რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყივჩაღის ცხოვრებიდან
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. შოთა რუსთაველი. სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა, — და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი ალაზნის ველზედ წამოიხარა. ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი, მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა, მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი იმის სხივებთან მუსაიფობდა. შორნი მნათობნი მოკამკამენი იმ მწუხარს ღამეს მხიარულობდნენ, მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი, სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ. და იმ მნათობთა სხივის ალერსით ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა, მხოლოდ ნიავი მთისა — მოლხენით ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა. და ალაზანი შეუპოვარი ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა, მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა. ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა, თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!.. მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა, და ნაღვლიანად მასზედ მეურმე მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა. ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს, მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი, მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს, უკუ-ჰყრის კიდეც ვით ღრუბელს ქარი. მიდის ურემი და უეცრადა ვიღაცამ ტყიდამ ასკუპა ცხენი, მოვარდა იგი ურემს მედგრადა, მჭმუნვარე სახის ამაყად მჩენი. — ვერ მიმასწავლებ კუდი – გორის გზას? — ჰკითხა თამამად მან მეურმესა. — რატომ ვერ, ძამო! აგერ აიმ მთას მარჯვნივ აუხვევ და გახვალ ხევსა, ერთი საურმე გზა დაგიხვდება; იმ გზას დაადეგ, წადი, — და როცა ცხვირწამოწვდილი მთა შეგეყრება, ის მთა იქნება კუდი-გორაცა. იქ რა გინდა შენ? — ჰკითხა მან ბოლოს, როს გაათავა გზისა სწავლება: — იქ საფრთხე რამე არ დაგემართოს, ბღაჭიაშვილი იქ იმყოფება. მე, როგორც ვხედავ, შენც კი გაქვს მკლავი, ბევრს შენს ტოლს ბიჭს არ დაუვარდები, მაგრამ მაინც თუ გებრალვის თავი — ბღაჭიაშვილს ნუ დაენახვები, ნურც დაანახვებ შენს ქურანს ცხენსა, თორემ ის ბიჭი განანებს ბევრსა! მალია, როგორც ხირიმის ტყვია, და ტყვიასავით დაუნდობელი; თუ სისხლი ჰმართებს, ისა სჯობია, შეარჩინო და აიღო ხელი. — შენ ფიქრი ნუ გაქვს!.. მეც იმას ვეძებ, მეც მისებრ, ძმაო, მიღრინავს გული; როგორც ის ცხოვრობს, ისე ვიცხოვრებ, ამ დღითგან თავზედ ხელაღებული! — და, რა სთქვა ესა, მოხდენით ცხენი მოსხლიტა უცებ ლაზათიანმა; გაფრინდა ცხენიც ვით შავარდენი, და მის ფეხის ხმას ხმა მოსცა მთამა. თითქო შენატრდა იმას მეურმე, „ახ, ნეტავი შენ!„ — წაიდუდუნა და, გაიქნივა რა თავი მერმე შურით, ხარს შოლტი გაუტყლაშუნა, და მერმე ისევ უფრო მწუხარედ თვისი სიმღერა დაიღუღუნა. კუდი-გორასთან ერთი ტყე არი, — უწინ ყაჩაღის იყო საფარი, — საშიში, ბნელი, გულდახურული, შეუვალი და წამობურული. იქა ცხოვრობდა ბღაჭიაშვილი კაკო, ყაჩაღად გამოვარდნილი. მთვარე ჩასული იყო დიდ ხნისა, როცა იმ ტყეში, ერთ ხის ძირასა, ფრთხილად ეძინა ბღაჭიაშვილსა, ბედისგან მწარედ განაწირალსა. მის შორი-ახლო ლამაზი ცხენი კაზმ-მოუხდელი სძოვდა ბალახსა, და მას ფოთოლნიც მოშრიალენი ხშირად უფრთხობდნენ მოსვენებასა. უეცრად შეჰკრთა, აცქვიტა ყურნი, თავი აიღო და გაიხედა; მერე ტირილით იწყო ფრუტუნი და ერთს ალაგსა ზედ დააცქერდა; დიდ ხანს უცქერდა და, რა მოესმა თავისის მოძმის ცხენის ფეხის ხმა, ვერ მოითმინა, დაიხვიხვინა და პატრონს ძილი დააფრთხობინა. წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, თოფი მოზიდა და შეაყენა და, რა იხილა მხედარი ველზე, შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა? რისთვის მოსულხარ, — მოყვრად, თუ მტრადა?“ მხედარი — მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა. კაკო — თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა! კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. მხედარი — ამინ!.. შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი? კაკო — დიაღ! გახლავარ!.. რა გნებავს შენა? მხედარი — შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი, შენთან ყოფნა და შენთან დარჩენა. კაკო — მომწონს ეს სიტყვა… შენც მომეწონე და ამისთვისაც გენდობი შენა. მხედარი გულს გული იცნობს და ღონეს — ღონე, მენდე, გაგიყო ჭირი და ლხენა. კაკო — ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი, ამ ტყეში მარტო მე მაქვს მეფობა; გაშლითა არის ჩემი სახლ-კარი, და ვერას მაკლებს აქამდინ მტრობა. ყოველ ხის ძირას ჩემი სახლია, სად მიღამდება, იქ მითენდება; თუმცა ბევრი რამ მე აქ მაკლია, მაგრამ აქ ჭირიც მიადვილდება… უსახლკარობა, შიში, შიმშილი, მარტოკა გდება მხეცივით ტყეში, კურდღელსავითა ფხიზელი ძილი და იარაღი დღე-და-ღამ ხელში, — მართალია, ძმავ, კაცს მოსწყინდება ძუნწი ცხოვრება ეს დასაღონი, მაგრამ იქ ყველა გვიადვილდება, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი ბატონი!.. მე თანა მყვანან რკინისა ძმები: ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი… არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები, მინამ მაქვს მკლავი თავისუფალი ეს ცხენიც, ძამო, ჩემთან შეზრდილა, მოუდრეკია როგორც რომ ჟინი; ჩემთან საფრთხეში ბევრჯერ ყოფილა, გამოუვლია ჭირი და ლხინი. ამათ მივანდე ჩემი ცხოვრება! არ აიყრიან გულსა ჩემზედა, და კაკოც ისე არ გაძუნწდება, რომ არ დააკვდეს ერთგულებს ზედა, ჩემი სიმდიდრე აი ეს არი!.. ჩემს სამეფოში არ არის გმობა, თუმც ორგულთან ვარ დაუნდობარი, მაგრამ ერთგულთან მეც ვიცი ძმობა. ჩამოხედ, ბინას გაჩვენებ, წამო! ღარიბულადა მე დაგიხვდები, და ნუ დამძრახავ ყაჩაღსა, ძამო, თუ მასპინძლად ვერ მოგეწონები. მხედარი მყისვე გადმოხტა მარდად და წამოჰყარა აღვირი ცხენსა; ჩამოუჭიმა ყურები მაგრად და თვალზედ მზრუნველს უსვამდა ხელსა. მოჰხსნა ნაბადი, ჩაკრული უკან, ხურჯინიც სავსე გადმოიღო მან, მერე გადაჰკრა ხელი გავაზედ და მყის გაიგდო ცხენი ბალახზედ. შემდეგ მოვიდა იგი სტუმარი, კაკოს პირდაპირ დადგა მდუმარი. მათ ერთმანეთი თვალით გაზომეს, და მოეწონნენ ორნივ ერთმანეთს. მივიდნენ წყნარად და ხის ძირს დასხდნენ, მდუმარედ იყვნენ ორნივ დიდ ხანად, ერთმანეთს თითქო კიდევ სინჯავდნენ, ბოლოს კი კაკომ უთხრა თამამად: — ვიცი მე, ძამო, არ გამიწყრები და არ დამძრახავ მეტ კითხვისთვინა: მითხარ, საიდამ გემცნაურები? ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა? მხედარი — შენი გაცნობა არ არის ძნელი, ამაზედ რაღა ვილაპარაკო, შორს გავარდნილა შენი სახელი, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ”კაკო”! შენზედ მოუბნობს კაცი და ქალი, ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს; შენი ამბავი, ეხლა მართალი, ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს. შენზედ ამბობენ, რომ ხარ მამაცი, გამოჰქცევიხარ უსამართლობას, ამბობენ, თურმე გიყვარს გლეხკაცი, ბარაქალა მაგ გულკეთილობას!.. რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს — ეგ ვერაფერი სიყვარულია, სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს, — ვინც ბედისაგან დაჩაგრულია! მარტო არსენას, თუ გახსოვს შენა, გლეხკაცი როგორც ძმა ჰყვარებია, გლეხკაცის ბედი, ჭირი და ლხენა, შვილსავით კალთით უტარებია! აბა, კაციცა ისა ყოფილა და ქუდიც იმას, ძმავ, ჰხურებია! ნეტავ იმ დედას, ვისგანც გაზრდილა და ვისაც ძუძუ უწოვებია!.. მისებრი შვილი, ბევრიც ინატროს, ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს… ჯერ არ მენახე, მაგრამ გიცნობდი, შენი ცხოვრება მენატრებოდა; შენთან წამოსვლას ბევრჯერ ვფიქრობდი, მაგრამ სახლ-კარი მენანებოდა, ბოლოს კი, ძამო, გამიწყრა ღმერთი, დამიტრიალდა უკუღმა ბედი!.. ყური მომიგდე, გეტყვი ყველაფერს, რაც გადამკიდა მწუხარებამა, და როგორც, ერთ დროს ბედის მადლიერს, გზა დამიხლართა ბედისწერამა! მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი, როცა ბატონმა სახლს მომაშორა. წამსვე ძროხაში მე მიკრეს თავი, ჩემს სახლ-კარიდან გამაგდეს შორა. ჯერ კი დავღონდი, დაჩაგრდა გული, ყოფნა უმშობლოდ მეძნელებოდა… სხვები ჰლხინობდნენ, და მე კი ლული ცრემლისა თვალზედ არა მშრებოდა. პატარა ჩემი ამხანაგები ჩემ გულჩვილობას იქ დასცინოდნენ, დავიწყებოდათ თავის დარდები, როცა ისინიც ჩემებრ სტიროდნენ!.. მეც კი მრცხვენოდა ჩემის ცრემლისა, ჩემს ამხანაგებს გავექცევოდი, მივუჯდებოდი ერთ ბუჩქის ძირსა და იქ მარტოკა დიდხანს ვტიროდი. მაგრამ ღრუბელმა გადაიარა, თან გადიტანა ჩემი ნაღველი; პატარა გულმა გამოიდარა და შეუბრუნა ნაღველსა ხელი. ჩემს ყოფას მალე შევეჩვიე მე, კიდეც ვლხინობდი, კიდეც ვმღეროდი; ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამე აღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი. ძამო! რა ტკბილად, რა უდარდელად ჩემი დღეები იქ მიდიოდნენ! არარა მქონდა იქ საფიქრელად, ჩემი მოძმენი არ მაძალებდნენ. ძროხას ვუვლიდით ჩვენ ერთგულადა, გავიზიარეთ ყველამა საქმე, და რიგ-რიგითა ყველა ძმურადა ვყარაულობდით ძროხასა ღამე. რაკი მთას იქით მზე დაწვებოდა და გაეკვროდა ვარსკვლავი ცასა, გაშლილი ძროხა მოგროვდებოდა და დავიწყებდით ყველანი თვლასა. და დავაბამდით რაკი ძროხასა. ტყის პირს ერთს დიდ ცეცხლს გავაჩაღებდით და მოვიტანდით ჩვენ ჩვენს საგზალსა, ცეცხლსა გარშემო მოვუსხდებოდით. ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი, ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა; მოგვერეოდა თუ მერე ძილი, ერთი ჩვენგანი ზღაპარს იტყოდა. რაკი ტრედის-ფრად ცა ინათებდა და შორს ცისკარი კამკამს იწყობდა, მეძროხე ვინმე დაგვიძახებდა და დილის ტკბილსა ძილს დაგვიფრთხობდა. ავიშლებოდით, და ჩვენის ხმითა მკვდარი მთა, ბარი გაცოცხლდებოდა, და თავის ძროხას ყველა ზლაზვნითა ასაშვებლადა მიესეოდა. ზოგი აქ მიდის თექა-მოსხმული და მიიფშვნეტავს ზარმაცად თვალსა, სხვა იქ მიიმღერს დაღონებული და ერეკება თავის ძროხასა; და ერთს წუთს უკან ძროხა ბღავილით გაიშლებოდა ფართო მინდორზედ, და ჩვენ კი ხტომით, მღერით, ძახილით მოვგროვდებოდით მთის ცივ წყაროზედ: პირს დავიბანდით, ძილს დავიფრთხობდით, მთის წყაროს წყლითა გავგრილდებოდით, ვხტოდით, ვიძახდით, ვლაზღანდარობდით და ზეზეურად დავნაყრდებოდით; მერე ვმართავდით თამაშობასა, ხან ქვას ვისროდით, ხან ბურთსა მაღლა, და შუადღისა გოლვისა ჟამსა ჩამოვრეკავდით ძროხასა დაბლა; ალაზანშია ვყრიდით ძროხასა, თან ჩავყვებოდით უკანაც ჩვენა… ბევრიც სხვა ახსოვს ჩემ ბიჭობასა, მაგრამ სად არის ეხლა ის ლხენა?!. საღამოს ჟამზედ ისევ იმ-რიგად ცეცხლსა ანთებულს მოვუსხდებოდით და ისევ ზღაპარს გლეხურს მორიგად თითოსა მაინც ყველა ვიტყოდით. ის ზღაპრები მე გულს მიღონებდნენ და აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში, ძველებურს დროსა შემაყვარებდნენ იმ ჩემ მხიარულ ყმაწვილობაში. ეჰ, მარტო ერთი იმ ზღაპრებისა ღვიძლ დედასავით მე შემეთვისა! ის მე ბევრს რასმე გულს ჩამძახებდა, ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა… არსენა ჩვენი, ის მხნე არსენა, ჩვენამდინ, ძამო, ზღაპრად მოსული, ის იყო ჩემი ჯავრი და ლხენა, ის იყო ჩემი გული და სული. ეგრეთ გონება ხალისიანი არსენას ამბით მე მეზრდებოდა: მიყვარდა მე ის კეთილდღიანი და არსენობა მენატრებოდა. ეგრეთ მინდორზედ, ძმაო, ვყვაოდი ჩემს ბიჭობაში შეუპოვარი, ჩემს სახლ-კარზედა არა ვდარდობდი, შინაურობის არ მქონდა ჯავრი! მე ჯერეთ ვიყავ პაწაწკინტელა და მადლიერი ჩემ კეთილ დღისა და მე მეგონა, რომ ჩემებრ ყველა მადლიერია თავის ბედისა. მე მამა მყვანდა მხნე კაცი, მარჯვე, დაუღლელი და ბეჯითი, გამრჯე; თუმცა ხელმარტო ის ცოდვილობდა, ჩვენ კაცებშია ბევრი არ სჯობდა. იმ დალოცვილსა ვერვინ ასწრობდა ვერც ხვნას, ვერც თესვას და ვერცა მკასა; ღმერთიცა მართლა უხვად სწყალობდა და წყალობითა უვსებდა სახლსა. ეგრე იქნება მუდამ, მეგონა, მადლიერად და უნაღვლოდ მამა, მაგრამ კი ბოლოს ის დააღონა, მწარედ უმტყუვნა ბედისწერამა… შენც, ძამო, ვიცი, გაგიგონია, ყმის ბედი რა-რიგ სწრაფად იცვლება! თუ ყმასა გუშინ ბედი ჰქონია, არ იჯერებს, რომ დღესაც ექნება. ჩვენი წადილი, ჩვენი იმედი ყოველთვის, ძამო, არის საფრთხეში, გლეხკაცის და ყმის ლიტონი ბედი ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში… დრო გადიოდა და თან მოჰქონდა მამი-ჩემისა უბედურობა, მამა თანდათან მიბერდებოდა, ბოლოს წაერთო საწყალს მხნეობა!.. თუმცა კი შერჩა წადილი ძველი, შრომის სურვილი იმ უბედურსა, მაგრამ არც ღონე და აღარც წელი აღარ მოსდევდა დროგარდასრულსა. საბრალო მამა ჰხედავდა ცხადად, რომ რამდენადაც ღონე აკლდება, ოჯახი უკან მიდის იმდენად და სახლ-კარიცა სულ ეღუპება. იმ სიბერესთან იმ უბედურსა ერთი სხვა ჭირიც ზედ გამოება და შეეყარა საწყალს, უძლურსა გამუდმებული ციებ-ცხელება. ეგრეა, ძამო, გლეხკაცის ბედი, ის უკუღმართი, უღმრთო წამწყმედი, თუ ერთხელ ღერძი გაუბრუნდდება, სულ უკუღმართად დატრიალდება! მაშინ შევიქენ მეც ოცის წლისა… კვეხნით არ ვიტყვი, ბევრს ჩემ ტოლს ვჯობდი; კარგად შემეძლო მოვლა სახლისა, თუ გულსმოდგინედ მივეშველოდი. მაგრამ მე კიდევ ბატონსა ვყვანდი, შინ არ მითხოვდა, არ მეშვებოდა, მე იქ სხვისთვისა ჩემს თავს ვღუპავდი, შინ კი ოჯახი მეღუპებოდა. ერთხელ გამხდარი, გაყვითლებული, ილაჯნაწყვეტი სნეულებითა, საწყალი მამა მოხუცებული იახლა ბატონს თხოვნით, ხვეწნითა. მხეცი რამ იყო ბატონი ჩვენი, ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი, იმას კაცებრი გული არ ჰქონდა, რომ მამა-ჩემი შეჰბრალებოდა. რა გავაგრძელო, თავადის-შვილი კარგი რა არის, ავი რა იყოს?! და მამა-ჩემი გულმოწყვეტილი იახლა ამ-გვარს უხამსსა ბატონს. — შენი ჭირიმე, — უთხრა, — ბატონო, სახლს ვერ გავუველ მე მარტოხელი… დამითმე შვილი… არ დამაღონო, არ დამიღუპო ოჯახი ძველი. ბატონი — რაო, რას ბოდავ? მამა — შენს სადღეგრძელოდ ოღონდ ზაქარა შინ დაითხოვე, რომ უკან წასულს ოჯახს ვუშველოთ, და მერე თუნდა ჩიტის რძე გვთხოვე. კულუხს, კოდის-პურს, გადასახადსა ერთი-ორადა მოგართმევთ შენა; თუ დავაყენებთ ფეხზედ ოჯახსა, არ გავექცევით სამსახურს ჩვენა. ბატონი — ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდი შენ ჩემს სამსახურს, ჩემს ბრძანებასა?.. ქოფაკო!.. ნუთუ მაგას ჰფიქრობდი, რომ მიბედავდი ემაგის თქმასა? მამა — არა მქონია მაგის ფიქრი მე, შენი რისხვაცა არ გამიწყრება… მაგრამ მიბრძანე, შენი ჭირიმე, რით გემსახურო, რაც არ მექნება? ღმერთი ხომ ჰხედავს, მე დავსნეულდი, ღონე, ილაჯი გამიწყდა სრულებ… მარტო ვერას ვიქმ, მთლად დავუძლურდი, თორემ ჩემს შვილზედ არ შეგაწუხებ. მანამ შემეძლო — სახლს ვინახავდი, არც ღონე მშურდა და არცა ძალა, დღე-და-ღამ ოფლსა მე ვიწურავდი, მაგრამ ეხლა დრო გამომეცვალა; აწ არაქათი გამიწყდა სრულად, უდროდ დავბერდი, ჯანი წამერთო, ვეღარა ვუვლი ოჯახს ერთგულად, თუმცა კი მინდა, ხომ ჰხედავ, ღმერთო!.. ოჯახი ეხლა მეღუპება მე, კაი ოჯახი, კაი სახლ-კარი!.. ნუ! ნუ დაღუპავ, შენი კვნესამე, მინამ პატრონი ცოცხალი არი. სიყრმით ჩამიკლავს მამულში თავი, მანდ დამიღლია ძარღვი და მკლავი, გამომიზრდია ჩემის ოფლითა, ვაი-ვაგლახით, წვით და დაგვითა. მძიმე უღელი მე მიწევია ჩემის სახლ-კარის და ოჯახისთვის, ამდენი ჯაფა გამიწევია ნუთუ, ბატონო, ამ შავის დღისთვის, რომ უდროო-დროდ ადრე და მალე მევე დავმარხო ჩემი გაზრდილი? ნუ იქ მაგასა, შენ გენაცვალე, ნუ მიზამ მაგას, დამითმე შვილი! ბატონი — მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო? სადღა ვიშოვი კარგ მეძროხესა? ვერა, ვერ მოგცე შენი ზაქარო, თუნდ სულ დაგენთქას ოჯახი დღესა! ვერ უყურებთ ამ ქოფაკს, ჩერჩეტას! მირჩევს, ჩემიო, გერჩივნოს შენსას… არა, „ერთი მაქვს — სჯობს ათასს მქონდეს“… მამა — მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდეს და შენს სახელსა მტლად დავედები. ბატონი — გამეცა, ვირო ნუ მეღრიჯები! მამა — რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო, ვინ მომაშველებს ხელს დაღუპვილსა! მარტომ ოჯახი როგორ მოვმართო, თუ არ დამითმობ, ბატონო შვილსა? რა ვუყო, რა ვქნა, რა მეშველება, მიბრძანე, შენი კვნესამე, შენი! ბატონი — თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება, თავში ქვა იეც და ისა ჰქენი. მამა — შე დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, — რა პასუხია, როგორ იქნება!.. ჩვენც ვურევივართ კაცებში, ხალხში, ჭამა-სმა გვინდა, გვინდა ცხოვრება… ბატონი — სუ!.. შე ქოფაკო!.. გაიკმინდე ხმა!.. ხმა… კრინტი მეთქი!.. ძაღლო, თორემა მე არ მივხედავ მაგ შენს სიბერეს და უკან ჩაგჩრი ჯოხით მაგ სიტყვებს… მამა — როგორ თუ ჩამჩრი!.. კაცს შიმშილით მკლავ, ცოცხალსა მმარხავ, ოჯახს მიღუპავ, ბებერ-კაცს ლუკმა-პური უწყდება, შვილსა შიმშილით მამა უკვდება, შვილს შეუძლიან მამის დარჩენა, — და ამის ნებას არ აძლევ შენა!.. მე ჩემს ღვიძლ შვილსა აღარ მანებებ, რომ შემინახოს სიბერის დროსა, მართალს სიტყვასაც არ მათქმევინებ, ფუ, შენს სამართალს, შენს სამსჯავროსა!..“ ეს იყო, ძამო!.. ამ სიტყვებმა ჰქმნეს შვილის და მამის უღმრთოდ წახდენა… შენ მეტყვი, რომ არ უნდა ეთქვა ეს, მაგრამ რა ექმნა, აბა სთქვი შენა? ეხვეწებოდა განა ცოტასა იმ სულწაწყმედილს საწყალი მამა!.. მაგრამ როგორც ცივს რკინას და ქვასა, ვერ დაულბო, ვერ, გული ხვეწნამა. ისც კაცი იყო… ვერ მოუთმინა იმედგაწყვეტილ, მოკლულმა გულმა, და, რაც შიგ ჰქონდა, სულ ათქმევინა, უსამართლობამ წრიდამ გასულმა. ჩიბუხის ტარით მამა-ჩემს მტრულად ეცა ურჯულო ბატონი ჩვენი… უნდა კი გითხრა, რომ მამა სრულად არ გალახულა თავისი დღენი. საწყალი იყო თავის-მომწონე, სირცხვილმა გული გადმოუბრუნა… თუმც აღარ ჰქონდა მკლავებში ღონე, მაინც კი ხელი შემოუბრუნა. როგორ თუ ხელი მომიბრუნაო, ”ბიჭო, როზგები! ბიჭო როზგები!” და მამა-ჩემსა მოხუცსა, ძმაო, წამოეჭიდნენ მისივ მოძმები!.. როზგით მიცემეს მამა სნეული, მამა მოხუცი, პატივს ჩვეული… იმისი კვნესა და მწუხარება გულს მიკლავს ხოლმე, რომ მაგონდება… არც უღონობამ, არც სიგამხდრემა, არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა, არც კაცის და არც ღვთის სამართალმა არ მიპატივეს ბებერი მამა!.. მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი…“— გულამომჯდარმა წაიდუდუნა, მერე მდუმარემ მწუხარე თავი ამოიკვნესა და ძირს ჩაღუნა. წამოხტა კაკო განრისხებული, მას აერია სული და გული და შეუტია მწყრალად ზაქროსა: — შენ იქ იდექი, ამბობ, იმ დროსა და იქამდინა მიუშვი მტერი, რომ აცემინე მამა ბებერი?! მითხარ, დედალო, რას აკეთებდი, რას გეუბნოდა გული იმ დროსა? იქ რომ მდგარვიყავ, ჩაგაძაღლებდი ჯერ შენ და მერე იმ შენს ბატონსა… რას უყურებდი? ნუთუ სეირსა, — როგორ სწუწვნიდნენ მამა-შენს სისხლსა!.. ფუ, შენს ნამუსსა, მამა-შვილობას, ფუ, შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას!.. მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას… შენ იქ იდექი, გულით იძუნწე! რა ოხრობასა აქნევდი მაგ ხმალს, რომ ნაჭერ-ნაჭერ ხმლით არ აჰკუწე სულწაწყმედილი შენი ბატონი! ემაგ შერცხვენილ ხმლისა პატრონი ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი? ნუ მარცხვენ ყაჩაღს, გამეცა წადი… შენ, ძმავ, ყაჩაღად არ ვარგებულხარ, შენ დედაკაცად დაბადებულხარ, ფუ, მაგ კაცობას! მხედარი —კაკო, ნუ სწყრები! კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა? ჩემს ტოლს ბიჭს არც მე დავუვარდები, არც გავექცევი ხმალში კაკოსა. ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს და იმის პატრონს ნუ ეძახი მხდალს. ეგრე ნუ მძრახავ… მომიგდე ყური: მაშინ იქ ვიდექ მე უბედური… მინამ ბატონი ხელითა სცემდა — როგორცა ძაღლი ხორცსა ვიგლეჯდი… „მოჰკალ“ რაღაცა ხმა მაძალებდა, მაგრამ როგორღაც თავს ვიმაგრებდი. მომეკლა, ვიცი მამას მოჰკლავდნენ, მკვდარსა თუ ცოცხალს კბილით შესჭამდნენ, ამის მიზეზი მე ვიქნებოდი, — და არ მომეკლა, უღმრთოდ სტანჯავდნენ, ეგრე ორ ცეცხლში ვიმყოფებოდი. მაშინ კი, როცა წამომიქციეს და მოხუცებულს როზგი დამიკრეს, — თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული, მივვარდი თოფსა გამწარებული, მხრიდამ გადვიგდე მაშინვე თექა, და, რო ყვიროდა: ”დაჰკარ, დაჰკარი!” მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექა და შეუნგრია გულის-ფიცარი — იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა, თავის-თავის და სხვის წამწყმედელსა. კაკო — შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! ბიჭი ყოფილხარ, ხმლისა დამშვენი… შენ დაგიკვეხოს შენმა მშობელმა — რომ იმის ძუძუ შენ შეგრგებია, აი დალოცოს ის ქრისტე-ღმერთმა — ვისაც შენებრი დაჰბადებია! ძამო, გამჩენის შენის ჭირიმე, რაც წეღან გითხარ, ყველა დამითმე, ლამის დამადნოს ჩემმა სირცხვილმა და კაკომ შენ-წინ თავი დაიღოს. მხედარი — განა საქები არის, რომ შვილმა თავისი მამის სისხლი აიღოს? ამას იქმოდა ყოველი კაცი, თუნდა მხდალი და თუნდა ვაჟკაცი. ვით მეტი იყო წეღან ძაგება, ისე მეტია ეხლა ეგ ქება. მაგრამ, ეჰ, კაკო!..მე მაგ სიკვდილმა გულის ჭრილობა არ გამიმრთელა; მამის გულისთვის გაწირულ შვილმა მამას ვერაფრით ვეღარ უშველა. მაშინ თავი არ მაგონდებოდა და დაჭერისაც არ მეშინოდა… მივვარდი მამას… უსულოდ ეგდო! მუხლი მომეჭრა, ცეცხლი მომედო! ის საწყალი სულ დალურჯებული ეგდო უძრავად გაშეშებული!.. ვაიმე, მამა მე მომკდომიყო როზგ-ქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად!.. მაგრამ, ეჰ, ძმაო, რაც იყო, — იყო, ჯოჯოხეთია მოსაგონებლად“. და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედ პირქვე დაეცა დადუმებული; დიდ ხანსა ეგდო ეგრე მდუმარედ გულში ვაების ცეცხლმოდებული. ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა, ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა… ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა, წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა. 11 დეკემბერი, 1860 წ. პეტერბურგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი