ილია და ოლღა გურამიშვილი


ოლღა გურამიშვილი დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. დედა, ელისაბედი, ადრეულ ბავშვობაში გარდაეცვალა. ჰყავდა და ეკატერინე. მამამისმა თადეოზმა მეორედ იქორწინა მარიამ დიასამიძეზე. ოლღასა და ეკატერინეს დედობას უწევდა თბილისში ცნობილი და მიღებული ქალბატონი, ქვრივი, სიდონია გურამიშვილის-სავარსამიძე. თადეოზ და სიდონია გურამიშვილები საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედის ძმისშვილები იყვნენ. თადეოზ გურამიშვილი ერთერთი მდიდარი ფეოდალი იყო. იგი 1800 წელს დაიბადა და 1875 წელს გარდაიცვალა.

1854 წელს ოლღა ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ჩაურიცხავთ, სადაც 1857 წლამდე სწავლობდა. 1862 წელს სიდონია რამიშვილ-სავარსამიძე წერს ანდერძს და მთელი თავისი ქონების მემკვიდრედ ასხელებს ოლღა გურამიშვილს.

ილიას უახლოესი მეგობარი ივანე პონტორაცკი იგონებს: ,,უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი, მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა. თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ახალგაზრდა მიჯნურებს შორის საიდუმლო მიწერ-მოწერა იყო. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის. მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. თაყვანება და ერთგულება თავისი საყვარელი მეუღლისადმი ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია.”

თბილისის ერთ არისტოკრატულ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის ლიტერატურის და ხელოვნების მიმდევრები. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი ოლღამ და ილიამ. ოლღამ იაქტიურა და ნინო ორბელიანის ხელით გაუგზავნა ილიას წერილი, წერილს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ილიას პასუხით ვხვდებით, რომ გოგონას ილიასთან შეხვედრის სურვილი აქვს.

ილიას პასუხი: 1863 წლის 16 იანვარი:
,,მითხარით,- სად შეგხვდეთ. დროის გამო ნუ შეწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ, ი.ჭ.”

გაუგებრობა მოხდა, ერთმანეთს ვერ შეხვდნენ ქალ-ვაჟი. მეორე წერილით ოლღა თავის სახლში იბარებს ილიას. ილია წერს: ,,…მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გვითალთვალებს… მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ… ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისაგან მოშორებით, მაგალითად ტაძარში. მაგრამ რა საკვირველია, ნება თქვენია. მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ, ოღონდ გთხოვ, ეს დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია.” თქვენი ილია.
მესამე წერილი; შაბათი, 19 იანვარი 1863 წელი.

,,მოვალ ჩემო ანგელოზო, მოვალ! მგონი ცხრაზე იწყება წირვა. შენი ილიკო.”
მეოთხე წერილი ვრცელია… ილია ,,თქვენობით” მიმართავს სატრფოს, წერილის შუაში კი ,,შენობით” ფორმას ირჩევს…

როცა მათ სასიყვარულო წერილებს კითხულობ, შეუძლებელია მათსავით არ განიცადო მათი განსაცდელი, მათი შიში, მათი სიხარული, მათსავით არ იღელვო, მათსავით არ აივსოს შენი სული ღვთაებრივი ნეტარებით, სიწმინდით, სიყვარულის მარადიული სურნელით.

ილიას წერილი შეხვედრის შესახებ:
,,გუშინდელი დღე დიდებული რამ იყო, მაგრამ უცნაური ის არის, რა ბევრის თქმა გვინდოდა და რა ცოტა ვილაპარაკეთ. არ იქნება ერთხელაც შევხვდეთ? გინდაც შევხვდეთ, ერთმანეთს ალბათ ისევ ვერაფერს ვეტყვით… მომიტევე, თუ შეგიძლია. ჩემს მაგივრად აკოცე შენ თავს…“
,,…ჩემო ანგელოზო! რატომ ღელავ ჩემო მეგობარო? რისი უნდა გვეშინოდეს? სიტყვას ვაძლევ ჩემს ოლიკოს, რომ მის თავს ვერვინ წამართმევს…”
,,…შენი ჭირიმე ოლიკოჯან, შემატყობინე, რა გაწუხებს? სატირალი და საწუხარი რა გვაქვს მე და შენ? შენ გეთაყვანე, ყველაფერი მომწერე ამაღამვე…”
,,…დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით – სიყვარულით…”
ერთი სულისთქმით დაწერილი სამიჯნურო ბარათები, ასევე ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

მთელი სიცოცხლის მანძილზე წერდა ილია თავის ძვირფას მეუღლეს წერილებს,რომელთა უმეტესობა შემონახულია. ამ წერილებით არა მხოლოდ კეთილშობილი ცოლ-ქმრის სათნო, ურთიერთპატივისცემით გამსჭვალულ ურთიერთობას ვეცნობით, არამედ ამ გაყვითლებულ ფურცლებზე მთელი ეპოქა იხატება.
სულის შემძვრელია ოლღა გურამიშვილის 1863 წლის 2 აპრილს მინაწერი პასუხი ილიას წერილზე ,,ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ –ეს შენი წიგნებია და სანამ პირში სული მიდგას, ამით ვისიამოვნებ, რომ მეც ვიყავ ისე წელიწადი სრულ ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია, ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა.ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები…”

ცნობილია რომ ილიას პირად ნივთებს შორის წერილებთან ერთად ყუთში შემონახული ყოფილა დროჟამისაგან გამოფიტული, ფერდაკარგული ხმელი ყვავილები,
რომლებიც ოდესღაც ჭაბუკ ილიას სატრფოსთვის უჩუქებია.

მართალია მთელმა თბილისმა იცოდა ილიასა და ოლღას სიყვარულის ამბავი და ქორწილსაც ელოდა, მაგრამ წყვილმა მაინც საიდუმლოდ იქორწინა 1862 წლის 10 აპრილს წმ. სამების ახალ ეკლესიაში. მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა დაწერათ ჯვარი. ოლღას მეჯვარეები ყოფილან – ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და ,,კოლეჟსკი ასესორი” სულხან თუმანიშვილი. ილიასი – ,, საქართველოს მოამბის” თანამშრომელი დავით ყიფიანი და ნათესავი ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

ამ ამბებით გახარებულიმა მამიდა მაკრინემ (ილიას გამზრდელი) ყვარლიდან ილიას წერილი გამოუგზავნა:
,,ჩემო სიცოცხლევ, შვილი ილიავ! ბევრს გაკოცებ ლამაზ თვალებზედ და ღმერთსა ვთხოვ, შენი ცოლით თქვენს ბედნიერობას და შვილიერობას, კიდევ გილოცავ შვილო ქორწინებას. ღმერთმან აღგავსოს ბედნიერობით, როგორც თქვენი და ჩემი სურვილი იყოს… ეხლა შენი და შენი ცოლის წიგნს შეუძლიან ჩემი კურნება.

შენი ჭირიმე ილიავ!
შენი მამიდა მაკრინე ერისთავი”

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი