ნახანძრალ თბილისში
თბილისის ზეცას, ღრმას და უძიროს, გადაეფარა მწუხრის ზეწარი. სახლთა ამ ჩონჩხებს როგორ ვუცქირო! ამ უბედურ დღეს რად მოვესწარი! ნაცნობი ქუჩაც, გზაჯვარედინიც, თვალდათხრილია და შავად ბოლავს… ისევ მობრუნდა ჯალალედინი? ისევ წავაგეთ კრწანისთან ბრძოლა? არა! კაენის ჰკივის მახვილი, ეს ძმისმკვლელს დარჩა კვალი შავბნელი, ცას შეჰღაღადებს სისხლი დაღვრილი, უღვთოდ დაღვრილი სისხლი აბელის. ვაი, ქალაქის ძვლებო ბებერო, ვაი, დაშლილო ხანძრით, ქვიტკირო! რომელი ერთის ფერფლს მოვეფერო, რომელი ერთი ძმა დავიტირო?! და როცა ვწყევლი განხეთქილებას, ცრემლიან თვალებს მივაპყრობ ცისკენ… დავდივარ, მტკივა და მეტირება… უფალო, გვიხსენ! უფალო, გვიხსენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი