ჯაჭვგაუხდელი
თავმოძულებულს თათრის ბეგარით, გაალმასებულს სპარსთა უღელით ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი, სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი. უკანასკნელი თურქთა ასკერის ასჯერ ხომ მაინც მოხვდა მახვილი, წყლულს იშუშებდა შუბლდანასერი, დარბაზებს დგამდა ომგადახდილი! ცხარე ბრძოლიდან მობრუნებული, გაგრილებული რკინის პერანგით, თვალს აგელებდა, რომ უნებური არ დასცემოდა მზირი ვერაგი. ხნავდა თუ ვენახს ხარდანს უცვლიდა, გარჯა თუ ლხინი ჰქონდა ახალი, _ თანდაყოლილი დედის მუცლიდან ყველგან თან ჰქონდა ქართველს ფარ-ხმალი. რწმენა და ენა ბევრმა იცვალა, მხოლოდ ის დარჩა მარად უცვლელი, ტაძარს აგებდა, _ ეცვა წვრილთვალა, ვეფხის წიგნს სწერდა ჯაჭვგაუხდელი. თავმოძულებულს თათრის ბეგარით, გაალმასებულს სპარსთა უღელით ძილშიაც ეცვა ქართველს ბეგთარი, სუფრაზეც იჯდა ჯაჭვგაუხდელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი