სიცოცხლის საგალობელი
ორშაბათი გაზაფხულის პირია. აფუსფუსებულია დედა-ბუნება. დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ. ბალღები ჟივილ-ხივილით მოსდებიან მზორეებს და გვირილებს კრეფენ. ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს. კედლიდან ხვლიკი გამომძვრალა და მზეს ეფიცხება. დროდადრო მწვანე თავს წამოსწევს და ზანტად იყურება აქეთ-იქით. სკებიდან გამოსული ფუტკრის ზუზუნი ავსებს სოფლის მიდამოს. ფუსფუსებს სოფელი, ირგვლივ სიცოცხლე ზეიმობს. მარტო ბებერი კაკლის ძირში ფეხმოკეცილი ორი დედაბერი არ ღებულობს ამ საერთო ზეიმში მონაწილეობას. ჩუმადა სხედან და წინდებსა ჰქსოვენ. თან ისე გაბუტულებს ჩაუღუნავთ თავი, გეგონება გაზაფხულზე იყვნენ შემომწყრალები და უნდა თვალით ნახონ ის, რაც მათ გარშემო ხდება. მიწისაკენ თავებდახრილნი გამოთქვამენ ოხვრით გაზაფხულისა და სიცოცხლისადმი პროტესტს, ჯერ ერთი ამოიოხრებს, მერე მეორე, მერე ორივე ერთად. ერთს ნინუა ჰქვია, მეორეს მართა. სხედან და მესამესაც მოელიან. მესამეს სოფიო ჰქვია. აჰა, ისიც მოდის ორღობეში. ჯოხს დაჰბჯენია და წელში მოხრილი ისიც მიწას ჩაჰყურებს. მოდის და გზადაგზა ბუტბუტებს: იმ დალოცვილმა ღმერთმა, კაცი რო გააჩინა, იმდენი როგორ არ იფიქრა, ეს რო დაბერდება და მუხლში ძალა გამოელევა, ნუღარ ვაწვალებ და დავასვენოო. ი გულმკვდარი სიკვდილიც ამესავით არის, ლაზარიანთ გარახტინასავით, ადის და ჩადის ორღობეში, ადის და ჩადის, რაც კარგი და უკეთესი შეხვდება, იმას ეპოტინება, ერთს ჩვენსკე არ გამოიხადავს, ზედაც არ გვიყურებს, აქაოდა ბებრები არიანო. ააა, ტიალი, ტიალი, სუყველას როგორ კარგი უნდა თავისთვისა, სიკვდილიც რო სარჩევში შავიდა! სოფიომ ბუტბუტით ტალახიანი ფეხები კაკლის დაკოჟრილ ფესვებზე შეიწმინდა და მართას და ნინუას მიუჯდა გვერდით. მორიგეობით ოხრავენ. ჯერ ნინუაი, მერე მართაი, მერე სოფიო, მერე სამივე ერთად: ეეე, ოხ-ოხ-ოხ-ოო! შენამც დაიწვები სიკვდილო კუპრის ალში, ჩვენი ესე დავიწყებისთვინა, აგრიადარაა! - ამბობს ნინუაი. ეხლა მართაი წამოიწყებს სოფლის სამდურავს: - ხანდახან, რო დავფიქრდები, გამახსენდება ძველი დრო; ჩემი სიყმე და ჯეილობა, გამახსენდება ის ხალხი, ვისთვისაც ჩემი წუთისოფელი გამიტარებია, მივიხედ-მოვიხედავ, აღარავინ კი ცოცხალი აღარ არის იმ ხალხიდან თქვენ გარდა, მამივაკე ღმერთზე ბრაზი, ი სიკვდილტიალას რო დავავიწყდით, ღმერთს მაინც რაღა მოუვიდა, იმან მაინც რატო დაგვივიწყა-მეთქი; ამომიჯდება ყელში გული, შემეკვრის სუნთქვა, ავხედავ ჭერსა, ი საბელიც ხო კარებს უკან მდგარ თულუხის ყელზე ახვევია, წავცანცარდები, თან ჭერს ჩავცქერ, თანა იმ საბელს ვუყურებ, მაგრამ ე ტიალი სიბერე ისეთი რამ ყოფილა, იმისი ჯანი ვინ მომცა, საბელი ჭერში ჩამოვაბა - ამბობს მართა, ამოიოხრებს და დედაბრებს გადახედავს, ამოწმებს, როგორი შთაბეჭდილება იქონია იმის სიტყვამ. - ეეეხ? - ოხრავენ მსმენელები. - ეეეხ! - სიკვდილიც გულმავიწყი ყოფილა და ღმერთიცა! - ამთავრებს მართა. მერე კარგახანს ხმას არ იღებენ. მარტო ოხრავენ მიწისაკენ თავდახრილნი. ამასობაში ჯღუნაი გამოივლის ორღობეში, დედაბრებთან შეჩერდება და ეტყვის: - გამარჯობათ დიდედებო! - ეეხ, რაღა დროს ჩვენი გამარჯვებაა - ამოიოხრებენ დედაბრები. - რათა დიდედებო, რათა, ხომ არავინ გაწყენინათ? - გვაწყენინა, აბა მა რა არის. - ვინა?! - ვინა და ი დალოცვილმა ღმერთმა. - ეეე, დიდედებო, ცოდვას ნუ ამბობთ, აბა ღმერთმა რა დაგიშავათ? - ის დაგვიშავა, შვილო, რომა, დავავიწყდით და აბა რაღა დროს ჩვენი სიცოცხლეა - იძახის მართა. - ღმერთსაც დავავიწყდით და სიკვდილტიალსაცა - თქვა ნინუამ. - აგრემც დაიწვება ჩვენი ცოდვითა, აგრეე! - დაამატა სოფიომ - რაღა დროს ჩვენი აქ ყოფნაა ჰა?! - ღმერთს არაფერი აწყენინოთ, დიდედებო, იმან უკეთესად იცის თქვენი ამბავი. - ეეე, შვილოო, ძნელი ყოფილა სიბერე, ძნელიი! - ამოიოხრა მართამ და მერე ნინუამ და სოფიომაც მას მიჰბაძეს. - გამაგრდით დიდედებო, გამაგრდით! - შეუძახა როხროხით ჯღუნამ და გზა გააგრძელა. დედაბრებმა ერთი კი გააყოლეს ალმაცერად მზერა და მერე სამივემ ერთხმად ამოიოხრა. ჯღუნაი სახლებშორის ჩაიკარგა. სამშაბათი დედაბრები კვირტებგამოჩითული კაკლის ხის ძირას ჩამომსხდარან. - აბა დღეს როგორ ხასიათზე ხართ, დიდედებო! - მათ წინ გაიჯგიმა ჯღუნაი. - აბა როგორ ვიქნებით, შვილო, სიკვდილისაგან დავიწყებულნი. - მაგრად უნდა იყვნეთ, მაგრად! - მტერი და დუშმანი იყვეს ისე მაგრად, როგორც ჩვენა ვართ. - აბა, აბა, ღმერთს არაფერი აწყენინოთ. ჯღუნამ გზა გააგრძელა. ამათ ისევ ალმაცერად გააყოლეს თვალი და ამოიოხრეს. ოთხშაბათი დედაბერი შემწვანებული კაკლის ხის ქვეშ წინდებს ჰქსოვენ და ოხრავენ. ჯღუნა სახლიდან გამოვიდა, მათ მიუახლოვდა და მიესალმა: - დილა მშვიდობისა დიდედებო! - მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. - აბა დღეს ხო კარგადა ხართ? - ეეე, ჩვენი მტერი იყოს ისე კარგად, როგორც ჩვენა ვართ. - აბა რა ყოფნაა, სიკვდილს დავავიწყდით. - სიცოცხლე რომ მოგბეზრდება, იმაზე ცოდვა არა ყოფილა. - გამაგრდით, გამაგრდით! - შეუძახა ჯღუნამ და გზა განაგრძო. ამათ მწყრალად გააყოლეს მზერა, მერე ამოიოხრეს და ჩუმად განაგრძეს >- გამაგრდით დიდედებო, გამაგრდით, ჯერ ადრეა თქვენი სიკვდილი, რა გული აიცრუეთ სიცოცხლეზე, ჰა?! - გასძახა გზად მიმავალმა ჯღუნამ. - ჩვენდროთაი რომ მოიყრები, მერე მიხვდები ჩემო ჯღუნავ - უთხრა მართამ. - აღარ გვიხარია სიცოცხლე, აღარა! - თქვა ნინუამ და ამოიოხრა. ჯღუნა წავიდა. დედაბრებმა ამოიოხრეს. პარასკევი დედაბრები კაკლის ძირს სხედან და ოხრავენ. შორიდან ჯღუნას ხმა მოისმა. დედაბრებმა იქეთ გაიხედეს. სოფლის ორღობეში ჯღუნა გამოჩნდა. ეტყობა ნასვამია, სიმღერით მოდის. - ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა, სიყვარულზე მებულბულებაა! - მღერის ჯღუნა და თან მღვრიე ნაკადულში მოდის ჩექმების ჩქაფა-ჩქუფით. დედაბრები ჯღუნას შესახვედრად ემზადებიან: სიცოცხლეზე გაბუტულ სახეებს კიდევ უფრო გაიმკაცრებენ, სერგო სახლისაკენ მიდის, მისი სახლი იქვე, ღობის იქით არის. - გამარჯობათ დიდედებოო! - მათ წინ გაიბოტიტა ჯღუნამ. იმათ უფრო ჩაღუნეს თავები. ხმა არ გასცეს. - როგორა ხართ, დიდედებო, როგორა? - როხროხებს ჯღუნა. - სიკვდილისაგან დავიწყებულები, შვილო! - დაიჩივლა მართამ. - აბა რა ყოფნაა, სიცოცხლე აღარ გინდოდეს და მაინცა სცოცხლობდე! - დაამატა სოფიომ. - ეეხ - ამოიოხრა ნინუამ. ჯღუნა ერთ ხანს გაჩუმდა. ამათ უფრო ამოიოხრეს. ჯღუნა ადგილს მოსწყდა, დათვივით გადაევლო ღობეს და სახლში შევარდა. დედაბრებმა ერთურთს გადახედეს. - აბა, აქა გყვივართ, დიდედებო! - სახლიდან თოფმომარჯვებული გამოვარდა ჯღუნა, ღობეს გადმოევლო და შეძრწუნებული დედაბრების წინ გაჩერდა. - აბა წამოდექით და ჩამწკრივდით კაკალთან! დედაბრები კაკალთან ჩამწკრივდნენ. ხელებში წინდები და ჩხირები უკავიათ და შიშისაგან კანკალებენ. - აქა გყვივართ დიდედებო, დედას ვუტირებ სიკვდილსა. მაგას დავაჩაგვრინებ თქვენ თავსა! ფეხზე შეაყენა ჩახმახი ჯღუნამ. დედაბრები დაფრთხნენ და ისეთი სისწრაფით მოკურცხლეს, ისე ხტუნაობდნენ ღობეებზე, როგორც პატარა ბალღები. ჯღუნამ ჰაერში ისროლა და იმათ უფრო მოკურცხლეს, ზოგი სად მიიმალა, ზოგი სად. - ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა, სიყვარულზე მებულბულებაა! - სიმღერ-სიმღერით წავიდა ჯღუნა სახლისკენ. შაბათი კაკლის ქვეშ მარტო ჯღუნა დგასს. აქეთ-იქით იხედება და ეღიმება. ჯღუნამ გზა გააგრძელა და სახლებს შორის მიიმალა. კვირა კაკლის ქვეშ დედაბრები სხედან, ისევ წინდებსა ჰქსოვენ და თან ჯღუნას სახლისკენ გაურბით მალულად მზერა. ჯღუნაი სახლიდან გამოვიდა, მათ წინ გაიბოტიტა და მიესალმა: - გამარჯობათ დიდედებო! - გაგიმარჯოს, შვილო, გაგიმარჯოს! - როგორა ხართ? - რა გვიჭირს, ცოცხლები ვართ, შენამც მოიყრები ჩვენ დროთაი, ჩვენი მოკითხვისთვინა. - ხო არაფერი გადარდებთ? - არა შვილო, არა, სადარდებელი რა გვაქვს. - ეგრე, ეგრე, სანამ ჩემი შვილიშვილის ქორწილში განდაგანას არ იცეკვებთ, მანამდე არ გაბედოთ სიკვდილზე ფიქრი. - ჰო, შვილო, ჯერ რა დროს ჩვენი სიკვდილია! - აბა თქვენ იცით! - შეუძახა ჯღუნამ და ღიღინით წავიდა ორღობეში, მერე უცებ შემობრუნდა, ისევ წინ გაუჩერდა დედაბრებს და სიმღერა წამოიწყო: - ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა, სიყვარულზე მეჩურჩულებაა! - დედაბრები აჰყვნენ: - ჩემი მზე და ჩემი ბუნებაა, სიყვარულზე მეჩურჩულებაა! - ეს ქვეყანა რომ არ უყვარდეეს ისე არვინ არ მეგულებაა! დედაბრები თანდათან უფრო გახალისდნენ და სიმღერაც უფრო ლაღი გახდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი