დევების ნასოფლარი
ნასოფლარი ბევრი მინახავს, განსაკუთრებით მთაში. დავმჯდარვარ რომელიმე სახლის ჩამოტეხილ თავიხეზე და სიჩუმისათვის მომისმენია. თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინცა მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო, მოლოდინის. მიტოვებული სახლი ხომ ქმრისგან მიტოვებულ ქალსა ჰგავს, ჩამოღამებულ, ხელ-მხარჩამოყრილ დარდიან ქალს, რომ არ ეკადრებოდა და მაინც მიატოვეს. უკაცობით ჩამოტყდა გულთაბოძი. როგორც სახლის გულთაბოძი ტყდება ხოლმე, ისე მიტოვებული ქალის გულთაბოძი ტყდება უკაცობით, მაგრამ გულისგულში მიტოვებული სახლის გულისგულიც მღერის მოლოდინის სიმღერას და მიტოვებული ქალისაც. სიჩუმეზე უფრო ჩუმია და იმედზე უფრო იმედიანი, მოლოდინის სიმღერა. მოგისმენიათ? თუ არა, ნახეთ ნასახლარებად ქცეული საქართველო და თქვენ გაიგონებთ ამ სიმღერას. სამაგალითოდ, თუნდაც ხევსურეთი ან გუდამაყარი კმარა. ეს ორი კუთხეა ძველთაძველი საქართველოსი, სადაც წარსული და აწმყო, ლეგენდა და სინამდვილე ისეა ერთმანეთში ჩაგრეხილ-გადაჭდობილი, როგორც საკიდლის ჯაჭვი. აკი, იმიტომაც ჰკიდებდნენ თავიხეზე, კერიის თავზე ამ ჩაგრეხილ ჯაჭვს, რომ სწორედ წარსულისა და აწმყოს, ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთობა იგულისხმებოდა და თითქოს სამყაროს ჭერის მარადიულ თავიხეზე ეკიდა ეს ჯაჭვი, თანაც სამყაროს ცენტრის და ურღვეველობის მიმნიშნებელ კერიაზე იყო ჩამოშვერილი. როცა ქორწილი იყო, მოვიდოდა ნეფიონი, ეჯიბი და მისი მაყრები წესის მიხედვით შელაგდებოდნენ დარბაზში, ნეფე-დედოფალთან ერთად კერიის გარშემო ტრიალებდნენ სიმღერით. _ მარჯვნით მხარესაო და მარჯვნივ მხარესააა, შენ დასწერ ჯვარსაო და შენ დასწერ ჯვარსააა ამ ჩვენს ნეფესაო და ჩვენს დედოფალსაა! მღერიან, ამით ღმერთს შესთხოვენ და თავიხეზეჩამოკიდებულ საკიდელს ხანჯლებს ურტყამენ, ცეცხლს აყრევინებენ. ამით იმას მიანიშნებენ, რომ მარადიულობას _ თავიხეს, საკიდელს _ კერას, დღეს კიდევ ერთი ლამაზი ნეფიონი შესძინეს და ხანჯლის ცემით უფრო მაგრდება საკიდელი, ეს მადლიანი სვეტი ჭერსა და ფუძეს შორის. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მთიულეთ-გუდამაყარსა და ფშავ-ხევსურეთში ჯერ კიდევ არ იყო ნასახლარები და ნეფიონიც ყოველ შაბათ-კვირას ადიოდ-ჩადიოდა ვიწრო ბილიკებზე. არაგვის ღორღიან ჭალებზე ცხენები მიაგრიალებდნენ ნალებს. დაქანებულ ფერდობზე ჩაქანებულ თეთრონს ხევსური სიმღერით აგულადებდა: _ ცხენო გეტყობა გეშინის, გულს მე ჩაგიდებ მაგარსა, ჩაგყუდებ ბექ-ბუქიანებს, დაგატევინებ ნაღარსა! და თეთრონიც ორბივით მიფრინავდა ციცაბო ფერდობზე. ეგ იყო თუნდაც მედოღე, თუნდაც ნეფიონთ მახარებელი. და ქორწილი იყო სამდღიანი. მთებიც ლხინობდნენ მექორწილეთა ლხინით! და ერთხელაც, მახარობელი მოიჭრა სოფელში. _ ჩააქრეთ სანთლები! ჩააქრეთ სანთლები! _ იძახდა ის შემცბარ ხმაზე. ყველა მიხვდა რაც მოხდა: როგორც ჩანს, მაყრიონს დევები დახვდნენ და აქაური წესის მიხედვით, თუ ღამით დევს გადაეყრები, სახლშიმისულმა სინათლე უნდა ჩააქრობინო. გუდამაყრის ხეობაზე დღესაც არის დევების ნასოფლარი, სადაც მათი საფლავებიცაა და თუ შიგნით ჩაიხედავ უზარმაზარ ძვლებს დაინახავ. იქვე, გზის პირას აწყვია დიდი ჯამები, რომელთაც დევის პინებს ეძახიან. გზა პირდაპირ ამ ნასოფლარზე გადის და თუ ვინმე ღამით გაივლიდა, აუცილებლად ჯვარ-ხატებს შეავედრებდა თავს, რომ დევი არ ასდევნებოდა. დევები ეჭიდებოდნენ ძლიერებს და დახრჩობას უპირებდნენ, მაგრამ ვისაც კი ისინი ნანახი ჰყავს, ყველა იძახის, რომ დევს ცერა თითი არა აქვს და ამიტომ გაუჭირდა მათი მორევა და დახრჩობა. ზოგს თავის ახლობლის სახითაც კი ეჩვენებიან, რომ ადვილად აცდუნონ. ფეხის ტერფები დევებს უკუღმა ჰქონიათ, ქუსლები წინ, თითები ზურგის მხარეს და, რაღა თქმა უნდა, არც ფეხის ტერფებზე აქვთ ცერა თითი. როცა დევი შემოეყრებოდა გუდამაყრელს, ეს ლოცვა უნდა ეთქვა: წინდა მეცვა ხეშისაო, ქალამანი მეშისაო, წმინდა გიორგიმ დასწყველოს ეშმაკების ფეხისაო. მაგრამ დევი სხვაა და ეშმაკი სხვაა. დევი არ არის ეშმაკივით ბოროტი. იგი დიდია, ბალნიანი და გაქრობა შეუძლია, როგორც ეშმაკს, ამიტომ ერეოდათ გუდამაყრელებს დევები და ეშმაკები ერთიმეორეში. ზოგი დევი ისეთი კეთილიც კი იყო, რომელიმე ოჯახს მიეჩვეოდა და ხვნა-თესვაში ეხმარებოდა. სახლის კუთხეში საჭმლიან ჯამს დაუდგამდნენ და ამოჭამდა. მაგრამ, როცა ღამეა და ეშმაკიც დასუნსულებს, ალიც და ქაჯიც, წადი და გაიგე, რატომ შემოგეყარა გზაზე დევი. ერიდებიან გუდამაყრელები ღამით სიარულს, მაგრამ მექორწილეებს ხშირად უღამდებათ და იმ ღამესაც ღამით მოადგნენ დევების ნასოფლარს. უცებ დაინახეს, რომ ნასოფლარში სუფრებია გაშლილი, დევებს თავისი ნეფე-დედოფალი ჯარაზე უზით და ცეცხლზე შემოდგმული საარყე ქვაბებს ოხშივარი ასდით. _ ოო, ნეფიონი მოდის, ნეფიონი! _ დაიძახა დევების მბრძანებელმა და თავისთან მიიხმო ჩვენი მექორწილენი. _ ხმა არ გასცეთ და არც შეხედოთ, არც მაგათი მოწვდილი სასმელი დალიოთ, მე გამომყევით! _ უბრძანა მექორწილეებს ეჯიბმა, დედოფალს მარცხენა ხელი ჩასჭიდა და მარჯვენათი ხანჯალი ჩაბღუჯა. _ მოდით! მოდით! _ დასხედით, დაგვილიეთ! _ ჩვენც თქვენსავით ქორწილი გვაქვს. _ მერე ჩვენც თქვენთან წამოვალთ. _ დაგვილიეთ! _ აწვდიან თასებს ფეხზე წამოშლილი დევები. ესენი ჩუმად მიდიან. უცებ დევების ნეფე წამოხტა, ნეფე-დედოფალს წინ გადაუდგა და პატარძლის სილამაზემ ალმური მოუკიდა სახეზე. _ მოდი, პატარძლები გავცვალოთ, _ თქვა დევმა და ხელი წაავლო დედოფალს. მეფის ეჯიბმა, რომელსაც მარცხენათი პატარძლის მკლავი ეჭირა, მარჯვენათი კი ხანჯლის ტარი, ხელუკუღმა მოუქნია ხანჯალი და პატარძალზე წავლებული ხელი წააჭრა დევს. საზარლად დაიღრიალეს დევებმა. _ გვიშველე, დიდო იაღსარო! _ დაიძახა ამ დროს ვიღაცამ მაყრიონიდან და როგორც ცის ელვა, ისე რამ გაკრთა იმ ადგილას. დამფრთხალი დევები უშველებელ წიფლის ტყეში მიმოიფანტნენ. ჩვენმა მაყრიონმა ცხენები გამოაჭენა და ის კაცი გამოუშვეს, სოფელს რომ აფრთხილებდა, სანთლები ჩააქრეთო. ჩააქრეს სანთლები. ცეცხლიც კი ჩააქრეს კერაზე. რატომ, არ ვიცი, მჯერა, რომ დევები არსებობდნენ, ის ღამეც ჩემი თვალით ვიხილე, მაგრამ სინათლე და დევი რა შუაშია, დღემდე ვერ მივმხვდარვარ. სიბნელეში შელაგდა ნეფიონი ნეფის დარბაზში. ხმას არ იღებდნენ. სიმღერასაც ვეღარ ბედავდნენ. ბოლოს ხევისბერმა ბრძანა: _ ხალხნო, მოიტათ სანთლები! მიართვეს სანთლები და აანთო. _ აანთეთ კერა! ცეცხლი აანთეს კერაზე. _ მაღლა ღმერთს, დაბლა დედამიწას, ქვეყანაზე სამართალს, ოჯახში კერას, ჭერსა და კერას შორის საკიდელს, ამ ჩვენ ნეფე-დედოფალს, იმათ ხელის მომკიდეს და თქვენ სუყველას, ჩემი ხმის გამგონეთ, გაგიმარჯოთ. _ ნეფე-დედოფალს გაუმარჯოს! _ ამინ! ამინ! ამინ! _ ეჯიბო, შენს მეფეს გაუმარჯოს! _ ამინ, გაუმარჯოს! _ დაიძახეს, იშიშვლეს ხანჯლები და სიმღერით დატრიალდნენ კერის გარშემო. ტრიალებდნენ, მღეროდნენ სანეფო სიმღერას და საკიდელზე აბრჯღვიალებდნენ ხანჯლებს. დედოფალი ჰგავდა გველეშაპის ხახიდან გამოხსნილ მთვარეს. ნეფე ჰგავდა ბედნიერებას. ხოლო დევის ხელის მომჭრელი ეჯიბი იმ ზღაპრულ გმირს ჰგავდა, რომელსაც, სახელად, მარადიული ერთგულება ჰქვია. მაყრიონი კი, ტრიალებდა კერის გარშემო. ტრიალებდა. ტრიალებდა. ტრიალებდა... და ჩემს წარმოდგენაში დღესაც ისევე ლამაზად ტრიალებს. დროც ტრიალებს და მიწაც ტრიალებს. მიწაც ტრიალებს და ჩვენც გვატრიალებს. ახლა გუდამაყარში ვინმეს რომ ჰკითხო: _ დევი გინახიაო? _ სიცილით მოკვდება. ერთ მოხუცს ჰკითხეს: _ პაპავ, მართლა იყვნენ დევები? _ იყვნენ, მაშ! _ ეშმაკები? _ ეშმაკებიც. _ მერე? მერე სად წავიდნენ თუ იყვნენ? ყალიონი გამართა, გააბოლა, შემომხედა და მითხრა: _ ახლა შვილო, ხალხი მოექცა დევ-ეშმაკებად და დევ-ეშმაკებს აქ რაღა გააჩერებდა. აგე, როგორ დაიცალა სოფლები. ყველანი ქალაქში გარბიხართ და რა ვიცი, ხო გაგიგონია, უპატრონო ეკლესიასაო... მობრუნდებიან მერე, მა რას იზამენ. ჩემს ჯიელობაში კი მოვჭერი ერთ დევს მარჯვენა, პატარძლის წართმევა რომ დაგვიპირა, ვინღა იზამს მერე ამას? შენც წახვალ, ისიც წავა... _ არ წავალ, არა, აბა დედას უპატრონოდ ხომ არ დავაგდებ. _ ჩავილუღლუღე ჩემთვის. მაინც წამოვედი. ჩემს ქორწილში ჯვარისწინა არ უმღერიათ. საკიდელზე ხანჯლები არ გაუბრჯღვიალებიათ. ერთადერთი, რაც ჩემს წარსულთან მაკავშირებდა ჩემი ქორწილის დღეს და გულს მიხარებდა: სამთავროს ეკლესიაში გვერდით მედგა დედოფალი, რომელიც მართლა მაგონებდა გველეშაპის ხახიდან გამოხსნილ ბადრ მთვარეს. მერე? მერე მეყოლა ბიჭი და დედასთან გავიქეცი მთაში. ვახარე. გაიხარა. მეზობლებიც მოვიდნენ და ჟიპიტაურითაც დავილოცეთ. _ მერე? _ რა მერე, საღამო ხანს, შებინდებულზე, დედაჩემი რომ ძროხებს წველიდა, ნასვამი, ფეხშიშველი გამოვეპარე დედას. შვილი მომენატრა და ღამით ფეხშიშველი დავადექი ოცკილომეტრიან გზას. ნოემბერია. ცივა, თოვს. აქა-იქ მგლებიც ყმუიან. მთავარია დევი არ შემხვდეს და იყმუვლონ მგლებმა რამდენიც უნდა. სიცივე თანდათან მაფხიზლებს და დევებზე ფიქრი უფრო და უფრო მეძალება თავში. უკან როგორ გავბრუნდე. დევი იმის დევია, გინდა წინ დაგხვდება, გინდა უკან. მივდივარ წინ და ვუახლოვდები დევების ნასოფლარს. უკვე მუხლები მიკანკალებს. სმენა დავძაბე და მესმის: _ გოდერძი! გოდერძი! _ უკანიდან მეძახის ვიღაც. არ ვიხედები. _ გოდერძი, შვილო! _ დედაჩემის ხმას ჰგავს. მივიხედე. დედაჩემი მოდის ჩემსკენ. გულზე ჩემი ფეხსაცმელები აქვს მიხუტებული. _ მოიცა, შვილო! _ ვაიმე, ვფიქრობ, აი, დედაჩემის სახით გამომეცხადა დევი და იმით უნდა მომიტყუოს. ხო იძახიან, ხანდახან ახლობლის სახეს ღებულობსო. გავიქეცი. _ მოიცა, შვილო! _ განწირული ხმით იყვირა დედაჩემმა და გამომედევნა. ფეხი ქვას წამოვკარი და წავიქეცი. სანამ წამოვდგებოდი, მომიახლოვდა დედაჩემიც. მე გვერდზე გავხტი და ჯოხს წამოვავლე ხელი: _ არ მომეკარო, დეო! არ მომეკარო დეო. თორე აი, ამ ჯოხით... აი, ამ ჯოხით... დედაჩემმა უკან დაიხია. მე გული მომეცა: ხედავ, დევებსაც შინებიათ. შევუტიე. ის საცოდავად გაიქცა უკან, თან ჩემ ფეხსაცმელებს იხუტებს. შემობრუნდა და მეუბნება: _ ფეხსაცმელები მაინც ჩაიცვი, შვილო და მერე გინდა მომკალი, ამ ყინვაში გაიყინები. _ ეგღა მაკლია დევის ფეხსაცმელები ჩავიცვა! დაჯდა და ტირილი დაიწყო: _ ნეტავ რა დაგიშავე, ღმერთო. არა სჯობდა მართლა დევის დედა ვყოფილიყავი და ეს გიჟი და გადარეული არ გამეზარდა. ტიროდა და თან ჩემს ფეხსაცმელებს იკრავდა გულში. ტირილზე ვიცანი დედაჩემი. მივედი, გვერდით მივუჯექი და დამშვიდებას ვცდილობდი: _ მაპატიე, დედა, მაპატიე! მე თუ არ მაპატიებ, სიყვარულს მაინც აპატიე, მე ხომ ჩემი შვილის სიყვარულით გამოვიქეცი. _ მერე? მერე განა მე კი არა ვარ მშობელი? განა მეკი არ მიყვარს ჩემი შვილი? თუ გგონია, რომ გული კი არა, ქვა მიდევს მკერდში... ერთი ღამე... ერთი ღამე მაინც... განა ერთი ღამე მაინც რა იყო, რო დამრჩალიყავი? _ ქვითინებდა, მერე სლუკუნებდა, გულში მიკრავდა და იძახდა: ჩემო შვილო! ჩემო ერთადერთო და საყვარელო შვილო! გაგეყინა ფეხები? აჰა, თბილი წინდა წამოგიღე, გამოიცვალე, _ უბიდან ჭრელი, ჯვრიანი წინდები ამომიღო და თვითონ ჩამაცვა. მერე უხმოდ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და უცებ ჩვენს იქით აშკარად მომეჩვენა ტირილის ხმა. ერთი კი ვიფიქრე, დევი ხომ არ არის-მეთქი, მაგამ მერე რა? დედაჩემი ხომ ჩემს გვერდით არის. რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ჰყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს. ახლა კი, როცა დედაჩემი აქ აღარ არის, ერთი რამისა მეშინია: ვაი თუ ის გლეხი მართალი იყო, მე რომ მითხრა: _ ახლა, შვილო, ხალხი მოიქცა დევ-ეშმაკებად და იმ დევებს აქ აღარც დაედგომებოდათ, შეეშინდებოდათო. ამას როცა ვფიქრობ, ის ტირილი ჩამესმის ხოლმე ყურში, მე და დედაჩემი ჩახუტებული რომ ვიყავით და ჩვენს იქეთ ვიღაცამ შესტირა. ვაი თუ დევის დედა იყო და შევეცოდეთ. ეს ფიქრი არ მასვენებს და ღმერთს ვევედრები: _ მაღალო ღმერთო! ეს მოთხრობა აღსარებად ჩამითვალე და ისე ნუ გააფერმკთალებ დედა-შვილობის მადლს, ისე ნუ მოგვაკლებ სიყვარულს, რომ დევებს უფრო ვეცოდებოდეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის, ვიდრე ჩვენ ერთიმეორე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი