გუდამაყრელი დედაკაცები


ავაჰმეე!
ეს სიტყვა რაღაცით ჰგავს გუდამაყრელ დედაკაცეგს, თუკი შეიძლება სიტყვა ადამიანს ჰგავდეს და მსგავსება ზოგად სახეს ატარებს.
ავაჰმეე!
ეს სიტყვა დადის სახნავ-სამკალზე, სათიბ-სახვეტზე.
დადის წელში ოდნავ მოხრილი. შავი სამოსი აცვია ტანზე.ბუდამაყრელი დედაკაცების მსგავსება ამ ერთ სიტყვაშია მომწყვდეული. ცადაზიდული მთებით არის შემოფარგული ეს სიტყვა. აქ, გუდამაყრის ვიწრო ხეობაში არის მისი საუფლო.
-ავაჰმეე!
-ავაჰმე, ჩემო დედისერთავ!
-ავაჰმე, შე ბეჩაო, შენა!
-ავაჰმე,შე საპირმიწევ!
-ავაჰმეე, ჩემო ჯიელობავ!
-ავაჰმე,ჩემო!..
დადის ეს სიტყვა ჭირში და ლხინში.
ქორწილია:
ხამხაძიანთ კალოში საქორწილო სუფრა არის გაშლილი.
იგვიანებენ მაყრები.
გადადის შუაღამე.
მაყრები არ ჩანან.
-ავაჰმეე! - ამბობს ნეფის დედა.
-ავაჰმეე, არაფერი დაემართოთ!
-ნუ გეშინია,ჩე,-ამშვიდებენ სხვები,შავსამოსიანი დედაკაცები. აქაურ ტანსაცმელში რატომღაც შავი ფერი მეფობს.
-ავაჰმე, ჭრელაჭრულას რა ჩამოცმავს, ქალო!
შავი ჩიქილები.
შავი კაბები.
ქორწილშიც და ჭირშიც.
-ავაჰმეე,-ღონავს ნეფის დედა.
სხვებიც მოუთმენლობამ შეიპყრო. ისინი მოსულნი არიან სხვადასხვა სოფლებიდან.
მთელი ზაფხულის ნაშრომ- ნაჯაფარით ჩამომხმარ სხეულებში მაინც შემორჩენიათ ის რაღაც იდუმალება, რასაც ქალური ჰქვია.
სანთელივით ჩამოხვეწილი სახეები აქვთ.
მოელიან.
არაგვის ჭალაზეცხენის ფლოქვების თქარათქული ისმის
-მოდიან,მოდიან!-გაჰკივის ბანის წვერზე გადმომდგარი სახლი.
საღვინით ხვდებიან მახარობელს.
თაფლს აჭმევენ ნეფე-დედოფალს და ჯარზე სხამენ.
სუფრის ერთ მხარეს მამაკაცები სხედან, მეორე მხარეს- დედაკაცები.
ღამე თანდათან მუქდება.
არაყით თრებიან კაცები და თანდათან ხმას უწევენ.
ისმის დოლ-გარმონის ხმა.
მუსიკის ხმა ჟრუანტელად უვლის დედაკაცებს სხეულში.
თვალგაშტერებულნი სხედან და ბორწნელიდან შემოპარულ ღამეს გაჰყურებენ სადღაც, შორს.ალბათ თითოეულს თავისი პატარძლობა ახსენდება...
როგორ ყველაფერი ღვთეაბრივი აჩვენებოდა მაშინ.
ყველაფერი ახარებდა.
მაშინ ყველაფერი ლამაზი იყო.
მერე?!
მერე თანდათან დაკარგა სილამაზე სახე.
ოჯახი,ბალღები,ათასი საქმე,ათასი დარდი და მოზღვავებული გულის წუხლით პირველად ნათქმავი:-ავაჰმეე!
თანდათან დაივიწყეს სიცილი, მღერა.
მარტო ქორწილში თუ გაერთობიან და იქაც ნაღველს ურევენ, ეშინიათ მხიარულების.
სხედენ და ღამეს გაჰყურებენ.
ყველაზე მეტად ალბათ მუსიკა უყვართ გუდამყრელ დედაკაცებს.გარინდებულები დოლ-ბარმონის ხმაში აქსოვენ გულისყურს.ისინი არ ბასცილებიან გუდამაყრის მთებს.
აქ დაიბადნენ.
აქვე უნდა ჩაიკრიფოს იმათი ნაშრომ-ნაწამები ძოლმანი.
აქ უნდა ჩაკვდეს ამათი სიყვარული.
აქ უნდა გახუნდეს იმათი წილი საწუთრო.
აქაურ ცას დილის ნისლივით უაზროდ უნდა შეაშრეს იმათი ოცნებები.
-და ვინც იცის, ოცნებობენ.
ერთმანეთსაც კი არ უმხელენ ამას.
........................
არაყი თანდათან ეკიდება კაცებს.
ცეკვავენ.
მობეზრდათ სმა-ჭამა და ახლა მამაკაცურ ჟინს ცეკვაში იკლავენ
აღარ ჩერდება ჩალხაი.
ცეკვავს.
- ავაჰმე, გაგიჟდა ჩვენი კაცშავაი. - ოხრავს ჩალხაის ცოლი.
მერე, კაცები ცეკვის ჟინს რომ მოიკლავენ, საჩხუბრად აეფხორებიან ერთმანეთს, აირევა სუფრა:
გაწევ-გამოწევა.
დედაკაცების წიოკი:
- ავაჰმე, ნუ ჩახოცეთ ერთურთი.
კაცები ჩხუბის ჟინსაც მოიკლავენ და ისევ დასათრობად უსხედიან სუფრას. ქალებს გასძახებენ:-გაგვიღარიბდა სუფრა,ქალებო!
თენდება.
დედაკაცები სახლში მიდიან.
უძილოები სამუშაო იარაღებს აიღებენ და მთის ფერდს შეუყვებიან.
კვირის თავზე პატარძალს წაიყვანენ წყაროზე:-საწყლევლად.
წყაროზე დასხდებიან.
რომელიმე დედაკაცი დამჯდარ პატარძალს წამოეპარება და უკანიდან წყალს დაუღვრის. თუ პატარძალმა დრაზე გაიგო:
-ფხიანი დედაკაცი დადგება.
თუ ვერ გაიგო:
-ავაჰმეე, ვერა ბევრაი იქნება!
დღეები თანდათან გაჰყვება ართურთს და ერთხელაც მთაზე სამუშაოდ მიმავალ პატარძალს უნებურად აღმოხდება:
-ავაჰმეე!
და ვინ იცის,მერე რამდენჯერ იტყვის ამ სიტყვას.
ვინ იცის,რამდენჯერ გაახსენდება თავისი ქორწილი.
ისიც ალბათ სხვა პატარძალს დაუღვრის წყალს და თუ ვერ გაიგო,გულის ტკივილით იტყვის:
-ავაჰმე!ვერა ბევრია.
მერე ისიც სხვებივითამ ერთ სიტყვას დაემსგავსება.
.............................
-ავაჰმე,ჩემო დედისერთავ!
-ავაჰმე,შე ბეჩაო,შენა!
-ავაჰმე,ჩემო ქალობავ!
-ავაჰმე,ჩემო!..
..........................
რად,რად გიღონავთ გული...
რა,რა გიშველოთ...
ავაჰმე,მოგიკვდათ ჩემი თავი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი