ანგელოზთღამეობა


_ გაიღვიძე შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! _ სიზმარში გამომეცხადა დედაჩემი და თანაც ეს სიტყვები ისე ცხადად ჩამძახა, რომ გავიღვიძე, დედაჩემს დავუწყე ოთახში ძებნა. საწოლ ოთახში რომ ვერ ვნახე, ლოგინიდან წამოვხტი და მთელი სახლი მოვათვალიერე. ჩვენება ისეთი ცხადი იყო, რომ გაღვიძებულს დამავიწყდა, რომ დედაჩემი ცოცხალი აღარ იყო და უკვე ათი წელია, რაც სააქაოდან საიქიოში გაემგზავრა მისი სული.
ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ დამემოწმებიან, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ
სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.
სწორედ იმედითა და ხალისით სავსემ გავიღვიძე იმ დილით, დედაჩემი რომ დამესიზმრა და როცა გახარებულს უცებ გამახსენდა, რომ დედა ცოცხალი აღარა მყავს და ტყუილად ვეძებ აქეთ-იქით, რატომღაც მაინც არ ჩამიქრა იმ სიხარულის განცდა, სიზმარში რომ დამეწყო და ცხადში გადმომყვა: გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! _ ჩემდაუნებურად ვიმეორებდი გულში და ყურებში ისევ ცხადად მესმოდა დედაჩემის ხმა.
მიხაროდა. აღგზნებული ვიყავი სიხარულით. თითქოს რაღაც დიდხანს შეგუბებული გამეხსნა სულში და ეს რაღაც იყო გულში დაგუბებული დარდი, რომელსაც ათი წელია დავატარებდი და ვერავისთვის ვერ მეთქვა. ათი წელიწადია, რაც დედაჩემი ამ სოფლიდან წავიდა და წავიდა ისე, რომ ორმოცი დღის განმავლობაში, საავადმყოფოს ვიწრო პალატაში თვალებით მელაპარაკებოდა რაღაცას, დამბლადაცემულს პირიდან ხმა არ ამოსდიოდა და მეტყველება არ შეეძლო.
ვის არ უყვარს დედა და ვინ არ ნატრობს ავადმყოფობის ჟამს მის გამოჯანმრთელებას და, რაღა თქმა უნდა, მეც ვევედრებოდი ღმერთს დედაჩემის გადარჩენას, მაგრამ როცა ის თვალებით მელაპარაკებოდა, რაღაც ისეთს ვგრძნობდი, რისი გაფიქრებაც კი ცოდვად მიმაჩნია და დღესაც ცოდვად მომყვება: "ვაითუ ისე გადარჩეს დედაჩემი, რომ მეტყველება აღარ დაუბრუნდეს!" _ გამიელვებდა თავში ეს ცოდვიანი აზრი და შიშით ვკანკალებდი, ვეღარ ვუყურებდი დედაჩემს, რატომღაც მეგონა, რომ იგი ჩემს ფიქრს კითხულობდა და თვალებით სწორედ ამას მეუბნებოდა: "ნუ გეშინია, შვილო, თუ ჩემი სიცოცხლით ვინმეს შევაწუხებ, წავალ ამ ქვეყნიდან" _ და აასრულა კიდევაც ეს; რომ შეატყო, რომ ექიმები ვეღარაფერს შველოდნენ და მეტყველებაც არ უბრუნდებოდა, ჭამა აკრძალა.
ილეოდა დედაჩემი და მელეოდა გული. ნეტავი რამ მათქმევინა მისთვის: _ დედი, ნუ დადიხარ სათიბად მთაში, გაყიდე ეს საქონელი, თორემ იცოდე, კიდევ თუ დაგარტყა წნევამ, აღარ მოგივლი და აღარც დაგელაპარაკები! _ ეს სიტყვები ვითომ შესაშინებლად ვუთხარი მაშინ, რომ თავი გაენებებინა იმ აუტანელი ჯაფისათვის, რასაც დედაჩემი ეწეოდა ყოველდღე. მე ქალაქში ვიყავი გადმოხვეწილი და ცოტა ხნით თუ მივეშველებოდი სათიბზე, დანარჩენი სახლის საქმე დედაჩემის მხრებზე გადადიოდა. გუდამაყრის ხეობაში ზამთარი რვა თვეს გრძელდება და ოცი ძროხის სამყოფ საზამთრო თივას ციცაბო მთებში ამზადებდა დედაჩემი.
_ რად გინდა მაგდენი ძროხები, ერთ-ორი არ გეყოფა?! _ ვებუზღუნებოდი ალბათ უფრო იმიტომ, რომ თავი გამემართლებინა, რაკი სათიბში ვერ ვეხმარებოდი.
_ რას ამბობ, შვილო, ხალხი დამცინებს ორ ძროხას რომ ავყვე-ჩავყვე, სირცხვილია, ცოცხალმა ადამიანმა უმაქნისობით როგორღა უნდა დავამძიმო დედამიწა?!
_ ორი ძროხა არ გეყოფა, თუ ჩემი იმედი არა გაქვს, რომ მშიერს არ დაგტოვებ?
_ მე როგორ არ მეყოფა, მაგრამ შვილიშვილებს სოფლის სახსარს ხო არ გავუწყვეტ!
_ ჰოდა, წამო შვილიშვილებთან!
_ ქალაქში რო ვერა ვძლებ ეს ჯანმკვდარი! _ ამოიოხრა დედაჩემმა და ისე შეხედა მთებს, თითქოს დააიმედა: ნუ გეშინიათ, თქვენ არ შეგელევით, თქვენთან ერთი დღის სიცოცხლე ერთ საუკუნედ მიღირსო.
დედაჩემი ბუნების შვილი იყო და მართლა არ შეეძლო მთების გარეშე სიცოცხლე. ყველაფერს ელაპარაკებოდა: ხეს, ქვას, ყვავილებს, ფრინველებს. ისინიც თავისებურად რაღაცას ატყობინებდნენ, მოსალოდნელი ამბის ნიშანს აძლევდნენ. ერთი ყვავი ჰყავდა მაცნედ. როცა მე უნდა ჩავსულიყავი სოფელში, მიფრინდებოდა ის ყვავი ჩვენს სახლთან და ჩხავილით ატყობინებდა დედაჩემს სასიხარულო ამბავს. ერთ დილითაც ასე უმცნია ყვავს და დედაჩემი საქმეზე აღარ წასულა, რაკი ყვავმა ამცნო ჩემი ჩასვლის ამბავი. რომ დავიგვიანე და არ მივედი, ნაწყენი ხმით გაჰბრაზებია ყვავს დედაჩემი:
_ კარგი, კარგი, გაჩუმდი, ხო ხედავ, არ ჩამოვიდა, შენც ტყუილები დაგისწავლია.
_ ვის ელაპარაკები, ლელავ?! _ გამოლაპარაკებია მეზობელი.
_ ყვავს.
_ როგორ თუ ყვავს?!
_ დილას აქეთია მეუბნება, შენი შვილი მოდისო და მეც საქმეზე აღარ წაველ ამის ტყუილების შემყურე.
_ ვაი, ჩემ თოლებსა! _ იმწუთას სხვა მეზობლებში გაქცეულა შეშინებული მეზობელი, მგონი ლელაი გაგიჟდა, ყვავს ელაპარაკებაო და მეზობლებიც ჩემს სახლთან მოგროვილან. ამასობაში მეც მივედი, ყვავმაც ფრთები აიქნია და ყრანტა-ლით გაფრინდა: ანდე თუ არ მოვიდა, არაფერს რო ამ სოფელში არ მიჯერებთო, _ დედაჩემმაც გაიხარა, რადგან დიდი ხანი არ ვენახე და ამ ამბის შემყურე მეზობლები კი კინაღამ გამიგიჟდნენ.
მე, ჩოხიდან ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე, ერთი მკერდმოყუდებული კლდის ძირში გამაჩინა დედაჩემმა და ახლაც მახსოვს, ბავშვობაში როგორ მეშინოდა ხოლმე იმ კლდისძირს გავლა. კლდე რაკი გადმოხრილი იყო, ასე მეგონა ეს-ესაა, წამოიქცევა და დამეცემა-მეთქი. იქვე, კლდის ძირში ამოდიოდა დაწყევლილი წყარო, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დღეს ამოედინებოდა და ერთსა და იმავე დღეს დაწყ-დებოდა. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილას უცხოვრია მკურნალ მოძღვარს, რომელმაც შეიკედლა და მოარჩინა ახალგაზრდა მოხევე ქალი, რომელიც საყვარელმა იმ წყაროსთან მოკლა, ამ ამბავზე კი შემდეგ ალექსანდრე ყაზბეგმა "მოძღვარი" დაწერა, მეორე ლეგენდის მიხედვით კი ახალგაზრდა ბიჭი დასალევად დასწაფებია წყაროს და სწორედ იმ დროს დაუკრიათ თოფი მოსისხლეებს. ძმის სიკვდილით გამწარებულ დას კი ეს წყარო დაუწყევლია, რადგან მისი მიზეზით მოუკლეს ძმა. ეს საიდუმლოებით მოცული წყარო, წამოსაქცევად გამზადებული კლდე და დედაჩემის
მონაყოლი: ამ კლდის ქვეშ გაგაჩინეო, ჯერ მაშინებდა, მერე კი იდუმალი გულისძაფებით გამომიბა და ბოლოს ისე მივეჩვიე, სამალავი გავიკეთე იმ კლდეში. ეგ კი არ ვიცი ვის ვემალებოდი. უშიშრად ავცოცდებოდი შუა კლდემდე და იქ მქონდა ჩემი ციხესიმაგრე, რომელიც ერთ პატარა გამოქვაბულს წარმოადგენდა. მტერი არასოდეს დამსხმია თავს, მაგრამ მე კი ბევრჯერ გავუხეთქე მგზავრებს გული. როგორც კი კლდის ქვეშ მიმავალ ბილიკზე მგზავრი გამოჩნდებოდა, მე გამოქვაბულიდან ჩავძახებდი:
_ ვინა ხარ, ვინ?
მგზავრი გაჩერდებოდა.
_ რომელი ხარ - მეთქი, არ გესმის შენა?!
_ კაცილაი ვააარ!
_ მერე და არ იცი, რომ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველას არ გაუვლია და მაღლა ფრინველს! _ ჩავძახებდი და ისეთ ხმას გამოსცემდა გამოქვაბული, შეშინებული კაცილაი უკანვე გარბოდა ზოგიერთი მუხლებზე დაეცემოდა და შემომძახოდა:
_ ეს ერთხელ მაპატიე, დალოცვილო და მეტს აქ აღარ გავივლი!
ხმა გავარდა, ხატი ჰკრძალავს კლდის ძირზე გავლასო და აღარავინ ეკარებოდა იმ გზას, არაგვის მეორე მხარეს გაიკეთა ხალხმა გზა. მეც მოვიწყინე და ჩემმა კლდემაც. დარჩა ისევე იდუმალად, როგორც და-ძმის და წყაროს ლეგენდა.
სწორედ ამ კლდესთან დაჰფრენია წინ გზაზე მიმავალ დედაჩემს ოფოფი და ბურსაჭირამდე ასე უვლიათ.
_ რაო, ოფოფო, რაო, ცუდი ამბავი მომიტანე თუ კარგი? _ შეჰკითხვია სათიბიდან მიმავალი დედაჩემი და ცოტა კი შეშინებულა, რაკი ოფოფი ცუდი ამბის მაუწყებლად ითვლებოდა მთაში.
ოფოფიც თურმე თავის ენაზე დაელაპარაკა დედაჩემს და მეორე დღეს, როცა შვილიშვილის მახარობლად ჩავუვედი, დედაჩემმა ღიმილით მითხრა:
_ ვიცი, ვიცი, ბიჭი გეყოლა და სამახარობლოც სხვამ წაიღო.
_ ვინ გითხრა?! _ გამიკვირდა, რადგან როგორც კი ქალაქში პირველი ბიჭი მეყოლა, მეორე დილით დედაჩემთან გავიქეცი მახარობლად.
_ რა იცი, დედი, ვინ გითხრა?!
_ ოფოფმა მახარა.
რაღას ვიზამდი, დამასწრო ოფოფმა, მაგრამ ოთხი წლის მერე კიდევ შემეძინა ბიჭი და ისევ დედაჩემთან გავიქეცი.
_ კიდევ დაგასწრო იმ ოფოფმა, ჩემო ბიჭო, კიდევ დაგასწრო! _ სიცილით შემეგება დედაჩემი.
ისევ იმ კლდესთან მიმავალს დაჰფრენია წინ ოფოფი და ისევ ისე გასძღოლია წინ.
ერთხელ, ჩემს პატარაობაში, სწორედ ამ კლდესთან მოგვასწრო საშინელმა დელგმამ მე და დედას. მთებს შორის ისეთი ნისლი ჩამოწვა, ორ ნაბიჯზე გზას ვეღარ ვხედავდით. ატყდა ჭექა-ქუხილი. ელვა გააპობდა მღვრიე ნისლს, გამოანათებდა
ვიწრო ხეობას და მერე ისეთი ხმით გავარდებოდა ცაზე მეხი, მეჩვენებოდა, რომ მთელი დედამიწა ტორტმანებდა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ვიღაცას ჩემი და დედაჩემის გადაყრა უნდოდა დედამიწიდან. კაბის კალთაზე ჩავაფრინდი და არანაკლებ შეშინებულმა დედაჩემმაც ორივე ხელი შემომხვია, რომ ქარიშხალს არ მოვეტაცნე. ცოტა ხანს ზემოდან მეფარებოდა. კლდის ქვეშ შეფარებას ვერ ბედავდა, ალბათ რაკი გამოქვაბულს ხშირად მეხი ეტანებოდა, მაგრამ ისეთი სეტყვა წამოუშინა, ერთი კუმფხალიც რომ მომხვედროდა თავში, სულს გამაფრთხობინებდა და დედაჩემმაც წამოშვერილ კდლდის ქიმს შეაფარა თავი. როგორც წისქვილში სარეკელა, ისეთ ხმაზე ხმაურობდა ხოშკაკალა. ასეთი გაჯავრებული და გულამღვრეული ბუნება ჩემი ამქვეყნად ყოფნის სამი წლის მანძილზე ჯერ არ მენახა. პირდაპირ ჩვენს იქი-აქა ეცემოდა მეხი და დამწვრის სუნი ტრიალებდა ირგვლივ.
_ დაგვიფარე, დალოცვილო დედა ღვთიშობელო, შენი მფარველი კალთა გადმოგვაფარე! _ პირჯვარს იწერდა დედაჩემი და ბეჭებით მიგერიებდა კლდეზე ასხლეტილ კვერცხისტოლა სეტყვას. მაინც მომხვდა ერთი მარცვალი, თუ იმას მარცვალი ეთქმოდა და ლამის გული წამივიდა.
_ ამ კლდის ქვეშ გამახარე, დალოცვილო, ამის დაბადებით და ამ კლდის ქვეშ ნუ გამამწარებ, ნუ გამამტაცებ ხელიდან! _ ევედრებოდა ღმერთს დედაჩემი.
მაშინ მართლა ვირწმუნე, რომ თუ დედაჩემი ასე ილოცებდა, ღმერთიც შეწყვეტდა ჭექა-ქუხილს და სეტყვას. გულში მეც დედის ნათქვამ ლოცვას ვიმეორებდი, რომ უფრო მეტი ძალა ჰქონოდა ღმერთთან მისასვლელად.
გაიგონა ღმერთმა ჩვენი ლოცვა. როგორც უცებ წამოუშინა სეტყვამ, ისევე უცებ შეწყდა. მთელი მიდამო რაღაცის მოლოდინში გაინაბა და ეს რაღაცა საშინელი ქუხილი აღმოჩნდა. ჩვენს იქით გორაზე მდგარ უზარმაზარ მუხას მეხი დაეცა და გულიდან ცეცხლი ამოვარდა. ატკრციალდა მუხა, შავი კვამლი და ცეცხლის ენები მაღლა ამოდიოდა მისი გულიდან. ერთბაშად სადღაც გაქრა ხეობაში ჩამოწოლილი მღვრიე ნისლი. მთელი მიდამო თეთრად იყო გადაპენტილი. ცა გადაიწმინდა და ლურჯად ალივლივდა. როგორც მოსევადებულ ვერცხლის სინზე ოქროს თუმნიანი, ისე აბრჯღვიალდა ზედ ჩამავალი მზე. გამოღმა მთიდან გაღმა მთაზე ცისარტყელა გადაირკალა და დედაჩემი თავშესაფრიდან გავიდა. მე გარეთ გამოსვლის შემეშინდა და უფრო მივეკარი კლდის ძირს.
_ გამოდი, ნუღარ გეშინია, _ მითხრა დედაჩემმა.
_ კიდევ რომ იქუხოს?
_ მეტს აღარ იქუხებს.
_ სეტყვა რომ ჩამოცვივდეს?
_ აღარ ჩამოცვივა.
_ რატომ, მეტი აღარა აქვს ღმერთს?
_ აქვს, მაგრამ, აღარ ჩამოჰყრის.
_ რო ჩამოჰყაროს?
_ ცისარტყელა რომ გამოჩნდა, აღარ ჩამოგვაყრის.
_ ცისარტყელა არ ჩამოუშვებს? აქეთ-იქით რომ ჩამოჰყაროს?
_ ნუ გეშინია, ცისარტყელა ღმერთის ნიშანია, გვეუბნება, იმედიანად იყავით, აღარაფერს დაგიშავებთო.
მე გაუბედავად, მაგრამ მაინც გამოვედი კლდის ძირიდან და კაბის კალთაზე ხელჩაბღრეული გავყევი დედას ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზაზე. საძოვარ ფერდობებზე სეტყვისგან დახოცილი ცხვარ-ძროხა ეყარა.
_ ვაიმე, ჩემო ძროხებო! _ ოხვრა აღმოხდა დედაჩემს.
_ იქნებ, იმათაც კლდეს შეაფარეს, დედი, თავი, _ ვანუგეშე დედაჩემი.
ბრეზენტის ტოტებში რეზინგაყრილი შარვალი მეცვა და ისე იყო სეტყვისაგან გაყინულ-გაბერილი, ფხაკაფხუკით მივყვებოდი დედაჩემს.
_ შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? _ დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.
_ ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
_ მუხის დედამ არ სთხოვა? _ ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, _ რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
_ დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
_ ვინ მოუკლა?
_ კაცმა.
_ რომელმა კაცმა?
_ ცულიანმა?
_ მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.
_ რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, _ დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა.
ფრინველები ნელ-ნელა იწყებდნენ ჭიკჭიკს და როგორც ჩანს, ამით გადარჩენას ულოცავდნენ ერთურთს.
ბურსაჭირში რომ მივედით, სასიხარულო ამბავი დაგვხვდა: ჩვენი სახლის წინ, გორაზე გადმომდგარიყვნენ ჩვენი ძროხები და გამოგვყვიროდნენ.
_ დაილოცა დედაღვთისმშობლის მადლი! _ სიხარულით წამოიძახა დედამ და ფეხს აუჩქარა. მეც გაფხროკებული შარვლის ტოტების ფხაკაფხუკით გავყევი თან.
არაგვზე გადებულ ხიდზე არაგვის შავი ტალღები გადადიოდა ზემოდან. ხიდის წაღებას ცდილობდა გულჯავრიანი არაგვი. აქამდე ზაფხულის გვალვებით მისუსტებულს, ახლა ღონე მოეკრიბა და ლოდებს მიაგორებდა. ჩვენი სახლი მდინარის გადაღმა ფერდობზე იდგა და მეტი გზა არ იყო, იმ ხიდზე უნდა გადავსულიყავით. დედაჩემმა ხელში ამიყვანა, კიდევ ერთხელ შეევედრა ღვთისმშობელს, პირჯვარი გადაიწერა და ხიდზე შედგა. არაგვის ტალღებმა
თვალები ამიჭრელა. თავბრუ დამეხვა. ნელ-ნელა, მოზომილად მიიწევდა წინ დედაჩემი. ხიდის მორებზე სიპი ქვები ეწყო ზემოდან და თუ ფეხს საიმედოდ არ დადგამდი, შეიძლება სიპზე გასრიალებულიყავი, რადგან მდინარის ტალღები ზედ გადადიოდა და მოლიპულს ხდიდა. ის იყო, გავაღწიეთ ნაპირამდე, რომ არაგვის ტალღამ ხიდის მორი ჩააგდო და მე და დედა მდინარეში ჩავცვივდით. ნაფოტებივით მოგვიტაცა აღელვებულმა არაგვმა. მე აღარაფერი მახსოვს, იმის მეტი, რომ რაც შეიძლება მაგრად ვებღაუჭებოდი დედას ტანსაცმელზე. ერთ ადგილას ტალღამ ნაპირისაკენ მიგვაგდო და დავინახე, როგორ მორბოდნენ ჩვენი ძროხები ჩვენკენ ყვირილით. დედაჩემმა ლოდს შემოხვია ხელები და ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
_ ხელი არ გამიშვა, შვილო, ხელი არ გამიშვა! _ მეც, რაც შემეძლო, ვებღაუჭებოდი კაბაზე. დედაჩემმა ძალ-ღონე მოიკრიბა და მდინარის ნაპირისაკენ წავიდა, თან ღვთისმშობელს ევედრებოდა, თან მე მეხვეწებოდა, ჩამებღუჭე ხელი არ გამიშვაო. წყალი ცივი იყო და ხელებში ღონე მელეოდა. გააღწია, როგორც იქნა, ნაპირზე გააღწია დედაჩემმა და ისე მაგრაად ჩამიკრა გულში, კინაღამ დამახრჩო. ჩვენი ძროხები გარს შემოგვეხვივნენ და ზმუოდნენ, თავსა და მხრებზე დრუნჩებს ადებდნენ დედაჩემს. მოკრიალებულ ვერცხლისფერ ზეცას, ჩამავალი მზის სხივები ოქროსფრად ასევადებდნენ. იმ დღეს სამარადისოდ შემიყვარდა ჩემი გადამრჩენელი დედაღვთისმშობელი. მერე სადაც რა გამიჭირდებოდა, შეწევნას მას ვთხოვდი და როცა გავიგე დედაჩემისთვის ბურსაჭირში წნევას დაერტყა, რაღა თქმა უნდა, დედაღვთისმშობელს შევევედრე. სოფელ ჩოხამდე მანქანით მივედი და მერე, თითქმის სირბილით გავუყევი ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზას. მაინცადამაინც ისევ იმ მკერდწამოშვერილ კლდესთან შევხვდი დედაჩემს, რომელიც ნათესავებს სახელდახელოდ საკაცეზე დაეწვინათ და მე რომ დამინახეს, დაბლა დაუშვეს ფრთხილად. მივედი. შემომხედა დედაჩემმა.
_ ხომ გითხარი დედი, ხომ გეუბნებოდი, ნუ თიბავ, თორემ წნევა დაგარტყამს და ხმას აღარ გაგცემ-მეთქი. რა ვქნა ეხლა, რა ვქნა, ჰა?! _ წამომცდა საყვედური და ისევ გავუმეორე:
_ რა ვქნა, ჰა?!
_ ვეღარ ლაპარაკობს, _ დანანებით წამჩურჩულა ნათესავმა. დედაჩემს შევხედე, იმან თვალი ამარიდა და მკერდწამოწეულ კლდეს მიაშტერდა. იმ დღის მერე ორმოცი დღე იცოცხლა საავადმყოფოს ვიწრო პალატაში. მე ვემუქრებოდი, არ დაგელაპარაკები-მეთქი და თვითონ ვეღარ დამელაპარაკა.
პალატაში ჩემი დაც იყო, ჩემი ძალუები და ბიძაშვილებიც, ჩემი დისშვილებიც, დედაჩემი კი რატომღაც სულ მე მიყურებდა, თითქოს ჩემს მოძრაობას იმახსოვრებდა, რომ იმ ქვეყანაზე არაფერი დავიწყნოდა ჩემი, არც ერთი მიმოხრა, არც ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჩემი არსებობისა. არც თავის დანაპირები დაივიწყა: თუ სიცოცხლის თავი აღარ მექნება, ჩემი შენახვით არავის შეგაწუხებთ, არც შვილებს, არც
შვილიშვილებს და არც დედამიწას დავამძიმებ უქმად ყოფნითო. აკრძალა ჭამა და დაილია, დაილია, როგორც ცვილის სანთელი ბნელ ღამეში.
,
_ საჭმელს რომ არ ვჭამ, მოცემული პირობის შეუსრულებლად გინდა დამტოვო ამ ქვეყანაზე? _ უსუსურობისა და უმწეობის გასაფანტავად, რაღაც გასამხიარულებელ ამბავს რომ ჩაეჭიდება კაცი, ისეთი უმარილო ღიმილით გავეხუმრე დედაჩემს.
_ რა პირობის? _ გაოცებული თვალებით მკითხა.
_ გახსოვს, "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებაზე რომ შემპირდი, ეს კინო დაამთავრე და იცოდე ისე არ მოვკვდები, ერთი პანღური შენც არ ამოგარტყაო. აბა, თუ საჭმელს არ შეჭამ, ღონე სულ გამოგელევა და როგორღა შემისრულებ პირობას?
დედაჩემმა გამიღიმა, მერე ელდამ გადაუარა სახეზე და რატომღაც თვალწინ დამიდგა სწორედ ისეთი შეშინებული, ერთ-ერთი კინოგადაღების დღეს რომ მოვიდა ავტობუსის გაჩერებიდან სახლში, დამიმარტოხელა და ღიმილით მითხრა:
_ ეხლა ამოდენა ხალხში ხომ არ შეგარცხვენ და იცოდე, ისე არ მოვკვდები, ერთი პანღური შენც არ ამოგარტყა.
სწორედ იმ დღეს, ჩემს სადებიუტო ფილმში, პანღურების სცენას ვიღებდი. ფილმის გმირები ჩემი ძალუები და ბებიები იყვნენ, მარტო ორი-სამი პროფესიონალი მყავდა გადაღებაზე. თავიდან ძლივს დავითანხმე ფილმში გადაღებაზე ჩემი ძალუები: რას ამბობ, შვილო, ქვეყნის სასაცილოებს ნუ გაგვხდი, რაღა დროს ჩვენი კინოში მასხარაობაა _ იუარეს ჩემი თხოვნა და მანამდე არ დამთანხმდნენ, სანამ დედაჩემი არ შეეხვეწა:
_ ე ბალღის გულს ნუ დამიღონებთ და გინდა, წყლის მზიდავად დაგიდგებით საიქიოში!
ყველას უყვარდა დედაჩემი და დამთანხმდნენ. ხან ფეხბურთი ვათამაშე დოლით, ხან მთიდან-მთაზე ვარბენინე ეს ხნიერი ქალები და როცა პანღურების სცენის გადაღება შევთავაზე, გადაირივნენ:
_ რას ამბობ, შვილო, სად გაგონილა ქალმა კაცს ამოარტყას პანღური!
_ კინოში რა უშავს ძალო!
_ როგორ თუ რა უშავს? კაცსა და ქალს შორის კინოშიც უნდა იყოს ხათრი და რიდი, ცხადშიც და სიზმარშიც.
_ აბა, რა ვქნა, ეგ რო არ გადავიღო, კინო არ გამომივა.
_ ვერა, შვილო, ვერა, მამით არ მოგვდგამს ეგ საქციელი და პაპით, თანაც უცხო კაცია, სადღა გამოგვეყოფა თავი, სტუმარს რო წიხლი ამოვარტყათ.
ის, ვისთვისაც პანღურები უნდა ამოერტყათ, ჩემი ფილმის მხატვარი იყო და ახლა ის შეეხვეწა: მე არ მეწყინება, ძალიან გთხოვთ ამომარტყით პანღურებიო.
_ აბაიმე, ქალო, აბა ამას უყურე, კიდეც რომ გვეხვეწება! _ გაიოცეს ჩემმა ძალუებმა.
მე ისევ დედაჩემისაკენ დავყარე ღონე და ისევ ვერ გაუტეხეს ხათრი, დამთანხმდნენ.
ბებიაჩემი, კოტორაანთ ქალი, გაჯიუტდა:
_ აექ ტყვია დამკარით და მე მაგ კაცს პანღურს არ ამოვარტყამ!
_ ვაიმე! მღალატობ, ბები?!
_ მე კი არა, შენ მღალატობ ამ სიბერეში.
_ მე რატო, მე რატო, როდისმე რამე გაწყენინე?
_ ეხლა მაწყენინე.
_ შენ ხომ მაინც იცი, რომ კინოა და რაც ხდება თამაშია.
ეს იმიტომ ვუთხარი, რომ მანამდე საკურსო ფილმში ვათამაშე მთავარი როლი და როცა თავის ჩამოხრჩობის სცენას ვიღებდი, ავუხსენი ბებიაჩემს, როგორ უნდა ეთამაშა ჩამოხრჩობის წინ განწირული ადამიანის ტრაგედია.
_ შენ მაგ აპარატის გესმის რამე? _ მკითხა ბებიამ.
_ როგორ არა ბები, მეტს კი არაფერს მასწავლიან იმ ინსტიტუტში.
_ ხოდა, შენ შენს აპარატს მიხედე, მე კიდევ თვითონ ვიცი რა სახეც უნდა მივიღო ჩამოხრჩობის წინ, განა ერთხელ ჩამიბია ტყეში ხეზე თოკი და ორჯერ, გაჭირვებას დაუდგეს თვალი, რას არ გაგაბედვინებს, მაგრამ რო მაინც ტკბილია სული?! _ მითხრა მაშინ ბებიამ და ისე ითამაშა ეს სცენა, ისე შეიჭრა როლში, კინაღამ მართლა ჩამოგვეხრჩო. ახლა კი "ცივ ქვაზე" შედგა ფეხშიშველი ჩოხელივით.
_ რატო, ბები, რატო?!
_ მაგ კაცს ხო ცოლი ჰყავს?
_ ჰყავს მერე?
_ მერე ისა, რომ... შეყოყმანდა ბებიაჩემი და მეც მივეძალე.
_ რა მერე, რა მერე?!
_ მერე ისა, რომ ერთიც უადგილო ადგილას ამოვარტყა ფეხი და კაცობა დავაკარგვინო, ცოდვა არ არიან, ან ეგა და ან მაგის ცოლი, ჰა?!
_ მაგაზე ნუ დარდობ ბები, ისეთი ფანერები ამოვაკარი შარვლის შიგნით, არაფერი მოუვა, _ დავამშვიდე ბებიაჩემი და რაკი დავითანხმე, შევუდექით გადაღებას.
დედაჩემი ყველაზე გულმოდგინედ ურტყამდა პანღურებს, რომ სხვებისათვის მაგალითი მიეცა და იმათაც მაგრად ამოერტყათ. ათი თუ თერთმეტი დუბლი გადავიღე. საღამოს ქალაქიდან ავტობუსი ამოდიოდა ჩემს სოფელში და რამდენიმე წუთს მოედანზე ჩერდებოდა. დედაჩემმა ჩემი და გააცილა ავტობუსამდე. მძღოლი გადმოსულა და როგორც ჩვევიათ ხოლმე, ჯერ თურმე საბურავებს მიარტყა წიხლი, მერე წაიღუნა და ყოველი შემთხვევისათვის, ქვემოდანაც შეხედა ავტობუსს. დედაჩემი ისევ გადაღების შთაბეჭდილებებში იყო გართული და წაღუნული კაცი რომ დაინახა, არც აცია, არც აცხელა, გაექანა და გულიანად ამოარტყა პანღური. მძღოლი თავის ავტობუსის ქვეშ შევარდა, მერე გონზე რომ მოვიდა, ქვას წამოავლო
ხელი და გამოიხედა; დედაჩემის გარდა არავინ იდგა იქ. მძღოლმა ეტყობა, იფიქრა, გიჟიაო და უფრო შეიყუჟა ავტობუსის ქვეშ. სირბილით მოვიდა დედაჩემი სახლში და სწორედ მაშინ შემპირდა პანღურს.
_ ხო გახსოვს? ხო გახსოვს? _ ვეკითხები სიცილით დედაჩემს. ის ცდილობს გამიღიმოს, მაგრამ ეტყობა ამის თავიც აღარა აქვს.
_ ერთი წუთით მოდი, შვილო! _ პალატიდან გამიხმო მამიდაჩემმა, რომელიც საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო.
_ შენ უკვე დიდი ხარ იმ გრძნობის ასატანად, რასაც უდედოდ დარჩენა ჰქვია. აქ ხომ არ მოვკლავთ დედაშენს, შინ წავიყვანოთ. სჯობს, იქ დალიოს სული.
მე მომეჩვენა, რომ იმ წუთას ბურსაჭირის გზაზე წამოყუდებული კლდის ქვეშ ვიდექი, ზემოდან ლოდი გადმოგორდა და რომ არ დამცემოდა, კლდის ქვეშ შევაფარე თავი, იქ დედაჩემი იყო და კაბაზე ჩავებღაუჭე. ეს მაშინ მომეჩვენა, სინამდვილეში კი პალატაში შევვარდნილვარ და დედაჩემს ვეხუტებოდი. მამიდაჩემის მკაცრმა და მოსიყვარულე მზერამ ფეხზე წამომაყენა. მერე გუდამაყრის გზას მივუყვებოდი სასწრაფო მანქანით და როგორც ბნელ ღამეში ანათებს ციცინათელა, ისე მინათებდა არსებობას დედაჩემის უმწეო სული.
,
მზიანი დღე იყო. ხარები სასაფლაოსკნენ მიმავალ აღმართს მიუყვებოდნენ. მარხილზე დედაჩემი ესვენა. სიჩუმეს თითქმის არავინ არ არღვევდა. მხოლოდ ხარები ფრუტუნებდნენ ხანდახან და ბიძაჩემი ელაპარაკებოდა იმათ:
_ ხი, ჰო! თქვე ტივლებო. თქვენა, როგორ გივლიდათ და დარჩით ეხლა უპატრონოდ.
მერე ვიღაცას გადაულაპარაკა დანანებით:
_ ეს ორმოცი დღეა, რაც ამის საქონელი გორაზეა გადმომდგარი და გზას გამოჰყურებენ; საქონელმა თუ ესეთი სიყვარული იცოდა, არ მეგონა. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და რატომღაც ის მთვარიანი ღამე გამახსენდა, დედაჩემი რომ მიმიძღვებოდა ამ ადგილას წინ. მზის ამოსვლამდე უნდა აგვეხვეტა წინა დღეებში ნათიბი ბალახი და მთვარიან ღამეში წამომაყენა დედამ. წინ ის მიდიოდა მხარზე საფორცხველგადებული, უკან მე მივყვებოდი და ჩემი პირველი რომანის "ადამიანთა სევდის" დასასრულზე ვფიქრობდი.
ორი კითხვა მქონდა და ორი პასუხს ვეძებდი: _ რა არის სიცოცხლე? და _ რა არის სიკვდილი? ორი თვეა, პასუხს ვერ ვპოულობდი ამ კითხვებზე, არადა გადაწყვეტილი მქონდა, ამ კითხვების პასუხებით დამემთავრებინა "ადამიანთა სევდა".
მთებს შორის, ცაზე ბადრი მთვარე ანათებს. ჩემ წინ დედაჩემი მიდის და მთვარე მის აჩრდილს აგრძელებს. მთვარემ ასე იცის, ხანდახან ისე დაიგრძელებს აჩრდილს, უსასრულობაში გადაღუნავს. იმ ღამესაც ასე მოხდა, გააგრძელა დედაჩემის
აჩრდილი, რომელიც ჩაუყვა ხევს, მერე იქიდან ამოვიდა, ფერდობს აუყვა, მეორე მთაზე გადავიდა და მთის მწვერვალს ასცდა. მე უცებ აჩრდილს თვალი მოვარიდე და დედაჩემს შევხედე: გამხდარი, ჩამოლეული, ძალიან უმწეო და უსუსური მომეჩვენა თავის აჩრდილთან შედარებით. უცებ ქვემოთ დავეშვი.
_ ვიპოვე! ვიპოვე!
_ რა იპოვე?!
_ ადამიანთა სევდის დასასრული! _ შევძახე დედას, რომელმაც ალბათ ვერაფერი გაიგო ჩემი ნათქვამიდან, მე კი გიჟივით შევვარდი სახლში და ასე დავამთავრე "ადამიანთა სევდა".
_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
დავემშვიდობე. დავწყნარდი. თითქოს რაღაც საიდუმლო აღმოვაჩინე ადამიანებისთვის. მერე ისევ აღმართს შევუყევი, რომ დედაჩემს დავწეოდი... აი, ახლაც უკან მივდევ და რატომღაც სურვილი მიჩნდება, დედაჩემის საფლავის ქვაზე დავწერო როდესმე ეს სიტყვები.
_ ხი, ჰო! _ ხარებს აგულადებს ბიძაჩემი. დედაჩემი რომ სულს ლევდა, მაშინაც, ეგ მაგულადებდა:
_ წადი, ძალუებს დაუძახე!
მე სოფელში დავრბოდი.
მერე ჩემი ძალუები აგულადებდნენ სულის გაყრისას დედაჩემს:
_ ნუ გეშინია, ლელა, ნუ გეშინია!
და დედაჩემმაც უშიშრად შეაღო სულეთის კარი.
იმ ღამეს კი ერთ-ერთ ძალუას დასიზმრებია ისევ ცოცხალი.
_ ყველაფერი მესმოდა, რასაც ჩამძახოდით: ნუ გეშინია, ნუ გეშინიაო! საშიში არც არაფერი არ ყოფილა, მარტო დარდი გამომყვა, ლუკას ჯემპრს ვუქსოვდი და სახელოები ვერ დავუმთავრე, _ დაღონებით უთქვამს სიზმარში დედაჩემს.
_ ისე ცხადი სიზმარი იყო, არ შეიძლება ის ჯემპრი სადმე არ იყოს, _ იძახდა ძალუაჩემი და სკივრებში ეძებდა ჯემპრს.
_ აი! აი! ღმერთო, შე დალოცვილო! _ წამოიძახა გაოცებულმა და დაგვანახვა დედაჩემის ნაქსოვი ჯემპრი, რომლებსაც მართლა სამხრეებთან ჰქონდა წინდის ჩხირები გაყრილი. მერე იმ ძალუამ მოაქსოვა სახელოები ლუკას ჯემპრს. დედაჩემი კი მკერდზე ხელებდაწყობილი მივაბარეთ მიწას. წავიდა ჩუმად, სევდასავით, ვერ დამელაპარაკა. სულეთის ქვეყანაში შეიყოლა ხუმრობით დანაპირები და უკვე ათი წელია მას აქეთ გასული, ასე მგონია, ის დღე არ დაღამებულა, უბრალოდ, რაღაც მოხდა, ვიღაც უხილავმა, რაღაც კინოსცენა გადაიღო ჩვენი მონაწილეობით. მე კი ვიცი, რომ კინოსცენაში ყველაფერს თამაშობენ მსახიობები, მაგრამ ეს ცხადი სცენაა,
დედაჩემი მიწაში დავმალეთ, სული კი იმქვეყნად წავიდა და აი, რაღაც მოხდა, დაღამდა და სიზმარში მნახა:
_ გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი! _ ისე ცხადად ჩამძახა, თვითონ სიზმარიც კი, ცხადი მეგონა ერთხანს. უცებ გამახსენდა, რომ ამ დილით მთაში უნდა წავსულიყავი და რომ არა ჩემი სიზმარი, ავტობუსზე დამაგვიანდებოდა, ის-ის იყო სადგურიდან გასვლას აპირებდა, მე რომ მივედი. შორიდან დავინახე, დაიძრა და რამდენიმე მანძილი რომ გაიარა, გაჩერდა, მძღოლი დაბლა ჩამოვიდა, წაიხარა და ისე ათვალიერებდა ავტობუსის ძირს.
ისევ გამახსენდა დედაჩემი და სიცილით ვკითხე მძღოლს:
_ გაგვიფუჭდა რამე?
_ რა გაცინებს მერე, არაფერიც არ გამიფუჭდა, არ შეიძლება ჩემს მანქანას შევხედო?!
_ მაპატიეთ, რაღაც გამახსენდა და იმიტომ გამეცინა, _ ბოდიში მოვუხადე მძღოლს და ავტობუსში ავედი.
გუშინ საპატრიარქოდან დამირეკეს და მთხოვეს წმინდა ნინოს გზაზე მომავალ მლოცველებს დავხვედროდი გუდამაყარში. ათი დღის წინ ისინი მყინვარწვერზე წავიდნენ, რომ ბეთლემის გამოქვაბულში ელოცნათ და იქედან ქვენამთის გადმოსასვლელით გუდამაყარში აპირებდნენ გადმოსვლას. გზაზე მართლა გაუფუჭდა მძღოლს ავტობუსი და თან მე მიყურებდა, თან ბუზღუნებდა:
_ ისეთ თვალს დაგადგამენ რო, გაგიფუჭდება, მა რა იქნება!
რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარე და საღამო ხანს მივედი ჩოხში. ახალი ჩოხიდან ძველი ნასოფლარისაკენ ავუყევი აღმართს. მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია გამოჩნდა. ეკლესიის ერთ მხარეს საგვარეულო სასაფლაოა, ცოტა ქვემოთ კი ნახევრად დანგრეული სოფელი ჩოხი, სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე. ახლა აქ ისეთი მდუმარებაა გამეფებული, თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი არ ხდება, მარტო წარსული მახსენდება და ხანდახან ფრინველები გადაიფრენენ ხიდან-ხეზე. დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული. ამდენი ხანი ქვა ვერ დავადე და ვერც ის ვერ დავაწერე:
რა არის სიცოცხლე? და რა არის სიკვდილი?
ხან ფული არ მეყო, ხან ნებისყოფა, უფრო კი სურვილი და სიყვარული, თორემ რატომ უნდა იყოს ასე მოუვლელი დედაჩემის საფლავი. ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები მოჩანს, მის ზემოთ კი ხატის დარბაზებია, სადაც აღდგომას, ამაღლებას, მარიამობას, გიორგობას, შობას, ახალ წელს და კიდევ სხვა დღესასაწულებს ვხვდებით ხოლმე ჩოხელები. ხატის მოედანზე შესვლა აკრძალულია უდღეოდღეს, მარტო დღესასწაულის დროს მიგვესვლება იქ კაცებს, ქალები კი დანიშნულ სამანებს იქით ვერ შეაბიჯებენ. რატომღაც მგონია, რომ სამოთხის ბაღის მნიშვნელობა აქვს ამ მოედანს. კაცებს მხოლოდ დღესასწაულის დროს პატიობს ღმერთი სამოთხეში ჩადენილი ადამისა და
ევას ცოდვას, ქალებს კი არც მაშინ პატიობს, არ უშვებს საღვთო მოედანზე, რადგან ევამ უბიძგა ადამს აკრძალული ხილის შესაჭმელად. ამ მოედანზე ვიცი ერთი ადგილი, სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან, მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა: თუ იმ ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი, იმ ღამეს სიზმარში ვნახულობდი, რაც შემდეგ დღეს უნდა მომხდარიყო. თავიდან მართობდა ეს აღმოჩენა, მაგრამ მერე ისე დავიტანჯე, ახლოს აღარ ვეკარებოდი იმ ადგილს. საშინელება არის, როცა წინასწარ იცი, რაც მოხდება. ეს ისეთი დამღლელი და დამთრგუნველი გრძნობაა, ცხოვრების ხალისს გაკარგვინებს... ამიტომაც ვერიდებოდი იმ ადგილს და მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გამოვიყენე, როცა წამოვიზარდე. ორივეჯერ "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებაზე ვილოცე იქ. მაინცდამაინც იმ ზამთარს არ მოვიდა თოვლი და გადაღებისთვის აუცილებელი იყო თოვლი. მე წავიღე სანთლები, ხავიწის ქადები და ვილოცე. იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა. ეს ამბავი ჩემი კინოს მონაწილეებმა შემთხვევითობას მიაწერეს და დამცინოდნენ კიდეც. გაზაფხულის პირი იდგა და თოვლი მალე აშრა, ჩვენ კი ფინალის სცენა დაგვრჩა გადასაღები. მთელი გუდამაყარი და ხევსურეთი შემოვიარეთ, რომ სადმე, სოფელთან შემორჩენილი თოვლი გვენახა. ყველგან მწვანე ბალახი ბიბინებდა.
_ აბა, ეხლაც სთხოვე ღმერთს და მოგიყვანოს თოვლი, ტყუილებით რო აგვიკელი! _ ირონიით მითხრა ოპერატორმა, როცა ხევსურეთის ყველაზე მაღალ სოფელში ავედით და იქაც მწვანე ბალახი დაგვიხვდა.
_ კარგი, წავიდეთ! _ ვთქვი დარწმუნებულმა და წამოვედით გუდამაყარში.
ახალი ჩოხი დაბლა, არაგვის ჭალაზეა. იქ ცხოვრობდა მაშინ დედაჩემი. გამოვაცხობინე ხავიწის ქადები, ჩამოვახვიეთ სამი სანთელი და შევუყევი აღმართს.
_ ნახევარ მეტრზე მეტი არ გვინდა-თქო! _ შემომძახოდა სიცილით აივანზე გადმომდგარი ოპერატორი.
_ იქნებ ცოტა შაქარიც გამოურიოს! _ მომძახა ვიღაცამ.
_ ფქვილიც, ფქვილიც!
_ ღომის ღერღილი თუ იქნება უკეთესია!
სანამ გორას მოვეფარებოდი, მანამდე მეძახდნენ და დამცინოდნენ.
ავედი იმ ადგილზე.
ავანთე სანთლები.
ჯვარედინად დავსერე ხავიწის ქადები და დავიწყე ლოცვა. ისეთი რწმენით ვთხოვდი ღმერთს თოვლს, ისე ვევედრებოდი, რომ მისი სიყვარულით და იმედით მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამოწვა ნისლი ჩემს გარშემო და მთელს ხეობაში. თოვლის ფიფქი ჯერ სანთლის ალს დაეცა და აშიშინდა, მერე ხელზე დამეცა, მერე შუბლზე, მერე იმხელა ფანტელები წამოუშინა, უცებ გადათეთრდა მიდამო. შეშინებული წამოვდექი, ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი,
ფეხის გადადგმას ვეღარ ვბედავდი. ძალა მოვიკრიბე, სანთლები ქვაში გამოთლილ ჯვარს მივაკარი და სახლისაკენ დავეშვი სირბილით.
სახლშიც შეშინებულები დამხვდნენ.
_ ვაა, ტო! ვააა, ტო! _ მარტო ამ ორ სიტყვას გაიძახოდა ოპერატორი.
გარეთ ხელისგულისტოლა თოვლის ფანტელებს ბარდნიდა ზეცა.
_ ვაა, ტოო, ეს რა ქნა?! _ როგორც იქნა, დაამატა თავის ორ სიტყვას კიდევ ორი სიტყვა ოპერატორმა.
დაბინდებამდე მუხლამდე მოვიდა თოვლი და კიდევ ხვავრიელად ბარდნიდა.
საღამოთი დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა:
_ შვილო, მე ვიცი, რომ მართლა შეგისრულა ღმერთმა თხოვნა, მაგრამ ხო შენი დედა ვარ, მეც შემისრულე ერთი თხოვნა, აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთს.
_ რატომ, დედი?!
_ იმიტომ რომ ღმერთი დიდია და შენ სურვილზე არ უნდა ატარო. ღმერთს თავისი წესი და რიგი აქვს.
_ მე ხომ კეთილი საქმე ვთხოვე?
_ შენთვის რაც კეთილია, სხვისთვის რო არ არის კეთილი, შვილო? აბა, რა იყო ეხლა ამ თოვლის მოსვლა; რამდენი ყვავილი ჩაჭკნება შიგ, რამდენ მწერს გაუმწარდება ცხოვრება, რამდენი კიდევ სხვა რამე აირია ამ თოვლის მოსვლით. გთხოვ, შვილო, აღარასოდეს მიხვიდე იმ ადგილზე.
_ კარგი, დედი, აღარასოდეს აღარ მივალ, _ შევპირდი მაშინ დედაჩემს და ეხლა ვნანობ, რომ სიტყვა მივეცი. აქედან კარგად მოჩანს ის ქვის ჯვარი და ისეთი სურვილი მაქვს იქ მისვლის, ლამისაა წამოვხტე. რამდენი რამე მაქვს ღმერთთან სათხოვარი, მაგრამ დედაჩემის წილი მიწა არ მიშვებს იქ მისასვლელად.
მზე ირიბად ჩადის ოზანოს მთებში. ქვემოთ ჩამოვედი, ჩემს ნასახლართან ადრე აქ უშველებელი სამსართულიანი ბანიანი სახლი იდგა, რომელსაც ჩოხელები შუღლიანთ სახლს ეძახდნენ. შუღლიანი ჩვენ ვიყავით. ჩოხელების თემში კიდევ იყვნენ: ხიზანიანი, ლაზარიანი და ომარანი.
შუღლიანთ სახლი წმინდა გიორგის ხატთან იდგა. იქვე იყო თეთრი ბაზილიკა, რომელიც თავის დროზე კომუნისტებს დაუკეტიათ და დღემდე აღარ გაღებულა. დღემდე აღარ ჩატარებულა იქ არც წირვა, არც ნათლობა, არც ზიარება. ეკელსიის მოედანი ქვებით არის შემოზღუდული და იქ მარტო ხევისბერი და ჩოხის წმინდა გიორგის დასტურები შედიან დღეობის დროს ზარის დასარეკად.
ეზოში მსხალტკბილა იდგა და ბალღებიც შევიპარებოდით ხოლმე იმ ეზოში. ნეკა თითის ფრჩხილისტოლა პატარა მსხლებს ისხამდა ეს მსხალტკბილა და მართალია, აკრძალული გვქონდა ეკლესიის გალავანში შესლვა, მსხალტკბილა თავისას შვრებოდა. ადამის შთამომავლები, ადამის ცოდვას ვაგრძელებდით; მთვარიან
ღამეებში მივცოცავდით იმ მსხალტკბილზე და აკრძალული ხილის ჭამით ვტკბებოდით.
ერთხელ კი იმ მსხალტკიბლზე მჯდარი პატარა ანგელოზები ვნახეთ მე და ჩემმა ბიძაშვილებმა. ის იყო, პირველი მე უნდა ავცოცებულიყავი ხეზე, რომ ჩემა ბიძაშვილმა დამიძახა:
_ მაიცა, ბიჭო, არ ახვიდე!
_ რატო!
_ ვერა ხედავ?
_ რას?
_ რასა და ანგელოზებს?!
მე მაღლა ავიხედე და მსხალტკბილის კენწეროზე მთვარის სხივებით განათებული ტაბლა დავინახე. ტაბლაზე შოთი პური იდო, ზედ სამი კვერი ეწყო და იმ კვერებში სამი ანთებული სანთელი იყო ჩარჭობილი; სანთლების გარშემო თორმეტი პატარა ანგელოზი იჯდა, კვერებს ნამცეცებს ატეხდნენ და ჭამდნენ. ანგელოზები ბეღურებისტოლა იყვნენ, თავი ადამიანების ჰქონდათ, ტანი კი ბეღურებს მიუგავდათ და ხელების მაგივრად ფრთები ჰქონდათ მკერდზე დაწყობილი.
_ მე მგონი, ესენი სახლის ანგელოზებია! _ თქვა ჩემმა ბიძაშვილმა.
_ რა იცი?
_ ხმიადს, სამ კვერსა და სამ სანთელს ხომ სახლის ანგელოზებს ვუდებთ ანგელოზთღამეობას.
_ ხოო!
_ ხო და იქნებ დავიჭიროთ.
_ დავიჭიროთ არა, ისაა, ღმერთი გაგვიბრაზდება.
_ არაფერიც არ გაგვიბრაზდება, სახლში რომ გვეყოლება, ბარაქით აგვევსება სახლი.
შუღლიანთ სახლი ყველაზე დიდი იყო ჩოხში. უზარმაზარი გრძელი დარბაზი ბორწნელებით იყო გადაყოფილი ოთხად და ზამთარში, ანგელოზთღამეობას, ზუსტად აღარ მახსოვს რა დროს ვდღესასწაულობდით ამ ღამეს, ოთხივე დარბაზში თორმეტ საათზე სახლის გულთაბოძის ნიშაზე შოთ პურს ვდებდით, რომელზედაც სამი ხავიწის მრგვალი კვერი იდო და კვერცხის გულებში ჩარჭობილი სანთლები ენთო. ჩვენ სახლის მარჯვენა ნაპირის დარბაზში ვცხოვრობდით და დღესაც მახსოვს ის საოცარი ნათება, შოთ პურებზე ანგელოზებისათვის ანთებული სანთლები რომ ანათებდნენ შუღლიანთ დარბაზს. ბორწნელსა და ბორწნელს შორის კრთებოდა სანთლების ლიცლიცი, სულიწმინდა მიმოდიოდა სახლის დარბაზებში და ღმერთის მადლით გახარებული ვიყავით შუღლიანნი, სხვა დროს ყოველთვის მოშუღლარნი, ანგელოზთღამეს მშვიდად ვიყავით.
_ დედა, სად არიან ანგელოზები? _ ვეკითხებოდი დედაჩემს.
_ აქ არიან, შვილო, აქ!
_ აბა სად, მე რომ ვერ ვხედავ?
_ დაინახავ.
_ როდის?
_ როცა დანახვა შეგეძლება.
იმ ღამეს მართლა დავინახე, ეკლესიის გალავანში მდგარ მსხალტკბილზე.
ჩემმა ბიძაშვილმა შურდულში ქვა ჩადო.
_ რას შვრები, ღმერთი გაგიწყრება.
_ არაფერიც.
_ აი ნახავ.
_ აი, ნახავ, ანგელოზს რომ მივიყვან სახლში როგორ გავმდიდრდებით. დაატრიალა შურდული და ესროლა ქვა. ატრიალდა მსხლის ტოტებზე დასვენებული ტაბლა, დაბლა ჩამოცვივდა ხმიადი და ხავიწის კვერები, რომელთაც ერთი ფრთამოტეხილი ანგელოზი ჩამოჰყვა მიწაზე.
ჩემი ბიძაშვილი დასაჭერად გაეკიდა, მაგრამ ანგელოზმა ეკლესიის კარის ღრიჭოში შემალვა მოასწრო. დანარჩენი ანგელოზებიც სარკმლიდან შეფრინდნენ ეკლესიაში.
_ რა ქენი, რატო მოტეხე ფრთა? _ ვეცი ბიძაშვილს და ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, ხალხი იძულებული გახდა ეკლესიის გალავანში შემოსულიყო ჩვენს გასაშველებლად.
_ შუღლიანნი არ არიან, მაგათთვის სულ ერთია სად იშუღლებენ, _ დიდხანს დაგვცინოდნენ დანარჩენი ჩოხელები იმ ჩხუბის მერე. მე კი თითქმის ყოველღამე ვდარაჯობდი, რომ მსხალტკბილის კენწეროზე კიდევ მენახა ის ანგელოზები, მაგრამ წლები წლებს მისდევდა და მაინც აღარ გამოჩნდნენ. ის მსხალტკბილიც ერთმა ურწმუნო კაცმა მოჭრა ზამთარში შეშისათვის.
ეკლესია კი არავის არ გაუღია. დღესასწაულებს ვზეიმობდით ჩოხის წმინდა გიორგის დარბაზებში, ეკლესიის გაღებას კი ვერავინ ვერ ბედავდა კომუნისტების შიშით. შემდეგ ეს შიში, ღვთის შიშში გადაიზარდა და ყველამ ირწმუნა, რომ თუ ეკლესიის დაკეტილ კარს გააღებდა, ცუდ რამეს შეამთხვევდა ღმერთი.
მთელმა ჩემმა ახალგაზრდობამ ისე გაიარა, მარტო სიზმარში მელანდებოდნენ ეკლესიაში შეფრენილი ანგელოზები.
ერთხელ კინოსთვის ადგილებს ვარჩევდი ვერტმფრენით და შატილიდან რომ ავფრინდით, პილოტს ვკითხე:
_ ჩოხში ვერ დაჯდები?
_ ვინა გყავს?
_ რაა?
_ ვინა გყავს მეთქი ჩოხში?
_ დედა.
_ ვერტმფრენი გუდამაყრისაკენ გაფრინდა და ჩემი სოფლის თავზე დაიწყო ტრიალი.
ჩაეშვა,
ჩაეშვა,
ჩაეშვა
და
პირდაპირ ეკლესიის წინ დაჯდა.
_ წამოდით, შვილებო, წამოდით, თქვენამც გაგახარებთ ღმერთი ჩემი გახარებისათვის! _ სახლში მიგვიპატიჟა დედაჩემმა.
ჩემ სახლში სანატრელი სუფრა დამიხვდა. ხინკალს ცხელი ორთქლი ასდიოდა. ძველებურ დარბაზში შევედი და სახლის გულთაბოძის ნიშაზე შოთ პურსა და ხავიწის კვერებს მოვკარი თვალი.
_ დედი, წუხელ ანგელოზთღამეობა იყო?
_ ხო, შვილო, იყო და ანგელოზებმა მახარეს, შენი შვილი ციდან ჩამოფრინდებაო?
_ კაი ერთი!
_ შენ სიყმეს ვფიცავ, თან ყვავმაც მახარა ამ დილით.
_ კაი, კაი, დედი, ნუ გადამირევ ამ ხალხს, ჰაერში ფრენა უნდათ.
_ შენ გაუმრავლდი დედაშენს, შვილო, ცოცხალი გყავს? _ პილოტს ჰკითხა დედაჩემმა.
_ ჰო, დედი, გოდერძიმ რომ მითხრა, დედა მყავს ჩოხშიო, იმიტომ ჩამოვფრინდი, თორემ რომ გამიგონ ასეთ ადგილზე დავფრინდი, დამაჯარიმებენ.
_ ღმერთის ანგელოზებმა დაგიფარონ, შვილო! _ დალოცა პილოტი აფრენისას დედაჩემმა.
_ მეც მარტო დედა მყავს სოფელში, _ სევდიანად ჩაილაპარაკა პილოტმა ისე, რომ თითქმის ვერავინ ვერ გაიგო პროპელერების ხმაურში.
მერე გავიგე, აფხაზეთის ომში დაღუპულა ის მფრინავი. ადამიანებშიც ალბათ არის ანგელოზის ბუნება და იმიტომ დაფრინავენ ჰაერში. საღამო ნელ-ნელა მიიპარებოდა ძველ ჩოხში. რაღაც ძალა იმ ღვთიური ადგილისაკენ მეწეოდა, სადაც ღმერთი იმ ღვითურ სურვილებს მისრულებდა ბავშვობაში, მაგრამ დედაჩემისათვის სიტყვა მქონდა ნათქვამი და ვერ დავარღვევდი, ვერ გავტეხდი ფიცს. მე ჩემი თავისა და ჩემი სურვილის წინაშეც კი ჯიუტი ვარ. სწორედ ჩემზეა ნაქთვამი: ფეხშიშველი ჩოხელი ცივ ქვაზე შედგა, ეხვეწნენ, ჩამოდი, თორემ გაცივდები და მოკვდებიო. არ ჩამოვიდა. ცივ ქვაზე მოკვდა.
რამდენი რამე შეიძლება რომ ვთხოვო იმ ადგილზე ღმერთს და ვიცი, რომ ამისრულებს. მე კი ვერ ვთხოვ, სიტყვა არ მინდა გავტეხო.
გარდაცვლილს როგორ ვუღალატო?
რა ვქნა?
რა ვიღონო?
საძილე გავშალე და ჩემ ნასახლარში დავწექი. ჩემ ნასახლარში კი არა, შუღლიანთ ნასახლარში. მე რა მოშუღლარი ვარ, დედის ჯიშზე ვარ. პირველი, რაც ჩემს შვილს ვურჩიე, ის იყო: ჭიანჭველას ფეხი არ დაადგა, წინ იყურე მეთქი. მერე, როცა სადღაც მივდიოდით, ჩამომრჩა და აცა-ბაცა ადგამდა ფეხებს. დავუყვირე:
_ შე შობელძაღლო, რა აცა-ბაცა მოაბიჯებ!
_ მამა, შენ არ მითხარი ჭიანჭველებს ფეხი არ დაადგაო, დადიან და რა ვქნა?! _ მითხრა დაბნეულმა ლუკამ და გაჩერდა.
ლუკას მართლა არა აქვს შუღლის გრძნობა.
ნიკა კეთილია, მაგრამ ვგრძნობ, რომ შუღლიანთ ჯიშზეა წასული და შეუძლია მსხალტკბილზე ჩამომჯდარ პატარა ანგელოზებს ქვა ესროლოს შურდულით.
ჩემ ნასახლარში ვწევარ და ზემოდან თეთრი ბაზილიკა დამყურებს.
ერთხელ, ბავშვობაში მაგ ეკლესიის თავზე დავფრინავდი სიზმარში. ეკლესიის გალავანი ხალხით იყო სავსე და მე შემომყურებდნენ. ერთი ლამაზი გოგო დავინახე იმათ შორის. იმან ხელი დამიქნია და შემომძახა:
_ ჩამოდი დაბლა, ჩამოდი!
_ მიწაზე დგომა არ შემიძლია, ვერ ჩამოვალ. რატომღაც მეგონა, რომ მიწაზე ვერ დავდგებოდი. _ შენ ამოფრინდი ზემოთ.
_ მე ფრენა არ შემიძლია.
დაღონებულს და შეყვარებულს გამომეღვიძა. იმ დღის მერე მიყვარდა გოგო, რომელიც მარტო სიზმარში მყავდა ნანახი და სახელიც კი არ ვიცოდი მისი.
თბილისში რომ ჩამოვედი სასწავლებლად, გაჩერებაზე, ტროლეიბუსის ფანჯარაში სწორედ ის გოგო დავინახე, სიზმარში რომ შემიყვარდა და ამდენი ხანია ვეძებ. მომეჩვენა, რომ გამიღიმა. მინდოდა ტროლეიბუსს გავდევნებოდი, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადავდგი ადგილიდან.
მერე კი, მაინც ვიპოვე, სახელიც გავიგე და ახლა ჩემი მეუღლე არის.
ახლა ვუყურებ ამ ეკლესიას, მახსენდება ის სიზმარი და რატომღაც ძალიან მენატრება ნინო. სიზმარი რომ მოვუყევი, გაიცინა: ხო ხედავ, რა ძალა მაქვს, მაინც ჩამოგიყვანე ციდან და მიწაზე დგომა გასწავლე.
,
მოპირდაპირე მთაზე მგლები აყმუვლდნენ.
_ რაც ჩეჩნეთის ომი დაიწყო, მგლებით გაივსო აქაობა, _ შემომჩივლა წეღან ბიძაჩემმა.
საღამო ხანს თოფები ტყვრებოდა საკიდობნიას ხევში. ეტყობა, მგლებს თოფავდნენ.
შუაღამისას ღმუილი ატყდა.
ვერ წარმოიდგენთ, რა მქისეა მგლის ყმუილი, როცა შენს ნასახლარში წევხარ, დედა არ გყავს, არც ანგელოზთღამეობის სანთელი ანთია და ადამიანთა სევდას ჰყავხარ შეპყრობილი.
_ აუუუუუ! _ ყმუის მგელი. ეს არ არის დედა მგლის ყმუილი, ეს უფრო პატარა მგლების ყმუილია, რომელთაც ალბათ, აღარა ჰყავთ დედა, წეღან თოფების ხმა რომ ისმოდა, შვილებს გაერიდა და სხვაგან მოკვდა.
_ აუუუუუ! _ როგორ მინდა, რო მეც ასე გავყვირო მთელ წუთისოფელს, მაგრამ მე ხომ მგელი არა ვარ, ერთი უმწეო, შუღლიანთ უშუღლო მონაგარი ვარ, ბალახზე ფეხის დაბიჯება რომ მერიდება და მაინც მინდა მგელივით ვიყმუვლო.
_ აუუუუუ! _ ყმუის ჩეჩნეთიდან გადმოხვეწილი მგლის ლეკვი ჩემი სოფლის გაღმა.
გორზე მთვარე გადმოდგა და მგლებიც ჩაჩუმდნენ. მთვარე ეკლესიასაც ანათებს, საფლავებსაც და ნასახლარებსაც.
გუდამაყრის ხეობასაც ანათებს, ცაზე მიბჯენილ მთის წვერებსაც.
შავ არაგვსაც.
და მთვარის ზემოთ, ტკბილ საგალობელს წკრიალებენ ვარსკვლავები.
ნეტავ რა ხდება ახლა იქ?
ამას წინათ კინოს ვიღებდი და რომ დავწექი დასაძინებლად, რაღაც ძალამ ამაყენა ლოგინიდან, ჩავიცვი, ფეხაკრეფით გამოვედი სახლიდან და ზემოთ წავედი. გზაზე მივხვდი, იმ ადგილისაკენ მივდიოდი, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებს.
_ არა, არა, მე სიტყვას არ გავტეხ! _ ვუთხარი ჩემ თავს და უკან დავბრუნდი.
_ მოიცა, სად მიდიხარ! _ მომესმა და მივბრუნდი.
ისეთი სიხარული ადამიანებთან შეხვედრისას არასოდეს არ განმიცდია. ჩემ წინ იდგნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც მიღიმოდნენ და ისე მიხაროდა მათთან შეხვედრა, თითქოს დიდი ხნის ნანატრ ადამიანებს ვხვდებოდი.
_ შენ ჩვენ ვერ გვიცნობ. ჩვენ მიწაზე ხომალდით მოვედით. დედაშენი ჩვენ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთან გამოგვაგზავნა. გვითხრა, ჩემმა შვილმა იმ ადგილზე ილოცოს, ღმერთი სურვილებს რომ უსრულებსო.
_ მე სიტყვა მივეცი, რომ იქ აღარ მივალ.
_ ერთხელაც უნდა მიხვიდე, მიწისძვრას უნდა გადაარჩინო ხალხი.
იმათ ორი ჩანთა მომცეს და მითხრეს:
_ ერთი ლუკას, მეორე ნიკას. _ მერე წინ გამიძღვნენ სადაც სურვილებს მისრულებდა ღმერთი.
კარვები გაშალეს.
ბროლის ჭიქით რაღაც მომაწოდეს.
ჭიქაში ჩასხმულ სითხეში პატარა სოკოები დაცურავდნენ და მე გადავღვარე. იმათ სიცილი დაიწყეს:
_ დასალევი ჰგონია.
მეორედ ჩამომისხეს.
_ დედაშენის ხათრით გისხამთ მეორედ. დედაშენი ჩვენ ვარსკვლავზე ცხოვრობს და ყველას ისე გვიყვარს, რომ გვთხოვა შენთან მოსვლა, იმიტომ წამოვედით.
_ დედაჩემი რატომ არ მოვიდა?
_ დედაშენმა სიტყვა ჩამოგართვა, რომ ღვთის რჩეულ ადგილზე არ მიხვიდოდი და არ უნდოდა თავისი აქ ყოფნით გაგეტეხა სიტყვა.
_ მე ჭიქაში მდგარი სითხე დავლიე და ისეთი სითბოთი ავივსე, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ამის მერე მივედი იმ ქვის ჯვართან და ვთქვი:
_ ღმერთო, დაგვიფარე!
ერთი კვირის მერე ძლიერმა მიწისძვრამ გამომაღვიძა თბილისში და როცა ყველაფერი დაწყნარდა, ტელევიზორში გადმოსცეს:
_ მიწისძვრის ეპიცენტრი გუდამაყარში იყო. ნგრევა და ხალხის მსხვერპლი არ არის.
_ ღმერთო დიდებულო!
გუდამაყრელები ჰყვებოდნენ, რომ მიწისძვრის დროს წმინდა გიორგი იდგა მთის წვერზე და ცეცხლის სვეტებს იგერიებდა.
რა არის ეს?!
ან დედამოკლული მგლის ლეკვები რატომ აღარ ყმუიან? _ ვეკითხები ვიღაცას და უცებ მოპირდაპირე მთიდან ისმის მგლების ყმუილი. რომელიც უფრო ბეთჰოვენის მუსიკას ჰგავს, ვიდრე ჩეჩნეთიდან აყრილ მგლების ყმუილს.
დილით, გარიჟრაჟზე დავადექი ბურსაჭირისაკენ მიმავალ გზას. მკერდწამოყუდებულ კლდესთან რომ მივედი, რატომღაც მომინდა ჩემ გამოქვაბულში ასვლა.
არც მუხლი წამომყვა კლდეზე, არც გული. არადა, მინდოდა ჩემი გამოქვაბულიდან კიდევ ერთხელ გადმომეძახა დაბლა:
_ ეი, ვინა ხარ მანდ, რომ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველას ვერ გაუვლია და მაღლა ფრინველს!
ორი ნაბიჯითაც ვერ ავცილდი კლდეს. მაინც იხტიბარი არ გავიტეხე და ქვემოდან შევძახე გამოქვაბულს:
_ ეი, ვინა ხარ მანდ, რომ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველას ვერ გაუვლია და მაღლა ფრინველს!
_ წადი შენი! _ ჩამომძახა ვიღაცამ გამოქვაბულიდან.
წავედი.
ქვენამთის გადმოსასვლელთან შევხვდი წმინდა ნინოს გზაზე მოსიარულე მლოცველებს.
იმათ ჩემი დახვედრით გაიხარეს, მე _ იმათი შეხვედრით.
ის ღამე ბურსაჭირში გავათენეთ, იქ სადაც დედაჩემს წნევამ დაარტყა და მეტყველება დაკარგა. ჩვენი მასპინძელი ნინო იყო, მართლა შეძლო ერთი პურით ამდენი მორწმუნის დაპურება.
მეორე დღეს ჩოხში ჩამოვედით.
_ გუდამაყრიდან ისე როგორ უნდა წავიდეთ, რომ წირვა არ ჩავატაროთ?! _ მითხრა მეუფემ, _ ეკლესია არ არის?
_ კი არის, მაგრამ...
_ ძალიან კარგი, რა მაგრამ?!
_ არავის არა აქვს იმის გაღების უფლება და ვერც მე ავიღებ ჩემ თავზე.
_ აბა ვის შეუძლია?
_ მარტო ხევისბერს, მაგრამ....
_ რა მაგრამ?
_ ხევისბერი ვერ ბედავს იმის გაღებას.
ხევისბერმა დიდხანს უყურა მის ქვეშ მყოფ მიწას, მერე მაღლა აიხედა და თქვა:
_ დაილოცოს ღმერთო, შენი სამართალი!
მერე?
ხევისბერი აღსარებას აბარებდა მეუფეს მიწისძვრისაგან დაბზარულ ეკლესიაში, რომელიც წმინდა ნინოს გზაზე მლოცველებმა მორწმუნე ქართველებმა ხელებით გაწმინდეს.
მერე მეუფემ ხევისბერი აზიარა.
მერე,
მე ვეზიარე.
მერე ჩემი ბიძაშვილები:
შუღლიანნი, ხიზანიანნი, ლაზარიანნი და ომარანნი.
ხატის დასტური რეკავდა ზარს.
ხევისბერი გაბრწყინებული სახით გვიყურებდა და გვეუბნებოდა: შვილებო, მე ამ ეკლესიაში მოვინათლე, აქ დავიწერე ჯვარი და აქ ვღებულობ ზიარებას. მერე ისე მოხდა, რომ თვითონ მე გადამაყრევინეს აქედან საღვთო წიგნები.
დღეის მერე კი, ვისაც რა შეგიძლიათ, ის შემოიტანეთ ამ ეკლესიაში.
სასურველი კი იქნება: სუფთა გული და სუფთა წადილი.
მე ხევისბერის მერე ვეზიარე და გარეთ რომ გამოვედი, რატომღაც იმ ადგილას გავხედე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა.
სულში დიდი სიმშვიდე ვიგრძენი, მივხვდი, ღმერთმა სწორედ ის შემისრულა, რაც მთავარია ადამიანისათვის _ არა მხოლოდ შენთვის, არამედ ღვთისაგან და შენნაირი ადამიანებისთვის.
მე დავკეტე ეკლესიის კარის ბოქლომი.
მერე უცებ გამახსენდა, რომ რაღაც დამრჩა ეკლესიაში და ისევ გავაღე კარი.
შიგნით შესულს ისევ ცხადად ჩამესმა დედაჩემის ხმა:
_ გაიღვიძე, შვილო, გაიღვიძე, ადექი, ანგელოზების სანახავად წადი.
ამის მერე კი დავინახე, რომ საკურთხეველზე სეფისკვერის გარშემო, ის თორმეტი, ბეღურასავით პატარა ანგელოზები ისხდნენ, სამსხვერპლოზე დაცვენილ სეფისკვერის მარცვლებს კენკავდნენ და ჟღურტულებდნენ. მადლი ღვთისა მიმოდიოდა მათ შორის და სულიწმინდა ლიცლიცებდა ეკლესიის სარკმელიდან შემოჭრილ მზის სხივებში.
,
_ კიდევ რა მინდა?
_ მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში.
ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი