მითხრეს,სიწითლემ გადამკრა...
მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით, ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად, არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი, და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა. გათხოვდი, ბოლოს ყველა თხოვდებით, თითქმის ყველანი ხდებით დედები, თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებით მოძებნით,ვინმეს მიეკედლებით. მაინც რად გვწყდება გული,რით არი? თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს, თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც, ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია. შორით მომწონდი,მხვდებოდი წუთით, დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა, არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი, არც ვიცი,გული რატომ მეტკინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი