გუგული
«გიყვარდეს მტერი შენი»... თუკი რამ კარგი და ლამაზი მახსოვს, ბავშვობიდან მახსოვს. გუგულიც იქიდან მახსოვს, იქიდან გამომძახის. _ გუგუ! _ გუგუ! და თითქოს იყო და არა იყო რა. ბავშვობაზე უკეთესი რა იქნებოდა, იყო ლამაზი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. გორის იქეთიდან მხოლოდ ყურის წვერი ამოეყო მთვარეს და ეგრე ჩუმად, ფეხაკრებით შემოდიოდა ხეობაში. იყო ლამაზი გათენება. ჯერ ამოსულიც კი არ იყო მზე, რომ იმისი სხივები ძილს აღარ მანებებდნენ. «დილით ამდგარსა ყმაწვილსა ღმერთი უმზადებს სადილსა», ჩამჩურჩულებდა დედაჩემი ყურში და «აბა, მზეს თუ დაასწრებ ადგომასო», წამოვხტებოდი და მზეს ვეჯიბრებოდი. იყო ყვითელი შემოდგომა და შემოდგომაზე ფრინველების წასვლით დარჩენილი სევდა. ჯერ მერცხლებს გამოვიგლოვებდით მე და ჩემი თანატოლები, მერცხლებს მიჰ_ ყვებოდნენ ტოროლები, გულყვითელები, ბოლო-ცეცხლები, გუთნის ჩიტები და სხვანი და სხვანი7 მიფრინავდნენ გუნდ-გუნდად, თავის ბარტყებთან ერთად, იმ ბარტყებთან, ჩვენ რომ თითქმის ყველას ვიცნობდით, თითქმის ჩვენს ხელში დაიზარდნენ, მიფრინავდნენ და მაშინ ჩვენთვის აუხსნელ სევდას გვიტოვებდნენ. ტყეებში მარტო ჩხიკვები და შაშვები რჩებოდნენ. სოფლის ახლომახლო ყვავი დაყრანტალებდა და ამით ამცნობდა დანარჩენ ყვავებს, რომ ხის კენწეროზე შემორჩენილი მწიფე მსხალი იპოვა და ამიტომ მაგარი, ყოჩაღი ყვავია. დღითიდღე იცრიცებოდა, იძარცვებოდა შემოდგომა. კვირაში ერთხელ არწივი ჩამოიფრენდა ხეობაში, მიდამოს თვალს გადაავლებდა, შეამოწმებდა, ფრთოსნებიდან რომელიმე ხომ არ დარჩა თბილ ქვეყანაში წამსვლელიო და რომ დარწმუნდებოდა, ისევ ჭიუხებისკენ წავიდოდა ყეფით. ერთი ორჯერ თუ შეატყლაშუნებდა ფრთებს, მეტად არა. დღეები თანდათან მსუბუქდებოდა, გამსუბუქებული დედამიწა თითქოს ზეცისკენ მიიწევდა. ცასა დ მიწას ერთი ფერი დაედებოდა, ახლა ვხვდები, რომ ეს ფერი გარდაცვალების ფერი იყო, მტკნარი და მიტკალივით თეთრი. და ამის მერე იყო ზამთარი. თოვლის ფიფქები მოდიოდნენ. ზეცის ყვავილობა გეგონებოდა. ყველაფერი თოვლის საბურველში გაეხვეოდა, და არაფერი არ უხდებოდა ბავშვობას ისე, როგორც ზამთარი. ციგაობა, თოვლის კაცების აშენება, გრძელი ზღაპრებით სავსე ღამეები და... ყოველთვის, ეს რომ მოგვწყინდებოდა, სწორედ მაშინ მოვიდოდა გაზაფხული. შეეშინდებოდა ზამთარს, დანაწილდებოდა ნაკადულებად, ზვავებად და გარბოდა, მიწაში იმალებოდა. ზეციდან მოსული იყო, მაგრამ მიწაში იმალებოდა. მიწიდან კი გაზაფხული ამოდიოდა _ ენძელებად, იებად, ყოჩივარდებად, თეთრად აფეთქებულ ტყემლებად, კლდის ფხაზე ამოშვერილ პირიმზედ, ჩრდილში მოსულ გვირილად და ისევ და ისევ ბავშვების ჟრიამულად. და ისევ, თითქოს იყო და არა იყო რა, იყო ლამაზი გაზაფხული ნაირ-ნაირი პეპლებით სავსე. დავდევდით პეპლებს და როგორმე რომ დაგვეჭირა, ვატყუებდით: «დაჯე, დაჯე, პეპელაო, თორემ დედა მოგიკვდება». პეპლებს, რა თქმა უნდა, დედის სიკვდილის ეშინოდათ და სხდებოდნენ. გაიხსნებოდა გზები, დაიწყებოდა მგზავრების მიმოსვლა. გაზაფხულობით ჩამოივლიდა ხოლმე მღვდელი, შეკრებდნენ ერთ სახლში იმ წელს დაბადებულ ბალღებს. იყო ერთი სიცილ-კისკისი და ბალღების ჩხავილი. მერე მღვდელი წიგნს გადაშლიდა და კითხულობდა. ბევრს ვერაფერს ვგებულობდით, მაგრამ ერთი რამ ძალიან გვაკვირვებდა _ «გიყვარდეს მტერი შენი»... რატომ? რატომ უნდა გვყვარებოდა მტერი?! ვერა, ვერ ვგებულობდით. ხეობა კი თანდათან ივსებოდა გუთნის ჩიტებით, კოდალებით და ბოლოცეცხლებით. ხეობა სავსე იყო ფრინველთა გალობით და ერთ დღესაც ამ გალობაში გაისმებოდა: _ გუგუ! _ გუგუ! ეს ხმა ყველაზე მეტად გაგვახარებდა. რატომღაც გვეგონა, რომ გუგულს მოჰყავდა გაზაფხული. _ გუგულო, რამდენი წლისა ვარ? _ გავძახებდით გუგულს და ისიც, რა თქმა უნდა, იმდენჯერ დაიძახებდა «გუგუს», რამდენი წლისაც ვიყავით. მერე დედები გუდებს მოგვკიდებდნენ და გაგვაგზავნიდნენ წიფლიან ტყეში. ჩვენ მთელი დღე ჩასაფრებული ვყავდით გუგულს, რომ თუ რომელიმე ხეზე შემოჯდებოდა, იმ ხისთვის სამჯერ უნდა შემოგვერბინა ძახილით: _ გუგულო, ღალა მოგპარე! _ გუგულო, ღალა მოგპარე! _ გუგულო, ღალა მოგპარე! თუ ამას მოვახერხებდით, გვჯეროდა, რომ იმ წელს ბარაქიანი მოსავალი გვექნებოდა. გუგულებს კი, თითქოს ეს არ უნდოდათ, მაშინვე გაფრინდებოდნენ იმ ხიდან, რომელსაც გარშემო ვურბენდით. ახლა სხვა ხეზე შემოჯდებოდნენ და ჩვენც იმ ხეს მივეპარებოდით. ამასობაში შევამჩნიეთ, რომ გუგულს ყოველ დღე სამი ნიბლია ჩიტი დასდევდა თან. ჭრელფრთიანები იყვნენ, პატარა, წვრილი ნისკარტები ჰქონდათ. თავზე ისეთი ბუმბულით იყვნენ შემოსილი, თითქოს გუგულის დიასახლისები იყვნენ და თავზე კოპლებიანი თავსახურავები ეხურათ. მერე ისიც შევამჩნიეთ, რომ დილით სამი ასეთი ჩიტი დაჰყვებოდა გუგულს, შუადღისას _ ორი, საღამოს კი _ ერთი. გაფრინდებოდა გუგული და ისინიც უკან გაჰყვებოდნენ. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს პატარა ჩიტები გუგულის დიასახლისები იყვნენ და ერთხელ გუგულის დევნით დაღლილ-დაქანცულმა მღვდელს ვკითხე: _ გუგულს თუკი ჰყავს დიასახლისები, რატომ სხვა ფრინველებს არა ჰყავთ? _ რა დიასახლისები?! _ გაუკვირდა მღვდელს. _ აი, სამი პატარა ჩიტი რომ დაჰყვება თან. _ ეგენი დიასახლისები კი არა, გუგულს ყოველდღე სამი ეგეთი ჩიტი უბოძა საზრდოდ ღმერთმა. ერთს დილით სჭამს, მეორეს შუადღისას და მესამეს საღამოს. ერთ ჩიტს მარტი ჰქვია, მეორეს _ აპრილი, მესამეს _ მაისი, მითხრა მღვდელმა. იმ დღის მერე გადავემტერეთ გუგულს. მთელი სოფლის ბალღები ისე აგვაფორიაქა გუგულის საქციელმა, რომ ერთ დღეს «შევიარაღდით» და გუგულის მოსაკლავად წავედით. გუგული მუხაზე იჯდა და ხეობას გასძახოდა. მოვმართეთ შურდულები და დავუშინეთ ქვები. გუგული გაფრინდა და ჩიტებიც თან გაჰყვნენ. ორნიღა იყვნენ, ეტყობა, ერთი უკვე შეჭამა. გამოვედევნეთ უკან და აღარ მივეცით მოსვენება. შუადღემდე მუხლი არ ჩაგვიხრია. ცოტა ხნით სადღაც დაგვეკარგა და, ხელახლა რომ ვიპოვეთ, ერთი ჩიტიღა დასდევდა თან. როგორც იქნა მოხვდა ქვა. წიფლიდან ჩამოვარდა, პატარა ჩიტიც თან ჩამოჰყვა, მერე ისევ გაგვიფრინდა. ეტყობა ფრთა ჰქონდა მოტეხილი. ნიბლია ჩიტიც თან მიჰყვებოდა. გუგული ღვიის ბუჩქებში ჩაეშვა და კარგა ხანს ვეღარ ვიპოვეთ, როცა მივაგენით, სანახაობამ ერთად შეგვაყენა და ნაბიჯი ვეღარ წავდგით _ ღვიის ძირში გუგული ეგდო და სულს ღაფავდა. მოტეხილ ჭროღა ფრთაზე წითლად ჰქონდა სისხლი შემხმარი. იქვე, ღვიის ტოტზე მობუზული იჯდა ნიბლია ჩიტი და თავის ტოლა ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. ჩვენს დანახვაზე არც კი ცდილა, რომ გაფრენილიყო. ამ სანახაობამ ისე დაგვწყვიტა გული, რომ იქვე პატარა საფლავი გავთხარეთ და ჩვენ, ბავშვებმა, პირველად, ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, გუგული დავმარხეთ. ნიბლია ჩიტი კარგა ხანს იჯდა თვალცრემლიანი ღვიის ტოტზე, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდა, უცებ დაიწრიპინა, თავსაფრიანი თავი ჰაერში გააქნია, სუსტი ფრთები გაშალა და საღამოს ბინდბუნდს შეერია. ახლა, რამდენჯერაც გაზაფხული მოვა, ყოველთვის ის გუგული მახსენდება და მაშინ ნანახზე რატომღაც ახლა ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ ტიროდა ეს პატარა ნიბლია ჩიტი. მაისი კი იქ, ჩემს ბავშვობაშიც, წვიმიანი იცოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი