სამოცი წლისთავზე (ილიას)
”საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე” პ ი რ ვ ე ლ ი ც ნ ო ბ ა 1907 წელი. – ”მე ილია ვარ. . .” ეტლში კლდესავით წამოდგა სახით უუკვდავესით და გაწყდა სიტყვა: – ”რას მოვესწარი, როგორ დავკნინდით, როგორ დავეცით. . .” – ”შენ ილია ხარ, სწორედ ისა ხარ, დროშა წარსულის. . .” და მგოსნის შუბლზე გამოისახა ალმოდებული წვეთი ჯვარცმულის. – ”შენ ილია ხარ. . .” ცხლად და ანაზდად მთამ მთას ქუხილი მკერდს გაუყარა; გასკდა არაგვთან, გასკდა არმაზთან, ზედაზნის მთები გადიმქუხარა. იქ ბაზალეთთან მეხად იჭექა, აქ მთაწმინდასთან ცრემლად ატირდა, იქით იქუხა უფლისციხესთან, აქეთ იფეთქა ივრის ნაპირთან. იქით ლიახვთან ელვად იელვა, აქეთ ალგეთთან ცეცხლად იალა; იქ ქართლის ბოლოს ლიხს გადაევლო, აქ ყვარლის მთები გადიგრიალა. იქ ანანურთან კედლებს შეება, აქეთ ქვებს შეჰყვა ნარიყალაში. . . და მთები, გზები, მდინარეეები, ქვები აქუხდა ჩვენს ქვეყანაში. აქუხდა. . . დაჭრილ მშობელ მხარეში, რომ ექომ ექოს ხმა უდასტუროს. . . და მთებში მეხის დადგა თარეში უგზოდ, უსაზღვროდ და უსასრულოდ – იმ დიდ ქუხილის დადგა თარეში, იმ დღეს არაგვთან რომ ჩაისახა. . . და ისმის, ისმის საქართველოში: ”შენ ილია ხარ, სწორედ ისა ხარ”. 1967
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი