მეფე დიმიტრი თავდადებული (პოემა)
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი, საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა; იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა. „ეჰ, რას ჰყაყანებთ, — დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, — შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას! აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა… ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამა-შვილობას! გვითხარი რამე, ბერო-კაცო, ნასმენ-ნახული, ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა… კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული, გული გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა“. ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში, სახე ღრუბლვილი გაუნათლდა რაღაც მადლითა; მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში, დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა: I „მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით, გეტყვით გულის გასათბობსა, — ვინ ვიყავით, რა ვიყავით ჩვენ ქართველნი წინა დროსა. იმ დროს, როცა ქართვლის ბედი ჩვენ ქართველთვე გვეპყრა ხელში, როცა მამულიშვილობა სასახელოდ იყო ჩვენში, შვილნო, თქვენნი წინაპარნი ეგრე გულქვად როდი იყვნენ… ძმა ძმასა და მამა შვილსა მამულს ხოლმე შესწირვიდნენ. შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს მარტო მისთვის გვიხაროდა, რომ მამულსა მეომარი მით ერთი ემატებოდა. ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა იმ იმედით აწოვებდა, რომ სიცოცხლით ან სიკვდილით ის მამულს ასახელებდა. უწინ ქართველს უხაროდა მამულისთვის მტერთან ომი, ან მოჰკლავდა, ან თავის-თავს შეაკლავდა როგორც ლომი. მამულსთვის ვის ახსოვდა განსაცდელი განსაცდელში! ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად და სატევრად — ხმალი ხელში. ეგრეთ, შვილნო, აქ სცხოვრებდა უწინდელი ქართვლის შვილი, მის მუდამი ნატვრა იყო ან სახელი, ან სიკვდილი. მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს ჰყვანდა დიდი წინაპარი… რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა მის მოწამედ თქვენ წინ არი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი