საამო მოგონება
დილის ცვარი, ია-ვარდი შევაზავე მელნად ყველა, საწერელად ცის ლაჟვარდი, ქაღალდათ თვით ცისარტყელა, კალმათ მოვჭერ სხივი მზისა, კალმის ტარად შუქი მთვარის, მოვიპოვე მადლი ცისა, ტკბილნი ჰანგნი მხიბლავ ქნარის, რომ ალბუმში გულ-ამძგერი ლექსი ტრფობით ჩამეწერა, რომ ქებითა მშვენიერის ნორჩი გული ამეძგერა, არ მოვსტყუვდი - რაც დავსწერე აღტაცებით წაიკითხა, მომიბრუნდა პირ-მცინარე, “გიყვარვარ?”-ის დამეკითხა, ვერ დავსძარი ენა, ვერა, ამ კითხვამა გამაოცა, “გმადლობს-მითხრა-შენი ვერა,” მომეხვია და მაკოცა!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი