უტიფარი ხარ ბერბიჭაშვილო


1941-42 წლებში თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურული კარის მიღმა ჭავჭავაძის მკვლელის, გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა. ამ სასამართლო პროცესს საზოგადო მოღვაწე ვარლამ ძიძიგური დაესწრო. 1909 წლიდან 1918 წლამდე ვარლამ ძიძიგური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა რეგიონებში. იგი 1957 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
ილია ჭავჭავაძის მკვლელის გასამართლება ვარლამ ძიძიგურმა ვრცლად აღწერა თავის წიგნში “მასწავლებლის მოგონებანი”.
გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს ვარლამ ძიძიგურის მოგონებებიდან.
თავს, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელის სასამართლო პროცესს ეხება, ჰქვია “ილიას მკვლელის გასამართლება”.

**********************

ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება ის ათი დღე, 1941 წლის 25 დეკემბრიდან 1942 წლის 5 იანვრამდე, როცა თბილისში, უმაღლესი სასამართლოს დახურულ კარში ილია ჭავჭავაძის მკვლელის _ გიგოლა ბერბიჭაშვილის გასამართლება მიმდინარეობდა.
ამ სასმართლოზე დასასწრებად სულ ორმოციოდე საშვი იყო და ერთი მათგანის მიღება მარგუნა ბედმა. საბრალდებო სკამზე იჯდა 64 წლის კაცი, საშუალო ტანის, გამხდარი, ფართო მხარ-ბეჭიანი, ხმელი და თხელი სახისა, ჭაღარა გიგოლა ბერბიჭაშვილი.
სასამართლოს თავმჯდომარის პირველი კითხვა იყო ბერბიჭაშვილისადმი:
– სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
– იმდენად, რამდენადაც…_ და მოჰყვა ბერბიჭაშვილი წილადობილას…
– ჩანს, არ გინდათ თქვათ არც კი, არც არა! გვიამბეთ თქვენი თავგადასავალი, თქვით, რისი თქმაც გინდოდათ!
_ მე ადრე დამეხოცნენ მშობლები, ვცხოვრობდი ბიძასთან. ის მამადლიდა ლუკმა-პურს. ავდექ და გავიქეცი მისგან. შევეკედლე ტყეში რამდენიმე კაცს, ტყეს წვავდნენ, ნახშირს ამზადებდნენ და ქალაქში დაჰქონდათ გასაყიდად. ერთი ვირი ჩამაბარეს, დავტვირთავდი ამ ვირს და ტყიდან ხაზეინების ნახშირს ვზიდავდი გასაყიდად. თბილისში ზემელთან ერთი პატარა დუქანი იყო. იქ ერთი კაცი მომცემდა პროკლამაციებს, ჩავაწყობდი იმ პროკლამაციებს ნახშირის გილდეში, ზემოდან რამე რუმეებს დავაყრიდი და ისე მიმქონდა ტყეში; იქიდან ჩუმ-ჩუმად ვურიგებდი გლეხებს ამ პროკლამაციებს. მე პარტიზანთა რაზმის წევრი ვიყავი, წითელი პარტიზანელის მოწმობა მქონდა. 1905 წელს დამიჭირა პოლიციამ და დუშეთის სამაზრო ციხეში დამამწყვდია. ციხე გავტეხე და გამოვიქეცი. ამის შემდეგ ტყეში ვიმალებოდი. ერთხელ, ეს იყო 1907 წელს, ტანისამოსი დამეფლითა, ახლის შესაძენად ჩუმად მინდოდა ჩამოვსულიყავი თბილისში და საგურამოზე გამოვიარე. საღამო იყო. გზაში შემხვდა ერთი ჩემი ნაცნობი _ ხიზანიშვილი. მითხრა: ამაღამ ილია ჭავჭავაძის სახლის ზემოთ, ტყეში, რამდენიმე კაცს კრება გვაქვს და დაგვესწარიო. არ მინდოდა, მაგრამ ძალით წამიყვანა. კრებაზე 10-12 კაცი იყო. თავმჯდომარეობდა ვიღაც ჯაში. როგორც გავიგე, ეს კაცი ილია ჭავჭავაძის მოურავი ყოფილა. მან წაიკითხა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გაზეთში დაბეჭდილი წერილი. ჯაშმა თქვა:
– მე დღეს ვარ აქ და ხვალ არა და მაინცდამაინც არ მენაღვლება, მაგრამ თქვენ აქაურები ხართ, ვერსად წახვალთ და კნიაზ ილიას წვალებას მანამ ვერ გადაურჩებით, სანამ მას არ მოკლავთო. მოკალით და მოისვენეთ, მისი მოკვლა რა დიდი საქმეაო.
_ რა დროს ამოიყვან თბილისიდან კნიაზსო? _ ჰკითხა მან იქვე მყოფ ილიას მეეტლეს აფციაურს.
_ ნაშუადღევის 1-2 საათზე, _ მიუგო მან.
_ წიწამურში რა დროს იქნებით?
_ დაახლოებით 12 საათზე. იქნებ უფრო ადრეც. კარგად არ ვიცი, რა დროს წამომყვება თბილისიდან კნიაზი. ეს კი ვიცი, რომ დილით უნდა წამოვიდეს და ადრე მისვლა შემომითვალა.
გადაწყდა ილია ჭავჭავაძის მოკვლა. ხუთი კაცი აირჩიეს, მათ შორის მეც. მე უარზე ვიყავი:
– თქვენი კნიაზია და თქვენ უნდა მოკლათ, მე რა მესაქმება-მეთქი.
ძალათ ჩამაბეს ამ საქმეში. იმ ღამეს წიწამურის ზემოთ ვივახშმეთ ერთ ოჯახში. ღამე წიწამურის ტყეში გავათიეთ. გავინაწილეთ ის არე-მარე, სადაც ილია უნდა მოგვეკლა, საიდანაც ილიას მეეტლე ეტლს ჯერ მძიმედ წამოიყვანდა და შემდეგ შეაჩერებდა. სამი კაცი მაღლა უნდა გადამდგარიყო ეტლის გაჩერების ადგილას; მე და ერთი კაციც დაბლა უნდა ვმდგარიყავთ, რომ არ გაგვქცეოდა.
გათენდა. ცოტა დააგვიანდათ მგზავრებს. მგონი, პირველ თუ ორ საათზე გამოჩნდა ჭავჭავაძის ეტლი _ თოფები გავარდა და კნიაზი ეტლიდან გადმოვარდა. მე ზევით ვისროლე.
_ მართალი თქვი, შენგან გასროლილი ტყვია მოხვდა ილიას გულსა და შუბლში, შენმა ტყვიებმა განგმირა ილია? ჩვენ ამის ჩვენება გვაქვს: 1907 წელს გასამართლებულმა შენმა ამხანაგებმა დაწვრილებით თქვეს ყველაფერი; ისინი არ უარყოფენ იმას, რაც თვითონ ჩაიდინეს, და არც იმას, რაც სხვებმა, მათ შორის შენ რაც გააკეთე.
_ ჭავჭავაძე რომ გადმოვარდა ეტლიდან, გადმოუვარდა სათვალე და საფულე, მე საფულე ავიღე და იქვე ივანიშვილს მივეცი. საფულეში 600 მანეთი იყო. მე ფული არ წამიღია.
_ ჭავჭავაძის მეუღლეს _ ოლღა ჭავჭავაძისას _ ვინ ჩაუმტვრია ცხვირ-პირი თოფის კონდახით?
_ ჩაუმტვრიეს, კი, მაგრამ ვინ _ არ დამინახავს!
_ პატარა სათვალე დაინახე მიწაზე დავარდნილი და ის ვერ დაინახე? აქაც სტყუი! ხიზანიშვილისა და აფციაურის მიერ 1907 წელს მიცემული ჩვენებით, ოლღა ჭავჭავაძეს შენ დაულეწე სახე და თავი ისე, როგორც შენმა გასროლილმა
ტყვიებმა განგმირეს ილია ჭავჭავაძე. სხვას რას იტყვი?
– შემდეგ მე გავიქეცი ჩვენი ქვეყნიდან და 1907 წლიდან 1921 წლამდე სპარსეთში ვცხოვრობდი. 1921 წელს დავბრუნდი საქართველოში და შევედი პარტიაში.
_ მაშ, სპარსული ენა გეცოდინება?
_ წყალივით ვიცი!
_ პარტიაში მიღებისას თუ აღიარე შენი წარსული?
_ არა, არ მითქვამს! რა საჭირო იყო?
_ შემდეგ?
_ შემდეგ ვმუშაობდი დუშეთში, მუხრანში, თბილისში.
_ თუ იცნობდი შენს მსხვერპლს, როცა ჰკლავდი?
_ არა, არ ვიცნობდი.
_ ნუთუ არ გქონდა გაგონილი ილია ჭავჭავაძის სახელი, არ წაგიკითხავს მისი ნაწერები: “კაკო ყაჩაღი”, “გლახის ნაამბობი” და სხვა?
_ არ წამიკითხავს და არც გამიგონია მისი სახელი. აკაკი წერეთლის ლექსები კი ვიცოდი.
_ ილია ჭავჭავაძე ილიაობას აწყობდა ყოველ წლიურად და სხვა სტუმრებთან ერთად მეზობელი სოფლებიდანაც ჰყავდა მოპატიჯებული ხალხი. შენი სოფელი სამიოთხი კილომეტრით იყო დაშორებული საგურამოს და ნუთუ არავის უხსენებია ილია ჭავჭავაძის სახელი?
_ მე მისი სახელი არ გამიგონია.
_ შენ ორი შვილი გყავს: ქალ-ვაჟი, შენმა ვაჟმა დაამთავრა ის სკოლა, სადაც ილია ჭავჭავაძე სწავლობდა (ყოფ. პირველი გიმნაზია). ნუთუ შენმა ვაჟმა არ გითხრა, იმ სკოლაში ვსწავლობ, სადაც წინათ სწავლობდა ილია ჭავჭავაძეო?
_ არ უთქვამს…
_ შენი ქალიშვილი სწავლობდა და დაამთავრა თბილისის მესამე საცდელ-საჩვენებელი სკოლა ილია ჭავჭავაძის სახელობისა. ნუთუ არ ჰკითხე შენს ქალიშვილს: რა გააკეთა ისეთი ილია ჭავჭავაძემ, რომ მისი სახელობის სკოლაც კი გახსნა ჩვენმა მთავრობამ?
_ არ მიკითხავს, არ დავინტერესებულვარ!
_ 1937 წელს ჩვენმა მთავრობამ შენ მიერ ჩადენილი ვერაგული მკვლელობის 30 წლის თავი და ილიას დაბადებიდან ასი წლისთავი აღნიშნა. შენ მაშინ თანამდებობის კაცი იყავი, _ უთუოდ გაზეთებს კითხულობდი, მაშინ მაინც ვერ გაიგე, ვინ ყოფილა ილია ჭავჭავაძე?
_ მე იმ ადგილებს არ ვკითხულობდი ჟურნალ-გაზეთებში!
_ უტიფარი ხარ! კმარა! შემოიყვანეთ მოწმეები!
პირველად ვიღაც მოხუცი დედაკაცი შემოიყვანეს.
_ სახელი და გვარი, მამის სახელი?
ჰკითხეს მას. ჩაიწერეს.
_ სად გაიცანი ეს კაცი და როდის?
_ ეს კაცი ჩემი მეჯვარე იყო. ჩემი გვირგვინი ეკავა ხელში ჩემი ჯვრისწერის დროს.
_ როდის მოხდა ეს?
_ 1911 წელს.
_ ბერბიჭაშვილო, ამტკიცებ: სპარსეთში ვიყავიო 1907 წლიდან 1921 წლამდე! 1911 წელს კი ცოლი შეგირთავს საქართველოში! რას იტყვი?
შემოვიდა საგანგებოდ გამოძახებული პროფესორი, სპარსული ენის სპეციალისტი იუსტინე აბულაძე, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, თუ რამდენად “წყალივით” იცის სპარსული სპარსეთში ვითომცდა 13 წელს ნაცხოვრებმა ბერბიჭაშვილმა.
_ პროფესორო, გთხოვთ ებაასოთ სპარსულ ენაზე ბერბიჭაშვილს და მოგვცეთ დასკვნა, თუ რამდენად იცის მან სპარსული!
პროფესორმა იუსტინე აბულაძემ “გამოცადა” ბრალდებული და დასკვნაც მიიღო: არც ერთი სიტყვა არ იცის სპარსული, იცის აზერბაიჯანული ენა.
მოწმეთა შორის იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე და ორგანიზატორის, ჯაშის ცოლი.
მისი დაკითხვით და სხვა მასალებით გამოირკვა, რომ ჯაში ყოფილა ნაირ-ნაირ პარტიაში. იგი იყო პროვოკატორი, ხაზინის გაძარცვის ორგანიზატორი. ეს ბინ-
ძური ადამიანი 1922 წელს ცოლის ძმას მოუკლავს ნაძარცვი ფულის გაუზიარებლობის და სხვა ამგვარი მიზეზის გამო…
_ შემოიყვანეთ მოწმე ფაღავა!
_ შემოვიდა 80-82 წლის ხმელი, მაღალი, ლამაზი სახის მოხუცებული, რომელიც იმ პერიოდში დუშეთის მაზრის უფროსი ყოფილა 1907 წელს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დროს.
_ მოახსენეთ სასამართლოს, რა იცით ამ საქმის გარშემო!
_ როცა დუშეთის მაზრის უფროსად დამნიშნეს, ჩავიბარე მაზრა და მისი საქმეები. გადმომცეს ერთი საიდუმლო, შიფრიანი მოწერილობა, რომლითაც მაზრის უფროსს ევალებოდა თვალყური ედევნებინა ილია ჭავჭავაძისათვის და სათანადო ცნობები ეგზავნა გუბერნატორისა და ჟანდარმთა სამმართველოსათვის… დიდ ილიას კარგად ვიცნობდი, დიდად ვაფასებდი მას და დროგამოშვებით ვშველოდი კიდევაც ამ საამაყო ქართველს. დუშეთში, ჩემს
კაბინეტში ყოფნის დროს, შემატყობინეს: ილია ჭავჭავაძე მოკლეს წიწამურშიო. თავზარდაცემული დავჯექ ცხენზე და რაზმის თანხლებით ელვის სისწრაფით მივიჭერ მკვლელობის ადგილას. ვხედავ, შარაგზაზე ასვენია ტყვიით განგმირული ილია, იქვე მოკლულია მისი მზარეული; ილიას მეუღლე
_ ოლღა სახედაჩეჩქვილი და თავგატეხილი უგრძნობლად გდია მიწაზე. ალყა შემოვარტყი ტყეს. ბოროტმოქმედთა აღმოსაჩენად აქეთ-იქით დავგზავნე ჩემი მხლებლები. მიცვალებული დაილიას მეუღლე ურემზე მოვათავსეთ და საგურამოსკენ გავწიეთ… ჯაში ფუსფუსებდა, წუხდა, თავს იკლავდა, _ ეს რა უბედურება მოხდაო? ჩემმა კაცებმა უცხო ვერავინ ნახეს იმ არემარეში.
ილიას მეეტლე ამბობდა: თავდამსხმელები თეთრ ხალათებში იყვნენ, სამხედრო პირებს ჰგავდნენო. ილიას მეუღლისათვის პირველი დახმარების აღმოჩენისა და მიცვალებულის სახლში დასვენების შემდეგ შევედი სოფლის კანცელარიაში, დავიბარე სხვადასხვა პირები, დაკითხვა დავიწყე. ჩემმა `ურიადენიკმა~ მითხრა: ერი მოხუცებული კაცია ვიღაც და მთხოვს მოგახსენოთ, რომ თქვენი ნახვა უნდაო.
_ შემოიყვანეთ! _ ვუპასუხე მე.
შემოვიდა, ასე, 65-70 წლის მოხუცი.
_ რა გინდათ? _ შევეკითხე. ეტყობოდა, მოხუცს არ უნდოდა ელაპარაკა სხვისი თანდასწრებით.დივანი დავითხოვე ოთახიდან.
_ ბატონო, _ დაიწყო მან, _ თქვენ, მგონი, ილიას მკვლელებს ეძებთ! გეტყვით, ოღონდ, თუ გამცემთ, გადამწვავენ, ცოლ-შვილს ამიწიოკებენ.
_ პირობა მივეცი, არ გამეთქვა,
_ დასძინა ფაღავამ, _ სინდისს ვფიცავ, პირობა შევუსრულე, თუმცა 1907 წელს სასამართლოში ძალიან დამჭირდა მისი დასახელება;
მიცემული სიტყვის გამო თავი შევიკავე მისი სახელისა და გვარის ხსენებისაგან, ამ საიდუმლოს ახლა ვამხელ მხოლოდ…
_ მოხუცმა მითხრა, _ განაგრძო ფაღავამ, _ ჯაშმა მოაწყო ეს საზიზღარი საქმე. ილიას მკვლელები არიან ყაჩაღი გიგოლა ბერბიჭაშვილი, ილიას მეღორე ხიზანიშვილი, ნამამასახლარი ივანიშვილი და აფციაურიო. მადლობა ვუთხარი და გავისტუმრე მოხუცი. რამდენიმე კაცი ისე დავკითხე _ თვალის ასახვევად და გზის ასაბნევად, თორემ მე უკვე ვიცოდი იმ პატიოსანი კაცის მეოხებით ნამდვილი მკვლელების სახელები და გვარები… ჯაში დავაპატიმრე.
სამ თვეს ვაწარმოებდი გამოძიებას დუშეთში. დავამთავრე გამოძიება და საქმეები პატიმრებთან ერთად გადმოვგზავნე თბილისში.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ბერბიჭაშვილის ძებნას გადავყევი. ას მანეთზე მეტი სხვადასხვა აგენტებს მივეცი. მეტყოდნენ, ამა თუ იმ ცხვარში იმალებაო. მივიდოდი, ვერ ვნახულობდი…
ბრალდებულო ბერბიჭაშვილო, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მოწმე ფაღავას მიმართ? _ დაარღვია ცოტაოდენი პაუზათავმჯდომარემ.
_ არა მაქვს! _ არხეინად უპასუხა ბერბიჭაშვილმა.
რამდენიმე მოწმე დაკითხეს კიდევ. ყველამ აჩვენა, რომ ბერბიჭაშვილი იყო ბინძური ადამიანი, ქურდბაცაცა, მძარცველი, აგენტი… სასამართლოს რვა სხდომაზე ბევრი რამ ითქვა, საქმის ბევრი დეტალი გამოირკვა. გამოქვეყნდა სხვადასხვა საინტერესო საბუთი, ცნობა იმის დასამტკიცებლად, რომ ი. ჭავჭავაძე საშიში კაცი იყო თვითმპყრობელობისათვის და მისი `თავიდან მოცილება~ უნდოდა მეფის ჟანდარმერიას. არაერთხელ მიუწერიათ ჟანდარმერიებსა და ცენზორებს პეტერბურგისათვის, რომ ილია ჭავჭავაძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერია საქართველოში, მის ბინაზე საეჭვო და საშიში პირები იკრიბებიან, რომ ილია ჭავჭავაძე ცდილობს შეაპაროს ცენზორებს მთავრობის საწინააღმდეგო წერილებიო და სხვა.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა ჟანდარმერიის აგენტებმა რომ მოაწყეს და ჟანდარმერიამ რომ იცოდა _ სად და რომელ საათზე მოკლავდნენ ილიას _ იქიდან ჩანს, რომ დანაშაულის დღესა და საათზე დეპეშა გაიგზავნა პეტერბურგში ილიას მოკვლის შესახებ, თუმცა დეპეშის გაგზავნის წუთებში ილია ჯერ კიდევ მოკლული არ იყო…
ნათელი გახდა ისიც, რომ ჟანდარმერიამ მოახერხა ისე მოეკლა ილია, რომ მისი მკვლელობა სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის დაებრალებინა. ამ მიზნით ჩაითრიეს საზიზღარ საქმეებში ბრმები: ხიზანიშვილი და აფციაური…
… მოწმე ფაღავამ განაგრძო:
– 1907 წელს სასამართლოს სკამზე იჯდა მხოლოდ ორი მკვლელი (ხიზანიშვილი და აფციაური); მკვლელობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი ჯაში აშკარად “გამოძვრა”. ნამამასახლისარ ივანიშვილს, დაკითხვის შემდეგ ციხეში რომ მიჰყავდათ, უთხრეს _ გაიქეცი, მცველები თოფს არ გესვრიანო. გაიქცა, ესროლეს, მოკლეს. მესამე აგენტს, რომლის ტყვიითაც მოკვდა ილია _ გ. ბერბიჭაშვილს ხელს არ უშლიდნენ დამალულიყო… დახვრიტეს ბრმა იარაღები _ ხიზანიშვილი და აფციაური.
პროკურორმა მიწასთან გაასწორა ნაძირალა ბერბიჭაშვილი:
ილიას საფლავზე ვარდი და იანი ამოვლენ… შაშვნი და ბულბულნი აჭიკჭიკდებიან, ხოლო ბერბიჭაშვილის საფლავს ნაგავი დაფარავს და ჭიაღუები დაესევიანო – თქვა მან.
სასამართლოს დადგენილებით, ბრალდებული გიორგი პეტრეს ძე ბერბიჭაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა სასჯელი უმაღლესი ზომა – დახვრეტა.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი