აფრენა


მეორე თვეა, რაც ათნოხელი გამიხარდაი უხასიათოდ არის.რა ჭირი და სიკვდილი გასმევს ამდენს!- ეჩხუბება ცოლი.-უხასიათოდ ვარ და ის მასმევს, -თავს იმართლებს გამეხარდაი.
-დალოცვილმა ღმერთმა რაღა შენ გაგიფუჭა ხასიათი, რა
ვიცი, ე ხალხი კი საქმეს ვეღარ აუდის და შენ მარტო ჭიქისაკენ გიჭირავს თვალი. დილით რო გახოლ, ერთს აღარ გამაიხედავ სახლისაკე. ერთხელ არ დაფიქრდები, რა გვიჭირს, რა გვილხინს, ან ხო არ გვშია, ან ხო არ გვცივა, აჰა, ჩემი თავი ჯანდაბას, ბალღები მაინც შეინანე. ამათ მაინც ნუღარ უხეთქავ გულსა.
გამიხარდაის ბალღები, ბიჭი და გოგო, იქვე კუთხეში მიყუჟულან და სევდიანად შეჰყურებენ ლოგინზე ჩამომჯდარ მამას, რომელიც ამაოდ ცდილობს ჩექმის გახდას.
ბიჭი მივა, მამას მორჩილად გაუჩერდება წინ და ხელებს მორიდებით გაიშვერს, რომ ჩექმის გახდაში მიეშველოს. თან ვერ ბედავს, ეშინია, მამა არ გაუწყრეს.
ის-ის იყო წაავლო კიდეც ტალახიან ჩექმას მელნით მოთხუპნული ორივე ხელი (ბიჭი პირველ კლასში სწავლობს ქართულის მასწავლებელი პასტით წერას უკრძალავს, სამელნიდან კი ერთთავად მელანი ეღვრება თითებზე), რომ დედამ წამოარტყა ქეჩოში:
-თავი გაანებე, შენც მაგნაირი გაიზრდები, ჩაცმა-გახდის შნოც არ გექნება ჭიქას კი დღე და ღამე სტვირივით პირიდან არ მოიშორებ.
ბალღი ისევ კუთხეში მიიტუზა, გამიხარდამ კი ერთი მწყრალად შეუღრინა ცოლს:
-ქალო,შეენ!
-ტყუილს გეუბნები, თუ რა,მარტო ერთი ის დაგიჩემებია, უხასიათოდ ვარო. შენი ცხვირ-პირის ჩამოშლამ,რაიკომის მდივანი მყევხარ და ჩურჩულით დაგელაპარაკები, ხასიათზე ვერ არი-მეთქი. აბა ერთი გამოფხიზლდი და გახედე სოფელსაცა და შენ თავსაცა, სხვები როგორ შრომობენ როგორ ივსებიან, მერე შენს ოჯახსაც შემოხედე, ჩამოკერტილ-ჩამოძონძილები რო დავდივართ, მაშინ ხო მოხვალ ხასიათზე,. ეგ რა ჩემი საკადრისი საქმეაო. აგე, იოსებიანთ ვანუას მაინც ვერ უყურებ?ყველაფერი ეხერხება, ყველაფერი ხელიდან გამოსდის, იმის გაუკეთარი არა არის რა. რაც შენ ქეიფში ხარ, იმან კოლექტივის ჩამოწერილ ტრაქტორს მიჰყო ხელი და აამუშავა კიდეც, დილას. დილას აქეთია ნაზოვარ შეშასა ზიდავს იმით სახლში. თავჯდომარეობას ხო არა გთხოვ, გინდა თუ არა, პაპკა დაიჭირე დათავჯდომარე იყავი-მეთქი, არა, ვინ ჯანმკვდარი გეტყვის მაგასა, მაგრამ უბრალო რამეც რო არ არ შეგიძლია, ტრაქტორის შოფრობა მაინც გესწავლა?
-ტრაქტორის შოფრობას რაღა ცოდნა უნდა?! - წამოიწია ლოგინზე ჩექმა გაუხდელად მიწოლილი გამიხარდაი.
-ი, ახლა იმასაც იტყვი შენა, რო ტრაქტორის გავლევა შემიძლიაო! - ცოტა არ იყოს, ეჭვით დაეკითხა ცოლი.
-მერე და ვინ გითხრა, რო არ შემიძლია, ჰა?! - ისეთი სახე მიიღო გამიხარდამ, რომ იმის შემხედვარე ქალმა ერთი ესღა ჩაილაპარაკა:
შეგიძლია არა!
ტრაქტორის ტარებაც შემიძლია და მანქანისაც - თავისი შესაძლებლობების ფარგლები გაზარდა გამეხარდამ.
ი! - წაიბზმუკუნა დაეჭვებულმა ქალმა.
რა იიი?
ვინ გასწავლა?
როგორ თუ ვინ მასწავლა, ჯარში მაგის მეტს კი არაფერს ვაკეთებდი.
ჯარი რომ ახსენა, ამაზე უფრო დაეჭვდა გამიხარდაის ცოლი, შეიძლება მართლა იცისო. გამიხარდამ კი ტყუილს ტყუილი მიუმატა:
ეგ კი არა, ვერტალიოტის შოფრობაც შემიძლია ეხლა კი ისე შეხედა ცოლმა, რომ ეტყობოდა, ამას აღარ დაუჯერებდა. გამიხარდამაც იგრძნო ეს და თავისი ტყუილო შეარბილა:
-არა, რამე რომ იყოს, აფრენა შემიძლია, აფრენით ავაფრენ, ხოლოთა დაჯდომით ვეღარ დავსომ, დაჯდომა აღარ შემიძლია. ჯარის ვადა გამითავდა და დაჯდომა ვეღარ ვისწავლე.
ბალღები გაოცებული და გახარებული თვალებით შეჰყურებდნენ მამას. ამ წუთში იგი ისე უცებ გაიზარდა მათ თვალში, რომ თითქოს აღარც კი სჯეროდათ, რომ მათ წინ მათი ზარმაცი მამა იყო ლოგინზე წამოწოლილი. ამ წამოწოლამაც კი სხვანაირი მნიშვნელობა მიიღო - მთელი დღე ჰაერში დაფრინავდა მამა ვერტფრენით და საღამო ხანსღა დაბრუნდა სახლღი. ისე დაღლილი იყო, რომ ჩექმებგაუხდელად მიწვა ლოგინზე.
ვერტფრენი კი სკოლის ეზოში ზის. იქ ყველაზე დიდი მინდორია, თანაც სხვა ბალღებემაც ხო უნდა დაინახონ ხვალ დილით, როგორ ააფრენს გამიხარდაი მას ჰაერში, ესენი კი მელნიან ხელებს დაუქნევენ და დანარჩენ ბალღებს ამაყად გადახედავენ. რაღა თქმა უნდა, ჯერჯერობით მათთვის გაურკვეველია, როგორ დააფრინა დღეს გამიხარდამ სკოლის ეზოში
ვერტფრენი, მთავარი ის არის, რომ ხვალ ყველას თვალწინ ააფრენს. მერე ხომ ვეღარც მასწავლებელი დააყენებს კუთხეში, ვეღარც მეორეკლასელი ბიჭი წააქცევს სკოლის უკან და ტალახიანი ფეხსაცმელებით რომ მივა სკოლაში, დირექტორიც ვეღარ წამოარტყამს ქეჩოში.
აი ამ იმედით შეჰყურებს ბიჭი მამას, რომელსაც უკვე ძილის ქვეყანაში გაუფრენია თავისი ვერტფრენი.
ცოლიც მოწიწებით უყურებს.
მერე ფრთხილად ხდის ჩექმებს, ასევე ფრთხილად ახურავს საბანს და ბავშვებს ანიშნებს, არ იხმაურონ.
მეორე დღეს ამაყად გავა გამიხარდაის ცოლი ხალხში.
ზვავის მხრიდან ტრაქტორის ხმა ისმის.
იოსებიანთ ვანუაი დიდ წიფელს მოათრევს სახლისაკენ.
რაღა თქმა უნდა თავს იწონებს ვანუაის ცოლი. თან წინდასა ქსოვს, თან ერთ ადგილას ვერ ისვენებს, კაბის ბოლოს ფრიალით მიდი-მოდის ხალხში. თანაც გამიხარდაის ცოლს უყურებს ნიშნის მოგებით: ხედავ, რა ქმარი მყავს, როგორი კაცის ცოლი ვარ, ეგრე კი არ არის, თამამად რო მელაპარაკები ხოლმეო, ფიქრობს გუნებაში.
გამეხარდაის ცოლიც ხვდება მის ფიქრს და იმას კი არ ამბობს, ჩემმა ქმარმაც იცის ტრაქტორისა და მანქანის ტარებაო, პირდაპირ მთვარეზე გადადის:
რა ღრუბლიანი ამინდებია, ქალო, ლამის არის ი კაცი გულმა გაიტანოს დარდისაგან, სმაღა დაიწყო.
დედაკაცებმა გაკვირვებით შეხედეს.
ღრუბელი რაღაში ადარდებს, ეგ რაღა სადარდებელია? -ცოტა არ იყოს, ისევე ნიშნის მოგებით ჰკითხა ვანუას ცოლმა და თან ჭალაზე მიმავალ ტრაქტორს გახედა.რაში და, თვითმფრინავებს უჭირთ ღრუბლიანში, არ ჩამოვარდესო, იმას დარდობს,მაგასაც ხო ეგა აქვს დამთავრებული.
რაა?! -გაკვირვებით შეხედეს დედაკაცებმა.
ჯარში რო იყო, „ვერტალიოტზე“მჯდარა, ახლა ისევ იქით ეწევა გული. მე კი ვუშლი, საშიშია, ე ბალღები არ დააობლო-მეთქი, მაგრამ თავისას არ იშლის, იაევ იმაზე აპირებს დაჯდომას, რა ვქნა, აღარ ვიცი.
იოსებიანთ ვანუას ცოლს ცივი წყალი გადაესხა.
ამას კი აღარ მოელოდა, რომ გამიხარდაი იმის ქმარს აჯობებდა. ამ სოფლის თავზე თვითმფრინავის ყოველ გადაფრენას ისე უყურებდნენ, როგორც სასწაულს და ხედავ, ეს რო თავისი ქმრის ტრაქტორისტობით გათამამებული ზედაც კი არ უყურებდა გამიხარდაის ცოლს, თურმე ეს რა უბრალო ქალი ყოფილა, ერთხელაც კი არ აგრძნობინა, რომ მფრინავის ცოლია.
რაღა თქმა უნდა, გამიხარდაის ცოლმა დამალა ის ამბავი, რომ გამიხარდას მარტო აფრენა შეუძლია, ხოლო ვერტფრენის დასმა არ უსწავლია. ეს რო ეთქვა, იმ წუთში იტყოდა ვანუას ცოლი:
-ი კაცს კი ორივე შეუძლია – ესე იგი, დაძვრაც და გაჩერებაცო.
გამეხარდაის ცოლმა კი დამალა ხალხში, რომ ვერტფრენის დასმა არ შეუძლია იმის ქმარს, მაგრამ ერთი კვირა საშინელმა სიზმრებმა გატანჯა: ვითომ გამიხარდაი ჩასვამს ცოლ-შვილს სოფლის მოედანზე გაჩერებულ ვერტმფრენში, ჯერ ბალღებს ჩასვამს, მერე ცოლს მიეხმარება და ბოლოს თვითონ ჩაჯდება, მთელი სოფელი მათ გადმოჰყურებს.
იოსებიანთ ვანუას ცოლს შურისაგან მიტკალივით გაჰფითრებია სახე. წინდას კი ქსოვს, მაგრამ თვლები ერთმანეთში ეხლართება აცაბაცა.
გამეხარდაი ვერტფრენს დაქოქავს.
დატრიალდება ფრთები.
იმისი ქარი ქუდებს წაართმევს მაყურებელ კაცებს.
ვერტფრენი აფრინდება და თანდათან ზემოთ მოექცევა სოფელსა და მთებს.
გამიხარდაის ცოლი სიხარულით გადმოჰყურებს დედამიწას.
ბალღებს ხო ცხვირები მიუჭყლეტიათ ფანჯრებზე.
ასე დაფრინავენ დიდხანს.
თითქმის დაღამებამდე.
გამეხარდაის ცოლს უცებ გაახსენდა, რომ საქონელი უნდა აწყლიოს და ქმარს გასძახებს:
-გეყოფა, კაცო, დასვი!
-დასმა რო შემეძლოს! - იძახის გამიხარდაი.
ვაი, ჩემ თოლებსა! - ახლაღა გაახსენდა ქალს რომ გამიხარდამ ვერტფრენის დასმა არ იცის და შიშისაგან ატანილი ბალღებს ჩაიკრავს გულში.
მაშ, სადამდე უნდა ვიფრინოთ ასე, კაცოო?!
სანამ ბენზინი არ გამოგველევა, -იძახის გამიხარდაი.
ბენზინი შენა და ნავთი, აფრენა რო ისწავლე, შე მიწადასაყრელო, ჩემი თავი ჯანდაბას, ე ბალღებს რაღას ერჩი? - სწყევლის აკანკალებული ქალი ქმარს.
გამიხარდაი ჩუმად არის.
ბალღებიც ჩუმად არიან.
-კაცო, იქნება დაჯდომაც როგორმე ისწავლო, ჰა? - ხვეწნით ეუბნება ცოლი გამიხარდას.
-სად უნდა ვისწავლო, დედაკაცო, შენ გიჟი ხო არა ხარ?
გიჟი რატოღა ვარ, კაცო, სადაც აფრენა ისწავლე, სთხოვე და დაჯდომასაც იქ გასწავლიან, მაინც სმის მეტს არაფერს აკეთებ.
-ჰო, ახლა რაღა იქნება და ბენზინი რო გამოგველევა, მერე ვნახოთ, - იძახის გამიხარდაი.
-აი, ისეთი გამოგელიოს როოო, - დამთავრებას ვეღარ ახერხებს ქალი, ვერტმფრენი მოწყვეტით ეშვება ქვევით.
ქალი შვილებს გადაეფარა და განწირული ყვირის.
თავისსავე ყვირილზე ეღვიძება.
ერთი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე სიზმარს ხედავს.
გამიხარდაი ძველებურად დილით გავა და საღამოთი ჩექმების გახდის თავი აღარა აქვს.
ცოლი მოწიწებით ექცევა.
ფრთხილად ხდის ჩექმებს.
ბალღებიც ოცნებით შეჰყურებენ.
სკოლაშიც ამაყად დადიან.
ქალიც ამაყად გადის სოფელში. იოსებიანთ ვანუას ბულდოზერს ზედაც აღარ უყურებს. იცის, რომ ვანუაის დედაკაციც შურით გულზე სკდება და იმის დასანახად ცას შეჰყურებს, თან იწყევლება:
აღარ უნდა გადაიდარო, შე უპატრონოვ, შენა!
სიზმრებმა კი გატანჯეს.
ვერც ერთხელ ვერ მოახერხა გამიხარდამ დაჯდომა.
ყოველთვის განწირული იღვიძებს ქალი.
იმ საღამოსაც ძლივს მოაღწია გამიხარდამ ბარბაცით სახლამდე და ჩვეულებრივად ჩექმებგაუხდელად მიეგდო ლოგინზე.
შვილები, რა თქმა უნდა, მოწიწებით უყურებენ „დაღლილ“ მამას.
ჩემი წიგნი
– მე შეიძლება გავგიჟდე.
–რატომ?
–ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ.
–შენც ნუ დაწერ.
–ხშირად, იცი, რა მგონია?
–რა?
–მგონია, რომ გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია.მთები ყდებადა აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს ლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ.
–შენ შეიძლება მართლა გაგიჟდე.
–ხომ გითხარი. აი, ახლა, მივალ და გადავშლი. მოისმინე რა სწერია:
თაგვაობა
ჩაჭრილაის სერზე მთიული დედაკაცები ამოვიდნენ და ხის თაგვები გადმოყარეს გუდამაყრელების ხეობაში.
–ხის თაგვები რასა ჰქვია?
–დამაცადე წაკითხვა, აქ სწერია.
...გუდამაყარში და მთიულეთში ჯერ კიდევ პატივს სცემენ კერპებს. აქვთ ცხოველებისა და ფრინველების ფრინველების კულტი.
–ვერ გავიგე.
–რა ვერ გაიგე?
–ხის თაგვები რა არის, ის ვერ გავიგე.
–გუდამაყრელები და მთიულები, წელიწადში ერთხელ, თაგვების დღესასწაულს იხდიან. ყველა ოჯახი ხის თაგვს აკეთებს. ხის თაგვი სწორი ჯოხია, შუაზე გაპობილი ერთი ბოლოთი, რომელშიც თივა ან ჩალაა გარჭობილი თაგვის ულვაშოვით.
... მთიულმა დედაკაცებმა თავიანთ სახლებში შემოატარეს ხის თაგვები. ველაფერზე, რაც რამ ბუნაგია სახლში, თაგვს ურტყამენ და გაჰკივიან:
გამო თაგვო, გამო რწყილო,
ანგელოზო შინ დაბრძანდი!
ამის მერე სახლებიდან გამოცვივდნენ და უკანმოუხედავად გააქციეს ხის თაგვები ჩაჭრილაის მთისკენ, გუდამაყრის ხეობაში გადასაყრელად. ბანებზე გადმომდგარი ქმრები ცდილობენ ქალები მოახედონ, მაგრამ ქალები უკან არ იხედებიან.
–რატომ?
–უკან რომ მოიხედონ ისევ მთიულეთის ხეობაზე დარჩება იმ წელიწადს თაგვები.
–რომ არ მიიხედონ?
– გუდამაყრის ხეობაში გადაჰყრიან და იქ გამრავლდება. ამას თაგვების გამორეკვა ჰქვია.
–ესე იგი, შენს წიგნში უნდა გადმოყარონ და იქ უნდა გამრავლდნენ მთიულების თაგვები?
–ეგრე გამოდის.
–დახურე შენც თაგვებმა წიგნი არ დაგიხრან.
–დამაცადე, წავიკითხო, მე მგონი, არ გადმოაყრევინებენ გუდამაყრელები. ჭავიკითხო?
–წაიკითხე.
...ამოვიდნენ ჩაჭრილაის მთაზე მთიული დედაკაცები და ის იყო უნდა გადმოეყარათ ტაგვები, რიომ აქედან გუდამაყრელები დახვდნენ, ქალი და კაცი იქ იყო. თან თავიანთი ხის თაგვები ეჭირათ. ჩაურჭვეს მთიულებს კისრებში ორივე ხეობის თაგვები და ისე გაგზავნეს უკან.
–კიდევ კარგი!
–დამცინი?
–არა, რატომ, მიხარია შენი წიგნი თაგვებს რომ გადაურჩა. Mმეორე მოთხრობა წავიკითხო?
–წაიკითხე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი