მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთოთხმეტე)
„თავადნი და აზნაურნი სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ, ვერ იტყოდი, ვინ ვის სჯობდა, — ყველა ასე კარგნი იყვნენ. წყობით იდგნენ და ისმოდა აბჯრისა და რახტის ჟღერა. საამოა გაწყობილის ვაჟკაცების რაზმის მზერა! კაცი თვალს ვერ აშორებდა მხედარსა და იმის ცხენსა, თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა მათს სიკეთეს, სიტურფესა. მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა რაზმ-გარეთა ატარებდნენ, მათი მხედნი დიდებულნი მეფეს სასახლეში ახლდნენ. იმ ცხენების მორთულობა კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა, მძიმე რახტით დატვირთულნი თითო — თითო სოფლად ჰღირდა. მაგრამ მათში ერთი იყო თეთრი ცხენი არაბული, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცის უძღომელი გული. მეფისა იყო ის ცხენი, თამამი — თითქო ვეფხია, იმის უზანგში მეფის მეტს ვერვის შეედგა ფეხია. ამაყი იყო ლომსავით და ნაზი როგორც შველია, სხვა მას ვერ იმორჩილებდა — თუ არ ბატონის ხელია. ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა, ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა, თითქო ლოდინს ჰთაკილობსო, ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი