“ილიას უმასშტაბობა ანუ ”პეტრე”, როგორც ქართული ფენომენი”
უკვდავთათვის დრო სხვა მდინარებას იძენს – ის მუდამ აწმყოში მოძრაობს, ის მუდამ დღევანდელობის გამოძახილია. ეს აზრი, უპირველეს ყოვლისა, ილია ჭავჭავაძის პიროვნების და მოღვაწეობის ბოლომდე გაცნობისას და გაცნობიერებისას იბადება, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. თუმცა ბევრი რამ იცის ჩვენმა საზოგადოებამ ილიას შესახებ, მაგრამ მისი შემოქმედების წიაღი და სიბრძნე, თავდადება სამშობლოს წინაშე, ისევე ამოუწურავია, როგორც მზის სინათლე და ზეცის სიღრმე… ამიტომ დაიბადა სურვილი ჩემშიც – მისით აღფრთოვანებულმა მკითხველმა ვთქვა ორიოდე სიტყვა. თავდაპირველად, პროზაული ნაწარმოების მთავარ ღირსებას შეგახსენებთ – კითხვას რომ შეუდგები და ვეღარ ეშვები. აქ, არ იქნება მოულოდნელი , პასუხად, მრავალი ”მაგრამ” და ”თუ” შემაგებოს ვინმემ, მაგალითად ამგვარი – ” შესაძლებელია, ნაწარმოები იყოს მდარე, მაგრამ სიუჟეტი ისე ვითარდებოდეს, ბოლომდე მიჰყვე”… ან – ” დასაშვებია, ნაწარმოებმა ჩაგითრიოს და ზღვარს სცდებოდეს მისი ინტელექტუალურ თუ ზოგადღირებულებათაგან დაცლილობის ანორმულობა”… ასეც არის ნამდვილად, მაგრამ მაგ ტიპის ლიტერატურის მოყვარულად ვერ მოვიაზრებ ჩემს მკითხველს, ვინც შესანიშნავად იცის – რატომ, რა მაღალმხატვრული და სხვა ნარატიული მიმზიდველობის გამო მიიყოლებს მათ მოთხრობა ან სხვა ჟანრის შემოქმედება ტალღებივით, შეუსვენებლივ… პროზის ეს ღირსებებია, სწორედ, მეც რომ ”მაბამს” ამგვარ ტექსტებზე და აზროვნების ახალახალი მიგნებების მონაწილეს მხდის… ” …ის ცარიელი სიტყვა რა ტკივილის დამყუჩავი რამ არის!.. ასე გგონია, იმ სიტყვებმა ნახევარი ნაღველი თან წაიღესო, ისეთი ლოდი აგეცლება გულიდამ. სიტყვა ხომ არაფერია და კაცს არაფრად უღირს, მაგრამ რამდენი კაცია ქვეყანაზედ — მოძმესათვის ისიც არ ემეტება. ესეც კია, ზოგმა თუნდ გამოიმეტოს კიდეც, გაჭირებულ გულს არ მოხვდება, ვერ მიაღწევს გულამდინა. ამისთანა კაცები გულს ვერ მოჰფხანენ გაჭირებულსა და ვერც ნუგეშსა სცემენ. მზე ზამთრის ყვავილს ვერ ამოიყვანს.” – როდის ფიქრობდა ასე ილია… როდის და, იმ დროში, ოცდამეერთე საუკუნიდან რომ გავყურებთ და ბნელი გვგონია, როცა, საკმარისი რაოდენობით არ იყო წიგნები და რაც იყო, მასზე ყველას ვერ მიუწვდებოდა ხელი (…სხვა თემაა – რუსთაველის გონი და შეუდარებლობა), ტექნოლოგიების, ეკონიმიკის ჩანასახოვანი მდგომარეობა საზოგადოების სოციალური და გონებრივი სუბსტანციის დაღი გახლდათ, ჩვენი სამაგალითო წინაპარი კი, ამგვარ სიბრძნეებს ”ეთამაშებოდა”. ის ხატავს ქართული სულის ეზოთერულ წიაღებს და საკუთარი ხედვის სიმახვილით, ამ სულიერი სივრცეების უკიდურეს კუნჭულში წვდომის უნარით აღგვაფრთოვანებს. დღესაც, არცთუ ხშირად, მოიძებნებიან ავტორები, რომელთაც ძალუძთ მკითხველი მონათხრობის სამყაროში გადაასახლონ და ჟამთასვლის ძალიან მიღმინდელი ცხადად განაცდევინონ. ასეთი ჩვენ, ნამდვილად, გვყავს ილია. ის ჩემი აზრით, მწვერვალია, რომელისთვისაც ამქვეყნიური ავ-კარგი ხელისგულივით მოჩანს. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს მისი აზროვნების ყოველი ხატი, ყოველი ნაწარმოები, მთლიანად, მისი შემოქმედება – მხატვრული თუ პუბლიცისტური, ქართველი ერისთვის ტრაქტატული ხასიათის მემკვიდრეობად. ამ ნათქვამის დადასტურებად მიმაჩნია ერთი ცნობილი ამერიკელი მოაზროვნის სიტყვები, რომ – ჭეშმარიტად სრულქმნილი დრო არც წარსულია, არც აწმყო და არც მომავალი… როგორც მოგახსენეთ – უკვდავთათვის დრო სხვა მდინარებას იძენს და ერიც, ისეთი შვილის მშობელი, ვისი სახელის ხსენებაც კი, წვრთნის ადამიანს, მთელ საზოგადოებას, ნამდვილად ბედნიერია. რასაკვირველია, საჭირბოროტო თემაა, როგორ აცნობიერებს ბედნიერების ამ შეგრძნებას მისი პატრონი (ქართველი ხალხი), საღად და პირდაპირ აღბეჭდავს თუ არა გონებიდან მომზირალი თვალი იმას, რითაც ბედმა დააჯილდოვა… დიახ, ეს საჭირბოროტოა, მაგრამ ცალკე განსჯის თემაა, რომელიც ამომწურავად და ხედვის ორიგინალური ტრაექტორიიდან გახმოვანდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის ესეიში ”ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება”. მნიშვნელოვანელოვნად მიგვაჩნია ილიას ცხოვრების წესად ქცეული სტილის ხაზგასმა – ზოგადობა – არაფერში! ალბათ ამიტომაც – მან, პიროვნულად, ოლიმპიურობის განსახიერებამ, მაინც ბაირონისეული ღელვა და მოძრაობა აირჩია. თუ არა – ასე, მეცხრამეტე საუკუნე, ალბათ, უსულო პერიოდს დაემსგავსებოდა, რაც, მხოლოდ, უდღეური ქაოსების წარმომშობი და თითქმის, ცარიელი ფურცელი იქნებოდა ქართველი ერის ცხოვრებაში. კონკრეტულობა კი, ამ ბუმბერაზმა მოღვაწემ უპირველეს ყოვლისა, მაშინ გამოამჟღავნა, როცა თითოეული თანამემამულის ჭირ – ვარამის გამზიარებელი გახდა თავისი მხატვრული ნაწარმოებებით – მას გლეხთა თუ თავადთა არსებაში მიყუჟული არცერთი მანკიერება და სიდიადე არ რჩება გამოუმზიურებელი, ის ხედავს ყველაფერს, რაც სხვისთვის შეუმჩნეველი შეიძლებოდა დარჩენილიყო… ”დიდი ბატონი, ხომ კაი კაცი იყო, მაგრამ მაინც გული მოეფხანებოდა, როცა მე მუხლზედ ვაკოცებდი ხოლმე”… ამ სიყვებიდან ბატონყმობის სიბნელე ისმის და აშკარად ჩანს მისი ფსკერიც – ბატონთათვის ძნელად დასათმობი. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ფსკერი – ბატონობაზე თუ მონობაზე მეტყველი, მუდამ, ქართველი ხალხის ხასიათის და ყოფის ზედაპირზეა. ილია დიდი ოსტატობით ხატავს ცხოვრებას. მას მიზანი ერთი აქვს და თითქმის, რიგორისტულად მიჰყვება პრინციპს – თავგანწირვის სულისკვეთებით, კალამშეუსვენებლივ გააკეთოს რაც შეიძლება მეტი სამშობლოსათვის, იღწვის – თავისუფლების წყურვილი გააღვიძოს მიძინებულ ქართველში, შეახსენოს მას, რომ კაცია ადამიანი და ამ ნებაყოფილობით მისიას, გარდა, ნათელი აზრებით დახუნძლული პუბლიცისტიკისა, საკუთარი მხატვრული შემოქმედებითაც ახორციელებს, ილია თავის სუბიექტურ გრძნობებს პოეზიაში აქსოვს. მე ამ ლექსებსაც აზრიან ლირიკას ვუწოდებდი, სადაც ის ყველაზე ინტიმურ განცდებს გონიერების სიმაღლიდან უმხელს სამშობლოს. გამოხატვის ამგვარ ფორმას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს – რაც ვერ გაიგო მავანმა პროზით, საგაზეთო პუბლიკაციებით, ეგებ, გაიგოს ლექსით. მოკლედ, პოეტთან მუზები მხოლოდ იმისთვის არ მოფრინავენ, რომ პოეზია პოეზიისთვის შექმნან, ან ”ტკბილ ხმათათვის” ააღებინონ კალამი ავტორს… აქაც, ამ სიურეალისტურ სივრცეშიც, სადაც, თითქოს, ყველაფერს ივიწყებს ადამიანი და საკუთარი ინტიმური განცდების გამოხატვის უფლებას აძლევს თავს, ეს ბუმბერაზი მოღვაწე, ისევ, ერთ მიზანს ამსახურებს გულისთქმას – არსებული სინამდვილისთვის თვალის გასწორების უმნიშვნელოვანეს მიზანს… ჩვენ კი, დღემდე, ვართ აუვსებელი რეციპიენტი იმ შემოქმედებისა, რომელიც ქართველთა ეროვნულობის სინონიმმა ადამიანმა – ილია ჭავჭავაძემ შექმნა. ილიას მხატვრული პროზის ხმოვანება ზედმიწევნით ასონანსურია მარადისობის მასშტაბებთან მიმართებაში, მისი შემოქმედება ადამიანისა და ეპოქის სულის სიღრმეების ამოტრიალებას წააგავს, როცა ხინჯიც და საბადოც ერთნაირად ხდება ხილული. თხრობითი ქსოვილი ისე უფაქიზესი თვლებისგან – მიგნებებისგან არის ასხმული, რასაც სხვა ძნელად შენიშნავდა და მოიპოვებდა… მწერალი მარადისობას ესაუბრება, ეპაექრება, აზუსტებს, მიანიშნებს უმთავრესზე და გარდუვალზე ადამიანთა ცხოვრებაში, ყოფაში… იცნობს და ამზეურებს საკუთარი პერსონაჟების ფიქრის და გონის მოძრაობის ყველა ნიუანსს… ამიტომ, თითქმის ყოველ აბზაცში, ჩვენს წინ, ახლაც, ”გათანამედროვებული” ილიას პერსონაჟები დგანან, მათთან ბევრი გვაქვს საერთო, მოთხრობების გმირების შეცდომებზე, ახლაც, თავისუფლად, შეგვიძლია ვისწავლოთ… ამ მხრივ, უამრავ მინიშნებას და დღევანდელობასთან იდენტობის მაგალითს ხვდება მკითხველი, როდესაც ჩაითრევს დიდი ავტორის ბრძნული ნააზრევის ნაკადი. ერთერთი მთავარი პარალელი კი, რაზეც ამჯერად მსურს ყურადღების გამახვილება, არის კირკეგორისეული ან – ანის ფენომენი ილიას შემოქმედებაში, ჩემი აზრით, იგივე – პეტრეს ფენომენი, რაც ღრმად ფესვგადგმულია ქართველის მენტალიტეტში, რაც დღესაც აქტუალურია და დღესაც – ჯებირად ქცეული, ჩვენი ერის წინსვლის გზაზე. ”…ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს!.. არა, შვილო, რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია” – ამ დასკვნას ილია ჭავჭავაძის ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობის (”სახრჩობელაზედ”) პერსონაჟი პეტრე აკეთებს, როცა საკუთარ მიამიტობაში რწმუნდება, მაგრამ ეს წამიერი ”სიფხიზლეა” მისთვის და ისევ განაგრძობს ”ძილს” ამ ”რუსული შლაპკიანების”გარემოცვაში – მიუხედავად, აღშფოთებისა საკუთარ თავზე… „აკი იმ ძუძუმწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! — სთქვა ღიმილით და თაკილითაც პეტრემ. — ჩემზედ ახია”. გასაოცარი, სწორედ, ეს გახლავთ – პეტრე, რომელიც ქართველის ტიპური სახით გვევლინება, კარგად იცნობს საკუთარ თავს, მაგრამ რატომღაც, არ სურს სხვანაირად მოიქცეს, შეიცვალოს… ”გაიქნივა თავი ისეთის ღიმილით, თითქო ხუმრობაში ატარებსო ამ საქმეს, მაგრამ გულში კი მართლა სცხვენოდა” – და განაგრძობს ”პეტრეობას”, სწორედ, ზემოთ ნახსენები ან – ანის ფენომენის გამო, რომელიც მერყეობის უმყარეს მდგომარეობას ეხება და უპირატესობას მეტი ღირებულების შემცველი ცხოვრების წესის არჩევას ანიჭებს. რაც სკანდინავიელმა ფილოსოფოსმა გამოხატა თავის ცნობილ ნაშრომში, ეს, მართლაც, ზოგადსაკაცობრიო პრობლება და ყველასათვის ნაცნობი სულიერი მდგომარეობაა და, თუ ქართველზე მიდგება საქმე – უფრო ხასიათი, რომელიც მისი ეთიკური და ესთეტიკური შეგნების სარკეა. ადამიანისთვის მერყეობის მარად თანმდევი თვისება, ხალხის ყველასთვის ნაცნობი განწყობა, ჯერ კიდევ, იაკობ ცურტაველის დროიდან მოყოლებული და ქარს მინდობილ ლერწამთან შედარებული, კიდევ უფრო მკაფიოდ სახიერდება ილიას მოთხრობაში. ალბათ, მისი გმირიც მხატვრული სამყაროს იმ იშვიათ ტიპაჟებს უნდა მივაკუთვნოთ, საკუთარი ერის მესთან პირდაპირ რომ ასოცირდებიან. პეტრეს, მიუხედავად იმისა, რომ ეპოქამ და სოციალურ – პოლიტიკურმა პერიპეტიებმა რეალობის შეგრძნებისთვის მყარი საფუძველი შეუქმნეს და ეს ისევე ხილულია, როგორც მის ირგვლივ ნებისმიერი ნივთი – ფორმით, ფერით, შინაარსით ადვილად აღსაქმელი, მაინც, უჭკუო ირაციონალიზმის მორევი სძირავს… არ სჯერა – აი, თვისება, ლოდივით რომ მიათრევს ის და ვერაფრით გათავისუფლებულა ამ სიმძიმისგან… ”— ჰა, პეტრევ!.. — არიგებდა პეტრე თავისთავს, — არ გაბრიყვდე, ეშმაკმა არ გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!..” – საიდან მოვიდა მენტალობის ეს ინდივიდუმი, თუ მანამდე არ არსებობდა? -სამწუხაროდ, არსებობდა, დიდი ხანია, არსებობდა და ილიასაც სწორედ ეს არ ასვენებს – რატომაა ასე არაადეკვატური ”პეტრე” და სადამდე გაგრძელდება მისი მიამიტობა… ჩვენ კი, ახლა, ამ საუკუნეში მყოფთ, შეგვიძლია ამოვიოხროთ და ვთქვათ – ”ვაი, რომ – აქამდე”! და, მერე როგორ, ოცდამეერთე საუკუნეში მეცხრამეტე რომ ჰგონია და მეცხრამეტეში თავი ცაში გამოკიდებული, ფასკუნჯის ფრთებზე მონანავე რომ ეგონა… აბა, რას ჰგავდა ის სიბარიტული აგონია და ბუზების არითმეტიკა? პეტრეს რომ თავი დავანებოთ, განა ლუარსაბ თათქარიძე ნაკლებად არაადეკვატური იყო? – ამიტომაც მოითხოვდა მუდამ, ნებისმიერი ”აზრის” დასტურს დარეჯანისგან… მერყეობა და მიამიტობა, როგორც სენი, მასაც მოსდებოდა, მამულის (ფართო და ვიწრო გაგებითაც)უმთავრესი პრობლემებისთვის კი, თითქმის ”დაყრუებულს”, ადგილი ”ხიდქვეშ” მიეჩინა. მაგრამ სჯობს, ისევ, ჩვენი თემის უფრო ნათელ მაგალითს, ”პეტრეს”, დავუბრუნდეთ… ”ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან, სოფლელია და მოტყუვდაო. ამბობდა ამას თავის გულში პეტრე და ეგონა, რომ მართლა-და ეს ხალხი ამისათვის არის მოცლილი, სოფლელია და გავაბრიყვოთო. ამათაც გაექცა და ხელახლად გადინაცვლა ადგილი. ძნელი რამ არის, როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამს და ცალმხრივ გაიწევს”… გასაოცარია! სახრჩობელის წინ დგას პეტრე და არ იჯერებს – უბრალო სანახაობა ჰგონია ყოველივე, გასართობად და მისი და მისნაირების დასაცინად მოგონილი. არადა, როგორ ებრძვის ის საკუთარ თავს, თუმცა, დამარცხებული, მაინც, ვითომ, გამარჯვებულია. რა ჰქვია ამგვარ სულიერ მდგომარეობას – გაქცევა? შიში? თუ ისეთი ზღვარსგადაცილებული კეთილშობილება, ერთი წამითაც რომ არ უშვებ ბოროტების არსებობას? ეს ხომ უკიდურესი გულუბრყვილობაა, რომელიც ბოლოს, გარდუვალად, უმწარეს განცდებთან არის დაკავშირებული… მანამდე კი, უამრავჯერ რომ ეჯახება ადამიანი საკუთარ შეცდომას და ვერა და ვერ სწავლობს, არა და არ იღვიძებს მის არსებაში სწორი, გონისმიერი ორიენტაციის უნარი სოციალურ – პოლიტიკურ სივრცესა და ადამიანთა ქმედების სამყაროში. ილია სწუხდა, ქართული საზოგადოება, უმეტესად, ”პეტრეებისგან” რომ შედგებოდა, რომ ისინი, ”რუსული შლაპკიანების” გარემოცვაში, ვერ ამჩნევდნენ სისასტიკის და დამცირების აპოთეოზურ ფაქტებს – სხრჩობელასავით თვალწინ აღმართულს… ”— აი, დალახვრათ ღმერთმა! — სთქვა თავისთავად პეტრემ. — მართლა სალდათებს არა ჰგვანან, ე! რა-რიგ ჩაუცმევიათ! ი თოფების ჭერაც რომ უსწავლიათ!.. რას არ მოიგონებენ ე ქალაქის ბიჭები! დახე, სულ რუსის ბიჭებსაც რომ ჰგვანან”… — ვუი, ვუი შენს დედას!.. — იძახდნენ მანდილოსნები. — რა ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა!.. პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი”… დიახ, პეტრეს გაუკვირდა – ის არ იმყოფება ამ რეალობაში, ის, ნებით, განაგრძობს ”იქ” – სადღაც მიღმა ყოფნას, ”აქ” კი – მხოლოდ არსებობას. ამგვარი სუბსტანცია და სინამდვილიდან განწყობათა ცდომილებები ქართველობისთვის, ლამის, ბუნებრიობად ქცეული რომ არ ყოფილიყო, დიდი მწერალი არ დაკარგავდა დროს ეწერა ”პეტრეზე”… ილია განიცდის მენტალობის ამგვარი მერიდიანების ღრმადფესვგადგმულობას საკუთარი ხალხის ბუნებაში და ცდილობს სიმართლის ღაღადით რაღაც შეცვალოს, მაგრამ… დრომ დაადასტურა, რომ ხასიათის ეს შტრიხები მემკვიდრეობითობად ქცეული მედიალური დაღია – უამრავი პეტრე გვხვდება, დღესაც, უამრავი პეტრე არ იჯერებს – ხოლმე ხილულს ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერ სივრცეში და უხილავის “ცქერით” ცდილობს დატკბეს. ჩვენს სინამდვილეშიც, ილიას ეს პერსონაჟი ყველა ქართველში სულდგმულობს, თუმცა ახალი რეალობა ერთ განსაკუთრებულ შტრიხსაც ირეკლავს – ნიჰილიზმის ნიღაბაფარებული ”პეტრე ” გულს საფარველს მიღმა იწურავს, თავისთვის… სხვა კი, მან რაიმე იცის თუ არ იცის, საერთოდ, ესმის თუ არ ესმის – ვერაფერს გაიგებს და ეს გაცილებით პეტრეობაა, ვიდრე არის ნამდვილი ”პეტრე”. ამიტომაც, ილიაჭავჭავაძის შემოქმედება თავისუფლად ჩაითვლება ჩვენი წიგნისმიერი განზომილებების ერთერთ მაგისტრალად, საიდანაც ტექსტუალური პრინციპების სრულფასოვნებასთან ერთად, ნამდვილი ცხოვრება გვიმზერს, ნამდვილი, რომელიც რომ არ დაეწერათ, ვერავინ აღიქვამდა ადეკვატურად, რადგან ასეთია კაცის ბუნება – იქვე, გვერდით მდგომი გაჭირვებული ან სხვა, რაიმე მოვლენა, შეიძლება, ვერ შენიშნოს, წაკითხულმა კი ააღელვოს, გული აუჩუყოს… და, იქნებ, ვერც დავადანაშაულოთ? – რადგან თხრობადობის ქსოვილში უფრო ნათლად ჩანს ცხოვრების ყოველი ხინჯი, მითუმეტეს, თუ ”მქსოველი” დიდი ოსტატია… ”სახრჩობელაზედ” – ის ავტორმა ეს, ფრიად საგულისხმო მისია შეასრულა – დახატა ისეთი ქართველის ბუნება, როგორიც მისთვის მიუღებელია და თავისი უწყინარობით საშიშია ქვეყნისთვის. თუმცაღა, ჩვენში ჩაქვითკირებული ეს ხასიათი ძნელად დასანგრევი აღმოჩნდა – მრავალმა ”ჭკუისსასწავლებელმა” პერიპეტიამ ვერ მოახდინა გავლენა მყარ გულუბრყვილობაზე… ჩანს, რომ ილიამ, ეპოქის შორეული საფრთხეც დაინახა, უპირველეს ყოვლისა, არჩევანის გაკეთების უუნარობაში, მიამიტობაში და ურწმუნოებაში… თვით, ”პეტრეს” თვალწინ მიმდინარე მძაფრი მოვლენის ფინალიც ვერ ”ახერხებს” მის ლოგიკურ დასკვნამდე მიყვანას! – გმირს, რომც სჯეროდეს, ეთაკილება… ეთაკილება გამოუტყდეს, თუნდაც, საკუთარ თავს და ამაშია უფრო ”გასაღები” ქართველში თავმოყრილი პრობლემებისა, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით, ვიდრე – უკიდეგანო კეთილბუნოვნებაში… ”— დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ”… ” — უყურებდა პეტრე ჩამომხრჩვალ ადამიანს მაგრამ ”ვერ ხედავდა”… ”— ვერაფერი თამაში იყო. იქნება თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს… ფეხებს რომ იქნევდა?..” – ფიქრობს მოთხრობის გმირი და ვერ გამოდის საკუთარ თავში გაჩაღებული ხელჩართული ბრძოლიდან… სწორედ მისი პიროვნების ამგვარი შტრიხები მეტყველებს ან – ანის ფენომენის სიმყარზე ქართველის არსებაში, რომელიც ახლაც ჰყვავის და რაც უნდა სახრჩობელის წინ აღმოჩნდეს, მაინც უსასრულოდ იყრის ყლორტებს ირგვლივ… ამ, ”რუსული შლაპკიანების” გარემოცვაში ჩამოყალიბებულ მენტალიტეტში უმეტესად, ჩამქრალია საღი არჩევანის გაკეთების უნარი. უფრო ტრაგიკული კი ის არის, ეს არჩევანის გაკეთების უუნარობა რომ თითქმის არჩევანად იქცა. ნაწარმოების ფინალი უმძაფრესი კონტრაპუნქტია – სულის წიაღში საგულდაგულოდ ჩახლართული ღირებულებების ბუნდოვანებაზე რომ აკეთებს მახვილს… ავტორის ოსტატობის ხარისხი ბოლომდე შეუდარებელია და ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ, გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ, შესაძლებელია, არ არსებობდეს წარსული, აწმყო, მომავალი და მას ეწოდებოდეს, მარტივად, სრულქმნილი დრო. ”სახრჩობელაზედ”, როგორც ილიას სხვა ბევრი ნაწარმოები, სწორედ ამ სრულქმნილების საკუთრებაა. ახლა, უფრო კონკრეტულად ფინალზე – კითხულობს ავაზაკის წერილს პეტრე და სიმწრის ოფლი ასხამს, ვერაფერი გაუგია, რატომ სწერენ მას, პირადად, ამგვარ სიტყვებს : ”… განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!” ”— მე რა შუაში ვარო!” — ერთიანად ცახცახებს უმასშტაბო დროის ეს ”კეთილშობილი” გმირი და ამ კონტექსტით ილია უსაზღვრო საფიქრალს უტოვებს მკითხველს – აკი, თავადაც ამბობს – ”მართლა-და… ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს…” – ო… ჩვენ კი, მოკრძალებით ვპასუხობთ ამ ბუმბერაზს, რომ პეტრეს დანაშაული დანაშაულის ვერშეცნობაშია, უსაფუძვლო კეთილშობილებაშია, უგონო მერყეობაში და არჩევანის გაკეთების უუნარობაშია. სიტყვები – ” არ დაიჯერო, გატყუებენ, პეტრე!” – დროში უსრული აღმოჩნდა, ორივე – უკეთესი და უარესი გაგებით. დაბოლოს, ილიასთან დაკავშირებით ნათქვამ ფრაზას, რომ მისი პიროვნება გამოკვეთილად იყო ”სიტყვა და თვალები”, მეც ვეთანხმები, ოღონდ, მცირეოდენი სკეპსისით – ხომ არა – უფრო, ”თვალები და სიტყვა”?!. ალბათ, ან – ასე, ან – ისე…
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი