მართა


გაზაფხული იდგა.
მარტი ილეოდა.
კავკასიონის მთებზე ნაადრევად შემშრალიყო თოვლი.
უღელტეხილები სამოყვროდაც გახსნილა და სამტროდაც.
ეს ის დრო იყო, როცა ევროპის კარზე დამაშვრალი ქართველები
ამაოდ შესთხოვდნენ საქრისტიანოს შველას. საქართველოს გვირგვინოსა
ნი მეფე უკვე მერამდენე ელჩს უგზავნიდა ერთმორწმუნე რუსეთის
იმპერატორს; იმპერატორი კი სულ სხვას ფიქრობდა.
ეს ის დრო იყო, როცა საქართველო მთლიანად გაეწირნა თავის იღბალს, ხოლო ურჯულოები ისე იტაცებდნენ ქრისტიანებს, როგორც მგლები ბატკნებს.
აღმოსავლეთი წალეკვით იმუქრებოდა.
ხან ლომი ბრდღვნამდა, ხან ნამგალა მთვარე კაშკაშებდა ავის მომასწავლებლად.
სტამბოლის ბაზარზე უამრავი ქართველი ტყვე იყიდებოდა_შოლტივით მოქნეული თვალშურთხა ქალწულები, პატარა ბიჭები, შეშინებულ, უდედოდ დარჩენილ შვლის ნუკრებივით რომ აფეთებდნენ თვალებს, შეღერებული ვაჟკაცები, ბეჭბრტყელნი და კუშტად მომზირალნი, ბრაზით რომ ენთებოდათ თვალები, როცა მისი მისამართით ამბობდა თათარი:გიურჯ! გიურჯ!
ბუღი ასდიოდა სტამბულის ბაზარს.
დუმდა დამბა დადებული.
სათნოებას ქადაგებდა ევროპული საქრისტიანო.
თავისას ფიქრობდა იმპერატორი.
იქით ხომ მიჰყავდათ და მიჰყავდათ (ზოგი-მტრებს, ზოგსაც შინაური მოღალატეები ჰყიდიდნენ), აქეთ კიდევ დიდოებიწაექეზებინათ და ისინი მოსდევდნენ მთას, ისე იპარავდნენ ქალსა და ბალღს, სამკალ-სათიბზე გასულს, - თვალსა და ხელს შუა აგაცლიდნენ.
ერთ დროს წისქვილში წასვლა რიტუალს ჰგავდა-ახლა კი შავეთში წასვლას უფრო, საიდანაც, კაცმა არ იცის, მობრუნდება თუ არა.
უმეტესად ქალებსა და ბალღებს იტაცებდნენ დიდოები. ჩაუსაფრდებოდნენ და...
შიშის თვალებით იმზირებოდა ტყე.
შიში უთვალთვალებდა წისქვილს.
წყაროზე დოქით მიმავალ ფეხშიშველა ბალღს შიში უმზერდა.
შიშს თვალები გაჰფართოვებოდა და მთელს საქართველოს მისჩერებოდა.
აი, ახლაც, შიშით შეჰყურებდნენ მართა და მისი უმცროსი და მარეხი თოვლშემშრალ კავკასიონს.
მართა მამის სახლიდან მოდიოდა ქმრის ოჯახში. იქ, შემოდგომაზე, ომში დაჭრილი მამა მოჰკდომოდა და ის დაასაფლავეს. გამცილებლად თავისი ერთადერთი და მოჰყვებოდა.დედა კარგა ხანია აღარ ჰყავდათ.
აღარც ქმარი ჰყავდა მართას.
სიძე-სიმამრი ერთად იყვნენ კახეთში შესეულ მტერთანსაბრძოლველად
და იქიდან მარტო სიმამრიღა დაბრუნდა, ისიც დაჭრილი.
ერთი წელიც არ უცხოვრია ქმართან მართას, ერთხელაც კი ვერ შეუხედნია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი