი სად არის? _ აბა, მე ვინ მანახვებს. _ სიზმარი რა არის? _ სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან _ საქააოს. _ როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა. _ ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა. _ აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის? _ რა თქმა უნდა. _ ვინც ქვევით არიან? _ იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი. _ მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს. _ არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, _ მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს _ მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო. _ ქუდს არ ახურავენ? _ არა, არ ახურავენ. _ სიცოცხლე ხომ გიყვარს. _ სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული. მცირე გადახვევა (”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან) სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას, მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია: «ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება». და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და ტასიას. ჩვენ გავიმარჯვებთ (წერილებიდან) «გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო! მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ქვეითი მოლაშქრეები. 6.II– 68 წ. დიადი სიტყვა (მემატიანის რვეულიდან) როდესაც ფილოსოფიურ_ მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს: «ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი, ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს სათემო ხატი!» _ ამინ! _ დაიძახეს ჩოხელებმა. _ ამინ! _ ხმა მისცეს ჩობოლაურთ ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია. მღვდელი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან) გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ. «აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს». მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ: «აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!» «აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» _ ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ. ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს. რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო. მღვდელი არა გვყავსო, _ თავი გაიმართლეს ამათ. მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო. ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს მღვდელი. მოკვდა აკაი. შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული საფლავთან დააყენეს, რომ სამარეს ავი სულები არ დაჰპატრონებოდნენ, დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ. _ მიწა ხარ და მიწად იქეც! _ მიწა ხარ და მიწად იქეც!.. ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, _ დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს: _ კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ.. _ ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! _ გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა». _ ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია. კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში. თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა: _ «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». _ მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა. ლიდა (მემატიანის რვეულიდან) ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ სოფელსაც ორივე მხრიდან კლდიანი ხევები ჩამოუდის, გზაც უფრო მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია, მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე, რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ. სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა. სული და სიკვდილი (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ სახელი და გვარი. _ ბათილა ლიდიაური. _ რამდენი წლისა ხარ? _ ოთხმოცის. _ შვილები გყავს? _ არა უშვილო ვარ. _ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ? _ სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ. _ შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები? _ მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ. _ რატომ ნუ დავწერ? _ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება. _ სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა? _ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა. მცირე საიდუმლო (”საიდუმლო დავალებათა” რვეულიდან) მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ დაამყარონ. ზომები მიღებულია. დარდი № 1680 (დარდების შემგროვებლის რვეულიდან) _ სახელი და გვარი? _ ბათილა ლიდიაური. _ რა გადარდებს? _ ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო. _ მეტი არაფერი? _ ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები. _ ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით, პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს. სალომე ლიდიაური (მოთხრობა მწერლის რვეულიდან) სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე. ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი. უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ. იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა. ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი. მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ. მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა, მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში. ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში წაავლო ხელი. _ ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, _ უთხრა საღირამ. _ მერე რა გინდა! _ ის რომ, მე მიყვარხარ. _ მე არ მიყვარხარ.. _ შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები. _ ეგ არასოდეს არ მოხდება. _ მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ. იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია. საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა. შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა: _ არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად. _ რატომ? _ იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან წვებოდა. იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება. სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ მოგიყვანო. სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო. გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ. ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა. გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა. გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში. არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში.. სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია.. ხოზა (მემატიანის რვეულიდან) მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა: «ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი წინაპრების ადათ წესებს. ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით. მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა მარტო მასალა. თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!» _ ამინ! _ დაიძახეს ჩოხლებმა. _ ამინ! _ თქვა ბათილამ. _ თქვენც თქვით, ქალბატონო, _ ძალა დაატანეს ავადმყოფს. _ ამინ! _ ამოიკნავლა იმანაც. სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე. სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი. მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო. _ როგორ თუ ელოდება! _ გაბრაზდა სარდალი, _ სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს. სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე. _ სად არის მომაკვდავი? _ უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა. _ აქ არის, _ აჩვენეს იმათ. _ აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. _ გააფრთხილა ზინაი ვაჟი გოგიმ. _ დაიჩოქეთ! _ ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს მისი ფილოსოფიური დაკითხვა. სული და ხორცი (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ სახელი და გვარი. _ თამარ ხოზელი (მომაკვდავი). _ რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? _ რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით. _ მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები? _ შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს. _ სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს? _ არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა. _ ჰაერში ვერ იარსებებს? _ აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა. _ ღმერთი არსებობს? _ არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას. _ რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას? _ ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, _ მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული. _ ეშმაკები სად არიან? _ კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა. _ ინატრებ რამეს? _ არა. _ რატომ? _ დამაცა, ამოვისუნთქო.. ქალმა ამოისუნთქა და გათავდა. მეშვიდე თაობა ( მოთხრობა მწერლის რვეულიდან) ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს, გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე: _ მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი რიცხვი არ არის. სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი. იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას: _ შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო. სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა (მემატიანის რვეულიდან) _ ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ მორჩილებაზე. მოკვდა _ ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ, ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო სამასალედ არის კარგი. სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს! _ ამინ! _ დაიგუგუნეს ჩოხლებმა. _ ამინ! _ თქვეს ხოზლებმა. _ ჩამოხსენით დროშა! _ ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა. მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი ვართ. მცირე საიდუმლო (საიდუმლო დავალებათა რვეულიდან) დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ კალმახით მომარაგდეს. ცუცქუნაურნი (მემატიანის რვეულიდან) ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა. საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია. თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ. მზვერავები მობრუნდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, რომ სოფელი დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ. სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს. ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით. მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო: _ აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო? _ სათემო ხატსა ვფიცავთ! _ მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?! _ იყვნენ და.. _ დაგინახათ ვინმემ? _ მგონი, არა. _ სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! _ უბრძანა მთავარსარდალმა მწერალს. _ არის! _ თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია. _ ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, _ თავი გააძეძა მთავარსარდალმა. _ დროშა გამოვკიდოთ? _ ჰკითხეს ვაჟი გოგის. _ არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ. გაამაგრეთ ალყა. _ გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს სოფელს! _ ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა. _ ხუთამდე გაძლევთ ვადას, _ დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა: _ ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი.. რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ! დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი გამოჰყვა იქიდანვე. _ ხედავ?! აი სტრატეგია! _ გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა. _ ხელები მაღლა! _ დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს. დედაკაცებმა ხელები ასწიეს. _ დაიჩოქეთ! იმათ დაიჩოქეს. _ დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! _ უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა. დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა. წერამწერალი (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ გვარი და სახელი. _ ცუცქუნაური ელისო მიხას ასული. _ რამდენი წლისა ხარ? _ მესამოცეში ვდგავარ. _ შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? _ მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი! _ მაინც რატომა ვართ? _ ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი ამოგვაძრობს ისევ სულსა. _ რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას? _ ღმერთია სუყველაში. _ ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან. _ ვერა, ვერ მოვიგონებ. _ თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს? _ ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ. _ რა თქვეს, რა იყოო. _ ეშმაკიო. _ რატო არ გეჩვენა? _ არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო. _ სხვებსაც უნახავს? _ რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება. _ სიკვდილისა გეშინია? _ რატო მეშინია?! _ რატომ არა? _ იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. _ რო მაიხდი, მერე სად წახვალ. _ შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ. მამამთილის სამართალი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან) მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ. ზამთარია. თოვს. მართაის მამამთილი ფანჯრიდან გაჰყურებს თოვას. ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ პირველი ხბო მოიგო. _ ადრე ბალღებს კლავდნენ, _ თქვა მოხუცმა. _ ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, _ აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს. _ გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს. _ ვინა კლავდა, პაპავ? _ თავის პატრონები. _ რატო კლავდნენ? _ პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ. _ ეხლა? _ ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ. _ ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა. _ თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება. _ ხვალ გახდება. _ გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ იქამდე. მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე. მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა, აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე. მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული. მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე დასაკლავად და ბალღი არაო», _ გაიფიქრა. ისევ თოვს. თოვს. ხბო საცოდავად მოიბუზა. გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა. ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით. დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა. ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და იცდიდა. თანდათან შემობინდდა. გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი ჩანდა. უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს. ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები სალოცავის კედელზე მიაკრა. დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა ამოარჩია. წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი. ხბომ დაიბღავლა. თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი. მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა სოფლისაკენ. უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა. _ სადა ხარ აქამდე? _ ჰკითხა მამამთილმა ეჭვით. _ არ ამოვიდა.. _ მაშ თავი ვინ მოგიჭრა? _ მე. _ სანთელიც შენ აანთე? _ ჰო. _ თავი რით მოსჭერი? _ სიპით. _ წადი! _ სად? _ ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი. მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ. _ მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და.. _ დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი. _ პირდაპირ სახლში წავალ. _ ჯერ თავი ჩამაიტანე. _ იქ მგლები არიან. _ ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ. _ მეშინია. _ მე გეუბნები! მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ.. მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს არსებობაში. დეკანოზის სიტყვა (მემატიანის რვეულიდან) მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ, მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს. _ რა მოხდა? _ სიტყვა დამავიწყდა, _ თქვა დეკანოზმა, _ მოაბრუნეთ ჯარი! _ გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ. _ არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, _ გაჯიუტდა დეკანოზი. ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ შემოაბრუნა. ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ. _ გამოვრეკო? _ ჰკითხა დეკანოზს სარდალმა. _ არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ. _ ჩვენი ხმა გესმით? _ შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს. _ გვესმის! გვესმის! _ გამოსძახეს იმათ. _ აბა, სიწყნარე იყოს! დეკანოზმა სიტყვა თქვა: «ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია, მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც, სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ? _ დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა. _ უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ! _ არა, არა! _ აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს. _ ამინ! _ დაიგუგუნა ჯარმა. _ ამინ! _ გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან. ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც დედაკაციო. _ დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ? _ არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ. _ არა სცდებით? _ არა, _ სთქვეს მზვერავებმა. _ დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა ვაჟი გოგი მწერალს. _ არის! _ თქვა მწერალმა. _ ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა მოვასწროთ კოტორიანთ აღება და სრული დამორჩილება. დამორჩილებაში ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარსარდალი უდავოდ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ, მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები! სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ. ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას რა ფასი აქვს. მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა. სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას. მზე სადაცაა ჩავა. ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება ფილოსოფიური დაკითხვა. სიყვარული და სიცოცხლე (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ გვარი და სახელი. _ ვასილი კოტორაშვილი. _ რამდენი წლისა ხარ? _ სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ. _ რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე? _ სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული. _ რა არის სიცოცხლე? _ სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს. _ სიბერისა გეშინია? _ მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი. _ სიკვდილისა? _ არ მეშინია. _ რატო? _ არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო. _ რისა უფრო გეშინია? _ არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს. _ მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი? _ ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა. მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა? _ ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით. _ როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა? _ მაშ სად წავა, იქნება და იქნება.. _ დიდი ომი რომ მოხდეს? _ მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა. _ ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ? _ აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები? _ რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?! _ ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის? _ არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება. _ მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს? _ ვლოცულობთ და იმად. _ მარტო მაგიტომ? _ აბა მაშ? _ მაგით რა ერგება ღმერთსა? _ არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა. _ ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ. _ მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ. _ აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ. _ აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა? _ მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი. _ სად ერთი წელი და სად ასი.. _ ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის? _ მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?! _ ბოროტება უნდა იყვეს თუ არა? _ მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა. _ ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში? _ ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი. _ ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი? _ არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?! მეთევზე (საიდუმლო დავალებათა რვეულიდან) ჩვენ 6 თებერვალს ღამის გათევა კოტორიანთას გადავწყვიტეთ. ამის შესახებ ჯერ არავინ არაფერი იცის. მზვერავები გავგზავნეთ საზღვაო ნაწილში და იმათაც შევატყობინეთ ჩვენი ადგილსამყოფელი. იმათ გათოკილი კაცი მოიყვანეს. საზღვაო ნაწილს დაუჭერია არაგვის პირას. ვიდრე დაკითხვას დავიწყებდით, ჩვენმა მთავარსარდალმა განზე გაგვიყვანა და გაგვაფრთხილა: თუ ვინიცობაა, დაკითხვის დროს მაგ კაცმა პირში რამე ჩაიდოს, იმწუთში ხეთქეთ, რომ გადაყლაპვა ვერ მოასწროს. ეგ შეიძლება შემოპარულია, მაგათ თან პატარ პატარა ამპლუები აქვთ, გადაყლაპავენ და მორჩა, გაფშეკენ ფეხებს, ჩვენ კი ვეღარაფერს გავიგებთო. მთავარსარდალი საბძელში შევიდა დ ბრძანა: _ შემოიყვანეთ! მზვერავებმა ტყვე შემოიყვანეს. _ გაუხსენით ხელები! _ ვინა ხარ? რა ხარ? სადაური ხარ? _ ფასანაურელი ვარ, მაგრამ მელიქიშვილი, მეთევზე. _ ხეობაში საიდან შემოხვედი? _ შემოსასვლელიდან.. _ მერედა, ზვავებით არ იყო ჩაკეტილი? არ გაგიჭირდა? _ ისე, რა. _ მზვერავებო! ვერ მუშაობთ კარგად. ეს არის, შემოსასვლელი ჩავკეტოთო? მწერალო! გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! _ არის! _ თქვა მწერალმა. _ მერე ჩვენ როგორ დაგიჯეროთ, რომ მეთევზე ხარ? საბუთები გაქვს? _ მაქვს. _ გვაჩვენე. მეთევზემ უბის ჯიბე გაიხსნა, ხელი პირთან წაიღო და კბილებში რაღაც ამპულის მსგავსი ჩაიდო. _ ხეთქეთ! _ იყვირა მთავარსარდალმა, მაგრამ სანამ ამის თქმას მოასწრებდა, ტყვე უკვე დაბლა ეგდო თავგატეხილი. _ ამოაცალეთ პირიდან ამპულა! მზვერავები მისცვივდნენ და ძლივს გამოაძვრეს კბილებიდან პატარა ქინძისთავი.მთავარსარდალი გაშრა. ტყვე როცა გონზე მოვიდა, ჰკითხა: _ რა მიზნით ჩაიდევი «ქინძისთავი» პირში? _ მა სად უნდა წამეღო?! _ როგორ თუ სად? რად გინდოდა მეთქი, გეკითხები! _ ჯიბის გასაკრავად, რომ საბუთები არ დამეკარგოს. _ აქ რაღაც იმალება, _ თქვა მთავარსარდალმა. მზვერავებმა საბუთები წართვეს. _ არაფერიც არ იმალება, მეთევზე ვარ, მორჩა და გათავდა. _ ზამთარში ვის გაუგონია თევზაობა! _ მე ყოველთვის ზამთარში ვიჭერ, ზემოთ ერთ ადგილზე არაგვი დავტბორე და როცა იყინება, იქ თევზი ყოველთვის არის. _ აა, ეგ საიდუმლოც იცი? ეხლა კი წვეთი აღარ გაუვა, რომ შენ საზღვაო ჯაშუში ხარ. დააკავეთ! მზვერავებმა მაგრა გაკოჭეს ჯაშუში. _ ჩასვით! _ ბრძანა ვაჟი გოგიმ და ჯაშუში სახლიდან საგანგებოდ ამისთვის წამოღებულ გოდორში ჩასვეს და ზემოდან გულდაგულ დახურეს. ხატად ქცეული კაცი (მოთხობა მწერლის რვეულიდან) მამუკას არ უყვარდა მუშაობა. გამოვიდოდა მსხლებთან, წამოუწვებოდა ძირს და ნატრობდა ქარის ამოვარდნას. შააწუხა ცოლმა წყევლით და მერე გაექცა. ბევრი არ უდარდია მამუკას. შვილებიც თან გააყოლა ცოლს. კოტორაანთ ზემოთ, მთის წვერზე სალოცავია აშენებული. არასოდეს არ ასულა მამუკაი იქ და ერთ დღესაც მოსწადდა მთაზე ასვლა და იქიდან გადმოხედვა. ძალიან მოეწონა ის ადგილი. ვითომ რა იქნება, ხატად, რომ ვიქცე?» _ გაიფიქრა თავისთვის და მოეწონა კიდეც ეს აზრი. ჩამოვიდა სახლში, გაიხადა ტანსაცმელი, თუკი რამ თეთრეული ჰქონდა, ტანზე შემოიხვია და ერთი კივილ ჭყივილით შეუდგა აღმარს: _ მოვდივარ, შე დალოცვილო! მოვდივარ! _ კიოდა გზადაგზა. ხელში ანთებული სანთელი ეჭირა. კოტორიანნი შეშინებულები მისდევდნენ უკან. მთის წვერზე რომ ავიდნენ, მამუკაი ნიშთან დაჯდა და ბრძანა: _ დაიჩოქეთ! მე თქვენი ხატი ვარ და მამუკაის პირით გიბრძანებთ, რო დაიჩოქოთ! ხალხი მიწაზე დაემხო. _ ეხლა ადექით! ხალხი ადგა და თან პირჯვარს იწერდა. _ ჩადით დაბლა და არაგვის ჭალაზე რაც ლამაზი ქვებია აქ ამომიზიდეთ. ჩქარა! შეშინებული ხალხი დაბლა გაიქცა. აარჩიეს ლამაზი ქვები და წაიღეს მთის წვერზე. _ ესენია ლამაზი ქვები?! მეტი არ მეკუთვნის?! _ გაბრაზდა მამუკაი და დაუგორა დაბლა ქვები. _ ეხლა ჩამოდით და როგორიც მეკუთვნის, ისეთი ქვები ამომიტანეთ, თორე შვილ-ძირიანად ამოგწყვეტავთ. ხალხი ისევ დაბლა დაეშვა. მთელი თვე იჯდა მამუკაი იმ მთის წვერზე და ქვების გორებით ერთობოდა. რომელი ქვაც არ მაეწონებოდა, ხატი ამ ქვას არა ღებულობსო, იტყოდა და უკანვე დაუგორებდა ამომტანს. შემოდგომა იყო. დარები დაიჭირა. სუ ჩაყვითლდა გუდამაყრის ტყეები. არც წვიმდა, არც სასმელ საჭმელი აკლდა მამუკას. კოტორაანთ წიწას იმ დღეს არც ერთი ქვა არ მიუღო. თორმეტი ქვა აიტანა, თორმეტივე უკან დაუგორა. მეცამეტე გზობაზე ბროლის ქვა წაიღო წიწამ, თან იმედი ჰქონდა, ამას მაინც მიიღებსო. _ არ ვარგა, _ თქვა მამუკამ და ფერდზე დააგორა ქვა. თვითონ დაჯდა და ჩაჰყურებდა, როგორ მოგორავდა ქვა. ქვემოთიდან მწკრივად ამოდიოდა ზურგზე ქვებმოდებული ხალხი. წიწამ თავი ვეღარ შეიკავა, დასტაცა მამუკას ხელი და გადმოუშვა მთიდან. კაცს ისე სცოდნია, თუ დაგორდა, ისევ შეიკვრის, როგორც ბურთი. მამუკაიც ისე მოგორავდა. ქვემოდან ამომავალ ხალხს ისევ ქვა ეგონა და ამ ამბავს ისე იყვნენ მიჩვეულნი, არც უგდეს ყური, გააგრძელეს გზა.. დარდი (დარდების შემგროვებლის რვეულიდან) _ გვარი? _ კოტორაშვილი. _ სახელი? _ ნინო. _ რა გადარდებს? _ ბევრი რამ. _ მაინც? _ ბალღი დაგვეწვა გუშინწინ. _ ვისი? _ მეზობლის, მარინე ერქვა. _ დაწვრილებით არ შეგიძლია, რომ მომიყვე? _ როგორ არა. აგე დამწორ ჩანახშირებულ კედლებს ხომ ხედავ? _ ვხედავ. _ იმ ხანებში მაგის პატრონი გიგუაი ციხეში დაიჭირეს. _ რატო? _ რატომაც თავმჯდომარე ვერ გაიხარებს, გიგუაის ცოლი მოსწონდა. _ ქალსაც მოსწონდა? _ მერე? _ ალბათ ქალსაც მოსწონდა. _ ერი პატარა ბიჭი ჰყავდათ. იმას დააძინებდა და მიდიოდა თავმჯდომარე. მერე წამაიზარდა ის ბიჭი და ცალკე ოთახში აწვენდა თავის დედა, რომ ვერაფერი გაეგო. ერთ დღეს მთვრალი მივიდა თავმჯდომარე და ბალღიც იქ ყოფილა. _ მერე, მერე? _ ქალისთვის ძალადობა დაუწყია მთვრალს, ჩქარაო, ხდიდა თურმე ტანსაცმელს. ქალს წინააღმდეგობა გაუწევია, ბალღისა თუ შერცხვა, რა ბალღისა, პატარა ბიჭი იყო. რო დაუნახავს თავის დედა ასეთ დღეში, ცეცხლის გამოსაჩხრეკი ხეჩენკალი აუღია. აბა ის რაღას დაარტყამდა. გადარეულა ამაზე თავმჯდომარე და გაუსროლნია გარეთ ბალღი. დაუწყია ქალს ტირილი. იმას კარები მოუკეტია, ქალი თურმე გარეთ იზიდება ბალღთან, ი კაცშავას თავის საქმე გაუკეთებია და წასულა. _ მერე? მთორიან ღამეში წაიყვანა ქალმა ბალღი საყორნის ტყეში, თან ორი საბელი წაუღია, ერთი თავისთვის, ერთი ბალღისთვის. ჯერ ერთი ჩამოუბია, მერე მეორე. მერე დამჯდარა, მოხვევია ბალღს და დაუწყია ტირილი. შაშინებულა ბალღი და გამაჰქცევია. ამბობდა, ჯერ კი მამდევდა დასაჭერად დედაიო, მერე თავი გამანება და უკანვე მიბრუნდაო. ისევ თავის სახლში მისულა ბალღი. დილით, არ ვიცი, ვინ დაინახა სახლიდან ამოსული ბოლი, მგონი კანუშამ, დაუძახნია და, ხმა რომ არავინ მისცა, შესულა. შესულა და, რას ხედავს, სახლს ცეცხლი უკიდია. თურმე ცეცხლს ანთებდა ი ბალღი და, რა ვიცი, სახლს როგორ გაეკიდა. _ მერე? მივცვივდით უცბად, გამოვიყვანეთ გარეთ. ზოგს საქონელი გამოჰყავდა. ეგე ტყვრებოდა ცეცხლისაგან დაბერილი საქონელი, როგორც თოფი. _ ბალღი? _ ბალღს ცეცხლი ეკიდა ტანისამოსზე იქვე ვედროთი თურმე ნავთი ედგა იმ ქალობაბნელს, ჩვენ წყალი გვეგონა და.. დავწვით ბალღი. _ დედა? _ დედა რაღა, მეორე დღესღა მოვხედეთ.. რა გადარდებსო, კიდევ მეტყვი, მეტი რა უნდა ადარდებდეს კაცის გულსა.. იქვე გამიხარდაის მინაწერია: ღმერთთან რო წავალ, მეორეს თუ არა, მესამეს მაინც ამ დარდს მოვახსენებ. წერილი გალილეის – მთავარსარდლისაგან (წერილებიდან) «გამარჯვება გალილეი! პირველ რიგში მოგიკითხავთ დიდი მოწყენით და შორიდან ხელის ჩამორთმევით. ჩვენ ბრძოლით გამოვიარეთ ხუთი სოფელი და ახლა კოტორიანთას ვართ დაბანაკებულნი. ჩვენი საბრძოლო გეგმა მართლდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აქ, მანდ შენ იცი და შენმა კაცობამ. სოფელს თავი არ მიანებო. გაუფრთხილდი მოხუცებსა და ქათმებს. თუ გაგვიჭირდა გამოგიძახებთ. მანამდე ფეხი არსა გაადგა. თუ მტერი შემოგესიოთ, შეგვატყობინე. ჩოხლების ლაშქრის მთავარსარდალი ვაჟი გოგი». გალილეის პასუხი (მემატიანის რვეულიდან) «ნუ გეშინიათ! აქილევსს წავასლიკე თავი, ჯალალედინს, ჰიტლერს და სხვებმა რა უნდა მიყონ.. თუ მტერი შემოგვესია, თქვენ არ შეგაწუხებთ, თვითონვე წავასლეკ თავებს. თქვენ მარტო შეთე არ მოიყვანოთ ქეთინოს გარეშე. გალილეი». ღამე საბძელში (მემატიანის რვეულიდან) დაღამდა. ეს დღე მართლა სასახელო იყო გუდამაყრის ცხოვრებაში. დღეც ჩვენმა მთავარსარდალმა თავისი გენია გამოავლინა. ახლა კი დროა, მსოფლიომ მართლა გაიგოს, რომ დედამიწის ზურგზე არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია. მერე თუ ვინმე მოისურვებს გუდამაყრის ცხოვრების გაცნობას, გვეწვიოს, მანამდე კი ვეტყვი, რომ უმთავრესად ცხვარ ძროხით ვცხოვრობთ, მოგვყავს კარტოფილი. მცენარეებიდან აქ კარგად ხარობს კაკალი. აი ეხლაც, ცუმცა ღამეა, მაგრამ ჩვენმა დეკანოზმა სოფლის დათვალიერება მოინდომა და ძალიან ნასიამოვნები მობრუნდა, იმდენი კაკლის ხე უნახია. იქიდან მობრუნებული ზის და კოტორიანთ უყვება იმ დიდი სახლის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა ავაშენოთ. კაკლის ხე ყველაზე კარგი სამასალეაო, ეუბნება. გუდამაყრელებს გვზღუდავს ძალიან მაღალი მთები ოთხივე მხრიდან, გვახურია საკუთარი ცა, საკუთარი მზითა და მთორით. ვარსკვლავებიც, რამდენიც გინდა, იმდენი გვაქვს. ჩვენთან მოედინება მსოფლიოში ყველაზე შავი მდინარე. სხვაც ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ ახლა ამის დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და ლაშქრობის ამბავს აგვაცდენს. მაშ ასე: მოლაშქრენი სუფრას შემოუსხდნენ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ კულტურული თემი ვართ და კოტორიანიც ჩვენ სუფრაზე დავიპატიჟეთ. ტყვეს ადგილზე მიართვეს მზვერავებმა საჭმელი. სოფლის გარშემო ყარაულებია დაყენებული. მთავარსარდალმა შეთე მოიხმო და ეკითხება: _ რა ჰქვია შენ საცოლეს? _ ქეთინო, _ ამოღერღა შეთემ მორცხვად. _ შენ ხომ უარზე არა ხარ? _ არა. მინდა ცოლი. _ მთავარია, შენ არ იყო უარზე, თორემ თუ ჩვენი ლაშქრობა ასე გაგრძელდა, სამ დღეში ჩავაბარებ ქეთინოს. შეთე გაიბადრა. შემდეგ ბევრ საშინაო საქმეზე მოველაპარაკენით კოტორიანთ და რადგანაც ჯარი დაღლილია და ხვალ უთენია უნდა გავილაშქროთ, ყარაულების გარდა, ყველანი საძილედ დავწექით. ნისლაურნი (ისევ მემატიანის რვეულიდან) გათენდა. მეზარემ ზარი დარეკა. ელენამ სუფრა გაშალა და მცირედ წავიხემსეთ. მთავარსარდალმა ჯარი დააწყო. დეკანოზმა გამოსათხოვარი სიტყვა უთხრა კოტორიანთ. ჩამოვხსენით დროშა და დავიძარი სოფელ ნისლაურთასკენ. ნილაურნი აქედან ორ კილომეტრზე არიან. წინ მზვერავები წავიდნენ. რამდენიმე ხანში უკან მობრუნდნენ და უცნაური ამბავი მოიტანეს: _ ნისლაურნი, შავებში ჩაცმულები, _ უმრავლესობა ქალებია, _ გორდაგორ მოდიან და რაღაცას მოასვენებენ ნება, ცივ ცივად, თითქოს კუბოაო, მაგრამ მიცვალებული არ არის შიგ. რა კაცი უნდა ჩაეტიოს, კუბო ასანთის კოლოფის ტოლია. _ ცივ ცივად მოაქვთ? _ დაეჭვდა სარდალი. _ ჰო, თითქოს მკვდარი მოაქვთო, ისე. _ გასაგებია. თუ არა ვცდები, მაგათ ბომბი მოაქვთ და ეშინიათ არ აუფეთქდეთ: შავად კიდევ იმიტომ არიან ჩაცმულნი, ჩვენ უნდა შეგვიყვანონ შეცდომაში, ეს მანევრია, მაგრამ ამით ვერ მოგვატყუებენ. ეხლავე ალყა შემოვარტყათ და ალყაში რომ გვეყოლებიან, ხომ ვეღარ ააფეთქებენ, ყოჩაღ მზვერავებო, თქვენ რომ არა, შეიძლება გზაში ჩაგვიდებდნენ იმ ბობსა. სასწრაფოდ დაწერეთ ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ, _ მიუბრუნდა მთავარსარდალი მწერალს და მთელი სისწრაფით დავიძარით წინ. ნისლაურნი ვერც კი მიხვდნენ, როგორ აღმოჩნდნენ ჩვენს ალყაში. _ შეჩერდით! _ უბრძანა სარდალმა. _ ისინი შედგნენ. _ ცივად დაასვენეთ ეგ ბომბი! _ რომელი ბომბი, რა ბომბი?! _ მა რა გაქვთ მაგ ყუთში? _ მიცვალებულია. _ თავს ნუ იგდებთ მასხრად, რომელი მიცვალებული ჩაეტევა მანდ! _ რომელი და თაგვი.. _ რაო?! _ თაგვი მოკვდა ჩვენ სოფელში. _ მერე? _ მერე იმას მოვასვენებთ. _ ქვენ გიჟები ხომ არა ხართ?! _ რატო. ესეთი წესი გვაქვს. ჩვენ სოფელში რაც მოკვდება, ყველაფერს ვასაფლავებთ. ყველანი ღვთის შვილები ვართ. _ რა წესია ეგ! _ გაბრაზდა დეკანოზი, _ ჩვენი ნებართვის გარეშე ვინ მოგცათ მაგის უფლება, რომ ახალ ახალ წესებს იგონებთ. ეხლავე დაიფიცეთ სათემო ხატზე, რომ კვლავაც წინ დააყენებთ ჩოხლების გვარს და თუ ქალის სათხოვნელად, ან კაკლის ხეების სათხოვნელად მოვალთ, უარს არ გვეტყვით. _ უარს არც ადრე გეუბნებოდით.. _ არ გეუბნებოდით, მაგრამ უნდა დავიფიცოთ. რაც შეეხება თაგვებს, სად გაგონილა თაგვის გასვენება.. _ ჩვენ ეგეთი წესი გვაქვს, გველებსაც ვასაფლავებთ, ძაღლებსაც, ფრინველებსაც და ბუზებსაც. აგე, ის გორი ამ უბედურებისია, იმათ _ თაგვს გადახადეს წასახურავი და გამოჩნდა ტუჩებმოპრუწული და კუდგაფშეკილი საცოდავი არსება. დეკანოზმა ჯერ მორჩილებზე დააფიცა ხალხი, მერე მთავარსარდალს გადაუჩურჩულა: _ სჯობია, მივუშვათ თავის ნებაზე, თავისი მიცვალებულები გინდა დაასაფლავონ, გინდა ზეზეურ დაყარონ, გავყვეთ უკან. ვაჟი გოგიმ ალყა მოუხსნა პროცესიას და უკან გავყევით. იმათ წინდაწინ გათხრილ მიწაში ჩაასვენეს თაგვი. ამ ამბავს რომ მოვრჩით, ნისლაურნი სოფელში წავიყვანეთ, მაღალ ბანზე დროშა გამოვკიდეთ და დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა. ნისლაური ზითანდარი (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ რამდენი წლისა ხარ? _ ორმოდამეთხუთმეტე წელში ვდგავარ. _ რა არის სიკვდილი? _ სიკვდილი რა არიო? _ ჰა ჰა ჰა, კაცი რომ მოკვდება, ის არის. _ სად მივდივართ სიკვდილის მერე? _ სადა და, შენ ჯვარი გეწეროს, სადაც ეხლა აის თაგვი წავიდა, იქ წავალთ, აბა სხოგან სადა? მიწაში წავალთ. _ მიწაში რა არის? _ ეე, მიწაში, რავი რა არის, მიწაში გველებია, ჭიები და ბაყაყები, აბა, სხო რა. _ სული როგორია? _ სული ისეთია რო, ხან როგორ მოეჩვენება კაცსა, ხან როგორა. ხან იქ წავა, სული, ხან იქ. აი, სიზმარში როგორ მოეჩვენებაკე კაცსა. _ სიზმარში? _ ჰო, სიზმარს აკი ვნახავთკეა და სულიც ეგე არის, დადის არი არედ, დადის.. _ სუ მუდამ იქნება ის სული? _ იმასაც დრო ექნება, წავა მერე და სუ დაიკარგება, სუყველას თავის დრო აქვს. _ არაფრად გადაიქცევა? _ ჰო, არაფრად. მერე არაფერი ისევ რამედ მაიქცევა და ესე. _ შენ არ გეჩვენება, რომ ხშირად ამ ცხოვრებას ვიმეორებთ? _ როგორ თუ ვიმეორებთ?! _ აი, მაგალითად, რაღაცას რომ ვაკეთებთ, გვეჩვენება, თითქოს ეს როდისღაც უკვე გაგვიკეთებია? _ ჰო, როგორ არა. აი, წეღან თაგვს რომ მივასვენებდით, ვიხსენებდით, სად მინახია მეთქი ზუსტად ასე, მერე თქვენც გამოჩნდით, თქვენი ლაშქარიც ზუსტად ისე ნანახი მყავდა როდისღაც, ოღონდ არ ვიცი, როდის. _ როგორ გგონია, სამოთხე არის? _ სამოთხეს არ ეძახიან, აი, სულნი რომ შეიკრიბებიან და არიან ერთადა, აბა, რავი, როგორ გითხრა. ძოლები მიწაში იკარგება, სული საიქიოს მიდის. ადამიანის სული არ არის დაკარგული, არა. _ წეღან აკი სთქვია, დრო აქვს და გაქრებაო. _ ჰო, ეგრე იქნება, საიქიოსაც თავისი დრო ექნება. კაცი ორჯერა კვდებაო, ის არ იციან? _ როგორაო? _ ორჯერა კვდებაო. _ როგორ ორჯერაო. _ აი, ორჯერ ისე, რო ერთხელ ხო მოკვდება, ხორცი მოკვდება, მორედ კიდევ სული მოკვდება და დაიკარგება ადამიანი სულა. _ დედამიწას უდგას სული თუ არა. _ მაშა, დედამიწას როგორ არ უდგას სული! _ როგორც კაცს, ისე? _ როგორც ადამიანი იქცევს სულს, ისე დედამიწა. _ დედამიწა მოკვდება? _ არა, დედამიწას რაღა მოჰკლავს. სული არის და იქნება. _ ომი რო იყვეს? ესეთი კი არა, ჩვენ რო კულტურულად ვიქცევით, ჩოხლები, დიდი ომი რო იყოს.. _ ეს ხო სიკვდილი იქნება. _ ჰო, თუ გადაიწვება, მოკვდება დედამიწა. ორი მონადირე (მოთხრობა მწერლის რვეულიდან) შუაღამე ის ის იყო გადავიდა, რომ სოფელ ნისლაურთიდნ ორი მონადირე გამოვიდა ფეხაკრებით და საჯიხვეებისაკენ შეუყვნენ აღმართს. ორივე ახალგაზრდა იყო. ორივე ჩუმად მიდიოდა. გათენებამდე ხმაამოუღებლად იარეს. ჭიუხის ძირში გაუთენდათ და დასხდნენ. ზურგზემოკიდებული გუდები მოიხსნეს და ერთმა ხავიწი ამოიღო, მეორემ _ მშრალად მოხარშული ხორცი. დანაყრდნენ, იქვე, ქვის ძირში ცივი წყარო გამოდიოდა. დალიეს. თითომ პეშვი დალია. _ ბევრი წყალი მუხლს ჭრის ადამიანს, თქვა ერთმა. მეორეს ხმა არ ამოუღია. გუდები მოიკიდეს და კლდის ქიმს აჰყვნენ. ერთს გაგი ერქვა, მეორეს _ ჯარჯი. ორივეს ერთ ქალიშვილი უყვარდა და იმ გოგოს იამზე ერქვა. ჯარჯიც იამზეზე ფიქრობდა, გაგიც. იამზეს ჯარჯი უყვარდა. გაგიმ იცოდა ეს. ჯარჯიმ იცოდა, რომ ამ წუთში გაგი იამზეზე ფიქრობდა. გაგიმაც იცოდა ჯარჯის ფიქრი. ჯარჯის გულის სიღრმეში ენანებოდა კიდეც გაგი, მაგრამ.. ერთი კლდის წვერზე დარჩა, მეორემ უკნიდან წამოუარა კლდეს და ჯიხვების ფარა აქეთ წამოაფრთხო. გაგიმ ესროლა და თიკნის დედა მოკლა. თიკანი აღარ გაქცეულა, დედასთან დარჩა და თვალების ლოკვა დაიუწყო. იმათ გაატყავეს ჯიხვი და გამოქვაბულში წავიდნენ ღამის გასათევად. იმ ღამეს ქარი ამოვარდა და ღრუბლები გადმორეკა გუდამაყრის ხეობაში. ჩამობნელდა. გამოქვაბული ცეცხლის შუქით იყო განათებული. ჯიხვის ციკანმა ერთხელ შემოიხედა შემოსასვლელიდან და გაიქცა. ნაღვერდლებზე სამიამოვნოდ შიშხინებდა გულ ღვიძლი და კრიალა ჰაერს მწვადის სუნი ერეოდა. მონადირეები ისევ ჩუმად ისხდნენ. გამოქვაბულის შემოსასვლელში ნარი იყო ამოსული და ლურჯად ყვაოდა. ქარი უბერავდა და აქეთ იქით აქანავებდა. _ ხედავ სადამდე ამოსულა? _ თქვა ჯარჯიმ. _ რა? _ იკითხა გაგიმ. _ ნარი. გაგიმ თოფში ტყვია ჩადო და გაიღიმა. მერე ჯარჯის უთხრა: _ ეხლა რომ მოგკლა, ხომ ვერავინ გაიგებს. _ რას ვერ გაიგებს? _ გაიცინა ჯარჯიმ. _ იმას, რომ მე მოგკალი, _ ისევ გაეცინა გაგის. _ აი, იმ ნარს ხომ ხედავ? _ _ ვხედავ. _ აი, იმ ნარს ვათქმევინებდი, რომ შენ მომკალი. _ გაგიმ გაიცინა და თოფიდან ტყვია ამოიღო. ჯარჯიმ ცეცხლს შეშა დააყარა და მწვადები წამოაცვა ჯოხზე. ზურგით გაგისკენ იყო შემობრუნებული. უცებ დაიგრიალა თოფმა და ჯარჯი პირქვე ჩაემხო ცეცხლში. ჯერ გულაღმა დააწვინა გაგიმ მკვდარი. მერე თვალები დაუხუჭა და ხელები გულზე დაუწყო. ქარი ქროდა და მთელი ღამე აქეთ იქით აქანავებდა შემოსასვლელში ლურჯად გაყვავებულ ნარს. გათენებისას არ გადაიწმინდა. სიბნელიდან თეთრად ამოიკვეთნენ მყინვარები. გაგიმ მკვდარი აიკიდა და ზემოთ წაიღო. შუადღემდე ზურგით ატარა. მყინვარებში რომ ავიდა, აქ ყინულის დიდ ნაპრალში დამალა. ზემოდან სიპები დააყარა, მერე ყინულები. ხუთი დღე ჭიუხებში იხეტიალა. ღამეს გამოქვაბულში ათევდა. მერე შინ წამოვიდა, თან მოკლული ჯიხვი წამოიღო. _ რა იქნა ჯარჯიო, _ ჰკითხეს. _ არ მოსულაო?! _ გაიკვირვა. _ არაო, _ უთხრეს. _ სამი დღეა, რაც ჯარჯი შინ წამოვიდა. მოკლული ჯიხვი წამოიღო. მე ჯიხვების ფარამ გამიტყუა, _ თქვა, ჯიხვი დააგდო და ისევ უკან გაბრუნდა ჯარჯის საძებნელად. ჯარჯის ძმებიც თან გაჰყვნენ. იმ ადგილზე, სადაც მკვდარი ჰყავდა დამალული, რამდენჯერმე ზემოდან გაიარ გამოიარეს. ვერსად ვერ იპოვეს. თხუთმეტი წლის მერე, ნისლაურთ სოფელში, შემოდგომით, ზამთრის პირზე ხარებით ძნასა ლეწავენ ქალი და კაცი. კაცი გაგი არის, ქალი იმისი ცოლი, იამზე. გაგი უკვე ხანშია შესული. მერე ცოლი და ქმარი ჩალაში მიიშლის ნაბდებს და დასაძინებლად წვებიან. კალოს შემოსასვლელში ნარი ამოსულა და ქარი აქეთ იქით აქანავებს. კაცს გაეცინა. _ რა გაცინებს? _ ჰკითხა ცოლმა. _ არაფერი, _ თქვა გაგიმ. აღარ მოეშვა ცოლი, მითხარი, რატომ გაიცინეო. გაგი არაფრით არ ამბობდა. აღარც ღამე მოასვენა ცოლმა. გაგიმ იფიქრა, ჩემი ცოლია, მას მერე თხუთმეტი წელია გასული და, მერე რა, ვეტყვიო. _ აი, იმ ნარს ხომ ხედავ? _ ვხედავ, _ თქვა ქალმა. _ მაგაზე გამეცინა. ჯარჯიმ მითხრა, რომ მომკლა ნარს ვათქმევინებ, რომ შენ მომკალიო. იმიტომ გამეცინა. ნარს რისი თქმა შეუძლია. მორე დილით ცოლი აღარ დახვდა გვერდით. გაგის ზემოთი ბანიდან ფეხის ხმა მოესმა. აიხედა. ჯარჯის ძმას მოჰკრა თვალი. იმავე წუთში თოფმა იგრიალა და სანამ მთლად წაერთმეოდა ამქვეყნიური ხილვები, ერთხელ კიდევ უკანასკნელად, კალოს შემოსასვლელში, ნარს მოჰკრა თვალი გაგიმ. ქარი ქროდა და ნარს აქეთ იქით აქანავებდა. გაუგონარი შეტევა (მემატიანის რვეულიდან) იმის მერე, რაც ნისლაურებში ფილოსოფიურ დაკითხვებს მოვრჩით და დეკანოზმა მეგობრული სიტყვით მიმართა ნისლაურთ, მთავარსარდალმა ჯარი დააწყო და იმ დღეს არნახული ლაშქრობა მოვაწყეთ. ალბათ ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე სარდალს ერთ დღეში ათი ქვეყანა აეღოს, თანაც ისე გონივრულად, როგორც ჩვენ. სხვათა ლაშქრობებს თან სდევს შიმშილი, სისხლი, ხოცვა ჟლეტა, ნგრევა, ერების დამცირება.. ჩვენ კი, პირიქით, უსისხლოდ ჩუმად და ფილოსოფიურად ვმოქმედებდით. გამოთხოვებისას ყველას მეგობრული სიტყვით მიმართავდა დეკანოზი, ხანდახან კაკლის თაობაზე ჩამოაგდებდა სიტყვას. , თებერვალს მზის ჩასვლამდე ათი სოფელი ავიღეთ და დავაფიცეთ სათემო ხატზე, ჩავიწერეთ უამრავი დარდი, რაც იმათ აწუხებს, ვაწარმოეთ ფილოსოფიური დაკითხვები და სხვა და სხვა.. ერთიმეორის მიყოლებით განვამტკიცეთ ჩვენი უფლებები სოფლებში. მზის ჩასვლისას მაქართას მივადექით და, მართალია, მზის სხივებმა ვეღარ ააელვარეს მაქართის თავზე ჩვენი დროშა, მაინც ავაფრიალეთ. დაბინდებამდე მაქართაც დაგვნებდა და ის ღამეც იქ გავატარეთ დიდ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკითხვებში. განთიადისას კიტოხისაკენ დავიძარით. მთავარსარდალმა კიტოხის მისადგომებთან შეგვაყენა და სიტყვით მოგვმართა: _ ჩვენ არნახული შეტევა განვახორციელეთ, თითოეული თქვენგანი ქების ღირსია. როდისმე წაგიყვანთ წყალქვეშა ქალაქების სანახავად, მანამდე კი დიდი საქმე გვაქვს. მთავარია, ეხლა კიტოხი ავიღოთ და გუდამაყარი ჩვენია. კიტოხი, სხვა სოფლებთან შედარებით, კულტურული სოფელია და ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, აქვთ სკოლა. გამოცდილებით ვიცი, რომ თუ აქამდე კულტურულად ვექცეოდით გაუნათლებელ სოფლებს, განათლებულებს პირიქით, ველურად უნდა მოვექცეთ, რომ დავიმორჩილოთ. კულტურულებს სიველურისა ეშინიათ. აბა მაშ გეძლევათ სრული სიველურე და გადავდივართ შეტევაზე! მყვირალები ყვირილით გაიქცნენ. ატყდა თოფების გრიალი. სოფელს ალყა შემოვარტყით. აქა იქ თივის ზვინები დავწვით და ზუსტად ერთ საათში ჩვენი დეკანოზი სათემო ხატზე აფიცებდა მუხლზე დაჩოქილ კიტოხელებს. მერე ფილოსოფიური დაკითხვაც მოვაწყვეთ, რომ ამით ჩვენი სიველურე გადაგვეფარა. დეკანოზმა სკოლის დათვალიერება მოინდომა. _ ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ასწავლიან სკოლაში ბალღებს, _ თქვა და მთავარსარდალი მოიხმო. _ ჯარი წამოვიყვანოთ? _ იკითხა ვაჟი გოგიმ. _ არა, სკოლაში ნუ შემოიყვან, სკოლის წინ გაატარ გამოატარე ისე, რომ ბალღებმა დაინახონ და შეიგრძნონ შენი ძალა, _ უთხრა დეკანოზმა. დეკანოზი კლასში შევიდა და მასწავლებელს ჰკითხა: _ თუ უნერგავთ ბალღებს ჩოხელების გვარის მორჩილებას? _ კი, _ თქვა მასწავლებელმა. _ თუ შეიძლება ფილოსოფიური დონე გაგისინჯოთ თქვენ და თქვენ ბავშვებს? _ შეიძლება. გამოკითხვა დაიწყო. ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ აატარა და ჩამოატარა ვაჟი გოგიმ ჯარი. მოსწავლე კობა (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ რამდენი წლის ხარ? _ მე ვდგავარ მეთერთმეტე წელში. _ ყველაზე მეტად რა გიყვარს? _ რა ვიცი, ყველაფერი.. _ რო გითხრან, ერთი დღე რადაც გინდა, იმად გადაიქეცი და მერე ისევ კაცად გადაგაქცევთო, რად გადაიქცეოდი? _ გუგულად. _ რაღა მაინცდამაინც გუგულად? _ კარგია გუგული, გაზაფხულს ის გვახარებს და მთელი დღე ატკბობს არემარეს. _ თევზად არ გადაიქცეოდი? _ არა. _ რატომ? _ ხმელეთზე რო თევზად ვიქცეოდი, მანამ წყალთან მივიდოდი, ხომ მოვკვდებოდი. _ ყოვავილად არ იქცეოდი, კობა? _ არა. _ რატომ? _ მამგლეჯდა ვინმე და ჩავხმებოდი. _ ცხენადა? _ არც ცხენადა, შესხდებოდნენ ჩემზე და რბენით გამხეთქავდნენ. _ არაგვად არ იქცეოდი? _ არა. ჩამოვარდებოდა რამე ჩემში და დავახრჩობდი.. მოდი, დავამთავროთ შეკითხვები. _ კარგი, დავამთავროთ. _ მასწავლებელი რას გვეტყოდა? _ რაზე? _ რა არის სიცოცხლე? _ სიცოცხლეა, როდესაც აღწევ დასახულ მიზანს. _ სწორია, _ მოუწონა დეკანოზმა. _ ახლა ჩვენ სწორედ ეგეთი სიცოცხლე გვჭირდება. გრძელი შეტევა (მემატიანის რვეულიდან) უნდა ავღნიშნოთ რომ კიტოხელები გაოცებულნი დარჩნენ ჩვენით და სამარადისო მორჩილება აღგვითქვეს. ისე მოეწონათ ჩვენი სათემო ხატი, ყოველ წუთს იმაზე ფიცულობდნენ. კიტოხიდან გრძელი შეტევა წამოვიწყეთ. გვერდი ავუარეთ სოფელ დიდებათ, ეს სამხედრო მანევრია, მანდ ბოლოს უნდა შევიდეთ ტრიუმფით და მანდედამ ქორწილით უნდა წავიდეთ სახლში. მზვერავები კარგად მუშაობენ. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ხმები მოდის. ტყვე შეურიგდა თავის ბედს. ჯერ არ გამოტეხილა, მაგრამ გამოტყდება, შეიძლება ჩვენ მხარეზეც გადმოვიდეს, ისე სხარტად ვიქცევით, თუ ჭკვა აქვს, ჩვენთან ურჩევნია. დავიპყარით ლაღენი, საქორე და გეზი ბურსაჭილისკენ ავიღეთ. მზის ჩასვლისას ჩვენი დროშა ბურსაჭილის მაღალ კოშკზე აფრიალდა. დაიწყო დაფიცება და ამის მერე ფილოსოფიურ მეცნიერული ურთიერთობა. გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი (მწერლის რვეულიდან) თოვს. რძისფერი სიმყუდროვეა ბუსარჭილის ფერდობზე ჩამომდგარი. მარტო თოვლის ფანტელები შრიალებდნენ ჩუმად, ჩუმად, ჩუმად, ზეცის გალობასავით. მერე არწივის ყეფა გაისმის: ერთხელ, მეორედ, მესამედ. არწივი გაჩუმდება და ისევ სიწყნარე ჩამოდგება ბურსაჭილის ფერდობზე. თოვს. თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური ქვენამთისაკენ მიუყვება აღმართს. მხარზე მამისეული თოფი ჰკიდია. ზემოთ, გორზე ადგილის დედის სალოცავია. გიგია სხვა მხარეს მიდის. უცებ შედგება. მიმოიხედავს. ისევ გზას გააგრძელებს. ისევ შეჩერდება და მობრუნებას დააპირებს. გული რატომღაც «ადგილის დედისაკენ» მიუწევს. მაინც სხვა მხარეს წავა. ანაზდად ფეხი გაუსხლტა და დაეცა. წამომდგარმა მშვიდად ჩაიბერტყა შრიალა თოვლი. შემობრუნდა და «ადგილის დედისაკენ» აუყვა აღმართს. გორის ფხაზე არწივი დაინახა გაგიმ და ფეხს აუჩქარა. ძალიან მოუნდა ახლოს ენახა არწივი. წელში მოიხარა და პარებ პარებით წავიდა ზემოთ. არწივის ყეფამ ჩაფხაჯნა თოვლის სიმშვიდე. მერე გორზე ისე მძლავრად აფართხალდა, თავის გარშემო კორიანტელი დააყენა. ისევ მძლავრად დაიყეფა და ჩაწყნარდა. ჯერ ვერ ბედავდა გიგია არწივთან ახლოს მისვლას, შორიდან ათვალიერებდა. ყოველთვის რაღაც სხვანაირ სიამოვნებას ჰგვრიდა არწივის ცქერა. ასე ახლოს კი არასოდეს ენახა. არწივმა ერთხელ კიდევ დააყენა გორზე თოვლის კორიანტელი. მერე ჰაერში აიწია და გიგიამ დაინახა, რომ ფეხზე რაღაც ჰქონდა გამობმული. თოფი დააგდო და ახლოს მივიდა. არწივმა დაიყეფა და ქშუილით გაექანა ბიჭს. გიგია იდგა და უყურებდა: ახლადმოსულ თოვლს სანახევროდ ამოევსო გუშინდელ თოვლში ჩატოვებული ადამიანის ნაფეხურები. ზედ ადგილის დედის სალოცავზე იყო ხაფანგის ჯაჭვი გამობმული. მარჯვენა ფეხის ბრჭყალებით იყო არწივი ხაფანგში ჩაბმული. გიგია კაცის ნავალს ათვალიერებდა. მერე არწივს უყურებდა დიდხანს. ადგილის დედის სალოცავში ვერცხლის ფულები ეყარა. გადახუნებულ ირმის რქებზე წვრილი ზარები ეკიდა. თოვდა და თოვლის შრიალს ზარების ნელი წკრიალი უერთდებოდა. სალოცავის ქვებზე შემურული ნასანთლარები უფრო მყუდროსა და იდუმალს ხდიდა იქაურობას. ყველაფერი ზეცის გალობას ჰგავდა: სალოცავი, თოვლი, გადაცრეცილი ირმის რქები და თოვლის შრიალში შერეული ზარის წკრიალი არღვევდა ბუნების ჰარმონიას, ამ ჯაჭვზე კი გამობმული იყო რკინის ხაფანგი, ხაფანგში გაბმული არწივი და იმის იქით, ძველ თოვლში ჩარჩენილი უცნაური ნაფეხურები, რომელიც ნება ნება ივსებოდა ახალი თოვლით. გიგია ბუბუნაური არწივთან მივიდა. იმან ისევ დაიყეფა და ქშენით გაექანა ბიჭს. მერე უცებ შედგა, ფრთები დაიბჯინა და გიგიას გაუშტერა თვალი. გიგიამ ხაფანგიდან გამოუხსნა ფეხი. არწივს თქრიალით გასდიოდა სისხლი. ერთი ბრჭყალი ტყავითღა ება. გიგია ბუბუნაურმა შინ ჩამოიყვანა არწივი. ისევ თოვს.. შემურული კოშკები ძახილის ნიშნებივით დგანან თოვლში. აქა იქ კვამლი ამოდის და ნელი რხევით, შედედებული ზლაზვნით უერთდება თოვლიან სიმყუდროვეს. სურათი ბუბუნაურების კოშკში: _ კერაზე ცეცხლი ანთია. ჭერი შემურულია და მუხის ხეები შავად გაჰყურებენ ერდოდან შემოჭრილ თოვლის სითეთრეს. კედელზე საომარი აღჭურვილობა ჰკიდია: ფარი, ხმალი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, ხანჯლები, თოფი და კიდევ შემურული მშვილდ-ისარი, ძველი მოწმე ბუბუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა. თავხეზე რამდენიმე ჩამომხმარი და კვამლით შემურული კაცის მარჯვენა ჰკიდია. უფრო ზემოთ, კუთხეში, სადაც მთლიანად ვერ აღწევს ცეცხლის შუქი, უშველებელი ჯიხვის რქებია ჯაჭვით ჩამოკიდებული. გარეთ თოვს. ერდოდან მკრთალი ნათელი შემოდის. კერასთან დაფენილ ჯიხვის ტყავებზე თორმეტი წლის გიგია ბუბუნაური და არწივი ისხდნენ. არწივი მშვიდი მზერით ათვალიერებდა სახლის კედლებს. გიგია ადგა, კედლიდან ვერცხლის ხანჯალი ჩამოხსნა. სკივრიდან ვერცხლის თასი ამოიღო და ვერცხლისავე თუნგით წინწანაქარი არაყი მოიტანა. მერე არაყი თასში ჩამოასხა და ხანჯლის პირით ვერცხლი ჩამოათალა თუნგს7 ჩამონათალი ვერცხლი არყიან თასში ჩაყარა, მოურია და წინ დაიდგა. არწივი მშვიდად უყურებდა გიგიას, რომელმაც ნება ნება, ბერიკაცივით ასწია თავი, არწივს შეხედა და თქვა: _ მე ვარ გიგია ბუბუნაური, ბაძიას ძე, ბუბუნაურთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი. მყავს დედა და გაღმა სოფელში გათხოვილი და, რომელსაც სამი შვილი ჰყავს: ნინო, შორენა და გაგი. სამივე პატარები არიან, გაგიმ ჯერ სიარულიც არ იცის. მყავს მოსისხლე. როგორც წეღან გითხარი, ბუბუნაურთა შორის მეღა დავრჩი გვარის გამგრძელებელი. ჩემი წინაპრების უმეტესი ნაწილი მტრებმა დახოცეს. მამაჩემიც მთასიქითელმა ხევსურებმა მოკლეს. ზამთარი იყო, მიცვალებული დიდ თოვლში ვერ ატარეს და ნაწილ ნაწილ გადმოიტანეს ხურჯინებით, მაშინ ხუთი წლის ვიყავი. თავგაურები არიან ჩემი მოსისხლეები. იმ მთაზე ასვლას ყოველთვის ვერიდები. არ გეგონოს, მოსისხლეებისა მეშინია. მე ახლაც შემიძლია სისხლის აღება, მაგრამ მრცხვენია, წინაპრებისა მრცხვენია. არ მინდა უაზროდ შევწყვიტო მათი გვარი. ჯერ ცოლი უნდა მოვიყვანო და მოგვარე გავიჩინო, მერე სისხლს ჩამოვირეცხავ, და თუ მომკლავენ, არაფერია, გვარის გამგრძელებელი ხომ დამრჩება. ისე, კაცმა რომ თქვას, არ მინდა კი კაცის მოკვლა, ბალღოო! ვიცი, ჩემი წინაპრების ხმა არის, მაგრამ ჯერ ვიცდი, ჯერ გვარს გავაგრძელებ და მერე.. გიგია ცოტა ხნით გაჩუმდა და უფრო ჩუმი ხმით თქვა: _ აკვანში ვარ დანიშნული მზია თამნიაურზე.. აი, გაღმა რომ სოფელი ჩანს, იქ ცხოვრობს. ჯერ რვა წლისაა. მზისფერი თმა აქვს. ხატობაში ვნახე რამდენჯერმე შორიდან. რომ დაგვნიშნეს, მაშინ მამაჩემი ცოცხალი იყო. ჰოო, იმ მთაზე ასვლას ყოველთვის ვერიდები, არ მინდა იქეთ გადავიხედო, არ იფიქრო, რომ მაღლა ყოფნა მეჯავრება, პირიქით, მიყვარს. მე მზიაც მიყვარს. შენ ალბათ სულ სხვანაირად გესმის სიყვარული, სულ ცაში ხარ და ოცნებაც უფრო მაღალი შეგიძლია. სიყვარული კიდევ, ჩემი აზრით, მარადიულ სიცოცხლეზე ოცნება არის. ჰოდა, მაგიტომ არ მინდა ჯერ სიკვდილი, ჯერ გვარი უნდა გავაგრძელო. ღმერთმა სიყვარული გვარის გასაგრძელებლად დაგვიწერა. ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია. მე ჯერ ეს სიყვარული უნდა გავაგრძელო. შენ შეიძლება სხვანაირად გესმის, ჩვენ ალბათ მიწაზე უფრო ნაკლებად შეგვიძლია ოცნება, ვიდრე შენ ცაში. იცი, როგორ მინდა ხადახან ცაში გამოფრენა! რა ბედნიერი ხარ, _ მიწაზეც შეგიძლია ყოფნა და ცაშიც. შენ სხვანაირი ვაჟკაცი ხარ. მეც მინდა შენნაირი ვიყო, მაგრამ არ გამოდის, ღმერთმა მიწაზე მომისაჯა ყოფნა.. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ მინდა ჩემი ამბავი იცოდე. ვაჟკაცი ხარ და უნდა გამიგო, ძმად უნდა გამეფიცო7 მე თუ ვერ ვიფრენ ცაში, მაღლა რომ დაგინახავ, იმას ხომ მაინც ვიტყვი, ჩემი ძმა არის მეთქი. გიგი გაჩუმდა. მერე არწივს შეხედა თვალებში. არწივი მშვიდად უგდებდა ყურს. გიგია ბუბუნაურმა ხანჯლის პირით გადაისერა მარჯვენა ხელი, მერე არწივს სისხლიანი ფეხი აუწია და იმის სისხლს შეურია თავისი სისხლი, ვერცხლგარეული არყიანი თასი აიღო და არწივს უთხრა: _ შენი დედაი, ჩემი დედაი! შენი დაი, ჩემი დაი! შენი ძმაი, ჩემი ძმაი! შენი სიხარული, ჩემი სიხარული! შენი დარდი, ჩემი დარდი! შენ ვინც გაწყენინას, მე მაწყენინას! შენ ვინც მაგკლას, მე მამკლას! შენი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე! შენი ფიცი, სამარადისო! ჩვენი ძმობა, უკუნისამდე! ამინ! თქვა ბოლოს და თასიდან არაყი მოსვა. მერე არწივს შეასვა ერთი ყლუპი. დარჩენილი არყით ჭრილობა მობანა, შეუხვია, გარეთ გაიყვანა და გაუშვა. თოვდა. არწივი კარგა ხანს უვლიდა წრეს ბუბუნაურთა კოშკების მაღლა. თოვდა. მერე ნება ნება ჩამოღამდა. რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყეფა არწივმა და ჭიუხებისაკენ გაფრინდა. *** ამ გაზაფხულზე ცამეტი წელი შეუსრულდა გიგია ბუბუნაურს. იებით მოჩითული გაზაფხული მაღლა მთებისკენ ეძახოდა გიგიასა და მის ტოლ ბიჭებს. თოფი მარტო გიგიას ეკიდა. ბიჭები აჩქარებით მიუყვებოდნენ გორის ფხას. მწვერვალზე რომ ავიდნენ დაისვენეს. საყორნის მთებიდან მზე ამოდიოდა. ბიჭები გულაღმა იწვნენ და ცას შეჰყურებდნენ. სადღაც არწივმა დაიყეფა. მერე ყორნებმა მორთეს ყრანტალი. არწივმა ბიჭების თავზე მოხაზა წრე და თანდათან ქვემოთ ჩამოიწია. უცებ გიგიას ერთმა ამხანაგმა თოფს დასტაცა ხელი. გიგია უმალვე მოეგო გონს და ინსტიქტურად ჩაეჭიდა თოფს. იმ ბიჭმაც გასწია. _ არწივია, ბიჭო! _ არ ესროლო! _ ამის თქმაღა მოასწრო გიგიამ, რომ მოულოდნელად თოფი გავარდა და გიგია ჯერ მაღლა შეხტა, მერე პირქვე დაემხო მზით განათებულ ბალახებში. ბიჭები უხმოდ იდგნენ, ის კი, რომელსაც თოფი გაუვარდა, უცებ შებრუნდა და ღრიალით დაეშვა სოფლისკენ. კაცებმა საკაცეზე იმ გაზაფხულის ახალი ფოთლები დააყარეს და ისე მსუბუქად დაასვენეს გიგია ბუბუნაური, იმზამთრინდელი თოვლის ფიფქი რომ დაესვენებოდა ხოლმე «ადგილის დედის» შემურულ სიპებს. გიგიას დედა შინ არ იყო. გიგიას დისწულს, პატარა გაგის, იმ დღეს პირველად გაევლო და იმის სანახავად იყო წასული. გიგია კერისპირ დაასვენეს, სწორედ იქ, სადაც არწივს გაეფიცა ძმად. რამდენიმე კაცი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, მაგრამ ვეღარ მოუსწრო, ვერც გიგიას დედამ ნახა, როგორ დაასრულა მამაპაპურ კოშკში, კერის პირზე, ბუბუნაურების უკანასკნელმა შთამომავალმა ძველის ძველი და მტრიანი გვარი. იმ დღეს საბოლოოდ ჩაჩუმდნენ ბუბუნაურთა სისხლში აკივლებული ხმები: არ შეგვარცხვინო, ბალღო! დარჩა მარტო კოშკი, შემურული ჭერი, კედლებზე დაკიდებული: ხმალი, ფარი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, შემურული მშვილდ ისარი7 თავიხეზე ჩამოკიდებული კაცის რამდენიმე ჩამომხმარი მარჯვენა, ეს ძველი მოწმეები ბუბუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა. დარჩნენ კიდევ მთები, ადგილის დედის სალოცავი, გიგიას სოფელი, სოფლის ზემოთ სამარადისო სამყოფელი, გულამომჯდარი ღორღიანი საფლავით, ზედ დაჩოქილი რამდენიმე შავოსანი და კიდევ ერთი, გიგია ბუბუნაურის ძმადნაფიცი არწივი, რომელიც მესამე დღეს გიგიას საფლავზე დაჯდა და აღარც გაფრენილა. ჯერ სოფლის ძაღლებმა მოინდომეს არწივის დაჩაგვრა, მაგრამ ისეთ დღეში ჩაცვივდნენ, კუდამოძუებულები გარბოდნენ სახლებისაკენ. იჯდა არწივი და აღარსად აღარ მიფრინავდა. ერთ დღეს კი, ის ბიჭი დაადგა თავზე კეტით, რომელსაც თოფი გაუვარდა და რაკი ამის მიზეზი არწივი იყო, შურისძიება მოინდომა. მივიდა და კეტით დაუწყო ცემა. არწივმა ჯერ ითმინა, მერე ბიჭი კლანჭებში მოიმწყვდია და ორივე თვალი ამოჰკორტნა. გამოცვივდნენ სოფლიდან და დაჰკრეს თოფი არწივს. ცოტა ხანს მიწაზე ეგდო, მერე ისევ გაიმართა, კაცებმა ფეხებში ჩაიგდეს და წიხლებით დაუწყეს ცემა. ისევ გასწორდა, ფრთებით მიწას დაეყრდნო, ერთი საშინლად დაუბრიალა ხალხს თვალები, პირი დააღო, დაიქშინა და გულიდან ამოღებული სისხლი ხალხს მიაფურთხა. მერე კლანჭებით ღრმად ჩაბღუჯა გიგიას საფლავის მიწა და ზედ დააკვდა. კაცები უხმოდ დაეშვნენ ქვემოთ, სოფლისაკენ. ქვემოდან კი შავად ჩაცმული რვა ცხრა წლის პატარა გოგო მოდიოდა, ისე ჩუმად, თითქოს მის გარშემო მყოფი საგნებისა ეშინიაო.. დაბოლოს, მინაწერი ავტორისაგან: _ ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ. დარდი №1682 _ გვარი და სახელი. _ მარტია ბუბუნაური. _ რა გადარდებს? _ მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოველით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი. სული (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ გვარი და სახელი. _ მარტია ბუბუნაური. _ როგორია სული? _ სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით. თორემ ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება და ჩააჩლუნგებს სულსა. ესე ყოფილა, კაცი რომ ხანში მიდის, იმისი ჯანი და ასოობა მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის, ე მაშინ ტკბება სული. პირველი წყენა (მემატიანის რვეულიდან) დეკანოზი ძალიან ნაწყენი დარჩა, რომ ბურსაჭილში კაკლის ხეები არა დგას. მეგობრული სიტყვა კი მაინც კი უთხრა გამოთხოვებისას. ჩევნ ახლა სალაღოსაკენ მივდივართ. ამ სოფელზე რაღაც ცუდი ხმები მოდის და სიფრთხილეა საჭირო. სოფელში უმრავლესობა გიჟი ყოფილა და შეიძლება არც კი შევიდეთ. მთავარსარდალმა მაინც შემოარტყა ალყა სალაღოს. იმათ ყურადღება არ მოგვაქციეს. _ გიჟებთან კულტურა არის საჭირო, _ თქვა მთავარსარდალმა და სოფელში შევედით. სოფლის შუაგულში გიჟებს კაცი გაუკრავთ ხეზე და დანებს ჩხვლეტენ. ის კაცი ჩალილავებულია, მაგრამ მაინც არა კვდება. ერთი კაცი ეხვეწება გიჟებს, დაანებეთ თავიო. ისენი კი თავისას არ იშლიან. _ აჭექეთ თოფები! _ ბრძანა მთავარსარდალმა. დაიგრიალეს თოფებმა და ამ ხმაზე ერთ ადგილზე გაიყინნენ გიჟები. _ რატო აწვალებთ მაგ კაცს? _ იკითხა სარდალმა. _ არ ამბობს და იმიტომ. _ რა უნდა თქვას? _ რაც საიქიოს ნახა. უცნაური ამბავი (პატარა მოთხრობა მწერლის რვეულიდან) ერთი წლის წინ, ბაგილა ალდიაურმა გამოიღვიძა და, რო ადგა, იმისი სული ლანდის სახით სხეულიდან გამოვიდა. სულმა სხეული გამოიტანა და გაიხედ-გამოიხედა. სალაღოელები ის ის იყო დგებოდნენ და სამუშაოდ ემზადებოდნენ. _ ეი, მოდით აქ! _ დაუძახა ლანდმა ხალხს. ისინი ბაგილაის კარზე შეიკრიბნენ და ლანდი და სხეული ცალ ცალკე რომ დაინახეს, ადგილზე აკანკალდნენ. აემ ჩემს სხეულს ხომ ხედავთ, ამას შავიტან სახლში; ზემოთავში მივაყუდებ და მე საიქიოს წავალ. მანამ მოვბრუნდები, ამას ხელი არავინ ახლოთ, მიწაში არ დამარხოთ, თორემ ვაი თქვენი ბრალი. სხეული იღლიაში ამოიჩურთა ლანდმა და სახლში კარის ზემოთ კუთხეში მიაყუდა. გამოვიდა და წავიდა.. იმ დღეს თორმეტი კაცი გაგიჟდა სალაღოს. ერთი წლის მერე სული ისევ მობრუნდა, ისევ ლანდივით მოდიოდა, შევიდა სახლში, გამოიტანა თავისი სხეული, სულ ჩაკირკილაულ ჩაჭიავებული, მზეზე გაბერტყა და ჩაძვრა შიგ. უცებ გაცოცხლდა სხეული და ისევ კაცად მაიქცა. იმ დღეს ნახევარზე მეტი სოფელი გაგიჟდა. გააკრეს ბაგილაი ხეზე და დააქვთ, ხან აწვალებენ, _ გვითხარ იქ რა იყო, ან რატომ არ ჰკვდებიო. არ ამბობს, ერთი პატარა გველი ჰყავს სხეულში. დადის, დადის, ის გველი და ულოკავს ჭრილობებს. არაფრით არ ჰკლავს ბაგილას, ლოკავს და ლოკავს. ეს გველი საიქიოს მიეცათ და ეთქვათ: წაიყვანე, სხეულში ჩაისვი და რაც არ უნდა მოგივიდეს, ეგ არ მოგკლავს, მაინც მოგარჩენსო. თუ ადამიანად ყოფნა შეგწყინდეს და აქ გამოგიწიოს გულმა გველს კუდი მოაწყვიტე, ამასაც ძალა დაეკარგება და შენც მოჰკვდები და ისევ აქ მოხვალო. სცემენ გიჟები, ხანჯლებსა სჩხვლეტენ, მაინც არ აწყვეტს ბაგილაი იმ გველს კუდს. არ უნდა იქ წასვლა. ვერაფრით ვერ დაიჭირეს ის გველი გიჟებმა. მარტო ბაგილაის შეუძლია იმის დაჭერა. აწვალებენ და ის ხმას არ იღებს. არიან ასე. თავის არიდება (მემატიანის რვეულიდან) გიჟებს ვერაფერი გავუგეთ. არც ფილოსოფია აქვთ საჩვენოდ, არც კაკლის ხეები უდგათ. ვამჯობინეთ თავი ავარიდოთ. გეზი ათხონისკენ ავიღეთ და მაღალ ბანებზე ჩქარა დროშაც ავაფრიალეთ მზის სხივებში. იმათ უსიტყვო მორჩილება გამოაცხადეს. სულ დედაკაცებია, ერთი კაცია მარტო. ამ კაცის დაკითხვა დავიწყეთ პირველ რიგში. მარჯვენა (მწერლის რვეულიდან) ბოსლელმა ღენჯამ ქორწილში ათხონელი გორიაი წაიყვანა მეჯვარედ. ქალი ყვირილაანთიდან მოიყვანეს. ღენჯაი ქისტებში იყო მეცხვარედ მორიგებული და ერთი თვის მერე იქ წავიდა. დედაკაცი ბოსელს დატოვა. ბოსლიდან ათხონისაკენ გზა გადადის ტყეზე. შემოდგომა არის. ღენჯაის ცოლს შეშის წიწკორეები მოუგროვებია და ტვირთს იმზადებს. გამაიარა გზაზე ათხონელმა გორიამ, დაიიღლიავა ნათლიდედა და მოაფარა ტყეში. გამაიარა კაცმა და შეხედა საბელაყრილ შეშის ტვირთს. იმ კაცმა თავის გზით ჩაიარა. რამდენიმე ხნის მერე ღენჯაის ცოლმაც იმ გზით ჩაიარა, ტვითრმოკიდებულმა. ხუთი წლის მერე ცოლიც ქისტებში წაიყვანა ღენჯამ. იქაც სულ ისე იყო, იშვიათად მიდიოდა სახლში. _ დასდგოდე სახლში, იქაც სუ შეწუხებულიღა ვიყავდი და აქაც ეგე ხო არ.. _ რა? _ იკითხა ღენჯამ, _ ვინ გაწუხებდა? _ არა, არავინ მაგრამ. _ წამომყევი მთაზე და ე ბალღიც წამაიყვანე, _ თქვა ღენჯამ. ქალი და ბალღი გაჰყვნენ. მთაზე რომ ავიდნენ, წამააქცია ცოლი და დააბჯინა ხანჯალი. _ იტყვი თუ არა, ვისია ეს ბალღი. ცოლს რა მეტი გზა ჰქონდა, უამბო ყველაფერი. _ რო არა მგავდა, მაშინვე მივხვდი, ჩემი არ იყო, _ თქვა ღენჯამ და.. ქალს კალთაში ჩაედო ბალღის თავი და ქვითინით მიდიოდა თავქვე. ღენჯაი ათხონს მივიდა და გორიაი იკითხა. _ ზემოთ არის, მთაზე, ცხვარში. _ უთხრა გორიაის ცოლმა. _ ხო კარგად ხართ? _ ჰკითხა ღენჯამ. _ კარგად, ღმერთმა შენც კარგა გამყოფოს, შამო სახლში, როგორ დაგვივიწყე. _ ავალ, გორიას ვნახავ ბარემ და ერთად ჩამოვალთ, _ თქვა ღენჯამ და ზემოთ წავიდა. გორიაი არყებთან იჯდა. ღენჯამა და იმან დიდი ამბით მოიკითხეს ერთმანეთი. ღენჯას პატარა ცული ეჭირა. _ ე ცული რადღა გინდა? _ გაუკვირდა გორიას. _ ამ ზამთარს აქვე ვაპირებთ გადმოსვლას და საცოცხე მინდა მოვჭრა, _ უთხრა ღენჯამ. გაერთვნენ ლაპარაკში. _ აბა, კარგად იყავ, _ თქვა ღენჯამ და ხელი ჩამოართვა. ცული მარცხენაში ეჭირა. რომ ჩამოართვა ხელი, აღარ გაუშვა, იქვე მდგარ არყზე დაადებინა, დაუქნია ცული და გადააჭრა მტევანი. _ კარგად იყავ, _ მიუგდო ღენჯამ, წაქცეულ გორიას შარვალი ჩახადა და წავიდა. საღამოთი გამოჩნდა გორიაი სოფელში, შარვალჩახდილი, მარცხენა ხელში მარჯვენა ხელის მტევანი ეჭირა, როგორღაც მოეხერხებინა და გადაჭრილ მკლავზე ხალათი დაეხვია. ახლაც შენახული აქვს თავისი მარჯვენა. ხანდახან გამოამზევებს ხოლმე, სკივრში აქვს შენახული. დარდი №1683 _ აფციაური გორია. _ რა გადარდებს? _ ქალები მწუნობენ, ცალხელა რომ ვარ. გორია (ფილოსოფოსის რვეულიდან) _ რა უფრო გიყვარს? _ ჰე ჰეე ჰე, ქალი, როგორ რა მიყვარს! _ სიცოცხლე გიყვარს? _ მენა? _ ჰო. _ ბარემ მიყორს, თუ ღმერთმა მაცოცხლა. _ ღმერთი არის კაცის სულისჩამდგმელი, მაგრამ კაი კაციც ღმერთთანა დგას. _ სიცოცხლე რა არი? _ სიცოცხლე ღმერთია, ღმერთისია ერთიც და მეორეც. _ ცალ ცალკე ღმერთებია სიცოცხლე და სიკვდილი და ერთად ღმერთისებია. _ დედამიწა რას უჭერია? _ ამეს უჭერია. _ რა ამესა? _ სიყვარულსა. _ რო გითხრან, მთორეზე წამოდიო, წახვიდოდი? _ თუ კაი ქალს წამომაყოლებდნენ, ბარემ კი წავიდოდი. _ რაღა დროს შენი ქალებია. დაბერდი, შენი დედაკაცი წაიყვანე. _ ამისაგან აქა მაქვს გული მოკლული და იქ რა შავ ქვად მინდა. _ კაი სიზმარი არცა გინახავს? _ მინახია, მაგრამ ეშმაკთათვინა. ზოგჯერ ისეთ ქალებს ვეხვეოდიკე, გავიღვიძებდი და სადღაა ქალები. _ რა ქვეყანა არის სიზმარი? _ მე ვერ გეტყვი, მაგრამ, აი, ძოლები რომ მიწაში ყრია, სული მაინც არის, თურმე. მე მგონი, სული და სიზმარი ერთი ქვეყნისანი არიან. _ შენ ხომ წახოლ იმ ქვეყანაში? _ მეც წავალ და ყველაი წავა. _ ჰოდა, იქიდან რომ გამოგგზავნონ დიდი ხნის მერე აქეთ, წამოხვიდოდი? _ წამოვიდოდი, რატომაც არა. _ აქ რო აღარავინ გეცნობოდა? _ ეე, შე კაი კაცო, გაცნობას რა დიდი ამბავი უნდა, ერთ ორ საათში ქალს რასმე გავიცნობდი და.. _ მაიცა კაცო, მე ფილოსოფიურ შეკითხვებს გაძლევ და შენ ისევ ქალებს გაიძახი. _ შე კაი კაცო, შენა, ქალებზე მეტი ფილოსოფია რაღა გინდა! _ ქალების გარდა, სხვას რას ინატრებდი? _ მე მინახია, როგორც ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში. სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ ძვლების პატრონისათვის, რას ინტრებდიო, ალბათ ვერც ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი. ტრიუმფული ლაშქრობა (მემატიანის რვეულიდან) შუადღეა. დეკანოზმა ათხონელთა კაკლის ხეების დათვალიერება მოათავა და ამის შემდეგ გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მთავარსარდალმა ჯარი მოაწყო. დღეს დიდი ზეიმი გველის. გუდამაყრის ხეობა მთლიანად ჩვენს ხელშია თავის კაკლებიან ქალებიანად. დაგვრჩა მხოლოდ ერთი სოფელი _ დიდებანი. ეგ სოფელია, პირველად რომ გაგვიურჩდა, ამიტომაც შემოვინახეთ ბოლოსათვის, ეს მანევრია, ძალზე ჭკვიანური მანევრი. ახლა, როცა ყველა სოფელმა სათემო ხატზე და ერთგულებაზე დაგვიფიცა, დიდებათ აღარაფერი დარჩენიათ. გარდა იმისა, რომ მორჩილად შემოგვეგებნენ.. ვინ იცის, ფიქრობდნენ, რომ პირველად მათ შევესეოდით. შეცდნენ, მწარედ შეცდნენ და ლოდინმა ალბათ მორალურადაც გატეხა. ჩვენი ლაშქარი დიდებათკე გზას ადგას. მზვერავები წასვლას აპირებენ, მაგრამ მთავარსარდალმა გადაიფიქრა. _ მზვერავებო, თქვენი წასვლა იქ საჭირო აღარ არის, წადით ჩვენს სოფელში და ამცნეთ, რომ დღეს ტრიუმფით შევალთ დიდებათას და ამავე საღამოს ქეთინოს ჩოხში მოვიყვანთ. უთხარით, ქორწილისთვის გაემზადნენ. გული მიგრძნობს, რომ გზაშივე მოგვეგებებიან დიდებანი და ქალს გვაახლებენ. ერთ ერთი თქვენთაგანი საზღვაო ნაწილში წადით და მოახსენეთ, რომ თევზსაცავიდან ქორწილისთვის თევზი გამოგზავნონ, გადაეცით, კალმახები აირჩიონ. ჰო, მართლა, ჩვენი ტყვე თან წაიყვანეთ და კარგად აჭამეთ. რას ვიზამთ, ჩვენი მტერია, მაგრამ ჩვენ ხომ გამარჯვებულები ვართ. _ შეთე! ყოჩაღ ბიჭო! ამაღამ ქეთინოს გვერდზე მოგისვამთ. _ აბა! მარჯვნისა კენ! _ შესძახა ჯარს. _ სწრაფი სვლა! _ ბრძანა მერე და ჩვენ ზარების რეკვითა და სიმღერით დავიძარით დიდებათაკე. ჩვენ ჩვენი საკუთარი საბრძოლო სიმღერა გვაქვს, ჩვენივე მწერლისაგან დაწერილი. ეს სიმღერა ასეთია: რაც არი ჩვენია ამერ იმერი ი იიიიიი! _ იიი _ ბოლოში დიდხანს უნდა გაგრძელდეს. შუადღის მზე მოწმენდილ ცაზე კაშკაშებს. ჩვენ სიმღერას არ ვწყვეტთ. მეზარე ზარებსა რეკავს. სულ ოთხი კილომეტრიღა გვაშორებს მიზანს. ოო, რა დიდებულია ეს წუთი! აგერ, გამოჩნდა დიდებანი. _ მივუმატოთ სიმღერას. ფეხშეწყობილად შევიდეთ სოფელში! _ ბრძანა მთავარსარდალმა. აგუგუნდა ლაშქარი. შეთე გაბადრულია. _ საღამოზე ცოლი მეყოლება! _ ამბობს ის. ზარები რეკენ. ჩვენ წინ მივიწევთ. აგერ, გამოჩნდნენ კიდეც. გამართლდა მთავარსარდლის წინათგრძნობა. სოფლიდან ხალხი გამოვიდა, ეტყობა, ჩვენს შესახვედრად მოდიან, თან რაღაცა მოაქვთ მძიმედ, ალბათ ძღვენია. _ ხმას აუწიეთ! _ კვლავ ბრძანა მთავარსარდალმა. სიმღერით მივდივართ ხალხისკენ. ისინი შედგნენ. _ რა ხდება? ტირიან? ხმით ტირიან? _ ეს სიხარულის ტირილია, უხარიათ, რომ ასეთ სახელოვან ხალხს ისევ მორჩილებაზე დაგვიფიცავენ. ან, შეიძლება, სინდისი ქენჯნით და იმიტომ ტირიან, _ აგვიხსნა დეკანოზმა. _ სიმღერა! _ იძახის ვაჟი გოგი. ჩვენი სიმღერა იმათ ტირილს ახშობს. ოო, რა დიდებული წუთია, ერთნი ტირიან, მორენი მღერიან და სადაცაა სიმღერა ჩაახშობს ტირილს. სულ სამი ნაბიჯიღა და.. რა ხდება? _ შესდექით! _ გვიბრძანა მთავარსარდალმა. კუბო? აი, თურმე რატომ ტიროდნენ. ქეთინო (ნამდვილი ამბავი მწერლის რვეულიდან) ქეთინო და მიხო მეექვსე კლასამდე ერთად სწავლობდნენ. მერე მიხომ სწავლა ფასანაურში გააგრძელა. კიტოხში, სადაც ისინი სწავლობდნენ, ექვს კლასზე მეტი აღარ იყო და მშობლებმა ქეთინოს სწავლას თავი გაანებებინეს. იმათი სოფლები გვერდი-გვერდ არის. მიხო კიტოხელია, ქეთინო _ დიდებანთი. ბალღობიდანვე სულ ერთად იყვნენ და თითქმის ვეღარც კი ძლებდნენ უერთმანეთოდ. მიხო რომ სასწავლებლად წავიდა, ყოველ მეორე მესამე დღეზე გუდამაყარში მორბოდა ქეთინოს სანახავად. _ მერე? _ მერე, ნათქვამია, როგორც თოლშორა _ ისე გულშორაო. მიხოს რაღაც გულცივობა დაემართა, იშვიათადღა მოდიოდა. ბოლოს უმაღლესშიც ჩააბარა და ერთი წელი აღარ გამოჩენილა. ქეთინოს კი ადრინდელზე უფრო ძლიერად შეუყვარდა მიხო და ერთ დღეს ქალაქში წავიდა მის სანახავად. _ მისამართი იცოდა? _ არა, ისე წავიდა, იქნებ შევხვდეო. ქუჩაში მართლა შეხვდა. მიხო დაიბნა, მიხვდა, მასაც უყვარდა და რატომღაც მაინც გულცივობა გამოიჩინა. _ წამო, კინოში წავიდეთ, _ უთხრა ქეთინომ. წავიდნენ. რიგში ჩადგნენ. მიხომ ჯიბეები მოიქექა ჩუმად და მარტო ორი ბილეთის ფული აღმოაჩინა «კიდევ კარგი, არ შევრცხვი», _ გაიფიქრა გულში. ქეთინომ შეამჩნია, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვერაფერს მიხვდა. _ მიხო, ბილეთებს იღებ? _ უკანიდან დაუძახეს ვიღაც გოგოებმა, _ აგვიღე რა, სამი ბილეთი. მიხო შეიშმუშნა. ქეთინომ, იმ გოგოებს რომ არ დაენახათ, ისე ჩაუდო ხელში მიხოს ხუთმანეთიანი. სეანსი რომ დამთავრდა, ხმა არ ამოუღია მიხოს. ავტოსადგურამდე ისე გააცილა ქეთინო, ერთი სიტყვა არ უთქვამს. მერე უცებ აფეთქდა და თითქოს იყვირა: _ რას დამდევ? რატომ ჩამოხვედი? ქეთინო გაშრა. მერე ატობუსმა გუდამაყრისკენ წამოიყვანა ქეთინო. ათი დღის შემდეგ წერილი მიიღო. ხელნაწერზე იცნო, რომ მიხო უგზავნიდა, აკანკალებულმა გახსნა და ხუთმანეთიანი შერჩა ხელში. გვიან ღამით, მშობლებმა რომ დაიძინეს, თავხეზე თოკი ჩამოაბა.. ქეთინოს საფლავი საერთო საფლავებთან არ ამოათხრევინა სოფელმა, თავითსმკვლელიაო. ჩვენი ტრიუმფული ლაშქრობა იმის საფლავთან შეწყდა. რომ ვმარხავდით, სწორედ იმ დროს მოვარდა გალილეი და შორიდანვე დაგვიყვირა: _ სადა ხართ აქამდე, საქორწილო სუფრა მზად არის უკვე! _ ახლოს რომ მოვიდა და ჩვენს გამტკნარებულ სახეებს შეხედა, იკითხა: _ სად არის ქეთინო? _ ის არის, მიწას რომ აყრიან, _ აჩვენა შეთემ. _ რას შვრებით, თქვენი დედა ვატირე, ვის აყრით მიწას! _ დაიღრიალა გალილეიმ და გვეცა, რაც კი ხელში მოხვდა, არ გვარიდებდა. მერე რამდენიმე კაცმა ძალით წაათრია იქიდან. _ წაგასლეკთ თავებს! _ გვიყვიროდა გზიდან. ქეთინოს საფლავი შავ წერტილად დააჩნდა თოვლით გადათეთრებულ გუდამაყარს. ჩვენ უხოდ შემოვბრუნდით და ასევე მდუმარედ მივედით ჩოხში. ტყვე იმავე საღამოს გავათავისუფლეთ. მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა საზღვაო ნაწილის მოსახსნელად. იმის მერე აღარც გაზაფხულს დაუგვიანია დიდხანს. საზამთროდ წასულმა მეცხვარეებმა ცხვრის ფარები მორეკეს და ახმიანდა გუდამაყრის ხეობა. ბარში ჩასახლებული ხალხიც საზაფხულოდ მობრუნდა უკან. ავტორისაგან ბებიაჩემი, ვინც ეს ჩანწერები შემოინახა, შარშანწინ დავასაფლავეთ. უმეტესი ნაწილი «გუდამაყრელი მოლაშქრეებისა» დღესაც ცოცხალია, ხოლო რაც შეეხება გამიხარდას, თურმე ყოველდღე მთა წვერთ მოსდევდა ზურგზე გუდამოკიდებლი. გუდაში გუდამაყრელთა დარდები ეწყო და ხან რომელ მთის წვერზე აღამებდა, ხან რომელზე. ამბობდა, ღმერთებს სიმაღლეები უყვართ და შეიძლება რომელიმე მთის წვერზე დამხვდესო. შეენანათ მეცხვარეებს. ერთ მეცხვარეს მთლად თეთრი ტანსაცელი ჩააცვეს, მატყლის წვერი გაუკეთეს და ვითომ ღმერთი იყო, გამიხარდას დაუსვეს მაღალი მთის წვერზე. გამიხარდამ შორიდანვე დაინახა თეთრტანსაცმლიანი და მუხლისჩოქით მივიდა «ღმერთთან». _ დიდება შენდა, ღმერთო! _ უთქვამს მისვლისას. _ რამ შეგაწუხა? _ ჰკითხა «ღმერთმა»._ ღმერთო, აი ეს გუდა გუდამაყრელების დარდებითა მაქვს სავსე, გამიქარვე, აგრემც დაილოცები! _ გამიხარდამ გუდა მოიხსნა. _ ოო! _ ამოიოხრა მწყემსმა, _ ეს ძალიან ბევრია და მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ამოირჩიე მაგ დარდებიდან ერთი, რომელიც უფრო გულით გინდა, რომ გაგიქარვოთ და გაგიქარვებთ, მეტს კი ნუღარ მთხოვ. მაშინ გამიხარდას აი ეს დარდი ამოურჩევია გუდიდან: დარდი №1 _ გვარი და სახელი. _ გიორგი ბექაური. _ რა გადარდებს? _ ამბობენ რომ ომი იწყება. კრეფენ სამხედრო ძალებსა. დაჰბუგავენ დედამიწასა. ჩამოაგდებენ მთვარესა. მწყემსს ეს დარდი წაეკითხნა, გამიხარდასთვის მხარზე ხელი დაედო და ეთქვა: ამ დარდს აუცილებლად გაგიქარვებთო. დანარჩენი დარდები ისევ უკან წამოეღო გამიხარდას და იმის მერე გალაღებული დადიოდა თურმე _ რაკი დარდს გაგიქარვებს ღმერთი, ჯანდაბას დანარჩენი დარდები, დარჩეს ისევ ჩვენთანაო. მოლაშქრეთა მწერლის რვეულში, გარედან «ადამიანთა სევდა» რომ აწერია, არის ერთი მოთხრობა, რომელსაც ლაშქრობასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს, უფრო გვინ უნდა იყოს დაწერილი. მომეწონა ეს მოთხრობა და სრული სახით მომაქვს აქ. სიკვდილთან ღრეობა (მოთხრობა მწერლის რვეულიდან) გუდამაყარში, სოფელ ჩოხის აღმოსავლეთით, დგას მთა, რომელსაც აქაურები ელიას მთას ეძახიან. ხალხის წარმოდგენით, მთის წვერზე ღვთის საბრძანისია და აშენებული აქვს ნიშნი. მთის შუა ფერდზე სამანია დაცემული. სამანს ზემოთ ღვის ადგილია, საამანს ქვემოთ კიდევ, _ ეშმაკებისა, რომელიც ღრმა ხევში იკარგება. ყოველ წელიწადს ციკანსა კლავენ ნიშთან, დასტურები მთის წვეროდან თავმოჭრილ ციკანს გადმოისვრიან ქვემოთ. ხალხი ცდილობს, სამანს ზემოთ, ღვთის კუთვნილ ადგილზე დაიჭირონ მთიდან დაგორებული თიკანი და თუ ეს შეძლეს, ხარშავენ ხორცს და თითო წილს აჭმევენ ყველას. თუ ციკანი სამანს გადაუცდათ, მაშინ იგი «ეშმაკების წილია», თავს ანებებენ და დაღონებულები მიდიან შინ. გათენდა. გუდამაყრის ხეობაში პირველი მზის სხივი ჩამოდგა, არაგვის ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას მთის ფერდს აღმა აუყვა, მეორე ნახევარი კი ისევ ხეობაში დარჩა, არაგვს გადაეფარა, ჩაიწეწა, ჩაიწეწა და ჩაქრა. მზემ გაანათა გუდამაყრის ხეობა. ჩოხის წინდა გიორგის სალოცავში დილიდანვე იწყო ხალხმა მოდენა. ამოვიდა ბიბღაი, ხმელ ხმელი ყბებმოგრეხილი დეკანოზი. ამოვიდა ომარათ სანდურაი, ამოვიდა შუღლიანთ ზორაი, იმათ მოჰყვნენ ქორაი, გამიხარდაი, ბიბღაი, შეთე, ბასაი, მწარიაი, ჭიჭყაი, ჯღუნტაი, ტატაი, მერე და მერე კი განუწყვეტლად იწყეს ჩოხლებმა მოსვლა. მოვიდოდნენ გორზე, მოიყრიდნენ და ამის შემდეგ საჯაროში სხდებოდნენ. ქალები კი ხატის ქვემოთ, სამანთან ჩერდებოდნენ, იქ ილოცებოდნენ და სხვა ქალებს უერთდებოდნენ. თემის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ ხატის გორაზე ფეხის დადგმა, იქ მხოლოდ კაცები მიდიან და ისიც მარტო დღეობის დღეს, უდღეო დღეს ისინიც ერიდებიან ხატის მოედანის შელახვას. ამოვიდა ბერი, დაილოცა, მიწას სამჯერ ემთხვია და ხალხთან მივიდა. _ წყალობათ ხატისა! _ თქვა ბერმა. _ შენიმც მწყალობელია, _ უპასუხა ხალხმა. ჯღუნამ ლუდიანი თასი მიაწოდა ბერს. ბერმა თასი ჩამოართვა, დაილოცა და დალია. _ ბერო, წელს ხომ იცი, შენ უნდა დაკლა ციკანი, შენი რიგია, _ უთხრა ბიბღამ. _ ვიცი, _ მიუგო ბერმა, _ ბალღი გავგზავნე მთაში ჩამოსაყვანად. _ ნუ დაიგვინებთ, _ თქვა ბიბღამ და წამოდგა. ყველანი მას მიაჩერდნენ. ამ მოხუცს ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, ძნელად მოსწყვეტდა კაცი თვალს. მაღალი იყო, ხმელი, მარტო ყბები ჰქონდა როგორღაც მრუდედ მოგრეხილი და ეს უფრო ამკვეთრებდა მის ისედაც მკაცრ გამომეტყველებას. სოფლის ზემოთ პატარა ბიჭი გამოჩნდა. მხრებზე თეთრი ციკანი მოეგდო. მოვიდა და ბერის ახლოს დადგა. ციკანმა თმა აულოკა დაღლილ ბიჭს, მერე ხალხს მოავლო თვალები და დაიკიკინა. _ აბა, მოვკრიბოთ სანთლები. ნუღა დავყოვნდებით! _ უხმო დასტურებს დეკანოზმა. დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და სამ-სამი სანთელი გამოართვეს: _ სწყალობდეს ბერსა! _ სწყალობდეს ჯღუნასა! _ სწყალობდეს მარტიასა! _ სწყალობდეს ქორასა! _ გაიძახოდნენ დასტურები ხმამაღლა და სანთლებს ჰკრეფდნენ. _ აბა, წავედით! _ თქვა ბიბღამ, წვრილი ზარებით მორთული დროშა მხარზე გაიდო და ხალხს ელიას მთისკენ წაუძღვა. მარტო დედაკაცები დარჩნენ თავის ადგილზე. ფეხზე წამოდგნენ და ისე გაჰყურებდნენ მთის ფერდზე მიმავალ ხალხს, რომელთაც სულ წინ მხრებზე ციკანმოკიდებული თორმეტიოდე წლის ბიჭი მიუძღვებოდა, იმას უკან დეკანოზი მოსდევდა ზარ-ბაურაყის ჟღრიალით, ხოლო მოშორებით დასტურები და სხვა ჩოხლები მიჰყვებოდნენ. დეკანოზმა ბიჭს უბრძანა, დაწინაურებულიყო და მთის წვერზე მიეყვანა ციკანი. ბიჭი სწრაფად წავიდა. დეკანოზმა სამანს ზემოთ დაამწკრივა ხალხი და თვითონაც მთის წვერისაკენ აუყვა აღმართს. ბიჭი დეკანოზის მოსვლას ელოდებოდა ნიშთან, ციკანი წინა ფეხით ეჭირა და ეალერსებოდა. თოვლივით თეთრი იყო პატარა ციკანი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ბიჭს ლოყაზე ენით ლოკავდა და თითქოს ელაპარაკებოდა, რაღაცას კიკინებდა. დეკანოზი თანდათან ახლოვდებოდა. ელიას მთის წვერზე, ნიშანთან უამრავი ციკნის თავი ეყარა. ზოგი დროთასვლას უკვე ნაფშვენებად ექცია. ზოგს კი ჯერ ისევ შერჩენოდა თავის ფორმა. წესი იყო, მოჭრილი თავების აქ დატოვება და, რადგან მაღალი მთა იყო, ეტყობა, ნადირიც ერიდებოდა აქ მოსვლას, მარტო ყვავ ყორნები თუ ჩამოსხდებოდნენ ხანდახან, ისინი აქვე ჭამდნენ ლეშს, და ძვლებსაც აქვე სტოვებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენი ძვალი დაგროვილიყო, შემოქმედს რომ ხელახლა მოენდომებინა იმ ციკნის თავებისათვის სულის ჩაბერვა და იმ თავებს რომ ერთად შეებღავლათ ცისათვის, ალბათ ცა გაიხეოდა ცოდვით. დღეს კიდევ ერთი თავი უნდა შემატებოდა ამ გამოხრულ ძვლებს. დეკანოზი მთაზე ავიდა, დაიჩოქა და ისევ სამჯერ ემთხვია მიწას. მერე წამოდგა, ქვემოთ რომ შეაგროვეს დასტურებმა, ის სანთლები აანთო და კარგა ხანს ილოცებოდა. ეხვეწებოდა ელიას, შენმა ძალამ კარგად ამყოფოს ჩოხლების გვარი, სეტყვა და ქარიშხალი აარიდოს, ქვის საგორავი აშოროს, წარღვნას ნუ მოუვლენსო.. ბიჭი იდგა, ცალი ხელით ციკანი ეჭირა და წელში ოდნავ მოხრილი უსმენდა. ბიბღამ ლოცვა დაასრულა, სანთლები შემურულ ნიშის ქვებზე მიაკრა და ხანჯალი ამოსწია. ბიჭმა ციკანი წამოაქცია, ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და მერე, როცა დეკანოზმა ციკანს თავი გადაუწია, რომ ხანჯალი მარჯვედ გადაესვა, ბიჭმა განზე გაიხედა. ახლა ის მარტო მოპირდაპირე მთის წვერს ხედავდა და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ჭრიდა დეკანოზი თავს თიკანს. მერე თავმოჭრილი ციკანი აფართხალდა და ბიჭმა ხელები გაუშვა. დეკანოზმა ციკნის თავი ნიშზე ჩამოაგო, მერე თავმოჭრილი სხეული აიღო, ქვემოთ, ხალხისაკენ გადაისროლა და ხმამაღლა დაიძახა: _ ელიასა და ზაქარიას გაუმარჯოს! _ გაუმარჯოს! _ დაიძახა ხალხმა ქვემოდან და ციკნის დასაჭერად აღმა გამოიქცნენ, ეშინოდათ, სამანს არ გადაგვიცდეს, თორემ ვეღარ ვჭამთო. მართლა მალევე დაიჭირეს და დეკანოზს დაელოდნენ. _ წავიდეთ, _ უთხრა ბიბღამ ბიჭს, რომელიც გაშტერებული უყურებდა ნიშზე ჩამოგდებულ ციკნის თავს. თავი თვალებს ახამხამებდა. _ წავიდეთ, რაღას უყურებ! _ გაუმეორა ბიბღამ. _ არ კვდება, _ თქვა ბიჭმა. _ მოკვდება, მა რას იზამს! _ ბიბღამ დროშა მხარზე გაიდო და ქვემოთ დაეშვა. ბიჭი უკან გაჰყვა, მერე შედგა და ყური მიუგდო. _ გაიგონე? _ იკითხა ბიჭმა. _ რა? _ თიკანმა დაიკიკინა. _ მოგეჩვენა ალბათ, _ თქვა დეკანოზმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ისევ მოისმა ციკნის ხმა. შემობრუნდნენ და მოჭრილ თავს დააშტერდნენ. თავს წვეთ წვეთ ჩამოსდიოდა სისხლი. ისევე გაშტერებული თვალებით უყურებდა ბიჭსა და დეკნოზს, დროდადრო თვალებს აახამხამებდა და უწყლობით ენას ჰაერში ალივლივებდა. ქვებზე მიკრულ სანთლებს ტკრციალი გაჰქონდა, ზედ სისხლის წვეთები ეცემოდა და შიშხინებდა. აქა იქ მიმოყრილი ძვლები სისხლით იყო გათხუპნული. ციკნის თავი ისევ მიშტერებოდა ბიჭსა და დეკანოზს. _ რატომ არა კვდება? _ იკითხა ბიჭმა. _ ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს, მიუგო დეკანოზმა. _ რო არ მოაკითხოს? _ ეგ არ შეიძლება.. _ რატომ? _ ეგეთია წესი. _ სიკვდილისა და სიცოცხლის წესი, _ აუხსნა დეკანოზმა, მერე პირჯვარი გადაიწერა და შებრუნდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ შეხედა ციკნის თავს, რომელიც ჰაერშივე ალივლივებდა უწყლო ენას და დეკანოზს წაჰყვა. თვალებში შიში ედგა. ხალხთან რომ ჩამოვიდნენ, ელდა ეცათ, ციკანი ისევ ფართხალებდა. _ არა კვდება, _ თქვა ბერმა. დეკანოზმა ხმა არ ამოიღო, ხალხს წინ გაუძღვა და ხატის გორზე გავიდა. ხალხი დიდხანს ელოდა ციკანის სიკვდილს, მაგრამ ის მაინც ფართხალებდა, მანამ უკანასკნელი სისხლის წვეთი ედგა ძარღვებში, მერე ჩაწყნარდა და ოდნავღა ფეთქავდა. _ მოკვდა, _ თქვა ბერმა და გაატყავა. ხალხი საფიხვნოში დაჯარდა და დაიწყო სმა, ბერმა ცეცხლზე შემოდგა ციკნის ხორცი. ჯღუნამ ქალებს ჩაუტანა ლუდი. იმათ გარმონი დაუკრეს და ხატის გორს სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა მუსიკამ. გამხიარულდნენ ჩოხლები. გააჩაღეს ცეკვა. უცებ მუსიკა შეწყდა, მეგარმონე გოგომ პირველმა დაინახა მათკენ მომავალი საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცი. ყველამ იქით მიიხედა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს დამუნჯდნენო. მოდიოდა ყმაწვილი კაცი ხატის გორისკენ, ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერი სამოსელი ეცვა მსუბუქად, ქერა კულულები მხრებზე ეყარა, მივიდა, გორზე მუხლი მოიყარა, მიწას სამჯერ აკოცა, ადგა, ხალხთან მივიდა და თქვა: _ წყალობაი ხატისა! _ შენიმც მწყალობელია, _ ამოღერღეს აქეთ იქიდან უცნობის სილამაზით დატყვევებულებმა. _ მიმიღებთ? _ იკითხა მოსულმა და რომ გაიღიმა, ისეთი სიკეთით გაუნათდა სახე, ყველას ღიმილი მოეფინა. _ მიგიღებთ, რატომ არა, სტუმარი ღვთისაა, _ დაიძახეს გაბედულად და საუფროსოსკენ მიიპატიჟეს. _ აქეთ, აქეთ! მიიყვანეს და დეკანოზის გვერდით დასვეს. ჯღუნამ თასით ლუდი მოართვა. სტუმარმა თასი ჩამოართვა და დაილოცა: _ გაგიმარჯოთ ჩოხლებო, კარგად იყვენით, სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა. _ ეგრევე შენ, _ დაიძახეს აქეთ იქითიდან. იმან დიდი სიამოვნებით მოიყუდა თასი და რომ გამოცალა, ისევ გაიღიმა. სანამ ხორცს მოვიტანდეთ, პურაი შაჭამე. _ ქადის კვერი მიაწოდა დეკანოზმა. _ გმადლობთ, _ ისევ თავაზიანად თქვა უცნობმა. ხალხი დააბნია ამ თავაზიანობამ. მერე ბერმა მოხარშული ხორცი მოიტანა ხონჩით და სუფრაზე ჩამოდგა. ცხელი ოხშივარი ასდიოდა ხორცს. _ აბა, დაგვილიე სტუმარო! _ ყანწით არაყი გაუწოდა ჯღუნამ.. იმან გამოართვა, დაილოცა და ყანწი ისევ უკან გაუწოდა. _ დალიე! _ არა ვარ მიჩვეული, ვერ დავლევ. _ როგორ, კაცი არა ხარ, ერთ ყანწს როგორ ვერ დალევ, გაცნობისა, შამოსწრებისა. სტუმარმა ყანწი მოიყუდა და სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა დალევა. _ ხორცი აიღე, _ უთხრა ბერმა. _ არა, ხორცს არა ვჭამ, _ იუარა და ისევ ქადას დაეწოდა. აქ მყოფთ ეს განცხადება გაუკვირდათ. ისინი ისე გულიანად ილუკმებოდნენ ციკნის ხორცს, რომ ვერ წარმოედგინათ, რატომ ამბობდა სტუმარი ასეთ სიამოვნებაზე უარს. გაჩაღდა სმა-ჭამა. ყანწებს-ყანწებზე სცლიდნენ ჩოხლები და არაყსა და ლუდს თანდათან თავისი გაჰქონდა. სტუმარსაც აძალებდნენ, მაგრამ ის სმას ერიდებოდა. ქვემოთ მყოფ ქალებს ისე მოეწონათ სტუმარი, სულ გადაავიწყდათ, სამანს ქვემოთ რომ უნდა ყოფილიყვნენ. ახლოს მივიდნენ, რომ უფრო კარგად დაეკვლიათ მოსულის სილამაზე. ეს შეამჩნია დეკანოზმა, წამოდგა, ბაურაყი შეაჟღრიალა და ამით ქალებს ანიშნა, ქვემოთ ჩამოსულიყვნენ. იმათ ჩუმი ჩურჩულით ჩაიწიეს სამანს ქვემოთ და ცეკვა გააჩაღეს. კაცები უკვე კარგა იყვნენ მთვრალები. მღეროდნენ. ახლა უფრო დააძალეს სტუმარს არაყი, მაგრამ იმან მეტი აღარ დალია, მარტო დაილოცა და ყანწი ისევ ჯღუნას გაუწოდა. _ მე შენი საქციელი არ მამწონს, _ უთხრა ჯღუნამ და საჩხუბრად აიფხორა. _ ჯღუნავ! _ დაუძახა ბერმა. _ რა გინდა? _ სცდები, ჯღუნავ! _ თქვა ბერმა და სტუმარსა და ჯღუნას შუაში ჩაუდგა. _ მე ჩემი მითქვია და ვიტყვი კიდეც, ყანწი თუ გამოართვი, კიდეც უნდა დალიო, _ გაიძახოდა ჯღუნაი. ქალები ქვემოთ ცეკვავდნენ. _ ჩამოდით! ჩამოდით! _ შემოსძახოდნენ ახალგაზრდებს. _ შენ არ გეწყინოს, ჯღუნამ ყველასთან ეგეთი ახირება იცის, _ ეუბნებოდა ბერი სტუმარს. _ არა, რატო უნდა მეწყინოს. _ თქვა სტუმარმა. ამასობაში იმ დრომ მოაწია, როცა, ჩვეულებისამებრ, ჩოხლებს ერთმანეთი ძალაში უნდ გამოეცადნათ. ხატის წინ, სწორ მოედანზე ლუდით სავსე კოდი დადგეს და ახალგაზრდები გარშემო შემოეხვივნენ. იმათ შორის რამდენიმემ კოდს ხელები ჩაავლო. _ რას აპირებენ? _ იკითხა სტუმარმა. _ ძალას სცდიან, ვინც ძლიერია, ის გადასწევს ამ კოდს. _ შეიძლება მეც ვცადო? _ შეიძლება, მიდი, _ მიუგო ბერმა და სტუმარი კოდთან მიიყვანა. ამ ამბავმა ისედაც ცნობისმოყვარე ჩოხლებს გული აუჩქროლა და გარს შემოეხვივნენ კოდის გარშემო შემოწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც თავ თავისკენ ცდილობდნენ კოდის გადაწევას. დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი, სტუმარმა კოდი ისე მძლავრად გადასწია, ახალგაზრდებიც თან გადაიყოლა. ქალებში ჩურჩული ატყდა. ჯღუნაი ისევ საჩხუბრად აიფხორა, მაგრამ დააწყნარეს და სტუმრის საკარგყმო ჩამოატარეს. წესის მიხედვით, იმ კოდში მდგარი ლუდით გამარჯვებულის სადღეგრძელო ისმებოდა ხოლმე. ჯერ დეკანოზმა აიღო თასი და მანამ ლოცვას დაიწყებდა მოკრძალებით თქვა: _ არ გვიწყინოთ კია, სტუმარს რომ სახელს გეკითხებით, მაგრამ წესია, სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას: _ სიკვდილი, _ უპასუხა სტუმარმა. _ რაო?! _ სიკვდილი მქვია. ხალხი უცებ გაისუსა. დეკანოზს კინაღამ თასი გაუვარდა ხელიდან. _ მართლა?! _ ჰო, მართლა, _ თქვა სიკვდილმა და ისევ ისე გაიღიმა. ხალხსაც გაეღიმა იმის სახის დანახვაზე. _ ტყუის, _ გადაიხარხარა ვიღაცამ. _ არა, არ ვტყუი, სიკვდილი ვარ. _ მერე აქ რა გინდა?! _ როგორ თუ რა მინდა, რომ არ მინდოდეს, ხომ არც მოვიდოდი. _ თუ ძმა ხარ, ნუ გვაგიჟებ, თქვი, ვინა ხარ?! _ მე ვარ სიკვდილი, თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრა და იმიტომ მოვედი, მილიონი წლების განმავლობაში ერთი დღე შემიძლია ადამიანთან ყოფნა და სწორედ ახლა დამიდგა ეს დღე. _ თფუი ეშმაკს,თფუი ეშმაკს! _ აყაყანდა ხალხი. _ მოიცა, მომისმინეთ, არ გაინტერესებთ? _ თქვა სიკვდილმა. ხალხი გაჩუმდა. _ დღეს მზის ჩასვლამდე მაქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცი, რატომ მოვედი? ძალიან მენატრებით ხოლმე. _ ვიცით, ვიცით! _ თქვა ჯღუნამ. _ ჯღუნავ, რამდენიც არ უნდა იბრაზო, მაინც არ აგყვები, ერთი დღე მაქვს ადამიანურად ყონის ნება და, რა ძალა მადგას, შენთან ვიჩხუბო. _ ნუ იტყუები! _ გაბრაზდა ჯღუნაი. _ რას ვიტყუები. _ სიკვდილი არა, ისა ხარ, აი, კირაკოზაი, ლაწირაკი ხარ, ვიღაცა ხარ. _ რატომ არა გჯერა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მე კიდეც გამეხარდება. დღეს ისეთი დღეა, ქვეყანაზე არცრა სულიერი არ მოკვდება. _ მაშ ეს ციკანი? _ თქვა ჯღუნამ და გამოხრული ძვალი თვალწინ დაუტრიალა სიკვდილს. _ ეგ არ მომკვდარა. _ როგორ, ეხლა არ შავჭამეთ? ვერ დაინახე? შენ არა თქვი, ხორცს არა ვჭამო? _ ჰო, მე ვთქვი.. _ მერე?! _ მერე ის, რომ არც ეგ თიკანი მომკვდარა. _ რას მიჰქარავს ეს კაცი! _ არ შეიძლებოდა, რომ მომკვდარიყო იმიტომ, რომ დღეს მე ადამიანად მაქცია ღმერთმა და მზის ჩასვლამდე ასე იქნება, ჩემი მოკვლა შეიძლება მარტო, სხვა დანარჩენი არავის და არარისა. ეს ციკანი კიდევ ცოცხალია და აგერ თავი მოდის ძვლებთან.. ხალხმა იქით მიიხედა. გორდაგორ თავი მოგორავდა, სამანთან გაჩერდა და ხალხს მიაშტერდა, გამშრალი ენა გაალივლივა და დაიკიკინა. იმავე წუთს გადაგორდა და თან გაიყოლა ყველა ძვალი, რომელიც კი მას ეკუთვნოდა. კარჩხაზე ჩამოკიდებული ტყავიც თან გაჰყვა.. ხალხს შიშისაგან კანკალი მოერია, და ენას ვეღარავინ ძრავდა. _ რა გაშინებთ, ხალხო. თქვენთან სამხიარულოდ მოვედი, თქვენ კი.. მოდით, დასხედით, დავლიოთ ჩემი საკარგყმო, _ ხალხი დაეთანხმა და ჩამოარიგეს თასი. _ სიკვდილს გაუმარჯოს! _ თქვა დეკანოზმა. _ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს! გამხიარულდა სიკვდილი, ყანწს ყანწზე სცლიდა და მღეროდა. ხალხი ისევ მიეჩვია. ბერს ისე შეუყვარდა, გვერდიდან აღარ სცილდებოდა, მერე ძმად გაეფიცა: არყიან თასში ვერცხლი ჩათალეს და ისე დალიეს. _ ამის შემდეგ ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს, _ უთხრა ბერმა სიკვდილს და ჯღუნას გადახედა. ქვემოთ ისევ ცეკვავდნენ ქალები. სიკვდილი ადგა და საცეკვაოდ ჩავიდა. ქალები ერთმანეთს აღარ აცლიდნენ მასთან ცეკვას. დიდებათიდან ერთი შავოსანი ქალი ამოვიდა. ჯოხზე დაეყრდნო, სიკვდილს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა: _ რატომ მოკალი ჩემი ქეთინო? _ დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამიმწარებ?! _ მე რომ ჩამიმწარეს ცხოვრება?! _ განა შემეძლო, არ მომეკლა?! _ არ შეგეძლო? _ სიბერემდე მაინც დაგეცადებინა. _ სიბერემდე? _ ჰო, სიბერემდე. _ არ შეიძლებოდა. _ რატომ? _ არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ აგიხსნი. _ მაშ როდის? _ მერე.. _ არ შაგენანა? _ იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ.. თუმცა რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს. _ მერე სად მიგყავართ ხოლმე, შვილო, ჰა? _ მაგის თქმა არ შემიძლია, დედი. _ დედა გყავს, შვილო? _ არა. _ ობოლი ხარ? _ ჰო, ობოლი ვარ. _ მაინც რატომ გვკლავ, ჰა? _ იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის. _ ეს რა სიკეთეა, შვილო? _ აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით? _ რატომაც არა.. _ არ შაგწყინდებათ? _ რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი. _ ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება. _ ეგ ბოროტება არის, შვილო. _ მაგრამ, წესია. _ ქრისტეს რაღას ერჩოდი? _ ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა. თქვენ ეს დიდი ბოროტება გგონიათ. იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას, რაც უნდა მოხდეს, და ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია.. აუცილებლობა კი სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას.. მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ სიკვდილი. იცით, თუ გინდათ ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული.. დრო მიდის, მოდი, ვიცეკვოთ, დაუკარით! გოგოებმა გარმონი დაუკრეს და მერე ცეკვა გააჩაღეს, თვითონ დედამიწაც კი აცეკვდა. ხატის გორზე რამდენიმე კაცი საიდუმლოდ ჩურჩულებდა. ცეკვავდა სიკვდილი. დროდადრო მზეს გახედავდა და გული წყდებოდა. რომ ჩასვლამდე დიდი მანძილი აღარ ჰქონდა მზეს. ბერი გვერდიდან არ შორდებოდა ძმადნაფიცს. პატარა ბალღები ჟივილ ხივილით გარს უვლიდნენ. გულიანად იცინოდა სიკვდილი, სახეზე სიკეთე გადასდიოდა. მერე ყველა ცეკვავდა, დიდი და პატარა. რატომღაც ისეთ სიყვარულს გრძნობდნენ სტუმრის მიმართ, ყველა მზესღა შეჰყურებდა სინანულით. მარტო რამდენიმე კაცი ჩურჩულებდა საიდუმლოდ. იმათ შორის იყო ჯღუნაიც. მერე იმათაც ცეკვა დაიწყეს და თანდათან სიკვდილს მიუახლოვდნენ. უცებ ჯღუნამ ხანჯალი იშიშვლა და გულში ჩასცა ხელებგაწვდილ სიკვდილს, რომელიც მაშინვე მოწყვეტით დაეშვა ძირს. უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი. ჯღუნაი ხატის გორზე გარბოდა აღმა, ელიას მთისკენ. ჯღუნაი უხმოდ დაჰყურებდა მომაკვდავს, რომელიც ისე კეთილად უღიმოდა მათ, ძალაუნებურად ყველას გაეღიმა. მერე იმან ხელი ხელზე მოუჭირა აცრემლებულ ბერს, თვალები დახუჭა და ფეთქვა შეწყვიტა. იმწუთში ყველა იქ მყოფი დიდმა სინანულმა შეიპყრო. ტიროდნენ პატარა ბალღები, ტიროდა ბერი. იმ შავოსანმა დედაბერმა ხმით დაიტირა: _ ჩვენთან რა გინდოდა, ჩემო შვილო, ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ, აგრემც შენ სიყმეს შემოვევლე მიწაში როგორღა მოისვენებ. შავად ჩაგეშლება ასოობა. თვალებს გველები წაგიღებენ, ნუღარ მოიგონებ აქაობას, აქ შენნაირებს არ იხდენენ. არა, ჩემო შვილო, არ გვიწყინო, წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე.. ხალხი ისე დაღონდა, აღარ შეეძლო ამ სურათის ყურება. საჩქაროდ გათხარეს მიწა და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი. მერე ზემოდანაც ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას.. მზე ნება-ნება ჩაესვენა მთებს იქით და გუდამაყრის ხეობას სიბნელე ჩამოებურა. მეორე დილით კი, მე თვითონვე ვიყავ იმის მოწმე, როგორ ამოვიდა მზე. ოღონდ იქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა, აიწია, და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე. ისევ ავტორისაგან გუდამაყრელ მოლაშქრეთა ფილოსოფიის რვეულში ვნახე ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც მარტო ორი კითხვა და ორი პასუხი წერია, არც გვარია, არც სახელი, არც იმ სოფლის დასახელება, სადაც ეს არის ჩაწერილი, შუაში ვერსად ჩავსვი და ისევ ბოლოსთვის შემოვინახე: _ რა არის სიცოცხლე? _ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. _ სიკვდილი? _ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი