მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი ოცდამესამე)


„მინამ მეფე მიმავალი

ურდომდინა მივიდოდა,

იმისი მისვლის იმედი

ყეინსა გადასწყვეტოდა…

ებრძანა თავის სარდლისთვის:

— ”შეჰკრიბე ჯარი ლაშქარი,

წადი, დიმიტრი მომგვარე

ან ცოცხალი , ანუ მკვდარი;

თუ არა, იმის ქვეყანას

შეესიე და მოსრეო,

სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,

ქალაქი თუ სიმაგრეო“.

წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,

მრავალი და უთვალავი,

მაშინვე მიხვდა: აქაო

ამბავია რაღაც ავი.

უხმო მხლებელთ და უბრძანა:

— „ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:

თუ უკადრისი მაკადრონ,

თქვენ არავინ ხმა არ გასცეთ.

თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,

ჯარია მოზღვავებული!

თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,

თქვენგნით გაბოროტებული, —

წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,

აგვიოხრებს ქვეყანასა…

ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ

ვაჟკაცთა თაკილობასა?!

ღმერთს აცადეთ… დეე იქმნას,

რაც ჩემს თავზე განგებულა!

საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო,

ბრძენთაგანა ასე თქმულა.

კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,

ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..

განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ

ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი