მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეცამეტე)
„ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა დიდებულთა იგი კრება… უხმო მხლებელთ და უბრძანა წასასვლელად მომზადება. სთქვა და ურდოს კიდეც წავა მეფე იგი უშიშარი, თქმულა: გმირის კაცისათვის თქმა და ქმნაო ერთი არი. გაათავეს სამზადისი და მოვიდა დღეც წასვლისა; ვით ჯინჭველა ჰფუსფუსებდნენ შინა-ყმანი სასახლისა. ხმა გავარდა ქალაქშიაც: მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო, უშლიდნენ, არ დაიშალა, — ვერ ვუღალატებ ხალხსაო. შეიძრა მთელი ქალაქი, ხალხი ეცა ერთმანეთსა, მოზღვავდა და იგრიალა და მიაწყდა სასახლესა. მივიდნენ, ნახეს მზად არი რაზმი მეფის ამალისა, სულ სავსეა ცხენოსნებით მოედანი სასახლისა. წინათ ბარგით გაეგზავნათ ჯორი, ცხენი დატვირთული, აქ ვინც იყო, სალთად იყო, ტურფად კაზმულ-დარახტული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი