0 0 77
მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეცხრე)
„ბოლოს ბრძანა: — ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი…
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ:
რა ვქნა, — ასი ერთზედ მოვა,
ამას ვწუხვარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი — ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა
წამურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა-შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.