მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთორმეტე)
„მეფეს ძლიერ მოეწონა მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული, წარდგა ისევ კრებულის წინ უფრო გათამამებული: — „დიდებულნო, ხომ ისმინეთ, რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!.. მოყვასთათვის თავდადება გვიბრძანაო მაცხოვარმა. ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას, ერს მეფე ვერ ვუღალატებ!.. წავალ და, თუ ღმერთს სწადიან, ერისათვის თავსა დავსდებ. მე წავალ და ეს ქვეყანა თქვენ უნდა გებარებოდეს, ღარიბს ისე მოუაროთ, რომ მდიდარს არ შენატროდეს. გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს მადლი თანასწორ მოჰფინოთ, ობოლი, ქვრივი, უძლური ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ. თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს გადაგიხდით ორად ერთსა, თუ არა და — სული ჩემი შეავედრეთ მაღალ ღმერთსა“. ატირდა და აატირა ყველა კაცი იქა მდგომი: გულის სილბო სიტურფეა, თუ კაცია სხვაფრივ ლომი. მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს, როცა გულითაც ლბილია; რკინის კაცის თვალში ცრემლი დიდსულოვნობის შვილია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი