უსამართლობა
გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა, ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?! ხედავ, ბუნება ისევ განახლდა, მთა - ბარმა ფერი ისევ იცვალა! იქუხა ცამ და ღელე ღრიალით მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით; ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი, ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები. ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები, ყაყაჩოს შავი შვენის ხალები; ყველას დაუდგა ჟამი ოცნების, განახლების და ფერისცვალების. შენც სიჭაბუკე უკანვე იხმე, მაგრამ ვაი, რომ დრო სჯის სხვაგვარად; არ დაბრუნდება განვლილი სიყრმე, არ გაშავდება შენი ჭაღარა... ცეცხლი სისხლს აღარ აახმიანებს და ნანობ როცა ასაკში შეხველ, რომ გაზაფხული ადამიანებს ცხოვრების გზაზე ეკუთვნის ერთხელ... იმ ერთისთვისაც უფალს მადლობა, _ განვლილზე აღარ გვმართებს გოდება... და მაინც არის უსამართლობა, რომ სიყმაწვილე არ მეორდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი