კითხვა-მიგება
კითხვა სულ ცრემლი, ოხვრა, ნაღველი დამწყლულებელი გულისა... ნეტავ, ვიცოდე, სადა სჩქეფს ნაკადი სიხარულისა? სულ რბევა, უსამართლობა, დაულეველი მონება... როს დასძლევს მადლი ბოროტსა- რისთვის არ გვეტყვის გონება? სულ შური, განხეთქილება, სულ გმინვა დაჩაგრულისა... სადღაა საურთიერთო გალობა სიყვარულისა? მიგება ოხვრასა, ცრემლსა, ნაღველში ძლევით იმოსვის გულია, დაჰკრავს, წამების კლდეს გასტეხს, იქ მოსჩქეფს სიხარულია. უსამართლობა სულს ძალს ფენს სტიქიონს ჰბადებს მონება, დალეწავს ბორკილს-ბოროტი მადლს მაშინ დაემონება!... ურთიერთობა ვარდს კოკრავს, უცინის შთამომავლობას და დროთა ჩანგი უკვდავსა ავრცელებს ხალხში გალობას!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი