მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამეორე)
„მეფეს ერი შეეცოდა, სთქვა: — მეც ვწუხვარ, რომ გშორდებით. ღმერთს ვსთხოვ, იყვნეთ ჩემს შემდეგა მშვიდობით და გამარჯვებით. ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს! ამასა იქმს ყველა, ვინც კი ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს. მე მივდივარ!.. მეფე თქვენი დიდს და მცირეს გეთხოვებით, რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ, რაც შეგცოდეთ, შემინდევით“. ბრძანა და ცხენიც მოართვეს, ზედ მოახტა ვეფხვსავითა; ცხენზედ იგი დალოცვილი გამობრწყინდა მზესავითა. მტერსაც კი რომ დაენახა თვალი გაუშტერდებოდა; მისებრი ცხენზედ მოხდენა ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა. გამოეთხოვა ყველაკას, ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა, სხვა კი ამხედრდა დიდკაცი ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა. ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც, შინ დარჩენა არ ინება, შეევედრა თან წაყვანას და მეფემაც დართო ნება. წაბრძანდა და თან იახლა ის ამალა და მხედრობა, უკან მისტირს ერი, ბერი, გლეხობა თუ დიდკაცობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი