წერილი ილიას მკვლელობაზე
” ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო ! საქართველოს თავ-ლაფი დაასხეს! შერყვნეს და შელახეს მისი ღირსება, მისი თავ-მოყვარეობა! არც ერთი ფაქტი ჩვენის ცხოვრების უბედობის დამახასიათებელი ისეთი თავ-ზარდამცემი, ისეთი საზიზღარი, ისეთი სასირცხო არა ყოფილა საქართველოსათვის, როგორც ილია ჭავჭავაძის და მისი ოჯახის ამოწყვეტა. თავზარდამცემია ეს საშინელება, იმიტომ რომ ჩვენ მეორე ილია აღარ გვყავს და მგონი აღარც დაიბადოს გათახსირებულ ცხოვრებაში! საზიზღარია ეს მოვლენა, იმიტომ, რომ დიდებულ ადამიანს წარუტაცეს ავაზაკურად სიცოცხლე არა ყაჩაღებმა და ქურდებმა ანგარებით, არამედ, როგორც თვალ-ცხადათა სჩანს, ვითომცა და რომელიმე პრინციპის მქონე ჯგუფმა და ადამიანებმა, თავიანთ ვითომც და “იდეის” განსახორციელებლად და ილიას დასამცირებლად! სასირცხოა იგი მთელი საქართველოს ერისათვის იმიტომ, რომ ილია მოკვდა საქართველოს მიწა-წყალზედ, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც მან მთელი თავისი სიყვარულის ძალითა და დიადი ნიჭით დაწერილი ლექსი უძღვნა, – იმიტომ, რომ ილია მოკვდა შეიძლება ქართველის ხელითაც! როგორ! ილია ჭავჭავაძე, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოსათვის შრომობდა, მღეროდა და სტიროდა, ილია, რომელსაც არც ერთი საქართველოს ჭირი არ გამოჰპარვია რომ არ აღენიშნა და ყოველთვის ბრძნული წამალი არ ენახა, ილია, რომელმაც მე-XIX საუკუნის რუსთაველი იყო საქართველოსათვის, რომლის ენითაც ლაპარაკობს მთელი საქართველოს მწერლობა, მთელი საქართველოს უბრალო წერა-კითხვის მცოდნე ხალხიც კი, ილია, რომელიც საუკეთესო დამამშვიდებელი, ბრწყინვალე გვირგვინი იყო ჩვენ ისედაც ღარიბ კულტურისა, – ეს ილია ჭავჭავაძე საქართველოშივე ქართველებმა მოჰკლეს?! ჰოი, უმადურნო, ბრმანო და საზიზღარნო! ნუ თუ მართლა ჩაიდინეთ ასეთი დანაშაული, – დანაშაული, რომლის მსგავსი მსოფლიო ისტორიას არ გაუგონია, დანაშაული, რომელიც მართლაც დაამტკიცებს მთელი ქართველობის მართლაცა და სრულ გადაშენებას? სირცხვილი ჩვენთვის, ქართველებო, თუ მართლა გავხდით მოწამენი ასეთის ჩვენის დამცირებისა, ჩვენი სასაცილოდ აგდებისა ჩვენივე თავის მიერ, სირცხვილი ჩვენ დამცირებულსა და ფეხ ქვეშ გათელილ სამშობლოს, რომ ჩვენივე ხელით ტყვიებით დავხრიტეთ ჩვენი უპირველესი ადამიანი, როგორც უბრალო დამნაშავე ან ქურდი! სირცხვილი მთელ საქართველოს, თუ მან ისეთნაირად დაჰკარგა ყოველივე სინდისი და გრძნობა, რომ ხმა არ ამოიღო, არ მოიწმინდა ასეთი საშინელი შეურაცხმყოფი ჩირქი, რომელიც მას წასცხეს თავიანთმავე უბედურ შვილებმა! მაშინ მართლაც მთელი საქართველო ყოფილა ავაზაკური სულისა და გულის, ცინიკური რწმენისა და დაბნელებული გონების პატრონი! რასაკვირველია, მაშინ იგი სირცხვილის სიწითლესაც ვეღარ იგრძნობს! მაგრამ თუ ჯერ ჩვენში სინდისი არ მომკვდარა, თუ კიდევ ცოტა რამ მაინც შეგვრჩენია ადამიანობისა, თუ საქართველოში ყოველი ქართველი ჯერ კიდევ არ გამხდარა სულ მხეცად უგუნურად და გარყვნილად. ქართველებო! ნუ ვაპატიებთ ნურავის ასეთ საშინელ შეურაცხყოფასა და უბედურებას, ნუ მოვიჭრით თავს ქვეყანაში! უგუნურმა ხალხმა ქრისტე ჯვარს აცვა, იუდის შური ქრისტეს მეგობრებმა ვერ იძიეს, მაგრამ ეს მოხდა ოცი საუკუნის წინად! ნუ თუ ეხლა მთელი საქართველო უნდა შეიქმნეს იმ ადამიანის ჯვარმცმელი, რომელმაც სამოც წელზედ მეტი იმსახურა, ნუ თუ მთელი საქართველო იუდათ უნდა გადაიქცეს? ქართველებო! ხელი ხმალს, მოვიდა ჟამი ნამდვილი თავის დაცვისა ყველა ოხერთაგან, ცინიკოსთაგან, უნამუსოთაგან, კაცის მკვლელ ავაზაკთაგან, ჩვენ შეურაცხმყოფელთაგან და თავლაფ-დამსხმელთაგან! ხელი ხმალს და საშინელი სასჯელი მათ, ვინც უკანასკნელად ლაფში ამოსვარა მთელი საქართველოს სახელი! სადღა გამოვყოთ თავი სირცხვილით? ვიღას რა ვუთხრათ, – ან ახლო, ან შორეულ მეზობლებს? ქართველებმა ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს! – იცით, რას ნიშნავს ეს საშინელი სირცხვილი? – ეს ნიშნავს: რუსებმა ტოლსტოი მოჰკლეს, გერმანელებმა ჰეინე მოჰკლეს, ინგლისელებმა – ბაირონი, ფრანგებმა – ვიქტორ ჰიუგო! აი, რას ნიშნავს ეს, ვინაიდან ჩვენი ჰეინეც, ჰიუგოც, ბაირონიც, ტოლსტოიც, – ილია იყო. მისი გონების შემოქმედება იყო ჩვენი ერთად ერთი დიდება, სინტეზი ჩვენი ლიტერატურისა; ილია იყო ჩვენი პუბლიცისტი, ბელლეტრისტი, პოეტი, – ყოველისფერი, – თითქმის მთელ ნახევარ საუკუნის განმავლობაში! მაგრამ ფრანგებს ჰიუგო არ მოუკლავსთ, გერმანელებს – ჰეინე, ინგლისელებს – ბაირონი, რუსები ტოლსტოის არ მოჰკვლენ, – ჩვენ კი მოვკალით ჩვენი ილია, – ამით სამუდამოდ დავისვით შუბლზედ მთელმა საქართველოს ერმა იუდობის ბეჭედი და დავსწყევლეთ ჩვენივე თავი უკუნითი უკუნისამდე! ქართველებო! მხოლოდ საშინელი შურის ძიებით შეიძლება ამ იუდობის ბეჭდის ჩვენი შუბლიდან მორეცხა! ხელი ხმალს იკარ, ქართველო, დღეს დამტკიცდება შენი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა, თუ დაიცავ შეურაცხყოფილსა და ლაფდასხმულ თავს მთელი შენი ახალი ისტორიისა და თავმოყვარობის წამბილწველთაგან! მაგრამ თუ ჯერ კიდევ ისე არ დავცემულვართ ჩვენდა საბედნიეროდ, რომ ილიას სიკვდილი ჩვენი საკუთარი ხელიდან არ გამოსულა, თუ ქართული სინდისი ისე არ გამქრალა ჯერ, რომ ჩვენ არ ჩაგვიდენია ეს საშინელი დანაშაული ჩვენივე თავის წინაშე, – თუ ილია სკვითთა მსხვერპლია, ისე, როგორც ჰერცენშტეინი და იოლლოსი. ქართველებო! ნურც მაშინ შევაწევთ მტერს ასეთ დანაშაულს, ხელი ხმალს მაშინაც და ავინაზღაუროთ ის საშინელი დანაკლისი, რომელმაც ილიას სიკვდილით ყველა ჩვენ უბედურებასთან შედარებით გაცილებით უფრო გაგვანადგურა! იყო შავი დრო, როდესაც სკვითი უგვანო წარდგა მძინარე დიმიტრი ყიფიანის წინაშე და “მირონცხებულ მოსუცსა” ავაზაკურად შეახო ხელი, და ნუ თუ ეხლაც, უარეს შავ დროს, ილიასაც შეახო სკვითმა თვისი უწმინდური ხელი?! … ქართველებო! კმარა ამდენი მოთმინება! აღივსო მოთმინების ფიალა! ვინც უნდა იყოს მკვლელი, გარეული თუ შინაური, – დაჰკარ, ვაჟკაცო, გულ-ცივად და შეუბრალებლად, ნათელი სინდისი გიძღოდეს წინ ამ სამართლიან შურის ძიების წმინდა საქმეში! დაჰკარ და გაუპე გული უწმინდურთა და უგვანოთა, რომელთაც დღეს სრულიად უმიზეზოდ გლოვის ზარით აამღერეს მთელი საქართველო, სამგლოვიარო შავი ზეწარი გადაჰხურეს მის ისედაც განადგურებულ, გადამწვარ, შეურაცყოფილს და გაუპატიურებულ მიდამოებას! კმარა ამდენი სილაჩრე აზრითა, მოქალაქეობრივობითა და იარაღითა! კმარა ქალაჩუნობა და მონურად ქედის მოხრა ყველა შინაურსა და გარეშე წუნკალ მტერთა წინაშე! ქართველებო! ვინც უნდა იყოს დამნაშავე, – გარეშე თუ შინაური, – ერთნაირი შურის ძიება მათ, სასტიკი, ულმობელი და ღირსეული! ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვმართონ, რაღას ვიცდით?! ქართველებო! შემოკრბით საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩვენ სატახტო ქალაქში, თბილისში, განურჩევლად სჯულისა, რწმენისა და ადგილისა! მართლ-მადიდებელნო, მაჰმადიანნო და კათოლიკენო, – ქართლ-კახელნო, გურულ-იმერ-მეგრელნო, აჭარა-ქობულეთელნო, მესხნო და ჯავახელნო, – ყველანი შემოკრბით რომ ჩვენს საერთო მამასა და მასწავლებელს, ასე ვერაგულად წართმეულს, უკანასკნელი გამოსალმების სიტყვა ვუთხრათ! შეიძლება აქაც ვიღონოთ ჩვენ მტერთა აღმოჩენა და მათი დასჯა საერთო ძალით! ეს ხომ ბუმბერაზული ომი არ არის, ერთი იმ ომთაგანი, რომელსაც წინად ვეწეოდით ხოლმე ურიცხვ მტერთა მოსაგერებლად! ეს უბრალო თავის დაცვაა შეურაცხყოფისაგან, იმ ადამიანთაგან, რომელითაც მთელ საქართველოს ასეთი სასირცხვინო სილა გააწნეს საჯაროდ! გვიწვევენ? უნდათ ჩვენი გამოცდა? – მაშ ნუ დავლაჩრდებით ნურაფრით, შევიყარნეთ და იქნებ გავიგოთ, ვნახოთ, ვინ არიან და როგორნი ჩვენზედ უკანასკნელად მოსულნი მტერნი! ქართველებო! თუ მთლად ერთიანად არ დავცემულვართ, აღვასრულოთ ეს მცირედი საქმე და მტრის სასაცილოთ ნუ გავიხდით თავებს ამ საშინელი შეურაცყოფის შემდეგ მაინც, თუ გინდ რომ ყველამ ვიხილოთ ჩვენი თავისვე მახვილით განგმირვა”.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი