მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეჩვიდმეტე)
„მოახსენა: — “ჰე მეფეო, ნუ შემრისხავ ერთგულ ყმასა! მე ხომ მხედავ, გარდასრულვარ, სამარიდამ გაძლევ ხმასა. მეფევ, კისრად აგიღია ტვირთი ჩვენის შავის ბედის, ბედისწერას მისცემიხარ უბედურის ჩვენის ქვეყნის. ვიცით, რომ არ შეშინდება გული მეფის დიმიტრისა, როცა ნდომობს თავგანწირვას დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ? მამობასა ვიღა უზამს შენგან დაობლებულ ქართველთ? ერს ოფლის მღვრელს და ტვირთმძიმეს ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს? წუთისოფლის მძიმე უღელს შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს? ამას ვტირით, რომ მიდიხარ და აობლებ შენსა ერსა, ჩვენს ბედსა და მშვიდობასა ვეღარ მოუმართავ ხელსა. ჩემებრ უძლურს, გაჭირებულს მწედ ვეღარ მიეშველები, ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს პატრონად არ ეყოლები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი