მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეათე)
„ამდენი სული უბრალო ტანჯვითა ამოწყდებიან, საწყალის ხალხის ცოდვითა ქვანიც კი ატირდებიან. ქვეყნის ამოდენი ცოდვა ჩემს თავზედ დატრიალდება, წაწყმდება აქაც და იქაც დიმიტრი მეფის ხსენება! ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის, რომ მე შიშსა გავექეცი, ჩემი თავი გადვირჩინე და ერი კი წყალს მივეცი. მე მეფე ვარ და მეფობის რიგიც ვიცი რაში არი… ფუ, იმ მწყემსსა, თავს უშველოს, მგელს დაუგდოს თავის ცხვარი… სირცხვილს ამბობთ! — რა სირცხვილი? მე ვეძლევი ნებით მტერსა, ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა თითონ ვწირავ მე ჩემს ერსა. თუ სიკვდილი სახელად გაქვთ მაგდენს ჩემთვის — ერთისათვის, მაშ რად მიშლით თავდადებას მე ერთს — მთელის ერისათვის!.. არა! წავალ, არ დავდგები, დე ასრულდეს ნება ღვთისა, ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს მეფის თქვენის დიმიტრისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი