მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთხუტმეტე)


„გამობრძანდა ბოლოს მეფეც,

თან გამოჰყვნენ დიდებულნი,

ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,

სამგზავროდ გამზადებულნი.

მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა

გულმწუხარე მღვდელმთავარი

და მხარმარცხნივ შუბლშეკრული

ჯავრით სავსე სპასალარი.

მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს

მეფის თავგადადებასა,

სპასალარი კი ჰთაკილობს

უომრად დამარცხებასა.

ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს

ვიშითა და წუხილითა,

მეფეს გული ამოუჯდა

მათთვის გულის-ტკივილითა.

„უბრძანა თუ: — „რასა სწუხხართ?

იქმნას, რაც კი საქმნელია!..

ერისათვის თავდადება

მეფისათვის სახელია.

რაც მომივა, მომივიდეს,

მე იმისთვის არ ვინაღვლო…

თქვენ ჭირს დაგხსნით… დეე ვიქმნე

მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო“.

ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,

მოეგუბა თვალში ცრემლი…

თქმულა: ქვასაცა მაგარსა

გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.

მოუმატა ხალხმაც სულთქმა,

ხმა გაისმა ქვითინისა,

გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში

ობლისა და ქვრივ-ოხრისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი