მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეთვრამეტე)
„ნუ სწუხხართო!.. განა მეფევ, ჩვენ ხელთ არის ეხლა გული? რკინაც იყოს — მაინც დასდნეს ამებრ ცეცხლში ჩაგდებული. გულს რად გვიკლავ? რად მიდიხარ? ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!.. ქუდზედ კაცი დაუძახე, მოაგროვე სპა და ჯარი. ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ, ვინც კია, ყველა დევია… ბევრჯერ უნახავს ქართვლის მტერს, რომ ცოტაც ბევრის მძლევია. აჰა, მეფევ, ორი ბიჭი, მხრებში რომ ამომჯდომია, ორივ ჩემი შვილი არი, ერთი მეორის მჯობია; მიირთვი და ინაცვალე, ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე! ომში, მეფევ, გაჩვენებენ, რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე. შეჰკრიბე დიდი, პატარა, გაუძეღ წინამძღოლადა, მტერს წინ დახვდი… ვინც უკუ-დგეს, დედა შეერთოს ცოლადა! ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ, ბევრი რამ გადაჰხედია, მაგრამ უომრად მტრისა წინ არ წაუხრია ქედია. ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა, უომრად ნუ დავმარცხდებით, თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ სახელითა და დიდებით!..“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი