იონა მეუნარგიას სიტყვა ილიას დასაფლავებაზე


დაუვიწყარო მამულისშვილო ილიავ! შენი ჭირისუფალი განა მარტო ეს, აქ მოზღვავებული საზოგადოებაა, რომელიც სამი დღეა, შენს ცხედარს გარს ახვევია?

არა, შენი ჭირისუფალი მთელი შენი სატრფო ქვეყანაა, სამშობლო _ კახეთიდამ დაწყებული შავ ზღვამდის. ამ ქვეყანაში ყველას უგემნია შენი ნაწერების სიტკბოება და ყველა სასოებით და სიამაყით იხსენებს შენს სახელს; ოჯახი სად დარჩა ამ ქვეყანაში, საცა ბავშვს შენი «აყვავებულა მდელო» არ ეკითხოს და მოზრდილს «მკრთალი ნათელი» და «ჩემო კარგო ქვეყანავ» არ ემღეროს?

შენის ქმნილებით დამტკბარმა, შენის მოკვლით გულ- ჩამწარებულმა საქართველოს შორეულმა ქალაქმა ფოთმა დაფნითა და ყვავილით შეამკო ცხედარი შენი და უკანასკნელი სალამი გიძღვნა შენ, დაუვიწყარო ილიავ, შენ, რომლის მარჯვენისა ქმნილებამ აღზარდა რაზმი საქართველოს მოზარდთა თაობათა და მწერალთა, შენ, რომელმაცა «კაცია-ადამიანი» სთქვი, «გლახის ნაამბობი» გვიამბე, თავდადებული შეგვაყვარე და «ნაოჭის მსგავსად შეკრული» შუბლი განდეგილისა დაგვიხატე ხელოვნურად.

შენ რომ ფეხი შემოდგი მწერლობაში, სთქვი, «მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდებიო» და მთელი შენი სიცოცხლე ამ მამულის აყვავებას ამსახურე და მამულის შვილების გულში აღაგზნე ყოველგვარი კეთილი აზრი და გრძნობა.

დღეს ყოველი ქართველი, თვით შენი მტერიც, შენი შეგირდია. ნეტავ გაგაგონა ის ძლიერი ღაღადი ჩვენის მწერლობისა, რომელიც შენმა მკვლელობამ ასტეხა, რომ დამტკბარიყავ იმ აზრით, რომ სამწერლო მემკვიდრეობა, შენგან დატოვებული, არც ისე მჩატეა, როგორც მტერსა ჰგონია.

შენ არ გვასწავლე ქართული ენა? შენ არ შეჰქმენ უკანასკნელად «სულთა სწრაფვა», «თვალთახედვის ისარი»? შენ შეგვაყვარე მამული და გვაჩვენე, როგორ უნდა სამშობლოს მტერთან ბრძოლა. «დიდ მუხასთან პატარა ია რომ ყვაოდეს, ვის რა უნდაო», გააგონე შენს მამულის მტრებს. სამეგრელოს ჩამოშორება რომ მოინდომეს საქართველოდამ, შენ სამეგრელოში მოდი, იქაურობა ნახე და სთქვი: «სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო» და მედგრად გამოესარჩლე დაჩაგრულ სამეგრელოს.

და აწ შენ დაგვშორდი, დაგვტოვე იმ დროს, როცა თვით მამულის წმიდათა-წმიდას შეეხო განუსჯელი თაობა და როცა შენს წინასწარმეტყველურ სიტყვას შეეძლო ეს თაობა გონს მოეყვანა.

ვინ იცის, ეგებ შეიძლებოდეს კაცს კაცობრიობა უყვარდეს მამულზე უფრო, მაგრამ მამული რომ არ უყვარდეს კაცს, სამშობლოს ენა არა სწამდეს, ამის სმენაც კი ეჩოთირება ჩვენს ყურს, რომელშიაც შენ 40 წელიწადი სულ ჩაგვძახოდი: ჩიტს თავისი ბუდე უყვარს, ნადირს თავისი კლდე და სორო, მთელ განათლებულ ქვეყანას თავისი მხარე და ენა და მხოლოდ ჩვენში გამოჰტყვრა პირველად ეს დაუჯერებელი: «ენა რა არის, მამული რას მიქვიანო».

ვიმედოვნებ, მოძღვარო, რომ ეს შეცდომა წარმავალია, რომ ჩვენნი ძმანნი და შვილნი, ვითარცა უძღებნი შვილნი, დაუბრუნდებიან სამშობლოს და მამული კვლავ დარჩება ყველათათვის საუკუნოდ თაყვანსაცემად ისე, როგორც საუკუნო არის იდეალები სიმართლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა, რომელთაც შენ მსახურებდი.

მშვიდობით, ჩვენო ენის კანონმდებელო, დიდო მამულისშვილო!

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი