გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო
გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო, ის მოკაზმული უცხო ქვეყანა, ცრემლი და ფიცი სალხენ-საამო და სიყვარულის ციური ნანა? გახსოვს-ვისხედით მდინარის პირად, შორს, შორს ცის კიდეს მივჩერებოდით, სიყვარულს ვრაცხდით სინორჩის გმირად, მხოლოდ ტრფობაში სიამეს ვგრძნობდით? გახსოვს-გვირგვინსა სანატრს გვიწნავდნენ დამავალი მზის ცელქი სხივები, სიყვარულზედა ზვირთნი გვიმღერდნენ და ბანს აძლევდნენ გულის სიმები? გახსოვს-ნიავი ცელქი და გრილი მეცილებოდა მე შენსა ალერსს, ბულბული სტვენდა გრძნობით აღვსილი, ვარდად იმჩნევდა შენს ტურფა ღაწვებს! შენც იმღეროდი!.. შენსა გამგონეს უსულო ქვებსაც კი ატყვევებდი, მატებდი სულის, გულის ძალ-ღონეს და გრძნობათ წყაროს მისალბუნებდი?.. ტრფობისა ხარკად მომიძღვენ ვარდი… “გმადლობ”- ვერ გითხარ: ენა დამება... ოჰ, რანაირად იმ დროს მიყვარდი, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ღვთაებავ?.. ახლა? ოჰ, ახლა?.. ღმერთს გეფიცები ხან და ხან შხამად გარდვიქცე მინდა; მინდა მოვიმხრო ბელზებულები, მაცდური, შმაგი, თვით არაწმინდა; შევიქნე ცეცხლი და საწამლავი, მთელი მსოფლიოს დამდუღებელი, შუბი, მახვილი შუბლ-გამგმირავი, ღვთის-რისხვა, ქვეყნის ამტირებელი- და შენ გაწამო!.. ეგ შენი სული ყოველ წამს სიკვდილს რომ ნატრულობდეს, ესხმოდეს კუპრი ადუღებული, ხსნასა და შველას ვერსით ხედავდეს!.. ჩემთან პირ-შავო, ღმერთთან შემცოდე, სცან ამ წამების, ტანჯვის ღირსი ხარ!.. მაგრამ რად არ გკლავ-გინდა იცოდე?- ამ საბრალო გულს ძველებრ უყვარხარ!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი